კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-25(651) 

 

დოდოს დანახვისას ნიკა გაოცებული შედგა.

– არ ელოდი აქ ჩემს ნახვას? – მშვიდად ჰკითხა მან.

– არ ველოდი, – ნიკა მის პირისპირ ჩამოჯდა, – აქ რას აკეთებ?

– თუ მეტყვი, რომ მომენატრე, დაიჯერებ? – უცვლელი ტონით განაგრძო დოდომ.

– რატომ არ დამირეკე?

– სიურპრიზის მოწყობა მინდოდა შენთვის.

– ჩათვალე, რომ გამოგივიდა, – უკმაყოფილო ტონით თქვა ნიკამ და სიგარეტს მოუკიდა.

– საქმე მაქვს შენთან და თანაც ძალიან სერიოზული.

– გისმენ!

დოდომ თავით მიანიშნა ნანაზე, რომელიც კარის სიახლოვეს იდგა.

– თავხედ სტუმრად ნუ ჩამთვლით, მაგრამ პირისპირ უნდა გელაპარაკო.

– სამზარეულოში გავიდეთ, – თქვა ნიკამ და წამოიწია.

– არა... მე გავალ! – სწრაფად თქვა ნანამ და კარი გაიხურა.

– რატომ აკეთებ ამას? – დაუფარავი უკმაყოფილებით განაგრძო ნიკამ, – ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ნანას მტრად მიიჩნევ!

– ცდები. ვიდრე გელოდი, ლამის დაქალები გავხდით! – დოდო მოხერხებულად მოეწყო სავარძელში და ლაპარაკი განაგრძო, – თუ მტრობაზეა საქმე, მე მგონი, შენ მექცევი მტერივით!

– მეე?! – დაიბნა ნიკა, – რას გულისხმობ?

– შენი და ზურაბის სტუმრობის შემდეგ, ინწკირველი ზვავივით დამატყდა თავს და შენთვის ხელშეკრულების ასლის მოცემაში დამადანაშაულა!

– მაგრამ შენ ხომ არაფერი მოგიცია ჩემთვის?! – უპასუხა ნიკამ.

– ანდრო სირაძის ხელშეკრულებას ვგულისხმობ. თურმე მას ყველაფერი სცოდნია, – უპასუხა დოდომ.

– საიდან? – გაუკვირდა ნიკას.

– წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება, კაბინეტში ფარული კამერა მიყენია. შეიძლება, „ნასედკა” მომიჩინეს. შეიძლება, პოლიციიდან გაჟონა ინფორმაციამ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მან იცოდა ამის შესახებ!

– შენ რა უთხარი?

– რა უნდა მეთქვა? – მხრები აიჩეჩა დოდომ, – ვცადე ამეხსნა, რომ დიდი ხნის მეგობრები ვართ და იმ ხელშეკრულების გაცემით კომპანიის ინტერესები არ დაზარალებულა, მაგრამ მან ჩემი მოსმენაც არ მოისურვა. ის დარწმუნებულია, რომ ზურაბის სტუმრობაც მე მიკავშირდებოდა. მოკლედ რომ ვთქვა, თქვენი ინფორმატორი ვგონივარ.

– და, რა მოხდა შემდეგ?

– განსაკუთრებული – არაფერი, მხოლოდ სამსახურიდან დამითხოვეს. სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა.

– სამსახურიდან დაგითხოვეს?! – მოიღრუბლა ნიკა, – იმ ნაბიჭვარს საკუთარ მაგიდაზე დავანთხევინებ ტვინს!

– ბრავო... – დოდომ თეატრალურად დაუკრა ტაში, – შენი დონ კორლეონეობაღა მაკლდა! რას ერჩი იმ კაცს? შენგან და ზურაბისგან განსხვავებით, ის კარგად უძღვება თავის საქმეს. ნებისმიერი ხელშეკრულება კომპანიის კომერციულ საიდუმლოდ ითვლება. მე არ მქონდა შენთვის მისი მოცემის უფლება. ეს კომპანიის ხელმძღვანელობას რომ შეეტყო, თავად ინწკირველს დატოვებდნენ უმუშევარს!

– რა შემიძლია, გავაკეთო? – ჰკითხა ნიკამ, – იქნებ, ინწკირველს დაველაპარაკო?

– არავითარ შემთხვევაში! – სწრაფად თქვა დოდომ, – კომპანიაში მაინც აღარ დავბრუნდები. ვერ ვიმუშავებ ადამიანთან, რომელმაც ასეთი შეურაცხყოფა მომაყენა. თანაც, ჯერ ყველაფერი არ მითქვამს.

