კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გავარჩიოთ გენმოდიფიცირებული პროდუქცია არაგენმოდიფიცირებულისგან და რას ჰმატებს პომიდორს დათვის გენი

იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრები ღიაა და შემოსული პროდუქციის ხარისხიც მხოლოდ იმპორტიორის სინდისზეა, მოსახლეობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რა პროდუქციას ყიდულობს და ურევია თუ არა მათში გენმოდიფიცირებული (ასე რომ, სავსებით რეალურია, სადილად დათვის გენებიან პომიდორს მივირთმევდეთ). გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შესახებ კანონი უკვე მზადაა, თუმცა ჯერჯერობით მას სამინისტროები ეცნობიან და, ოპტიმისტური გათვლებით, საქართველოს პარლამენტმა ის საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს. მანამდე პარლამენტის წევრი და „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე განგვიმარტავს როგორც გენმოდიფიცირებული პროდუქციის მავნებლობას, ისე მისგან საქართველოს ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვის პერსპექტივებს.

– ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან მიმართებაში საკანონმდებლო თვალსაზრისით? 

– ამას აქვს თავისი პრეისტორია: ჯერ კიდევ 1996 წელს, თუ არ ვცდები, მაშინ საქართველოს „მწვანეთა პარტია“ პარლამენტში ვიყავით წარმოდგენილი, რატიფიცირება გავუკეთეთ გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონვენციაა, რომელიც მსოფლიოში იცავს ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ გარემოს, აბორიგენულ ჯიშებს და ასე შემდეგ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე 2000 წელს, გაჩნდა კარტახენას ოქმი, ასევე, გაეროს დოკუმენტი, ბიომრავალფეროვნების კონვენციის ნაწილი, რომელიც არეგულირებს ქვეყნებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შეზღუდვის, აკრძალვის, ტრანზიტის საკითხებს. სუფთა ეკოლოგიური თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობაში გენმოდიფიცირებული თესლების შემოტანა ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს ბუნებრივი გარემოსთვის, რადგან გენმოდიფიცირებული მცენარეები დამტვერვის საშუალებით გადადის სხვა მცენარეებზე და მათაც ამახინჯებს. ამიტომაც გახდა გაერო იძულებული, შეექმნა ახალი დოკუმენტი კარტახენას ოქმის სახით.  ის საშუალებას აძლევს ქვეყნებს, იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ: აკრძალოს ან შეზღუდოს გენმოდიფიცირებული თესლების შეტანა.

– ქვეყნის საზღვრები ხომ არ არის რკინის ღობეებით დაცული, დამტვერვას როგორ დაუშლი მცენარეებს?

– დაწესებულია მანძილები. კარტახენას ოქმი გაერომ იმის გამო მიიღო, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის უკან ძალიან სერიოზული ტრანსნაციონალური კორპორაციები დგას და ისინი მუდმივად იბრძვიან, რომ თავიანთი ხელოვნურად შექმნილი პროდუქცია გაასაღონ, ბაზრები გაიფართოონ და ასე შემდეგ.

– ვვარაუდობ, რომ განვითარებული ქვეყნები იქნებიან  მიერთებულნი ბიომრავალფეროვნების კონვენციას, ასევე, ეს ტრანსნაციონალური კორპორაციებიც განვითარებულ ქვეყნებშია ნაშობი.

– ერთ-ერთი მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციაა შეერთებულ შტატებში. მას ადრე, რაოდენ სასაცილოც უნდა იყოს, ერქვა „სიცოცხლის ინდუსტრია“, რომელშიც შედის „დიუპონი“, „პიონერი“, „ასტრა-ზენეკა“ და „მონსანტო“. ეს გაერთიანება გენმოდიფიცირებული პროდუქციის თესლების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და ამ დარგში ბაზრის 80-პროცენტზე მეტი უკავია. ამერიკის შეერთებული შტატები, მართალია, მიერთებულია ბიომრავალფეროვნების კონვენციას, მაგრამ არ აქვს რატიფიცირებული კარტახენას ოქმი. ამ ტრანსნაციონალურ კორპორაციას უზარმაზარი ბრუნვები აქვს: წელიწადში რამდენიმე ტრილიონი დოლარის. ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სავაჭრო ომი სწორედ იმის გამო, რომ ევროკავშირმა აკრძალა თავის ტერიტორიაზე ამგვარი პროდუქციის იმპორტი, რაც შეერთებულმა შტატებმა გაასაჩივრა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ევროკავშირი აიძულეს, არ აეკრძალა გენმოდიფიცირებული პროდუქცია, მაგრამ მარკირების ნება დართეს, რომ მყიდველმა გადაწყვიტოს, იყიდოს თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტი. სხვადასხვა ქვეყანამ საერთოდაც აკრძალა სოფლის მეურნეობაში გენმოდიფიცირებული თესლების გამოყენება. ამას ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა სწორედ იმიტომ, რომ კარტახენას ოქმი იყო მიღებული. იმის თქმა მინდა, რომ ეს ძალიან მძიმე თემაა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ და ისეთი სუსტი ეკონომიკის მქონესთვის, რომელიც მუდმივად ინვესტიციებისკენ იყურება.

