კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით „დაშოკა” გერმანელი ტურისტები ბრენდონ სთოუნმა და რატომ გაუკვირდათ მისი „გამოკიდება” შუაგულ ბათუმში

სულ ახლახან ბათუმში, ბრენდონ სთოუნის –  ბესო შპეტიშვილის სოლო-კონცერტი გაიმართა. მომღერალმა თავისი ოცნება აისრულა – სამშობლოში, საყვარელი თანამემამულეებისთვის იმღერა. შემოსული თანხა საქველმოქმედო საქმეში გადარიცხა. თავის უკრაინელ ცოლს და შვილსაც აუსრულა დანაპირები – როგორც იქნა, მოახერხა და ისინი საქართველოში ჩამოიყვანა. ბრენდონი სულ სამი დღით იმყოფებოდა სამშობლოში. როდესაც დავუკავშირდით, უკვე გერმანიაში იყო და მეორე დღეს რუსეთში აპირებდა გამგზავრებას, სადაც „ახალი ტალღის” კონკურსისთვის ემზადება. 

ბრენდონ სთოუნი: ყოველთვის მინდოდა, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტი ჩამეტარებინა და ამით მეც რამე გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის. ერთი წლის წინათ ბათუმში გავმართე კონცერტი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ხალხის სითბო და სიყვარული ვიგრძენი. მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, აქ აღარ ვცხოვრობ და უცხოეთში ვმოღვაწეობ რამდენიმე წლის განმავლობაში, მაინც ვახსოვარ და მაფასებენ. ეს ჩემთვის დიდი სტიმული და დაფასებაა. აჭარის მთავრობა დამიკავშირდა და მთხოვა, თუ შეგიძლია ჩამოხვიდე და კიდევ ერთი კონცერტი გამართოო. ბათუმში შენდება ეკლესია, წმინდა ილიას სახელობის ტაძარი, რისთვისაც გარკვეული თანხებია საჭირო და მითხრეს, თუ სურვილი გექნება, იქნებ შენც შეიტანო მის მშენებლობაში წვლილიო. უარს როგორ ვიტყოდი?! მიუხედავად, უამრავი საქმისა, ყველაფერი გადავდე და დიდი სიამოვნებით გადმოვფრინდი საქართველოში. 

– შენს კონცერტს ბათუმში ბევრი გერმანელიც ესწრებოდა. ეს უბრალო დამთხვევა იყო, თუ ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ შენს მოსასმენად საქართველოში?

– გერმანელები ბათუმში ისვენებდნენ, კონცერტის ბანერი უნახავთ ჩემი სურათით. ჯერ გაოცებულან, ამას აქ რა უნდა, სად გამოკიდებულაო (იცინის) და გადაწყვიტეს კონცერტზე დასწრება. ჩემდა გასაოცრად, ყველა ბილეთი გაიყიდა და კონცერტის დღეს, მიუხედავად მოთხოვნისა, აღარ იყო. ის გერმანელი ტურისტები პირადად დამიკავშირდნენ, მთხოვეს, ძალიან გვინდა დასწრებაო და მეც „ჩავუწყვე” საქმე (იცინის). „ჩაწყობა” ხომ მოსულა?

– რასაკვირველია, მოსულა. და, რატომ გაუკვირდათ შენი კონცერტი ბათუმში? ხომ იციან, რომ წარმოშობით ქართველი ხარ?

– როგორ არ იციან, მაგრამ მერე მითხრეს, არასდროს მართავდი საქართვველოში კონცერტს, სულ გერმანელ მომღერლად აღგიქვამდით და ბანერი რომ „გავჩითეთ” ბათუმში, შოკში ჩავვარდით, მაგრად გაგვიკვირდაო. ასე რომ, ამ ერთი კონცერტით კეთილი საქმეც გავაკეთე, თანამემამულეებისთვისაც დავიხარჯე და სტუმრად ჩამოსული ტურისტი გერმანელებიც „დავშოკე” (იცინის). თუმცა მეც სტუმრად არ ვითვლები? აქ ბინა არ მაქვს. მინდოდა ყიდვა, მაგრამ ჯერ ვფიქრობ. 