– კიდევ რა გაქვს სათქმელი?

დოდომ სიგარეტს მოუკიდა. მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– შეგიძლია, მითხრა, კონკრეტულად რა ან ვინ ემუქრება ნანას?

– რისთვის გჭირდება?

– გთხოვ, ნუ მოიმიზეზებ კონფიდენციალურ მონაცემებს, ძიების ინტერესებს და სხვა მსგავს აბდაუბდას!

– დოდო, მე სიამოვნებით გესაუბრები იმაზე, რაც მე და შენ გვეხება. ეს კი...

– შენ გინდა თქვა, რომ ეს მხოლოდ შენ და ნანას გეხებათ? – არ დაასრულებინა დოდომ.

– მართალი ხარ. სწორედ ამის თქმას ვაპირებდი.

– ცდები... ეს მეც მეხება!

– რისი თქმა გინდა? – გაოცებულმა იკითხა ნიკამ.

– მე პირველმა გკითხე.

– ვიღაც ახვარი ტელეფონით უკავშირდება და ჩემთან ურთიერთობის შეწყვეტას აიძულებს, – უპასუხა ნიკამ.

– ხმა ჩახლეჩილი აქვს. კი არ ლაპარაკობს, ხიხინებს. ისე, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნის... – თვალი გაუსწორა დოდომ.

– საიდან იცი?! – გაუკვირდა ნიკას.

– მქონდა მასთან საუბრის ბედნიერება.

– როდის?

– გუშინ დილით... ასე ათი საათი იქნებოდა, რომ დამირეკა.

– რა უნდოდა?

– სიმართლე გითხრა, თავიდან ვერ მივხვდი, რა უნდოდა. მკითხა, როგორი მამაკაცები მიზიდავდა. ბუნებრივია, რომ სამ ასოზე გავგზავნე და ტელეფონი გავთიშე, მაგრამ ისევ დარეკა. რამდენიმე ზარს არ ვუპასუხე. ის კი არ მეშვებოდა. ისევ და ისევ რეკავდა. ბოლოს მობილური საერთოდ გავთიშე. ვიფიქრე, იქნებ, ასე მაინც მოვიშორებ თავიდან-მეთქი. მაგრამ ცოტა ხანში ბინის ტელეფონზე დარეკა. როგორც კი ვუპასუხე, გამაფრთხილა: ყურმილი არ დაკიდოო, თან დამემუქრა, რომ ამას თუ გავაკეთებდი, დილამდე არ მაცოცხლებდა! ნაბიჭვარი! – ბრაზით ჩაილაპარაკა დოდომ, – დამცინავად მითხრა: ძაღლებთან წანწალს შეეშვი და ნორმალური კაცი შეარჩიეო, თორემ...

– რა თორემ?

– არაფერი, – თავი გაიქნია დოდომ, – ცივად ჩაიხიხინა. მგონი, სიცილის მსგავსი ხმის გამოცემას ცდილობდა და ტელეფონი გათიშა.

– ნომერი? მისი ნომერი დააფიქსირე? – ჰკითხა ნიკამ.

დოდომ ხელჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღო. საჭირო ნომერი მოძებნა და ნიკას უჩვენა. მან მაშინვე იცნო ნომერი. იგივე ნომერი იყო, რომლითაც ნანას უკავშირდებოდნენ.

– გეცნობა? – დოდომ მობილური ხელჩანთაში დააბრუნა.

– მეცნობა.

– რა იცი ამ ნომრის შესახებ?

– პრაქტიკულად არაფერი. ზურაბმა მხოლოდ ის დაადგინა, რომ ნანას საბურთალოს რაიონიდან დაუკავშირდნენ. ნომერი აღრიცხვაზეა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში მისით აღარ უსარგებლიათ.

– სულ ეს არის? – ჰკითხა დოდომ.

– ჯერჯერობით სულ ეს არის. არ ინერვიულო. მოვძებნით იმ ახვარს!

– საიდან დაასკვენი, რომ ვნერვიულობ? უბრალოდ, გადავიღალე. იმედი მქონდა, რომ კომპანიის ხარჯზე მოვიწყობდი მცირე შვებულებას, მაგრამ... – დოდომ მძიმედ ჩაიქნია ხელი და სიგარეტს მოუკიდა, – აღარ მინდა თბილისში დარჩენა. ამ დღეებში ბათუმში გავემგზავრები. იქ ერთი კარგი მეგობარი მყავს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეპატიჟება თავისთან.

