კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-25(651) 

ყველა მეთოდი დასაშვებია

ლიზამ თვალები მოჭუტა და სავარძლის სახელურს ისე დაეყრდნო, რომ საშუალება მისცემოდა დაენახა, რას კითხულობდა ნინი მობილურში. გოგოს დილიდანვე ეტყობოდა უგუნებობა. მოღუშული იჯდა და რამდენჯერმე იტირა კიდეც. ლიზამ სცადა გამოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. არადა, ცნობისმოყვარეობა კლავდა. ბოლოს მოთმინებამ უმტყუნა, დემონსტრაციულად ადგა და ნინის მაგიდაზე  ჩამოუჯდა. 

– რას აკეთებ, ვერ ხედავ, ვმუშაობ?! – აღშფოთდა ნინი.

– კი არ მუშაობ, ტირი და ნერვიულობ. შენ რა უნდა გამომაპარო. სულელი ვითომ არ ხარ, სულელივით კი იქცევი.

– მე?

– დიახ. გირჩევნია, ყველაფერი გულახდილად მითხრა. ისევ შენთვის აჯობებს.

– ლიზა, ჩემს პირად საქმეში ნუ ჩაერევი!

– რას მელაპარაკები! აბა, ვიჯდე გულხელდაკრეფილი და ვუყურო, როგორ იკლავ თავს ნერვიულობით იმ ერთუჯრედიანის გამო? კაცები იქით უნდა აწვალო და ანერვიულო. რატომ ვერ გაგაგებინე?

– მე კიდევ ის ვერ გაგაგებინე, რომ ჩემ გამო ვნერვიულობ... მხოლოდ და მხოლოდ ჩემ გამო...

– ჰმ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ნერვიულობით შენ ზარალდები მხოლოდ და არა ის. მაინც რა ჯანდაბა უნდა? 

– არ ვუნდივარ და თავისუფლად „გულაობა“ უნდა „ნაშებში“, – ამოიოხრა ნინიმ და ისევ აუცრემლდა თვალები, – ისეთი რაღაც გავიგონე, ისეთი... ოფისში მივაკითხე და შემთხვევით მოვუსმინე, თავის მეგობარს რომ ეუბნებოდა... – ნინიმ სლუკუნს უმატა...

– რას ეუბნებოდა, რაო? ნუ ტირი, გეყოფა, – ლიზამ წყალი დაუსხა და მიაწოდა.

– მოკლედ, არ ვუყვარვარ. ეგ მე ცოლად არ შემირთავს.

– ოჰ, ახალი ამბავი... გამაგიჟებ მე შენ. ეგეთი ეგოისტი კაცი ქმრად რად გინდა, საერთოდ არ მესმის. ცხოვრება გინდა გაიმწარო? ჯერ ახლა რა დღეში გაგდებს და მერე... სახლში რომ დაგსვამს, ერთ-ორ ბავშვსაც გაგაჩენინებს და სულაც თავზე დაგაჯდება.

– შენთვის ადვილია ასე ლაპარაკი, ქმარი გყავს.

– მერე, როგორ მყავს. შენ გგონია, შემიყვარდა, გადავირიე და ვოცნებობდი, ყურადღებას როდის მომაქცევდა? კარგი, რა, ნინი... აღარ უნდა გაიზარდო? მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე: ბედნიერების ძიებაში ყველა მეთოდი დასაშვებია.

– რა მეთოდებზე ლაპარაკობ? მე არანაირი მეთოდი არ მაქვს. უბრალოდ, მიყვარს.

– შენი პრობლემაც სწორედ ეგ არის... უბრალოდ უყვარს! – გამოაჯავრა ლიზამ, – ჰოდა, უბრალოდ ღვრი ცრემლებს და ითხრი ნერვებს. გინდა, მოგიყვე, როგორ გავიცანი ჩემი ქმარი? ცოტას გაგართობ და იქნებ, შენთვის სასარგებლო დასკვნები გააკეთო.

ნინიმ ისე ამოიოხრა, მისთვის აშკარად სულერთი არ იყო, ჩუმად იჯდებოდა ლიზა თუ ილაპარაკებდა.

– მოკლედ, ჩემს შეყვარებულს ახალი დაშორებული ვიყავი... თავში აუვარდა და ეგრევე  მივახვედრე, რომ ჩემთან ეგეთები არ გაუვიდოდა, – გადავწყვიტე, გული გადამეყოლებინა და სამოგზაუროდ წავსულიყავი. თანამგზავრის გარეშე ხომ მომწყინდებოდა?! ჰოდა, ვიპოვნე კიდეც თანამგზავრი.

