კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უჩქმიტა მწარედ „ერთ ადგილას“ დერიუგინმა და ვინ გაშიშვლდა სპეციალურად მისთვის ტრიბუნაზე

„საბჭოთა კალათბურთის ისტორიაში ნიკოლოზ დერიუგინი იყო ყველაზე ეშმაკი და ჭკვიანი მოთამაშე იმათ შორის, ვინც მინახავს და მახსოვს. სწორედ საკალათბურთო ეშმაკობით უგებდა ის უფრო მაღალ და ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებს: ბელოსტენის, ტკაჩენკოს, საბონისს და სხვებს. დერიუგინს არ ჰქონდა განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები და მაღალი ნახტომი, მაგრამ გიგანტებთან ჭიდილში, მეტწილად, გამარჯვებული გამოდიოდა. მისი მთავარი კოზირი იყო სწრაფი აზროვნება და ტექნიკური მრავალფეროვნება. ის ქართველი ერის დიდი შვილია, ოღონდ – რუსული გვარით“, – ამბობს საბჭოთა კალათბურთის ვარსკვლავი სერგეი ტარაკანოვი. დღეს გადაგიშლით ერთი ქუთაისელი, „ზასტაველი“ ბიჭის ცხოვრების დღიურებს და ფოტოალბომს, რომელსაც ბურთის თავგანწირულმა სიყვარულმა კალათბურთის სამყაროში ფართოდ გაუღო კარი და ვარსკვლავად აქცია.

ნიკოლოზ დერიუგინი 1959 წელს ქუთაისში დაიბადა. ვარჯიში უდიდეს მწვრთნელთან, სულიკო თორთლაძესთან დაიწყო. 16 წლისა თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა, 19 წლისა – საბჭოთა კავშირის ნაკრებში. იყო ევროპის ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი. 1982 წელს კი, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 26 წლის ასაკში მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ დერიუგინი დიდ კალათბურთს ჩამოაშორა, მაგრამ კალათბურთიდან არასოდეს წასულა. სპორტი დღემდე მისი ცხოვრების მთავარ საქმედ დარჩა. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი – ნიკოლაი დერიუგინი, რომელიც წარმატებული კალათბურთელია ამერიკაში, დასავლეთ ვირჯინიის შტატში. ამჟამად მას ჰყავს მეუღლე მადონა ცაავა და ქალიშვილი ანა, რომელიც ტანვარჯიშს ეუფლება და მოდელობაც ძალიან უნდა.   

ყველაფერი ასე დაიწყო...         

  მამაჩემი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა, მერე დაქორწინდა და მთელი ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვედით. მაშინ 5-6 წლის ვიქნებოდი.  სახლის წინ ვთამაშობდი ხოლმე კალათბურთს. ერთხელაც, მამაჩემის მეგობარმა გაიარა მანქანით. შემამჩნია, როგორი მონდომებით ვთამაშობდი. მამას ურჩია, სულიკო თორთლაძესთან მივეყვანე. სულიკო თორთლაძე საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, ბევრი დიდი კალათბურთელის აღმომჩენი, პატივსაცემი პიროვნება გახლდათ. მიმიყვანეს და აღარც გამომიშვა, თუმცა მაშინ არც განსაკუთრებული მონაცემებით და არც სიმაღლით გამოვირჩეოდი. ბატონი სულიკო მთელ გუნდს ჩემთვის ათამაშებდა. თუ პასს არ მომაწოდებდნენ, „შე შობელძაღლოო“ – უკმაყოფილო დაუყვირებდა. 16 წლისა უკვე თბილისის „დინამოში“ გადმოვედი. ჩვენი მწვრთნელი ლევან მოსეშვილი იყო. ჩამოსვლისთანავე მითხრა: მე სულიკო თორთლაძე არ ვარ, თვითონ უნდა მოძებნო საკუთარი ადგილი გუნდშიც და მოედანზეცო. მისი სიტყვები ძალიან წამადგა. „ცსკათან“ თამაშისას ერთ მატჩში 59 ქულა მოვაგროვე. ამას მთელი ამბები მოჰყვა. გაზეთებში დაიწერა, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა. ბედნიერი ვარ, რომ გენიალურ კალათბურთელთან ერთად მომიწია თამაში. არ დამავიწყდება მიხეილ ქორქია. თვითონ კი არ ისროდა ბურთს, მე მაწოდებდა, რომ შანსი მოეცა. მერე სსრკ-ის ნაკრებში ამიყვანეს. დამინიშნეს ხელფასი – 350 მანეთი. „დინამოში“ კი არაფერს მიხდიდნენ. მაშინ არ შეიძლებოდა გქონოდა ორი ხელფასი, ორი მანქანა, ორი ბინა... 1980 წელს მომცეს ეს ოროთახიანი ბინა, ასი კვადრატული მეტრი. ერთი ამბავი ატეხეს ამაზე – ერთ კაცს ამხელა ბინა არ ეკუთვნისო. ჯერ კიდევ არ ვიყავი დაოჯახებული. მერე გავიგე, რომ თბილისის „დინამოს“ კალათბურთელებს – კაპუსტინს და ბოროდაჩევს ხელფასი 600-700 მანეთი ჰქონიათ. მე კი, თავს ვიკლავდი მოედანზე, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი და მხოლოდ ნაკრებიდან მიხდიდნენ. 