– იმ რამდენიმე დღეს სად გაატარებ?

– სად უნდა გავატარო?! – გაიკვირვა დოდომ, – რა თქმა უნდა სახლში. მერაბის დამსახურებით, დილით ადგომა აღარ მომიწევს. ახლა მაინც გამოვიძინებ, დავისვენებ და გასამგზავრებლად მოვემზადები.

– იმ ახვარმა ინწკირველთან საუბრის შემდეგ დაგირეკა თუ მანამდე? – ჰკითხა ნიკამ.

– მასთან საუბრიდან საათ-ნახევარი იქნებოდა გასული, რომ დამირეკა. მაგრამ ნუ დაუკავშირებ მერაბს იმ ზარს, – დოდომ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა, – როგორც არ უნდა ვიყო მასზე გაბრაზებული, ასე მაინც არ ვიძიებ შურს. მერაბი ის კაცი არ არის, ვისაც შენ და ზურაბი ეძებთ!

* * *

რეზო ფიფიამ კაბინეტის კარი შეაღო და მაგიდასთან მჯდომ რუხაძეს მოკრძალებით ჰკითხა:

– შეიძლება, ბატონო კოტე?

– მოდი... მოდი... – ხელით ანიშნა რუხაძემ.

ფიფიამ კარი მიხურა, მაგიდას მიუახლოვდა, პროკურორის პირისპირ ჩამოჯდა და მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო.

– როგორ მიდის საქმეები? – ჰკითხა რუხაძემ.

– კარგად, – უპასუხა რეზომ, – ერთ საქმეს დასახურად ვამზადებ. ორზე კიდევ რამდენიმე კვირას მომიწევს მუშაობა.

– მაგ საქმეებს სხვა გამომძიებელს გადასცემ, შენ სხვა დავალებას მიიღებ! – თქვა რუხაძემ.

– რატომ, ბატონო კოტე? – მოიღრუბლა ფიფია, – მზამზარეული, პრაქტიკულად გამოძიებული საქმეები სხვას გადავცე? რისთვის ვიწვალე ამდენ ხანს?!

– ბევრს ნუ ლაპარაკობ! – შეუბღვირა რუხაძემ, – აქ არ არსებობს ჩემი და მისი საქმე. ყველა საქმეს პროკურატურა იძიებს. შენ კი მისი ერთ-ერთი ჭანჭიკი ხარ! გასაგებია?!

– გასაგებია, – ამოიოხრა ფიფიამ.

– შენთვის არცთუ ისე ახალი საქმე იქნება. ძველ ნაცნობებთან მოგიწევს მუშაობა.

– ვის გულისხმობთ?

– ზურაბსა და მის ხალხს.

– ბატონო კოტე, – გაუბედავად წამოიწყო ფიფიამ, – იქნებ, სხვა გამომძიებლისთვის მიგეცათ ეგ საქმე? თქვენც კარგად იცით, რომ იმ ხალხთან არ ამეწყო ურთიერთობა.

– მე ზურაბთან ძმაკაცობას არ გთავაზობ, საქმე უნდა გამოიძიო. ახლა მის სიახლოვეს ყოფნა საჭირო კი არა, უბრალოდ, აუცილებელია. რაც უნდა მოხდეს, იმ საქმეში სხვა გამომძიებელს არ ჩავახედებ! – თქვა რუხაძემ.

– რა საქმეა?

– მოკლედ აგიხსნი ვითარებას. საქმის ძირითად მასალებს ზურაბთან გაეცნობი. დაახლოებით ორი კვირის წინ, ლისის ტბაზე მოკლეს იპოდრომის თანამშრომელი, ვინმე გაბისონია. სისხლის სამართლის საქმე საბურთალოს პოლიციამ აღძრა. რამდენიმე დღეში კი ფონიჭალის მიდამოებში ბიზნესმენ რაზმაძეს გვამი აღმოაჩინეს. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გაბისონია და რაზმაძე ერთი და იმავე პისტოლეტით იყვნენ მოკლულები. ასე რომ, თავისთავად დადგა სისხლის სამართლის საქმეების გაერთიანების საკითხი. გაერთიანებული საქმე ზურაბს გადაეცემა. პროკურატურის მხრიდან ძიებაში შენ მიიღებ მონაწილეობას!

– ზურაბი არასოდეს დაგთანხმდებათ ამაზე! – ჩაილაპარაკა ფიფიამ.

