კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გამოკეტეს მერაბ მეტრეველი და რა ფუფუნებაზე არ ამბობს ის უარს

მედიაჰოლდინგ „კვირის პალიტრის” პოპულარული სახე მერაბ მეტრეველი, რომელიც რადიო პალიტრის გადაცემების „მოკლე ჩართვა“ და „რეზიუმეს“ წამყვანია, პარალელურად კი ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ მიჰყავს, შეიძლება ითქვას, ჟურნალისტიკაში შემთხვევით მოხვდა. მისი ჟურნალისტური კარიერა ბათუმში დაიწყო, სადაც რთული ოჯახური პირობების გამო, იძულებული გახდა, ფიზიკურად ეშრომა. ბედის საძიებლად თბილისში გადმოსახლება, ადამიანი, ვინც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მეორე ნახევარი, რომელიც მას პროფესიულ კონკურენციას არ უწევს – მერაბ მეტრეველი მაყურებლის და მკითხველისთვის კადრს მიღმა დარჩენილ ცხოვრებაზე გვიამბობს.        

– მერაბ, როგორ  დაიწყო შენი ჟურნალისტური კარიერა?

– პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. სპეციალობით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ,  თუმცა ჩემი სპეციალობით არასდროს მიმუშავია. ოჯახში ერთადერთი შრომისუნარიანი წევრი მე ვიყავი. დედაც და მამაც პენსიონერები იყვნენ. დედა ავადმყოფობდა. ჩვენი ოჯახის შემოსავალი სულ რაღაც 28 ლარს შეადგენდა, ამიტომ სტუდენტობის წლებშივე გავხდი იძულებული, მუშაობა დამეწყო.  ბიძაჩემს  ბენზინგასამართი სადგური ჰქონდა, მთელი სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი იქ, ბენზინის ჩამსხმელად. პარალელურად, ვეძებდი სხვა სამსახურსაც.  იმ პერიოდში აჭარის ტელევიზიაში გამოცხადდა კონკურსი, სადაც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ კონკურსი ჩაიშალა. ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო გიორგი თარგამაძე, რომელსაც შემთხვევით შევხვდი ქუჩაში. გიორგიმ მითხრა: სტუდიას ვაკეთებ და ახალ ჟურნალისტებს ვეძებო. ასე აღმოვჩნდი ჟურნალისტიკაში. სტუდიამ ერთი წელი იმუშავა. როცა გიორგი პარლამენტის წევრი გახდა, მე მივხვდი, რომ სტუდიაში დარჩენა,  რომელიც აჭარის მთავრობის პრესსამსახურს და მის პროპაგანდას ექვემდებარებოდა, ჩემი საქმე არ იყო.  გადავერთე დამოუკიდებელ მედიაში,  დავიწყე რეპორტაჟების წერა ჯერ გაზეთ „დრონისთვის”, შემდეგ „ახალი თაობისთვის”, დავაარსეთ გაზეთი „ბათუმელები”. იმ დროს პრესაში ჰონორარები იმდენად დაბალი იყო, რომ  ამ შემოსავლით თავს ვერ გაიტანდი,  მით უმეტეს, როცა ოჯახი  ჩემი სარჩენი იყო. გადავწყვიტე, თბილისში წამოვსულიყავი, სადაც უფრო დიდი სივრცეა და შესაძლებლობა, რაღაც გააკეთო. მაშინ  დედა უკვე გარდაცვლილი მყავდა. მოვკიდე ხელი მამაჩემს, რომელიც უკვე ოთხმოც წელს იყო მიტანებული და ასე, ორნი წამოვედით თბილისში.

– არ გაგიჭირდა აქ თავის დამკვიდრება? 