დერიუგინისთვის გაშიშვლებული გულშემატკივარი და „ჯანდაბაში“ ნასროლი ბურთი 

ყოველთვის დიდ სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობდი გულშემატკივრებისგან და ხშირად ჩვენს მოგებაში სწორედ გულშემატკივარს შეუტანია დიდი წვლილი. ეს ძალიან დიდი სტიმული იყო, თუმცა სხვაგვარადაც ყოფილა საქმე. მაგალითად, მიშა ქორქიას ნაამბობიდან ვიცი, ერთხელ როგორ გამოიყვანა წყობიდან გულშემატკივარმა. თამაშის დროს ვიღაცას ცოლი შეუგინებია მისთვის. მიშას თამაში მიუტოვებია, აჭრილა ტრიბუნაზე, ასი კაციდან ის ტიპი ამოუცნია და კარგად მიუთეთქვავს. ჩვენს დროს სხვა რაღაცეები უფრო იყო. ჩვენს თამაშებს ხშირად ესწრებოდნენ ქალები. არ დამავიწყდება, ერთხელ ჯარიმას ვისვრი. კალათას დავუმიზნე და... უცებ ვხედავ, ტრიბუნაზე ვიღაც ადგა, ქურქი გადაიხსნა და შიშველი მეჩვენა. ისე გავოგნდი, ბურთი ყველა ტრიბუნას გადავაცილე. 

დერიუგინის მამის მამა

17-18 წლის ვიყავი როცა დიდ სპორტს ვეზიარე. უკვე თბილისის „დინამოში“ ვთამაშობდი. შეუმჩნეველი არ დავრჩენილვარ ლეგენდარულ მწვრთნელს ვლადიმერ გომელსკის. ერთხელაც, სსრკ-ის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი „ცსკა“ ჩამოვიდა. ის თამაში მაშინ წავაგეთ, მაგრამ თავი არ დაგვიზოგავს, 59 ქულა შევძინე ჩვენს გუნდს. ეს უზარმაზარი წარმატება იყო. მატჩის შემდეგ გომელსკიმ რუსეთში გადასვლა შემომთავაზა – ბინა, მანქანა, კარგი ხელფასი, ყველაფერი გექნებაო. ჩემი ასაკის ბიჭისთვის ეს შოკისმომგვრელი წინადადება იყო და ცოტა არ იყოს, დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. აბა, რას იტყვი, თანახმა ხარ? არ ვიცი, მამაჩემს უნდა ვკითხო-მეთქი, ვუპასუხე. ამ დროს მამაჩემი და დედაჩემი ფოიეში იყვნენ და ყავას მიირთმევდნენ. მივიდა მამაჩემთან და ეუბნება – მე მინდა, თქვენი შვილი ჩვენთან გადავიყვანოო... ახლა მამაჩემი ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში და დაიბნა. სად, ბატონო?.. – ჩვენთან... – მერე ჩვენ? – ჰკითხა მამამ. თქვენც გადმოხვალთ რუსეთში. ბინა, მანქანა, ხელფასი, პრივილეგიები... – დაიწყო თავიდან გომელსკიმ. იცით, მამაჩემს უნდა ვკითხო და თუ თანახმა იქნება... – გადაირია გომელსკი. ეს რა ხალხში მაქვს საქმე, რავა ყველა მამამისს ეკითხება სად წავიდ-წამოვიდესო. იფიქრა, ალბათ, ქართველების ტრადიციაა ასეთიო და ისევ ეკითხება მამას – კი, ბატონო და, სად ვნახო მამათქვენიო. ძალიან შორსაა, ჩემო ბატონო! –თქვენ მითხარით, სადაა და დანარჩენს მე მოვაგვარებო. საფიჩხიაზეო – უპასუხა მამამ. ყველაფერი გასაგებიაო, – შებრუნდა და წავიდა ჩაფიქრებული. თურმე ჩვენს მსაჯთან მისულა და უკითხავს, სადაა საფიჩხიაო. რაშია საქმე, რატომ მეკითხებიო. დერიუგინის მამის მამა ყოფილა იქ და იმ კაცის ნახვა მაინტერესებსო. აბა, რა იცოდა გომელსკიმ, რომ ბაბუაჩემი კარგა ხანია ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე განისვენებს. მამაჩემმა თქვა, რომ იგი მამამისის საფლავს არასოდეს მიატოვებდა. ასე დავრჩი საქართველოში.   