– დამთანხმდება. ვიცი რაზეც ფიქრობს ახლა. მისთვის საქმის დახურვა არაფერს ნიშნავს. ის არაოფიციალურად, გურულის დახმარებით მაინც მუშაობდა იმ სირაძის საქმეზე. ის დარწმუნებულია, რომ გაბისონიასა და რაზმაძის მკვლელობები სირაძის საქმის გაგრძელებაა. აქედან გამომდინარე, ის სიხარულით მოჰკიდებს ხელს ამ საქმეების გამოძიებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმეებს „პრიკუპში” შენც მიჰყვები!

– რა მიმართულებით უნდა წავიყვანო ძიება? – ჰკითხა ფიფიამ.

– ამჯერად ზურაბი ამის საშუალებას აღარ მოგცემს და პრინციპში, არც არის საჭირო მის საქმეებში ჩარევა. აკეთე ის, რაც იურიდიულ ფაკულტეტზე გასწავლეს და რასაც გავალდებულებს კანონმდებლობა. ანუ ყველაფერს გააკეთებ საქმის გასახსნელად. არა მგონია, ზურაბმა სირაძის საქმესა და იმ ორ მკვლელობას შორის რაიმე კავშირის გამოძებნა შეძლოს. საქმეს კი ნამდვილად გახსნის და მასთან ერთად დაფნის გვირგვინს შენც დაიდგამ. რას იტყვი? მგონი, არცთუ ისე ცუდი პერსპექტივაა.

– მირჩევნია, სხვამ დაიდგას ის გვირგვინი, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ფიფიამ, – თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია მასთან ურთიერთობა. ის მანქანასავითაა. გამუდმებით მუშაობს და სხვებისგანაც ამას მოითხოვს.

– ვიცი. მას შენზე ბევრად ახლოს ვიცნობ. მაგრამ ახლა არჩევნის საშუალება არ გაქვს. გინდა, ოდესმე ზედამხედველ პროკურორად დაინიშნო? – ჰკითხა კოტემ.

ფიფიამ დუმილით უპასუხა.

– გინდა! მაგრამ მანამდე გარკვეული გამოცდილება უნდა შეიძინო. ამ გამოცდილებას კი, ზურაბისნაირ ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე ვერ დააგროვებ! ჩავთვალოთ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია, – კოტე ადგა, კაბინეტის კუთხეში მდგარი მაცივრიდან „ბორჯომის“ ბოთლი გამოიღო, სასმელი ჭიქაში ჩაასხა, მოსვა და ლაპარაკი განაგრძო, – ახლა მეორე საკითხზე გადავიდეთ, რომელიც პირადად შენ და შენს მომავალ კარიერას ეხება.

– რას გულისხმობთ? – ჰკითხა ფიფიამ.

– ნიკა გურულის სახით საგამოძიებო სამსახურმა მართლაც პრინციპული თანამშრომელი დაკარგა, – ამ სიტყვებთან ერთად რუხაძემ მაგიდის უჯრიდან რაღაც დოკუმენტი ამოიღო და ფიფიას გაუწოდა.

მან სწრაფად გადახედა დოკუმენტს. ის სასამართლოდან მიღებული შეტყობინება აღმოჩნდა, რომელიც ადრესატს ნიკას მიერ შეტანილ საჩივარზე და პირველადი განხილვის თარიღის შესახებ ატყობინებდა.

– არ ელოდი საქმის ასე შემობრუნებას? – ჰკითხა რუხაძემ, როდესაც ფიფიამ დოკუმენტის კითხვა დაასრულა.

– რა პრეტენზია აქვს გურულს?

– ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ანდრო სირაძის მიერ ბანკთან დადებული ხელშეკრულება ყალბია.

– რას მიაღწევს ამით? – გაუკვირდა ფიფიას, – სირაძე მკვდარია! ვინ უნდა აგოს პასუხი ხელშეკრულების გაყალბებაზე?!

– იდიოტივით მსჯელობ! – ბრაზით მიუგო რუხაძემ, – გურული სირაძის ცოლმა დაიქირავა. იმ ქალბატონს ბანკის სესხი უფრო აღელვებს, ვიდრე მოკლული ქმარი. გურული ბანკს ებრძვის, მაგრამ ამ „პახმელიაზე” შეიძლება ჩვენც გავიჭყლიტოთ!