– და, კიდევ ერთი მთავარი გამოგრჩა – შვილის ნათლობა!

– ცოლ-შვილს დიდი ხანია ვპირდები, საქართველოში ჩაგიყვანთ-მეთქი და ვერ ვახერხებდი. ქორწილი და ჯვრისწერაც აქ მინდოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღით მიწევდა ჩამოსვლა და ამხელა გზაზე მათი წამოყვანა არ ღირდა. არადა, ჩემი უკრაინელი ცოლი მეუბნებოდა, ყველა იმას ამბობს, ქართველებმა მაგარი მასპინძლობა იციან, ძალიან გალამაზებულია ბათუმი და რა გახდა ჩემი იქ წაყვანაო. ჰოდა, აი, ავუსრულე ნატვრა. მერე მეხვეწებოდა, მალე წავიდეთ, თორემ სულ ჭამე-ჭამეს მეუბნებიან, მეც ვერ ვიკავებ თავს ასეთ საჭმელებს რომ ვუყურებ და ისე გავსუქდი, ტანსაცმელს ვეღარ ვირგებო (იცინის). სამ დღეში ხუთი კილო მოიმატა. სხვათა შორის, მეც წონაში ვიმატებ, როცა აქ ჩამოვდივარ და ახლაც, კონცერტისთვის, ორი პერანგი მქონდა წამოღებული. ერთი აღარ შემეკრა და ერთის ამარა დავრჩი სცენაზე (იცინის). მოკლედ, ძალიან მოეწონათ საქართველო – ხალხი, გარემო, სიტუაცია. ბავშვის ნათლობა კი სპონტანურად მოხდა. კონცერტის შემდეგ ვიჯექი ახლობლებთან ერთად, მამა ნიკოლოზიც ჩვენ გვერდით იყო, რომლის ეკლესიის ასაშენებლადაც ჩავატარე კონცერტი. იდეა გამიჩნდა, მოდი, რადგან აქ ვარ, ბარემ შვილსაც მოვნათლავ მამაო-მეთქი. გაუხარდა, დამთანხმდა და მეორე დღეს გავქრისტიანდით. ჩემს შვილს ლუიზა ჰქვია, ნათლობის სახელი ელიზაბეტია, უბედნიერესი იყო და არასდროს დაავიწყდება ეს დღე, როგორ შორსაც არ უნდა იყოს თავისი ქვეყნიდან. 

– სულ მალე „ახალი ტალღის” კონკურსი იწყება, სადაც საქართველოს სალომე ქათამაძე წარმოადგენს. კონკურსანტების მოსამზადებელ ციებ-ცხელებაში აქტიურად ხარ ჩართული, თუმცა, როგორც გავიგე, სალომესთან არ მუშაობ. რატომ?

– „ახალი ტალღის” ყველა კონკურსანტის ფონოგრამებზე მე ვმუშაობ. გაწამაწიაში ვარ, რომ დროზე დავასრულო და ამაზე ვარ ორიენტირებული. პარალელურად, ჩემი ახალი ალბომიც გამოდის გერმანიაში და მასზეც ვმუშაობ. უნდა დავასრულო. კიდევ ერთი პროექტი მაქვს, რომელსაც გერმანელ რეპერთან „რაშ 41-თან“ ერთად ვაკეთებ, კლიპიც გადავიღეთ და მასზეც პარალელურად ვმუშაობ. დამცინიან, რვაფეხა ხარო (იცინის). მეც არ ვიცი, ამდენ საქმეს როგორ ვასწრებ ერთდროულად, მაგრამ სხვა რა გზაა? რაც შეეხება სალომე ქათამაძის მომზადებას, მასთან არაჩვეულებრივი მუსიკალური პროდიუსერი, ნასტია მუხინა მუშაობს. მე კი ევროპელ კონკურსანტებს ვამზადებ. ყველა მეკითხება, შენ რატომ არ აიყვანე ქართველი კონკურსანტიო. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩვენ ვინაწილებთ სამუშაოს. მე ევროპელებს ვეხმარები, ნასტია კი „სნგ-ს“ ყოფილი ქვეყნების წარმომადგენლებს. 