დერიუგინისგან გათიშული ტკაჩენკო 

80-იანი წლებია. თბილისში მეტოქეთა რისხვა, კიევის „სტროიტელი“ ჩამოვიდა „დინამოსთან“ სათამაშოდ. თავი მოიკალი და როგორც გინდა ტკაჩენკო გათიშეო, – მივიღე ლევან მოსეშვილის დავალება. გათიშე კაია... მთელი „სტროიტელი“ ტკაჩენკოზე დგას. ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ეს კალათბურთელი მოწინააღმდეგის დაცვას შიშის ზარს სცემდა. მოკლედ, დაიწყო თამაში. პირველ ტაიმს მინიმალური ანგარიშით ვაგებთ. ტკაჩენკოს ვერაფერს ვუხერხებ, მხოლოდ რამდენიმე პერსონალური „ავკიდე“. დაიწყო მეორე ტაიმი. დაიძვრება გრიგალივით ტკაჩენკო და დააკავე, თუ ბიჭი ხარ. არადა, იგებს კიევი. გვიგებს ეს კაცი მთელ გუნდს. მოსეშვილი ისეთი თვალებით მიყურებს, დროზე რაღაც თუ არ მოვიმოქმედე, ვიძირებით. მატჩის არბიტრიც ძალიან მონდომებულია, ვერაფერს გამოაპარებ. ვერცხლისწყალივითაა, წამში რომ აქაა, მეორე წამში გვერდით გიდგას. ვფიქრობ ახლა, ისეთი მომენტი შევურჩიო, როცა მე, ტკაჩენკო და მსაჯი ერთ ხაზზე აღმოვჩნდებით. მარტივად რომ ვთქვა, ტკაჩენკო უნდა მფარავდეს მსაჯის თვალისგან. ნანატრი წამიც დადგა. ვხედავ ტკაჩენკო მოიწევს ჩვენი კალათისკენ, მივვარდი. მეტოქე რაღაც მომენტში ჩემკენ ზურგით შეტრიალდა. რაღაც წამებში შევამჩნიე, რომ არბიტრი ვერ მხედავს და უცებ... ტკაჩენკოს ისეთი ძალით ვუჩქმიტე საჯდომზე, რომ თვითონ მეტკინა თითები. გამწარებულმა გაიქნია ამხელა ხელი და მომხვდა პირდაპირ სახეში. გადავვარდი, ორი სალტო სპეციალურად გავაკეთე ზედმეტად, რომ ამით მისი უხეშობა კარგად მეჩვენებინა. მსაჯმა ბოლომდე არ „ჭამა“ და ორივე გაგვაძევა მოედნიდან სპორტული ხულიგნობისთვის. მაგას დავეძებდი? მთავარი ის იყო, რომ ტკაჩენკო მოედანზე აღარ იყო. ის მატჩი დამაჯერებლად მოვუგეთ „სტროიტელს“.

 ერთი ყუთი „ხვანჭკარა“, ჩაშუშულის სუნისგან დაცემული ძაღლი და 52 ზომა ბოტასი

გავიდა წლები. „სტროიტელი“ ისევ გვეწვია თბილისში. კიეველები სასტუმრო „აჭარაში“ დაბინავდნენ. მატჩის წინ, დილით ადრე ტკაჩენკო სახლში მირეკავს. კოლია, ხვალ მაგისთვის არ გვეცლება და ერთი რამე უნდა გთხოვოო. ვიფიქრე, რა უნდა მთხოვოს თბილისში ჩამოსულმა სტუმარმა კაცმა ისეთი, რომ ვერ შევუსრულო-მეთქი. ჩემს ცოლს ძალიან მოსწონს ქართული შავი ღვინოო. „ვსიო იასნა“! – ვუთხარი. გავვარდი მაღაზია „საჭაშნიკეში“ და ერთი ყუთი „ხვანჭკარა“, სპეციალურად გაფორმებული სტუმრისთვის, გამოვიტანე და ნომერში ავუტანე. შევედი ოთახში და ვხედავ, კაცს სახეზე ფერი არ ადევს. მოხდა რამე? – ვეკითხები. „ბოტასი, ბოტასი უკრალი“... – „კაკ უკრალი“? – „ა ტაკ“! (ვაი, შენს კოლიას, მოგვეჭრა თავი – ვფიქრობ) არადა, მგონი, 52 ზომა ფეხი აქვს, ფეხშიშველი ხომ არ გამოვა სათამაშოდ? აბა, მილიცია, აბა, პოლიცია, ძაღლიც მოიყვანეს. სად „ეყენა“ თქვენი ბოტასებიო, – ეკითხებიან. „პოდ კრავატო“... – სულ გადაქექეს იქაურობა, ვერც ძაღლმა აიღო გეში, მგონი, მშიერი იყო და რესტორნიდან გემრიელი ჩაშუშულის სუნი რომ ამოდიოდა, სულ იქითკენ იქაჩებოდა. დავანებოთ ყველაფერს თავი, მაგრამ როგორ გავა თამაშზე?.. თავის მოჭრაა პირდაპირ. ისევ ჩვენმა ორგანოებმა ივაჟკაცეს და პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისით კიევიდან ჩამოუტანეს ბოტასები თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. დღემდე არაა ცნობილი იმ ბოტასების ადგილსამყოფელი. ალბათ, რომელიღაც გულშემატკივარს უდევს პიანინოს თავზე სუვენირად. ისე კი, გულშემატკივრობასაც თავისი წესი და პეწი აქვს... ყველაფერი კი არ უნდა იკადრო!                                           

скачать dle 11.3