კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

ყველაფერი გათვლილია

ჰოუკსი სასტუმროს დეტექტივად მუშაობდა და კლიენტების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, რომ ისინი არავის და არაფერს შეეწუხებინა. ლამაზი ქალიშვილი ბართან იჯდა და ბარმენს რაღაცაზე გაცხარებული ეკამათებოდა. ოდნავ მოშორებით, ოტელის ყველაზე პატივსაცემი სტუმარი, მილიონერი ბილი უოლტერი მესამე იჯდა. ასეთი მამაკაცი, თუ იმპოტენტი არ არის, აუცილებლად შენიშნავს ამ ტიპის ქალიშვილს, – გაიფიქრა ჰოუკსმა და ყურადღება დაძაბა. ქალიშვილი ჩვეულებრივი „მონადირე“ იყო. უოლტერი აშკარად საფრთხის წინაშე იდგა. ჰოუკსი ბართან ახლოს მივიდა... ქერა ლამაზმანი ბარმენ სემის თითქმის უყვიროდა.

– გეუბნებით, სრულწლოვანი ვარ. ჩემი მართვის მოწმობა რაში გჭირდებათ?

– იმისთვის, რომ დავრწმუნდე ამაში, – მშვიდად უხსნიდა სემი, – სამსახურის დაკარგვა არ მინდა.

– დამისხით-მეთქი, ალკოჰოლი მჭირდება. კოქტეილი რომ არ დავლიო, გავგიჟდები, გესმით?

– მაჩვენეთ, რამე დოკუმენტი და მაშინვე მოგართმევთ კოქტეილს, – თავისაზე იდგა ბარმენი.

ქალიშვილმა ბარმენს წყრომით შეხედა და უცებ ტირილი დაიწყო. ბავშვივით ასლუკუნდა, კაცს გული მოუკვდებოდა. ჰოუკსმა ჩაიცინა: „ჰმ, მშვენივრად თამაშობს თავის როლს. კარგი მსახიობია. ცოტაც და, მისტერ უოლტერი მახეშია“.

ქალიშვილმა სლუკუნს უმატა. მშვენიერი  თვალებიდან ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები. მილიონერმა მისკენ მიიწია და ცხვირსახოცი გაუწოდა:

– მის, ძალიან გთხოვთ, ნუ ტირით. ამ ხეპრეს კი ახლავე გავცემ შესაფერის პასუხს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბარმენმა მილიონერს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და ქალს წინ კოქტეილიანი ჭიქა დაუდგა.

– მადლობელი ვარ თქვენი, – ქალიშვილმა თვალები მადლიერებით შეანათა „მხსნელს“, – ძალიან ცუდად ვარ. ჩემმა საქმრომ მთხოვა, ამ სასტუმროში დავბინავებულიყავი და ისიც ჩამოვიდოდა... უნდა გვექორწინა.. აქ, ამ რომანტიკულ ადგილას... მაგრამ გაუჩინარდა. ძალიან უბედური ვარ. ხვალ, ალბათ, გავემგზავრები...

– ნება მომეცით, მის... – დაიწყო მილიონერმა ალერსიანი ხმით.

– მის გეითსი, – ქალიშვილმა ცრემლები შეიმშრალა.

– მის გეითს, ნება მომეცით, ჩემი სამსახური შემოგთავაზოთ. ამ ადგილებს კარგად ვიცნობ. მეგზურობას გაგიწევთ და შევეცდები, დარდი გაგიქარვოთ... იახტაც მყავს... დარჩით, თქვენს დანახარჯს მე გადავიხდი...

– არა, ასე ვერ შეგაწუხებთ... – გაწითლდა ქალიშვილი და ჰოუკსი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა მისმა მსახიობურმა ოსტატობამ.

– რას ბრძანებთ, მის გეითს... მხოლოდ სიამოვნებას მივიღებ. თქვენ იმსახურებთ ყოველივე საუკეთესოს.

მის გეითსმა მადლიერების ნიშნად გაუღიმა და მოუბოდიშა. ცოტა ხნით დაგტოვებთო. როგორც კი ქალიშვილი ბარის დახლს მოსცილდა, მილიონერთან მაშინვე მივიდა დეტექტივი ჰოუკსი და თავაზიანად მიესალმა. უორტლიმ განცვიფრებით შეხედა.

– მოგესალმებით, სერ. ჰოუკსი გახლავართ, ამ ოტელის კერძო დეტექტივი. ვალდებული ვარ, ჩვენი კლიენტების მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე ვიზრუნო. იმაზე, რომ მათ ვინმემ დისკომფორტი არ შეუქმნას.

– ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვერ ვხვდები, მე რატომ მომმართეთ. თუ გამეცანით, მადლობელი ვარ, ახლა კი დაგემშვიდობებით. ჩემი თანმხლები ქალბატონი მალე დაბრუნდება.

– სწორედ მასზე მინდოდა საუბარი, მისტერ უოლტერი. იმედი მაქვს, ყველაფერს სწორად გაიგებთ, რასაც ახლა გეტყვით და არ მიწყენთ. მოკლედ, ამ ქალიშვილის ტიპაჟის ქალბატონებს კარგად ვიცნობ. მე მათ შეხედვისთანავე ამოვიცნობ ხოლმე... ის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც სხვა ადამიანებისთვის პრობლემების შექმნა არ უჭირთ.