– არაფერი მესმის, – გაუბედავად თქვა ფიფიამ, – ვთქვათ, სირაძემ მართლაც გააყალბა ხელშეკრულება და დავუშვათ, რომ გურულმა სასამართლოზე შეძლო ამის დამტკიცება რა შუაში ვართ ჩვენ? ჩვენ მკვლელობის საქმეს ვიძიებდით და არა – ბანკთან დაკავშირებულ ისტორიას!

– ახლა მართლაც ვნანობ, რომ თანაშემწედ აგიყვანე! – რუხაძემ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი, – შენ რა, მართლაც ვერაფერს ხვდები?! გამოძიებაში შენ მონაწილეობდი და ვალდებული იყავი, რომ ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემოდა პასუხი, ძიება არ შეგეწყვიტა! რა გააკეთე შენ?! ზურაბის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქმე გამოძიებულად გამოაცხადე და ძიების შეწყვეტა მოითხოვე!

– მე ეს თქვენთან შეთანხმებით გავაკეთე, – ყრუდ ჩაილაპარაკა ფიფიამ.

– იცი, რას ვუპასუხებ მთავარ პროკურორს, როდესაც ამ საკითხის გარკვევას დაიწყებს?! უბრალოდ, ვიტყვი, რომ შენ შემიყვანე შეცდომაში. ძალიან დაკავებული ვიყავი და საქმეს საფუძვლიანად ვერ გავეცანი. ვენდე შენს სიტყვიერ განმარტებას და საქმის დახურვაზე თანხმობა მოგეცი. მე ამას დაუდევრობად ჩამითვლიან. აი, შენ კი ნაღდად არ გაპატიებენ არაპროფესიონალიზმს!

– რა საჭიროა საქმის ასე გართულება?! – მორიდებით თქვა ფიფიამ.

– საჭიროა. გურული აღარ შეჩერდება. ახლა მას ორი მიზანი ამოძრავებს: პირველი... თუ მან დაამტკიცა, რომ ხელშეკრულება გაყალბებულია, ბანკი იძულებით შეუთანხმდება ნანა სირაძეს. სავარაუდოდ, მას ვეღარ დააკისრებენ სესხის დაფარვას. ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებით სასამართლო საქმის ძიებაში დაბრუნებას მოითხოვს. ეს კი გურულის გეგმის მეორე ნაწილია. ის კერძო დეტექტივია და ასეთი საქმის გამოძიების უფლება არა აქვს. როგორ გგონია, ვის დააკისრებს სასამართლო ძიების განახლებას?

– მას, ვინც პირველმა აღძრა საქმე, – სკოლის მოსწავლესავით უპასუხა ფიფიამ.

– ანუ ზურაბს!.. და შენ! იცი რა მოჰყვება საქმის ძიებაში დაბრუნებას?

– ვხვდები, – ამოიოხრა ფიფიამ.

– კეთილი... ახლა კი იმას გეტყვი, რაც მხოლოდ მე და შენ უნდა ვიცოდეთ... – შემპარავი ხმით განაგრძო რუხაძემ, – მე უკვე დამიკავშირდა ბანკის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელობა. ბანკს არ სურს ამ საქმის გახმაურება. მათ ყველა საკითხის მშვიდ გარემოში მოგვარება ურჩევნიათ, მაგრამ ამასთან, მათთვის მიუღებელია გურულის პირობები, მაგრამ ის წინააღმდეგ შემთხვევაში ხმაურიანი სასამართლო პროცესით იმუქრება.

– კონკრეტულად რას ითხოვს გურული?

– ბანკმა უარი უნდა თქვას ნანა სირაძისგან სესხად გაცემული თანხის ამოღებაზე.

– ბანკი არასოდეს წავა ამაზე! – შენიშნა ფიფიამ, – რამდენადაც ვიცი, ანდრო სირაძემ რვაასი ათასი ლარი გაიტანა ბანკიდან.

– ვიცი და ამას გურულიც ხვდება, – დაეთანხმა რუხაძე.

– მაშინ, რისთვის ჯიუტობს?

– თავისებური ტაქტიკაა. დავას მაქსიმალური მოთხოვნით იწყებს, რათა შემდეგ უკან დასახევი გზა ჰქონდეს. საჩივარში ნანა სირაძის სესხის გადახდიდან სრულ გათავისუფლებას ითხოვს. თუ ხელშეკრულება მართლაც ყალბია, ეს სრულიად ლოგიკური მოთხოვნაა. რატომ უნდა შეასრულოს ნანა სირაძემ ვალდებულება, რომელიც არასოდეს უკისრია?! მაგრამ ქონების ნაწილი მის ქმარსაც ეკუთვნოდა. მისი მონაწილეობა ხელშეკრულებაში კი უდავოა. ასე რომ, ნანა სირაძეს მაინც მოუწევს სესხის ნაწილის დაფარვა.