– კარგი, რა, რას მთავაზობ?

– არაფერს არ გთავაზობ. ამბავს გიყვები. სააგენტოში მეგობარი მყავს. ვკითხე, უახლოეს ერთ კვირაში ვინმე შესაფერისი კანდიდატურა ხომ არ მიფრინავს ევროპისკენ-მეთქი. ოღონდ ეგეთი გაოცებული ნუ მიყურებ... მარტივი საქმეა ძალიან. ჯავშანი რომ კეთდება, იქ ყველაფერი ჩანს. თან, მუდმივი კლიენტებიც ხომ ჰყავთ. მოკლედ, თვითმფრინავში ჩემი მომავალი ქმრის გვერდით აღმოვჩნდი...

– ლიზა... გამაოგნებელ რაღაცას მიყვები. რა კრიტერიუმებით შეარჩიე, ვისთან ერთად იმგზავრებდი?

– გოგო, აბა, ამდენი ხანი რაზე ვლაპარაკობ?! ვიღაც ჯიბეგაფხეკილ ან კომპლექსებიან ცოლიან მამაკაცს ხომ არ მივუჯდებოდი გვერდით?! ყველაფერი გულდასმით დავგეგმე და გავთვალე. დანარჩენი ჩემზე იყო და შესანიშნავადაც გავართვი თავი. ახლა ყველაფერი მაქვს – ქმარიც მყავს და საკუთარ თავს უარს არაფერზე ვეუბნები.

– ერთი ნახვით შეაყვარე თავი?!

ლიზამ გადაიკისკისა.

– კარგი, თუ გინდა, შეყვარება დაარქვი იმას, არ მაქვს პრობლემა. ფაქტია მთავარი და შედეგი. ამ შედეგამდე რა „სათაურით“ მიხვალ, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა. ეგრევე „დაბოლდა“. სულ ცოტა წავიმსახიობე და პატარა სპექტაკლი დავდგი.

– რა სპექტაკლი?

– ვუთხარი, ფრენის მეშინია და ცოტა უნდა დავლიო-მეთქი. უნდა გენახა, როგორ გაუხარდა. კონიაკი, შოკოლადი და ყავა შეუკვეთა. მთელი გზა ცოტ-ცოტას ვწრუპავდით. მომიყვა თავისი ბიზნესების შესახებ... მერე მკითხა, ასეთი საყვარელი არსება ევროპაში მარტო ვინ გამოგიშვაო. თავი მოვისაწყლე, – მამაკაცებს ვეღარ ვენდობი, ყველა ერთნაირია, ყველა ცდილობს, გული გატკინოს. ამიტომ გავრბივარ, მათ გავურბივარ... მინდა, ყველაფერი დავივიწყო-მეთქი... უნდა გენახა, როგორ „დადნა“. ეგრევე, ბევრი რომ არ უფიქრია. „მაჯახა“ – ოღონდ შენ მყავდე გვერდით და გეფიცები, არასოდეს გატკენ გულსო.

 – შენც ეგრევე დაუჯერე, – ჩაიცინა ნინიმ და ცრემლიანი თვალები ხელისგულებით მოიწმინდა.

– არა, ცუდად მიცნობ, საერთოდ არ დავუჯერე, მაგრამ შანსი მივეცი, ჩემი ყურადღება დაემსახურებინა.

– ეგ როგორ?

– ბევრი ფული დავახარჯვინე. ჩემი სასტუმროს ხარჯებიც იმან გადაიხადა. თან, სულ სახეში შევცქეროდი... ერთხელ მაინც წარბი რომ შეეხარა, ან წუწუნი დაეწყო – მორჩა, გამოცდას ვერ ჩააბარებდა, ეგრევე ჩავჭრიდი.

– ეჰ, მე ეგ არ გამომივა.

 – ვითომ, რატომ? – ტუჩები გაბუსხა ლიზამ, – სხვათა შორის, ჩემი მეგობარი ისევ იმ ფირმაში მუშაობს. ვეტყვი და მოგიძებნის თანამგზავრს.

– არა, არ მინდა. საერთოდ არაფერი მინდა, გარდა ერთისა – როგორმე გიგის სოციალური საიტის პაროლი გავიგო და მერე ყველაფერს გავიგებ, რასაც მიმალავს.

ლიზას თვალები გაუფართოვდა.

– ეგ რიღასთვის გინდა?