– იმის თქმა გინდათ, რომ წინააღმდეგობას ვერ გავწევთ?

– 1996 წელს „მონსანტოს“ ჰქონდა მცდელობა, რომ საქართველოში გენმოდიფიცირებული კარტოფილის თესლი შემოეტანა. ჩვენ ეს შეგვატყობინა „გრინფისმა“, ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. შემოვიდა კიდეც გენმოდიფიცირებული თესლის პარტია, მაგრამ ჩვენ მაშინ პარლამენტში ვიყავით, დიდი წინააღმდეგობა გავწიეთ და გავატანინეთ ეს თესლი „მონსანტოს“. ამის შემდეგ არ ყოფილა ინფორმაცია, რომ ვინმეს ჰქონოდა გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანის მცდელობა საქართველოში, მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ ნელ-ნელა გაჩნდა ასეთი ინფორმაციები. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ბრძოლა, რომ ჩვენს პარლამენტს გაეკეთებინა კარტახენას ოქმის რატიფიცირება. თუ არ ვცდები, 2006 წელს პარლამენტში შევიდა კარტახენას ოქმი და მოხდა სასწაული: პირველად საქართველოს ისტორიაში გაეროს დოკუმენტი ჩავარდა, კენჭი უყარეს და ხმები არ ეყო. იმდენად დიდი ლობირება იყო იმპორტიორების მხრიდან. შემდეგ პარლამენტის ბიუროზე განიხილეს ეს საკითხი და შეიტანეს პარლამენტის მიერ განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, მაგრამ მოხდა სასწაული და კარტახენას ოქმის რატიფიცირება ბიუროს სხდომიდან პარლამენტის სხდომამდე დღის წესრიგიდან გაქრა. ვერაფერი რომ ვეღარ მოვახერხეთ, შევხვდი პატრიარქს, ავუხსენი სიტუაცია. მან მთხოვა, მოგვემზადებინა მისი ეპისტოლესთვის ეს საკითხი. მართლაც, 2007 წლის ეპისტოლეში ძალიან მკაცრი პოზიცია გამოხატა და საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა, 2008 წელს კარტახენას ოქმის რატიფიცირება მოეხდინა. მაგრამ აღარ მიაყოლეს კანონი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა და კარტახენას ოქმის რატიფიცირება დარჩა ქაღალდზე.

– რას ითვალისწინებს კანონი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შესახებ, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს?

– ეს კანონი შეიმუშავა გარემოს დაცვის სამინისტრომ და მის მიხედვით საქართველოში იკრძალება სოფლის მეურნეობაში გენმოდიფიცირებული თესლების, ნერგების გამოყენება, მაგრამ, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ვართ, მზა პროდუქციაზე შემოღებული იქნება მარკირება, რომ მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანის საშუალება. იმედი მაქვს, კანონი საშემოდგომო სესიაზე შემოვა განსახილველად პარლამენტში და გადავრჩებით ამ უბედურებას.

–  რა არის გენმოდიფიცრებული პროდუქციის ხიბლი მყიდველისთვის, უფრო იაფი ღირს?

– ჩვენს მაღაზიებში პროდუქციის ფასები თითქმის ერთნაირია, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რომელი პროდუქტია გენმოდიფიცირებული და რომელი –  არა. აქ უფრო რთული მექანიზმია ჩადებული. მოგეხსენებათ ცნობილი გამონათქვამი: ვინც ფლობს ენერგეტიკულ რესურსებს, ის აკონტროლებს მსოფლიოს და ვინც ფლობს კვების პროდუქტებს, ის აკონტროლებს მოსახლეობას. ვთქვათ, რომელიღაც კორპორაცია ხელოვნურად ქმნის რაღაც თესლს: აიღებს ცხოველურ გენს, მაგალითად, დათვის გენს და გადანერგავს პომიდორში, კიტრში ან კომბოსტოში.

– მალე რომ არ გაფუჭდეს? 

– ყინვაგამძლე რომ გახდეს ან სხვა მიზნით. შემდეგ ის ამას აპატენტებს და კორპორაციის საკუთრება ხდება. ამიტომ თქვენ აუცილებლად იმ კორპორაციისგან უნდა შეიძინოთ ის თესლი, თან ერთხელ რომ გამოიყენებთ, მეორეჯერ ვეღარ დათესავთ. როგორც კი ამას გაკეთებთ, მაშინვე დაგაჯარიმებენ, იმიტომ რომ მის საკუთრებას ეხები. საინტერესო ის არის, რომ, თუკი ყველა პროდუქციას აწერია მწარმოებლის სახელი, გენმოდიფიცირებულ პროდუქციაში გენურ დონეზე დევს ინფორმაცია, თუ ვისი პოდუქციაა. ანუ თვითონ გენომში დევს ბაქტერიოლოგიური გენი, მას გენი-მარკერი ჰქვია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მწარმოებლის შესახებ.

– გარედან არაფერი აწერია?