– მაინც, რა არგუმენტს ეყრდნობა გურული? – დაინტერესდა ფიფია.

– ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ხელშეკრულების დადების დღეს ნანა სირაძე საერთოდ არ მისულა ბანკში. ამისთვის ბანკიდან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები გამოითხოვა, მაგრამ ბანკმა უარი უთხრა, – უპასუხა რუხაძემ.

– სასამართლოსთან იგივე ნომერი არ გაჭრის!

– არ გაჭრის, მაგრამ როგორ ამოიღებს სასამართლო არარსებულ ჩანაწერს?

– არარსებულს?! – გაოცებით იკითხა ფიფიამ.

– კამერა ჩვეულებრივი ელექტრომოწყობილობაა და როგორც ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა დროდადრო ისიც ფუჭდება!

– ესე იგი...

– ბანკი სასამართლოზე განაცხადებს, რომ იმ დღეს სამეთვალყურეო სისტემა რამდენიმე საათით გამოვიდა მწყობრიდან და შესაბამისად, არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც ნანა სირაძეს ბანკში ყოფნას ან არყოფნას დაადასტურებდა.

– რას მოიმოქმედებს ასეთ შემთხვევაში გურული?

– ვერაფერს. ის სრულ ცაიტნოტში აღმოჩნდება, მაგრამ ეს შენ მაინც არ აგარიდებს უსიამოვნებას. მთავარი პროკურორი არ მოიწონებს ბანკთან დაკავშირებულ ბუნდოვან ისტორიაში გარკვევის გარეშე ძიების შეწყვეტას და შენს დასჯას მოითხოვს, – თქვა რუხაძემ, – გურულს ვერ უნდა დაესწრო შენთვის. როგორც კი იმ ხელშეკრულების შესახებ შეიტყვე, თავად უნდა მიგემართა ბანკისთვის. ასე რომ მოქცეულიყავი, ეს საკითხი უკვე მოგვარებული იქნებოდა.

– ნანა სირაძესი არ მჯეროდა და სიმართლე რომ გითხრათ, ახლაც არ მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ მან თავად მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, მაგრამ არა – ბანკში. ახლა კი ამ გარემოების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს! – ბრაზით თქვა ფიფიამ.

– მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლო მხოლოდ კონკრეტული ფაქტებით ხელმძღვანელობს!

ფიფია წამით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა;

– ესე იგი გამოსავალი არ არსებობს?

– არსებობს... ფაქტი თუ არ არსებობს, ყოველთვის გაქვს მისი შექმნის შესაძლებლობა! – დამრიგებლური ტონით თქვა რუხაძემ, – სასამართლომ განმაწესრიგებელი სხდომა სამი დღის შემდეგ დანიშნა. იმ დროისთვის ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ. გურულმა ვერაფერში ვერ უნდა ჩაგვჭრას.

ფიფიამ ინტერესით შეხედა. ის ვერ მიმხვდარიყო, თუ რას გულისხმობდა პროკურორი.

– ნუ ღელავ, ყველაფერი მოგვარდება! – განაგრძო რუხაძემ, – ახლა ყურადღებით მისმინე. საქმეებს, რომელზეც მუშაობდი, ახლავე მომიტან. მათ დღესვე სხვა გამომძიებელი ჩაიბარებს. შემდეგ კი წახვალ ბანკში და შეხვდები აკაკი ლორიას. ის ფილიალის ხელმძღვანელია. დანარჩენს ის აგიხსნის... გასაგებია?

– გასაგებია, – თავი დაუქნია ფიფიამ, ფეხზე ადგა და კარს მიაშურა.

* * *

ზურაბი მანქანიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მტკვრის პირას შეკრებილი პოლიციის თანამშრომლებისკენ. შეტყობინება ერთი საათის წინ მიიღო. კრწანისის პოლიცია იუწყებოდა, რომ რუსთავი-თბილისის საგზაო მაგისტრალის სიახლოვეს აღმოჩენილი იყო რაზმაძის მანქანა, რომელიც იძებნებოდა.