–  დამკვიდრება არ იყო რთული. რთული იყო თავის გატანა.  ეს იყო ჩემი ცხოვრების  ძალიან მძიმე წლები – ბათუმში ბინა მაინც მქონდა, აქ კი  ბინის დაქირავება მიწევდა.  მგონი, თბილისში უბანი არაა, სადაც მე არ მიცხოვრია ქირით.  შეიძლება ითქვას,  მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდი (იცინის). საკმაოდ იაფფასიან ბინებში მიწევდა ცხოვრება. ზოგი ნახევრადსარდაფიც იყო. ამას ემატებოდა მოხუცი მამა, რომლისთვისაც  უნდა მომევლო. პირველი სამსახური, სადაც  მუშაობა დავიწყე, იყო გაზეთი „ალია”. იქ წელიწად-ნახევრის განმავლობაში  ვიმუშავე.  ამის შემდეგ გიორგი ბრეგვაძემ მითხრა: არ მომწონხარო და შეიძლება ითქვას, გამომაგდო. თბილისში უმუშევრად დარჩენა, როცა ნაქირავებში ცხოვრობ და ბინის მეპატრონე თავზე გადგას, ჩქარა, ქირა გადამიხადეო, როგორი იყო? ლამის დეპრესიამდე მივედი.  წავედი გაზეთ „24 საათში” და შტატგარეშე ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა. ამ დროს გიორგი თარგამაძე წამოვიდა  პარლამენტიდან და მივიდა ტელეკომპანია „იმედში”. მივადექი გიორგის ტელევიზიაში და სამსახური ვთხოვე. მას ჰქონდა ჩემთან საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება და ამიყვანა. ორჯერ მიხსნა გიორგი თარგამაძემ  ჩემი ცხოვრების ყველაზე  რთულ პერიოდებში.  მერე, როცა ის პოლიტიკაში წავიდა, მე ისევ ჟურნალისტიკაში დავრჩი. გახსოვთ მაშინ მოვლენები როგორი დრამატულადაც განვითარდა. მე მქონდა ჩემი პოზიცია, შეიძლება ითქვას, იდეალისტურიც. ვამბობდი, რომ არ წავიდოდი მიშას ტელევიზიაში, მაგრამ არც ის მომწონდა, რომ „იმედის” მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი უკვე ღიად ერთვებოდა პოლიტიკაში. იმ სიტუაციაში მე გამოვედი თეთრი ყვავი. საბოლოო ჯამში, ჩემს პოზიციას  ორივე მხრიდან  უკმაყოფილება მოჰყვა, მე „იმედიდან” წამოვედი და სახლში დავჯექი. ეს იყო  ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა თავიდან მიწევდა ცხოვრების დაწყება. მაშინ უკვე დაოჯახებული ვიყავი – ცოლი, შვილი. დიდხანს უმუშევარი ვერ გავჩერდებოდი და „პირველ არხზე“ წავედი, რომელიც „ბორდის” წევრების შეცვლით, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული უნდა გამხდარიყო. პირდაპირ მივადექი ლევან ყუბანეიშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ბიჭი რეპორტიორი სჭირდებოდათ. საბოლოო ჯამში, ჩემი იმედი, რომ ეს ტელევიზიაც იქნებოდა დამოუკიდებელი, არ გამართლდა. აგვისტოს ომის დროს „პირველ არხზე“ ვიყავი. ჟურნალისტისთვის საომარ მდგომარეობაში მუშაობა ძალიან დიდი აზარტია – 20 დღე გავატარე სამეგრელოში. როგორც ჟურნალისტები ვხუმრობდით – „დასავლეთის ფრონტზე”. სამი დღით წასული, იქ დიდხანს გამოვიკეტე,  ოცი დღის განმავლობაში ვდიეთ რუსებს. ომის დამთავრების შემდეგ უფრო აქტიურად დადგა დღის წესრიგში მედიის გამოყენება პროპაგანდისთვის. მე დავტოვე სამსახური და სწორედ ამ დროს აღმოვჩნდი „კვირის პალიტრაში”, რომელიც იმ დროისთვის ერთადერთი მედიაჰოლდინგი იყო, რომლის უკან არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ იდგა. ბოლო პერიოდში ჩემს სამსახურს დაემატა პოლიტიკური თოქ-შოუების წაყვანა „კავკასიაზე”, რადიო „პალიტრაში”. ჩემი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში სულ   ვცდილობდი, რომ  არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ მხარეს მიეკუთვნება.  ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრება: ვიღაც მოგვწონს, ვიღაც – არა, მაგრამ საქმით, რომელსაც ვაკეთებ  როგორც ჟურნალისტი, არ მინდა, რომელიმე პოლიტიკურ მხარეს ვემსახურო.  მე დღესაც ვამბობ, რომ მოწოდებით ჟურნალისტი არ ვარ. ძალიან მომწონდა ჩემი პროფესია, სიამოვნებით ვიმუშავებდი  ლიტერატურათმცოდნედ, კრიტიკოსად, მაგრამ ამ საქმით ოჯახს ვერ შევინახავდი.  წერის შესაძლებლობის თვალსაზრისით ეს იყო ერთადერთი მონათესავე პროფესია, ამიტომაც აღმოვჩნდი ჟურნალისტიკაში,  დავრჩი აქ და მგონი, ცუდ ჟურნალისტად არ ჩამოვყალიბდი, თუმცა იმედი მაქვს, პენსიაში გასვლამდე ჩემს თავდაპირველ პროფესიას დავუბრუნდები.  დროდადრო ვმუშაობ თარგმანებზე. იყო პერიოდი, როდესაც თქვენს  ჟურნალთანაც ვთანამშრომლობდი და  ვთარგმნიდი პორტუგალიელ მწერალ სარგოსს.

– პრესაში წერას  მაინც ვერ ელევი.