– ვერ გავიგე, რისი თქმა გინდათ, – მილიონერს უკმაყოფილება დაეტყო, – მე თავად შევთავაზე დახმარება და მას ჩემთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. ძალიან გთხოვთ, მომეცით საშუალება, დრო მშვიდად გავატარო იმასთან, ვინც მომწონს.

– თქვენი ნებაა, სერ... მე ვალდებული ვიყავი, გამეფრთხილებინეთ. თუ უცებ აღმოჩნდება, რომ არასრულწლოვანზე „იძალავეთ“, კაბა შემოახიეთ და რაღაც ამდაგვარი, ვერ იტყვით, რომ ინფორმირებული არ იყავით.

– გმადლობთ, მისტერ, თქვენი მისია ამოწურულია.

ჰოუკსმა თავაზიანად  დაუქნია თავი და მოსცილდა... ბარის შორეულ კუთხეში დაჯდა და დაელოდა... ქალიშვილი დაბრუნდა და წყვილი მთელი ერთი საათის განმავლობაში ალერსიანად ჟღურტულებდა. ჰოუკსი თავის პაწაწინა ნომერში ავიდა, შხაპი მიიღო, გამოიცვალა და საწოლზე წამოწვა... დაახლოებით შუაღამის სამის ნახევარზე, ბარმენმა დაურეკა და აცნობა, წყვილი ახლახან გავიდა ბარიდან და ლიფტების მიმართულებით გაემართაო. ჰოუკსმა საათს დახედა. მის განკარგულებაში ორმოცი წუთი რჩებოდა. ისევ წამოწვა და წინა დღით დაწყებული დეტექტივის კითხვა განაგრძო. დანიშნულ დროს ნომრიდან გავიდა და მილიონერის ნომრისკენ გაემართა. კართან ახლოს მივიდა და მიაყურადა... ნომრიდან ჩქამიც არ ისმოდა... საკეტს გასაღები მოარგო და შიგნით შევიდა... მისტერ უოლტერი საწოლზე პირაღმა ეგდო და ხვრინავდა... სახეზე უცნაური ფერი ედო... ჰოუკსმა დახედა და გაიფიქრა, ნეტავი, რამდენი წამი დასჭირდა მის გეითს, მისთვის სასმელში დასაძინებელი წამალი ჩაეყარაო... აბაზანის კარი ოდნავ იყო შეღებული... ქალიშვილი იატაკზე ეგდო... ჩაცმული... სახე ჩალურჯებოდა... ტუჩები თითქოს შიშისგან მობრეცოდა... თვალები ოდნავ ღია ჰქონდა... ჰოუკსი საძინებელში დაბრუნდა და მძინარე მილიონერი მკვეთრად შეანჯღრია... მერე ცოტა წყალიც დააწუწა სახეზე. უოლტერმა გაჭირვებით გაახილა თვალები და თავზე წამომდგარ დეტექტივს გაოცებით მიაშტერდა.

– აქ რა ხდება? რას აკეთებთ ჩემს ნომერში?

– იგივე კითხვები მე უნდა დაგისვათ... მეზობელი ნომრებიდან დარეკეს და თქვეს, რომ აქედან საშინელი ხმაურისა და ქალის კივილის ხმა ისმოდა... ოთახში ავეჯი გადაყირავებულია, სააბაზანოში მის გეითსის გვამია. თქვენ მოკალით ის?

უოლტერი შეშლილივით წამოხტა.

– რაო? თქვენ რა, გაგიჟდით? მე მისთვის თითიც არ დამიკარებია. ვსვამდით კოქტეილს. მერე უცებ თავი ძალიან ამტკივდა და ნომერში ამოვედით. მეტი არაფერი მახსოვს.

– პოლიცია თქვენს ვერსიას არ დაიჯერებს. ბარმენი იტყვის, რომ მთელი საღამო, გვიანობამდე ერთად იყავით და შეიძლება, ქალიშვილის უმწეო მდგომარეობით ისარგებლეთ... მე თქვენ გაფრთხილებდით, სერ...

– ღმერთო, რა შარში გავები. არადა, აქ დასასვენებლად ჩამოვედი. მე ხომ ცოლი მყავს.

ჰოუკსმა მხრები აიჩეჩა.

– რით დაგეხმაროთ სერ?! ჯობდა, დროულად გაგეთვალისწინებინათ ჩემი რჩევა.

– ოცი ათასი დოლარი და გვამს მომაშორებთ? – თქვა უცებ მილიონერმა.

– დამცინით, სერ? ოცი ათასი დოლარი ის თანხა არ არის, ამ პრობლემის მოგვარებას რომ ეყოფა... ასი ათასი...

– თანახმა ვარ... აი, ჩეკი... მე კი ახლავე გავემგზავრები აქედან და უკან აღარასოდეს დავბრუნდები...

– გონივრული გადაწყვეტილებაა, – დაეთანხმა ჰოუკსი.

ნახევარი საათის შემდეგ ჰოუკსის ნომერში ისხდნენ: ჰოუკსი, ბარმენი და ქალიშვილი-გვამი. სემმა გაიცინა.

– ეს დანარჩენებზე ადვილად შესაბმელი აღმოჩნდა, არა, ქეით?

– ჰო? შენ რა იცი ამ საქმის, ყველაფერს მე უნდა მიმადლოდეთ, – გაიცინა ქალიშვილმა და ჰოუკსს მიუბრუნდა, იმედია, ეს შენი ლურჯი საღებავი სახის კანს არ გამიფუჭებს...

скачать dle 11.3