– ყოველ წელს სპეციალურად კონკურსისთვის წერ ახალ სიმღერას. შარშანაც აპირებდი ახალი სიმღერის შესრულებას ვალერი მელაძესთან და ქართველ კონკურსანტთან ერთად, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა. წელს თუ გეგმავ მსგავს სიურპრიზს?

– ძალიან მინდოდა, მაგრამ რევზინმა, როგორც გითხარით, ევროპელებზე მიმამაგრა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდება. მეორე ტურში იგეგმება დუეტები. ვიფიქრე, მე და სალომემ „ყვავილების ქვეყანა” რომ ვიმღეროთ, ლამაზი და მომგებიანი იქნება-მეთქი, მაგრამ, მგონი, საქართველოდან ყოფილი „ახალი ტალღელები” ჩამოდიან და მათთან მოუწევს გამოსვლა სალომეს. მე კი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ევროპელი კონკურსანტის გვერდით მომიწევს დგომა სცენაზე. ყოველთვის მიხარია ჩემი თანამემამულეების გამოსვლა იურმალაში. ყოველთვის ვამაყობ ამით და თუკი რამეში დავჭირდი სალომეს, მე ყველაფერში დავეხმარები. 

– წელს რამდენად გვაქვს გამარჯვების შანსი და კონკურსანტების შესახებ რას იტყვი?

– სალომე ძალიან ძლიერი გოგონაა, განსხვავებული, მსუყე ტემბრით. მიხარია, რომ ასეთი ძლიერი კონკურენტი ჰყავთ სხვებს, ქართველი სალომეს სახით. მისი იმედი მაქვს. ვფიქრობ, სამი ადგილიდან ერთ-ერთი გარანტირებული გვაქვს. მოგების შანსი ნამდვილად მაღალი გვაქვს ქართველებს სალომეს სახით. თუმცა წელს ძალიან ძლიერი კონკურსანტები გამოდიან. კონკურსი კი მაინც კონკურსია და არავინ იცის, რა მოხდება სცენაზე. როცა საქართველოში შესარჩევი კონკურსი დასრულდა და უკრაინაში ჩავედით ქასთინგზე, ჟიურის ყველა წარმომადგენელი აღიარებდა,  უკრაინელები ქართველებთან ვერ მოდიან სიმღერაში, მაგრამ მათ პლასტიკა არ უვარგათო. ვუთხარი, ჩვენ ისეთ ხალხურ სიმღერებზე ვართ გაზრდილი, რომელსაც მხოლოდ ხმა სჭირდება და ამით ატყვევებს მსმენელს, ამ დროს, მოძრაობა ზედმეტია-მეთქი. სალომემ ისე მაგრად იმღერა, „დახია” იქაურობა, მაგრამ სცენაზე მოძრაობა უჭირს. სამწუხაროდ, ეს შესამჩნევია და დიდ სცენაზე დგომა, პლასტიკას და რიტმულ მოძრაობებსაც მოითხოვს. იმედია, ამას გამოასწორებს პედაგოგების წყალობით და იურმალაში „ამოძრავებული” დამხვდება (იცინის). ასე რომ, წინ დიდი ციებ-ცხელება გველის. მიხარია, ამ ციებ-ცხელებაში ქართველებიც რომ ჩაებით და დიდი შანსიც გაქვთ.

– გავიგე, რომ წელს პირველად იღებს ამ კონკურსზე მონაწილეობას ორი ქვეყნის წარმომადგენელი. მათზე რას იტყვი?

– სულ ვეძებ ახალ, ნიჭიერ მომღერლებს და ესენი, ორივე მე აღმოვაჩინე გერმანიაში. ჩემი კონკურსანტები არიან. ისინი გამოდიან კუბის და ვიეტნამის სახელით. კუბელი რომ ხმას ამოიღებს, ეს სასწაულია, ვიეტნამელი კი ისეთ ილეთებს აკეთებს სცენაზე, გაოცებული ვუყურებ. მართალია, ესენი ჩემები არიან, ჩემი აღმოჩენილები, მაგრამ რა ვქნა, მე ქართველი ვარ და სალომეს „ვუბალეშჩიკებ”.

скачать dle 11.3