– „კვირის პალიტრაში“ მაქვს ჩემი სვეტი. იმის მიუხედავად, რომ ტელევიზიას თავისი „მუღამი” აქვს, რეპორტაჟების გაკეთებას – დიდი აზარტი, პრესაში  წერაა მაინც ჩემი სტიქია. ვფიქრობ, ცოტა ხისტი ვარ. ჩემი აზრით, ჟურნალისტი ასეთი უნდა იყოს, არავის გუნდრუკს არ უნდა უკმევდეს. მაგრამ არც ის მომწონს, როცა ჟურნალისტი ეთერში სტუმარს ეჩხუბება. ჩვენ ხომ საერთოდ ორი უკიდურესობა  გვჭირს. ვფიქრობ, არც ერთი უხდება ჟურნალისტს, არც მეორე.   აბსოლუტურად სხვა რამ არის სვეტის წერა, ეს არის სხვა ჟანრი. როდესაც ამბობენ, რომ ჟურნალისტმა არ უნდა გამოხატოს თავისი აზრი, ამ მოსაზრებაში არ ჯდება სვეტის ავტორობა, რომელიც აბსოლუტურად შენი სუბიექტური შეხედულებებია. ამიტომაც,  სვეტში არ ვერიდები საკუთარი შეხედულებების გამოხატვას პოლიტიკოსებზე, რის უფლებასაც თავს არ ვაძლევ თოქ-შოუს წაყვანის დროს,  სვეტში მე მწვადსაც ვწვავ და შამფურსაც (იცინის).   

– მეუღლე, ნინო წულუკიძე შენი კოლეგაა.  ორი აქტიური ჟურნალისტი ერთ ოჯახში პროფესიულ კონკურენციას უძლებს?

– ნინო სხვა ჟანრში  მუშაობს, პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ერთ ოჯახში ორი ჟურნალისტი განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. ნინოს აქვს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, პოლიტიკის „შინაურ ექსპერტად”  არის ჩამოყალიბებული. ჩვენი აზრები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც ოჯახური  პოლიტდებატების თემაც ხშირად ხდება.    

– შენი ცხოვრების წესი ბომონდურია?

– არა, არაფერი განსაკუთრებული. არ მიყვარს დიდი  ქეიფები, სადღეგრძელოები, ხმაურიანი კამპანიები. ერთი სული მაქვს ასეთი ადგილებიდან რაც შეიძლება მალე გავიქცე. ღამის კლუბში ერთხელაც არ ვარ ნამყოფი. ვერ ვიტან სიგარეტის კვამლს; იმას, რასაც ბომონდურ  ცხოვრებას უწოდებენ. ამ მხრივ მოსაწყენი ადამიანი ვარ. ჩემი მეუღლე ძალიან კომუნიკაბელური და გახსნილი ადამიანია. მას უყვარს ხალხმრავალი  წვეულებები. იყო მცდელობა, მეც  ჩავეთრიე, მაგრამ არ გამოუვიდა, პირიქით, ჩემს ბანაკში გადმოვიბირე. ყველანაირ გართობას მირჩევნია კითხვა.  მიყვარს ცურვა. კარგად ვცურავ კიდეც. ერთი ბათუმელი მაჩვენეთ, ვინც კარგი ცურვა არ იცის. ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრების წესი მაქვს – სამსახური, ოჯახი, სამსახური და ისევ ოჯახი. შაბათ-კვირას ბავშვთან ერთად ქალაქგარეთ გვიყვარს გასვლა. ეს ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენებაა. 4 წლის წინ, როდესაც მამა გავხდი, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ლუკამ ბევრ რამეზე შეცვალა ჩემი შეხედულებები, შეიძლება ითქვას, ასე არავის და არაფერს შევუცვლივარ. მე არ ვყოფილვარ ბავშვების მიმართ სენტიმენტალური. სულ მიკვირდა, უცხო ბავშვებს რომ მივარდებოდნენ ხოლმე და ეფერებოდნენ. ლუკას დაბადების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მეც ასეთი გავხდი. მოგეხსენებათ, გადაცემები საღამოობით  მიმყავს და დღის პირველ ნახევარში მაქვს იმის ფუფუნება, ლუკასთან ერთად გავატარო დრო. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსი.    

– კარგი მეოჯახე ყოფილხარ.

– ასე ვერ ვიტყვი. ალბათ, არ ვარ ქართული გაგებით კარგი მეოჯახე მამაკაცი. საღამოობით სუპერმარკეტიდან დატვირთული არ ვბრუნდები სახლში,  მაგრამ ის, რაც კაცს ეხება ოჯახში, გაფუჭებული ონკანის, „შტეფსელის” გაკეთება და სხვა, ნამდვილად მეხერხება. ჩემი მეუღლე ძალიან  მარჯვეა.  ის იმდენ რამეს იღებს საკუთარ თავზე,  მისგან  ბევრი საოჯახო  საზრუნავი მაქვს მოხსნილი.    

 

скачать dle 11.3