კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით მოხიბლეს ნია წივწივაძემ და მაგდა მელიქიშვილმა ჩინელები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი „შანხაი ფეშენ ვიქზე“

ნია წივწივაძე და მაგდა მელიქიშვილი, სააგენტო „ლუქ მოდელსის” მოდელები არიან. გოგონები ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ შანხაიდან, სადაც ორი თვით იმყოფებოდნენ. მაგდამ საკუთარი ძალები გასულ წელს მილანში მოსინჯა, ნია კი პირველად გავიდა საქართველოს გარეთ. გოგონებმა ორი თვის განმავლობაში უამრავ ქასთინგსა და ფოტოგადაღებაში მიიღეს მონაწილეობა. მართალია, ეს ყველაფერი საკმაოდ დამღლელი იყო და დიდ ენერგიას მოითხოვდა, მაგრამ, იმდენად კარგად გრძნობდნენ შანხაიში თავს, რომ სიამოვნებით წავიდოდნენ ხელმეორედ. როგორი იყო მათთვის ეს ორი თვე და რა გეგმები აქვთ საქართველოში დაბრუნებულ მოდელ მეგობრებს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– რამდენი ხანია, რაც სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსის” მოდელები ხართ?

ნია: მე დაახლოებით, ერთი წელია, მაგდა – ცოტა მეტი.

მაგდა: მართლა კარგი სააგენტოა, ნინო (ცქიტიშვილი) ყველანაირად ცდილობს, თავისი მოდელები უცხოეთის სააგენტოებში დაასაქმოს და წარმატებულები გახადოს, ათი მოდელი უკვე გაუშვა და კიდევ გეგმავს გოგონების გამგზავრებას. ამით ყველას შანსი გვეძლევა, ჩვენი შესაძლებლობები საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოვაჩინოთ.

– შანხაიში ორი თვით იყავით წასული. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით საქართველოში?

ნია: მართლა ძალიან კარგი იყო. თან, ორი თვის განმავლობაში მე და მაგდა ერთად რომ ვიყავით, ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, აქაც სულ ერთად ვართ უკვე. შანხაიში რომ ჩავედით, თავიდან ისე გამიჭირდა უცხო გარემოში ყოფნა, წამოსვლა მინდოდა, მერე კი ისე შევეჩვიე, აღარ მინდოდა ჩამოსვლა. მაგდაც ძალიან დამეხმარა, მას უკვე ჰქონდა გამოცდილება და ბევრ რამეს მასწავლიდა.

– მაგდა, გამოცდილება გასულ წელს მილანში მიიღე. სად სჯობდა, შანხაიში თუ მილანში?

მაგდა: ორივე მომეწონა, რადგან, ორივეგან ძალიან კარგი სააგენტო იყო. თუმცა, შანხაი იმით იყო კარგი, რომ იქ მარტო არ ვიყავი – საქართველოდან სამნი წავედით. ჩვენთან ერთად იყო, ასევე, ჩვენი სააგენტოს მოდელი გიო ჩხეიძეც. 

– ალბათ, დატვირთული სამუშაო განრიგი გქონდათ.

ნია: ძალიან დატვირთული რეჟიმი გვქონდა, დილის 9 საათზე რომ გავდიოდით სახლიდან, საღამოს 8 საათამდე ქასთინგებზე ვიყავით, ხოლო, როცა გადაღება გვქონდა, კიდევ უფრო ადრე გვიწევდა სახლიდან გასვლა. თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ, შევეჩვიეთ. 

მაგდა: იმდენი სამუშაო გვქონდა, ყველა ქასთინგზე ვერც ვასწრებდით მისვლას. 

– რა პლუსი აქვს თქვენთვის მოდელობას?

მაგდა: თუ წარმატებული მოდელი გახდი, დიდი შანსი გეძლევა, სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურო და იმუშაო როგორც მოდელმა და გაეცნო მათ კულტურას. თან, საკუთარ თავშიც უფრო დარწმუნებული ხდები.

ნია: საინტერესო პროფესიაა, თუ გულით არ მოგწონს, ისე მოდელი ვერ გახდები.

– სააგენტოს მხრიდან თუ იყავით რამით შეზღუდული?

მაგდა: არ გვქონდა გარეგნობის შეცვლის უფლება, თუმცა, გიოს თვითონ შეურჩიეს ახალი ვარცხნილობა და თმა შეჭრეს. როგორც ჩანს, ჩვენი გარეგნობა ყველანაირად აკმაყოფილებდათ და კორექტივები არ შეუტანიათ. 