შავი „მერსედესი“ გზიდან საკმაოდ მოშორებით, მტკვრის პირას, ხშირ ბუჩქნარში იდგა. მის სიახლოვეს ოპერატიული ჯგუფი და კრიმინალისტები მუშაობდნენ, რომლებსაც გურამი ხელმძღვანელობდა. ზურაბი შორიდან მიესალმა გურამს, შემდეგ კი კრწანისის რაიონის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს, დავით ჯიბლაძეს მიუახლოვდა და ჰკითხა:

– რამე გაარკვიეთ?

– ჯერჯერობით ვერაფერი. ბიჭებს მუშაობა არ დაუმთავრებიათ. ვნახოთ, იქნებ რამე ხელჩასაჭიდს მიაგნონ, – უპასუხა მან.

– ვინ იპოვა მანქანა? – განაგრძო ზურაბმა.

– მტკვრის საპირისპირო ნაპირიდან შენიშნეს. ადგილობრივი ხალხია. ბოსტანში მუშაობდნენ და იქიდან მოჰკრეს თვალი.

– მანქანა ორი კვირის წინ დაიკარგა და ახლა მოჰკრეს თვალი?! – გაუკვირდა გურამს.

– მათ არ იციან, რამდენი ხნის განმავლობაში იდგა მანქანა მტკვრის პირას. წინა დღეები წვიმიანი იყო და სველ, ატალახებულ ბოსტანში არაფერი ესაქმებოდათ. მათი თქმით, მანქანა სამი დღის წინ შენიშნეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ. დროდადრო აქ თბილისიდან საქეიფოდ ან სათევზაოდ ჩამოდიან. მეორე დღეს აღმოაჩინეს, რომ მანქანა ისევ ბუჩქნარში იდგა. მესამე დღეს კი დაეჭვდნენ და პოლიციას დაუკავშირდნენ.

– სად არის ის ხალხი?

– ტყუილად ნუ დაკარგავ დროს მათ დასაკითხად, ამაზე მეტს მაინც ვერაფერს გეტყვიან...

ვიდრე ზურაბი დავითის დახმარებით ცდილობდა ვითარებაში გარკვევას, გურამი კრიმინალისტების ჯგუფს გამოეყო და მათ მიუახლოვდა.

– რას იტყვი? – მიუბრუნდა ზურაბი.

– სანუგეშოს – ვერაფერს, – უპასუხა გურამმა, – ზუსტ დასკვნას ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოგცემ. თუმცა ახლავე შემიძლია გითხრა, რომ მკვლელობა მანქანაშია ჩადენილი. რაზმაძე საჭესთან იჯდა, როდესაც ესროლეს. კარზე ორი ნატყვიარი აღმოჩნდა.

– კარზე?! – გაუკვირდა ზურაბს.

– ჰო... კარზე, – დაუდასტურა გურამმა, – ჩემი აზრით, რაზმაძე მანქანაში ვიღაცას ესაუბრებოდა. მკვლელი შეუმჩნევლად მიუახლოვდა მანქანას და ორჯერ ესროლა. შემდეგ დაჭრილი ან უკვე გარდაცვლილი რაზმაძე მანქანიდან გადმაათრიეს და კიდევ ერთხელ ესროლეს თავში. სავარაუდოდ, მკვლელი ხოხვით მიუახლოვდა მანქანას. ტყვიების ტრაექტორია ნათლად მიუთითებს, რომ ისინი ქვემოდან ზემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ იყო მიმართული.

– სისხლის კვალი მხოლოდ მძღოლის სავარძელზე აღმოჩნდა? – ჰკითხა ზურაბმა.

– ჰო, – თავი დაუქნია გურამმა.

– იოლი მისახვედრია, რომ რაზმაძე თვითონ ვერ მოიყვანდა აქ მანქანას!

– თავისთავად, – დაეთანხმა გურამი, – მკვლელებმა ცხედარი მტკვარში გადააგდეს, შემდეგ კი სისხლით რომ არ დასვრილიყვნენ, მძღოლის სავარძელს პოლიეთილენის ნაჭერი გადააფარეს,  მანქანა აქ მოიყვანეს და მიატოვეს. სისხლით მოსვრილი პოლიეთილენი ახლაც მანქანაშია. მათ არც კი უფიქრიათ კვალის წაშლა.

– ესე იგი, აქ მეორე მანქანაც უნდა ყოფილიყო. რაღაცით ხომ უნდა წასულიყვნენ აქედან?! – ჩაურთო დავითმა.

– აქედან ასიოდე მეტრში სხვა მანქანის კვალიც აღმოვაჩინეთ. პროტექტორის ანაბეჭდი ავიღეთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს შევადარებთ, – გახედა გურამმა.