– რას ნიშნავს, რისთვის მინდა? აბა, საშუალება მივცე, მატყუოს? არა, ინფორმაციულ ვაკუუმში ვერ ვიქნები. მისი მიმოწერები უნდა ვნახო. დარწმუნებული ვარ, ვიღაც ჰყავს.

– ან ვიღაცეები... – დაუზუსტა ლიზამ, – მოგცლია შენ რა... დავუშვათ, ნახე მიმოწერა. რას იზამ, ჩამოურბენ იმ ქალებს და ყველას სცემ?

– ვცემო რა, ქაჯი ვარ? – ეწყინა ნინის,  უბრალოდ, მაინტერესებს, რა აქვთ იმათ ისეთი, რაც ჩემში ვერ იპოვა.

– აუ, ეგ უკვე მეტისმეტია. მაგაზე დიდ სისულელეს ვეღარ გააკეთებ. დაიკიდე, რა... – საერთოდ, ნუღარ იფიქრებ მაგ იდიოტზე... მე დამიჯერე და ყველაფერი კარგად იქნება.

ნინის ისევ აუცრემლდა თვალები.

 – არ მინდა ქმარი... საერთოდ არავინ მინდა... საერთოდ... გიგის გარდა... ძალიან ცუდად ვარ...

– მდა, მძიმე შემთხვევაა! აღარც კი ვიცი, რა ვთქვა.

– როგორმე პაროლი უნდა გავიგო, – ჯიუტად გაიმეორა ნინიმ.

– ეჰ, ნინი, ნინი... პაროლის გაგება ცოტა რთულია. გატეხვა არ გიცდია?

– რა?

– საიტის გატეხვა გაცილებით იოლია. თომას სთხოვე და დაგეხმარება.

– არავითარ შემთხვევაში, არც თომას ვთხოვ, არც ლადოს და საერთოდ, არც ერთ თანამშრომელს. ავალაპარაკო მთელი ფილიალი?

– მაგაზე არ ინერვიულო. სადაზღვევო კომპანიის ყველა თანამშრომელი ავტომატურად ყველაფერზეა დაზღვეული, – გაიცინა ლიზამ, მაგრამ ნინის სახემ მიახვედრა, რომ ხუმრობა არ გამოუვიდა.

– კარგი, დაგეხმარები, ოღონდ პირობა მომეცი, რომ იმ კრეტინს ისეთ პასუხს გასცემ, როგორიც ეკადრება... თავსაც დაანებებ.

– ჯერჯერობით თავი იმან დამანება, – ჩაიბურტყუნა ნინიმ და... ლიზამ იფეთქა:

– მეორედ აღარ თქვა ეგ სისულელე! არ გრცხვენია? რა გჭირს მაგის მისატოვებელი? ჭკუა უნდა ვასწავლოთ!

– როგორ?

– გეტყვი. მანამდე ცოტა შენს სტილზე მომიწევს წამუშავება.

– სტილზე?

– ჰო. თმის ფერიც შევცვალოთ. კიდევ რაღაც-რაღაცეები. იცი, როგორ ვახტუნავებთ გიგის? ჭკუიდან შევშლით. ეგ ჯინსი და კედებიც უნდა გაგახდევინო.

– ლიზა, არ შემიძლია, – წინააღმდეგობის გაწევა სცადა ნინიმ.

– მორჩი! ხომ გინდა, აღარ ტიროდე და გიგი შეხვედრას გეხვეწებოდეს?

– მინდა... მაგრამ ნინის უნდა ეხვეწებოდეს და არა ვიღაც „ნაშას“.

– მოიცა ერთი... მერე შენც დაგაფასებს. ერთი კარგად შევაჯანჯღაროთ... მგონი, გირეკავს და არ უპასუხო... არ გაბედო და არ შეხვდე.

– იქნებ, რისი თქმა უნდა?! – საწყლად ჩაილაპარაკა ნინიმ.

– აღარ მისცე საშუალება, დაგაბოლოს და ისევ ისე მოგექცეს, როგორც აქამდე გექცეოდა. საერთოდ წაგართმევ მაგ ტელეფონს...

***

ქეთიმ გაოცებით შეხედა ქმარს.

– შეუძლებელია... რაღაც გეშლება.

– რა მეშლება, გოგო... გეუბნები, ეგრეა-მეთქი.

– გინდა, დამაჯერო, რომ შენი თანამშრომელი ზუკაა ლიზას საყვარელი?

ვახო გაცხარდა.