ნია: სხვა სააგენტოები მკაცრად აკონტროლებდნენ წონას, ჯარიმაც კი იყო დაწესებული როგორც გასუქებაზე, ასევე, პირიქით, წონის დაკლებაზე. ჩვენ ამ მხრივ გაგვიმართლა.

– ფოტოგადაღება უფრო სასიამოვნო პროცესი იყო თქვენთვის თუ პოდიუმზე გასვლა?

მაგდა: ორივე კარგია თავისებურად. სხვათა შორის, ჩინელ მოდელებთან ერთად, „შანხაი ფეშენ ვიქზე“ ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. რაც შეეხება გადაღებებს, მე ძირითადად, კატალოგისთვის მქონდა გადაღებები, ნია კი ჩინელებმა უფრო საქორწინო კაბაში დაინახეს.

ნია: იმდენჯერ მეცვა გადაღებებზე საქორწინო კაბა, რომ ვამბობდი, არასდროს გავთხოვდები-მეთქი.

– ჩინური სამზარეულოს მოყვარულები თუ ხართ?

მაგდა: ჩინურ სამზარეულოს რამდენჯერმე მივეცით შანსი, მაგრამ, მაინც არ მოგვეწონა. რაც იქ ვიყავით, სულ ქართულ კერძებზე ვოცნებობდით. 

– თავისუფალი დრო გქონდათ?

ნია: მხოლოდ შაბათ-კვირას ვისვენებდით.

– ორი თვით იყავით წასული და ამ ყველაფერმა ხელი არ შეგიშალათ სწავლაში?

ნია: მე „გაუს“ მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ახლა გამოცდებისთვის ვემზადები და, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის. შანხაიში სულ გვეუბნებოდნენ, რად გინდათ სწავლა, დარჩით და აქ იმუშავეთ სააგენტოშიო. იქ უფრო სხვა პრიორიტეტები აქვთ, ჩემთვის კი მთავარი მაინც სწავლაა და მერე – მოდელობა.

მაგდა: მე პოლიტექნიკურში ვსწავლობ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ლექტორები ხელს ნამდვილად მიწყობენ. ამ ეტაპზე მეც გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადები.

– ხალხის ყურადღება როგორ მოქმედებს თქვენზე?

ნია: ჩინეთში ქუჩაში რომ მივდიოდით მე და მაგდა, მანქანებიდან გვიღებდნენ ფოტოებს, გვაჩერებდნენ, გვესაუბრებოდნენ. ხალხი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩვენ მიმართ. ფოტოებს იღებდნენ ჩვენთან ერთად და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო. იქ ყოფნის დროს ერთმა გერმანელმა მკითხა, საიდან ხართო. საქართველოდან-მეთქი. თბილისიდანო? თანხმობა რომ ვუთხარი, მკითხა დიმიტრი იაშვილს იცნობო? – ქართული ვარიანტი გაუშვა. მოკითხვები დამაბარა.

– ნია, ოჯახში ორი მოდელი ხართ – შენ და მანიკა. რძალ-მული ერთ სააგენტოში მუშაობთ.  მოდელობა მას შემდეგ გადაწყვიტე, რაც მანიკა შემოვიდა თქვენს ოჯახში?

ნია: მოდელობაზე საერთოდ არ მიფიქრია, უბრალოდ, ჩემი ფოტოები ნახეს ინტერნეტში. თავიდან მოყვარულის დონეზე ვიყავი. ნინომ რომ დამირეკა და მითხრა, შანხაიდან არის მოწვევაო, არ მინდოდა წასვლა, მაგრამ, მერე ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. თან, ასეთი შანსი, შეიძლება, აღარც მქონოდა. ასე რომ, ძალიან კარგი ვქენი, რომ წავედი. 

– ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?

მაგდა: ნია რომ დავინახე პირველად, არ ვიცნობდი და ძალიან თვითდაჯერებული მეგონა. მაგასთან საქმეს არ დავიჭერ-მეთქი, – ჩემთვის ვამბობდი. მერე, რომ გავიგე, ნიასთან ერთად მივდიოდი შანხაიში, ხომ – საერთოდ. მაგრამ, კარგად რომ გავიცანი, ძალიან შემიყვარდა და დავმეგობრდით.

ნია: მე და მაგდა შანხაიში ძალიან დავმეგობრდით, ყველაფერში მეხმარებოდა, გამოცდილება ჩემზე მეტი აქვს და ბევრ რამეს მასწავლიდა – გადაღების დროს რა როგორ უნდა გამეკეთებინა. დედასავით მყავდა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ სადმე მაგდასთან ერთად. 

скачать dle 11.3