– პროტექტორის ანაბეჭდით შეგიძლია მანქანის მოდელის განსაზღვრა? – ჰკითხა ზურაბმა.

– ზუსტად – არა. ერთი და იმავე მოდელის საბურავები მრავალ განსხვავებულ ავტომობილზე იხმარება, მაგრამ საბურავებს შორის დაშორებით რამდენიმე სავარაუდო მოდელს მაინც დავადგენთ.

– მკვლელების მოქმედებაში ლოგიკას ვერ ვხედავ. ვითარებიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ მკვლელობა მიყრუებულ ადგილას ჩაიდინეს. თუ ცხედარის გადასატანად მანქანა არ დასჭირდათ, გამოდის, რომ ეს მტკვრის სიახლოვეს მოხდა. მკვლელობისას ისინი ვერავინ შენიშნა. რისთვის გარისკეს? რისთვის მოიყვანეს მანქანა აქ? – თქვა დავითმა.

– ჩემი აზრით, მკვლელობის ადგილი არცთუ ისე მიყრუებული იქნებოდა, – უპასუხა გურამმა, – სავარაუდოდ, ისინი კარგად იცნობდნენ რაზმაძეს და ისიც იცოდნენ, რომ ოჯახის წევრები მას მალე არ მოიკითხავდნენ. უპატრონო მანქანის აღმოჩენის შემთხვევაში კი ისინი დაუყოვნებლივ შეუდგებოდნენ მის ძებნას. ამიტომაც გადაიყვანეს მანქანა იქ, სადაც მას გარკვეული დროის განმავლობაში ვერავინ შენიშნავდა. ისე, მკვლელობის სავარაუდო ადგილის მინიშნებაც შემიძლია.

– როგორ?! – გაუკვირდა ზურაბს.

პასუხად გურამი საექსპერტო ჯგუფს მიუბრუნდა და თავის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუძახა: თბილისის რუკა მომიტანეო.

მან სწრაფად შეასრულა განკარგულება. მანქანიდან რუკა ამოიღო და ჯგუფის უფროსს მიაშურა.

გურამმა რუკა მანქანის საბარგულზე გაშალა და ლაპარაკი განაგრძო: – ესე იგი, ვითარება ასეთია. თავისთავად გასაგებია, რომ მკვლელობა სადღაც აქ, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მტკვრის სიახლოვეს ჩაიდინეს. გვამი ფონიჭალის ბოლოში გამორიყა მტკვარმა. ბუნებრივია, რომ ის დინების საპირისპიროდ ვერ იმოძრავებდა. აქედან გამომდინარე, მკვლელობის ადგილი სადღაც ზემოთ, თბილისის მიმართულებით უნდა ვეძებოთ. ქალაქი გამორიცხულია. ხალხმრავალ ადგილას, ასეთ დანაშაულს ვერ ჩაიდენდნენ. თანაც, მტკვარში გადაგდებული გვამი ორთაჭალის ჰესს ვერ გამოსცდებოდა. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ქალაქის შემოგარენშიც. თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მხოლოდ სამი ადგილია, სადაც მანქანით უშუალოდ მტკვართან მიახლოებაა შესაძლებელი. აი, ისინი: – გურამმა თითით მიანიშნა რუკაზე გამოსახული ჩასახვევები. შემდეგ კი ერთ-ერთ ჩასახვევს დაადო თითი, – პირადად მე ამ ადგილიდან დავიწყებდი ძებნას. ეს მარნეულის ქუჩაა. ქუჩის დასაწყისში რამდენიმე მცირე საწარმო და საზკვების ობიექტია. სამაგიეროდ, ქუჩის ბოლოში, მტკვრის სიახლოვეს ვერავის შეხვდები. ის ადგილები არც დასასვენებლად ვარგა, არც საბანაოდ, არც საქეიფოდ და არც სათევზაოდ, თუმცა იქაურობა მანქანის მისატოვებლადაც არ გამოდგება – ღია ადგილია. მეჩხერი ბუჩქნარით, გზატკეცილის გასწვრივ მდებარე მაღალსართულიანი კორპუსებიდან მანქანას მალე შენიშნავდნენ... ცდა ბედის მონახევრეა. ვცადოთ, იქნებ მართლაც მივაგნოთ რამეს!

– ვცადოთ... – უპასუხა დავითმა და თავის თანამშრომლებს მიუბრუნდა, – კრწანისი... აქ მოგროვდით!...  

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3