– თავს ნუ გამოიშტერებ, ძალიან გთხოვ. მშვენივრად გაიგე, რაც გითხარი. ზუკას ზუსტად ჩემნაირი პერანგი ეცვა და ფეხსაცმელებიც. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა.

– მაგით რისი თქმა გინდა?

– იმის, რომ ლიზამ ტანსაცმელი ქმრისთვის კი არა, ზუკასთვის იყიდა.

– რატომ? – ქეთიმ ქმარს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

– რატომ? – ჩაეკითხა ვახო, – მე ფაქტი გითხარი. დასკვნები შენ თვითონ გააკეთე. ძმა რომ არ არის მაგ ქალბატონის, ამაშიც დარწმუნებული ვარ, მაგრამ ზუკასგან მიკვირს, გათხოვილ ქალთან როგორ აქვს რომანი.

– უთხარი რამე?

– ჰმ, რა უნდა მეთქვა? ის კი არა, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვარ, მე მაგ პერანგს და ფეხსაცმელს, ალბათ, ვერ ჩავიცვამ.

– ვითომ, რატომ? – გაცხარდა ქეთი, – საყვარელმა მაგას უყიდა ტანსაცმელი, შენ ხომ არა. კიდევ შენ ხარ უხერხულ მდგომარეობაში?

– ცოტა ტვინიც დააყოლე სათქმელს. ზუკამ ხომ არ იცის ის, რაც მე ვიცი. წარმოიდგინე, მეც რომ იმ პერანგში ჩაცმული გამოვცხადდე... აუ, ვიცოდი, რა... გული მიგრძნობდა, რომ ეგ ქალი რაღაც უსიამოვნო ამბავში აუცილებლად გაგვხვევდა.

– იქნებ, მეტისმეტად ვართულებთ ყველაფერს? რა საჭიროა ასეთი დრამატიზება?

– შენ რა, ვერ ხვდები? მინდა მე სკანდალები? წარმოიდგინე, რა მოხდება, თუ ლიზას ქმარი ცოლის საყვარელზე შურისძიებას გადაწყვეტს. შეიძლება, საერთოდ, ოფისში მოუვარდეს. რა გინდოდა, რისთვის აიკიდე ეგ ქალი, კაფეშიც რომ მიჰყვებოდი ყავის დასალევად!

ქეთი გვიან ჩასწვდა ქმრის ნათქვამის შინაარსს.

– ესე იგი, მასთან ერთად კაფეში წასვლის უფლება იმიტომ არ მომეცი, რომ საყვარელი ჰყავს?

– დიახ და ისედაც, გიკრძალავ მაგ ქალთან ურთიერთობას. სულერთია, რა ფორმით იქნება.

– ეს რა, ბრძანებაა?

– არა, თხოვნა. თუ არ გაითვალისწინებ, მაშინ ბრძანება...

– ვითომ რატომ აღარ უნდა შევხვდე? მე რა შუაში ვარ?! – გაბრაზდა ქეთი, – ჩემგან რა გინდა?

– იფიქრე და მიხვდები, – წარბი შეიკრა ვახომ.

– ვიფიქრე და ვერ მივხვდი, – არ დაუთმო ცოლმაც, – ტერორში უნდა მაცხოვრო?

– რა ტერორში, გოგო... რა, არ გესმის?! არ მინდა, ჩემი ცოლი ბოზთან მეგობრობდეს.

– მიზეზი?

– მიზეზი და საბაბი არ სჭირდება მაგას. გეუბნები, თავი შორს დაიჭირე მაგ ლიზასგან.

– ვერ ვიტან, როცა ასეთი ტონით მელაპარაკები.

– მე კიდევ ნერვები მეშლება, როცა თავს იშტერებ! – ხმას აუწია ვახომ.

– ნუ ყვირი, მე არაფერი დამიშავებია. არასოდეს შემირჩევია შენთვის მეგობრები და არც არასდროს მიკითხავს, ვის როგორი პირადი ცხოვრება აქვს.

– კითხვა რად გინდა? ისედაც ყველაფერი იცი.

– რომ აღმოჩნდეს, რომ ზუკამ პერანგი თბილისში იყიდა, მერე რას იტყვი? – გაცხარდა ქეთი, – ერთნაირი ხართ ყველა... თუ ქმარს ღალატობს, ესე იგი, ის კაცი ამის ღირსია...

– ვინ რისი ღირსია, არ ვიცი, მაგრამ მე გაგაფრთხილე! – კატეგორიული ტონით განუცხადა ცოლს ვახომ და გაგულისებულმა კარი გაიჯახუნა...

 

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3