– დიახ და როგორც კი სასამართლომდე მივა საქმე, მაშინვე დაგიდგენს, ჩემ მიერ წარმოებული პროდუქციააო. გენმოდიფიცირებული პროდუქცია ძალიან საშიშია. ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვებში ალერგიებს იწვევს, არის მოწამვლის შემთხვევები. იყო დავა, როგორ ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და შარშან ფრანგებმა დაასრულეს რამდენიმეწლიანი ექსპერიმენტი, რომელიც ვირთხებზე ჩატარდა. ერთ ჯგუფს კვებავდნენ ჩვეულებრივი სიმინდითა და ხორბლით, მეორე ჯგუფს –  გენმოდიფიცირებული სიმინდითა და ხორბლით. იმ ჯგუფიდან, რომელსაც გენმოდიფიცირებული საკვებით კვებავდნენ, ყველას ავთვისებიანი სიმსივნე დაემართა და ამით დამტკიცდა, რომ გენმოდიფიცირებულმა პროდუქტმა შესაძლოა, წარმოშვას ონკოლოგიური დაავადება. ამას გარდა, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ჩვენთვის სხვა უარყოფითი მხარეც აქვს: საქართველო უნიკალური ქვეყანაა თავისი ბიომრავალფეროვნებით: თითქმის ყველა კლიმატური ზონაა წარმოდგენილი.

– და დედამიწაზე არსებული ნიადაგის 52 სახეობიდან, 49 გვაქვს.

– სწორედ ამ ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა ეკოლოგიური გარემო. ჩვენი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრებზე გასვლა, მაგრამ, თუ ჩვენ მათ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას შევთავაზებთ, ამ პროდუქტს არავინ იყიდის. გითხარით, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი ბრძოლა მიმდინარეობდა გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამო, იმიტომ რომ მოსახლეობას არ უნდა ასეთი პროდუქტის ყიდვა, მაგრამ მწარმოებლები დაინტერესებულნი იყვნენ, რომ ეს პროდუქცია შესულიყო ევროკავშირში და მოსახლეობას ვერ გაერჩია. თუმცა ევროპამ იმარჯვა და მარკირება შემოიღო. თუ ჩვენ გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოებას დავიწყებთ, ჩვენს პროდუქტს არავინ იყიდის ევროპაში, მაშინვე მოგვთხოვენ მარკირებას; არც რუსეთი მიიღებს ასეთ პროდუქტს: მათ მიზეზი სჭირდებათ, რომ შეგზღუდონ და არ შეგიშვან საკუთარ ბაზარზე. ამიტომ ჩვენთვის ყველაზე კარგი ნიშაა ეკოლოგიურად უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. თუ მოვახერხეთ, რომ ვილნიუსის სამიტზე ნოემბერში ხელი მოეწეროს შეთანხმებას ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ, შეიძლება, გაგვეხსნას 500-მილიონიანი, ყველაზე მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი. ამდენად, ეს ყველაფერი დიდი პოლიტიკის საკითხებია.

– მხოლოდ კანონი უშველის ამ საქმეს? შემოწმება ხომ სჭირდება პროდუქციას, რომ მარკირება მოხერხდეს?

– გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც გადამოწმება უნდა, რომ 2006 წელს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს აჩუქა მთელი ლაბორატორიული კომპლექსი კვების პროდუქტების ხარისხის კვლევისთვის, ცენტრით –  თბილისში და ფილიალებით  –  რეგიონებში. აშენებულია და დგას უძრავად, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საშუალებები გააჩნდა, ხარისხის კონტროლს არ აწარმოებდა. ამდენად, თუ ლაბორატორიული სისტემა არსებობს და ისეთი წყაროდან მაქვს ინფორმაცია, 99-პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს, არანაირი პრობლემა არ იქნება, შემოწმდეს, არის თუ არა პროდუქცია გენმოდიფიცირებული, ტოქსიკური და ასე შემდეგ.

– ესე იგი, ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ჩვენთან შემოსული პროდუქცია გენმოდიფიცირებული?

– ვერანაირად ვერ დავადგენთ. გარეგნულად არ ეტყობა, გენეტიკაში დევს რაღაც, ერთადერთი ჩვენ ვიყავით, „მწვანეთა პარტია“, რომელმაც გამოვაქვეყნეთ რუსეთიდან შემოსულ ხორცპროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ისიც რუსეთის „მწვანეთა პარტიამ“ მოგვაწოდა. თვითონ გააკეთეს რუსეთში ანალიზები და იქ იყო რუსული ცნობილი ბრენდი-ფირმების პროდუქცია: სოსისები, პელმენები, ძეხვეული, რომლებიც შემოდიოდა საქართველოში, მაგრამ, რადგან ტელევიზიები გვბლოკავდნენ, ვერ მოვახერხეთ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება.

– გემოთი გამოარჩევ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს?

– გენმოდიფიცრება უკვე ისეთ დონეზეა, შეიძლება, სტაფილოს ჩურჩხელის გემო მისცე.

– ვგულისხმობ სტაფილოსგემოიან სტაფილოს.

– ვერც გარეგნობით, ვერც გემოთი ვერ დაადგენთ.

– სურნელით?

– ვერც სურნელით. ფიზიკური ფაქტორებით ვერანაირად ვერ გაარჩევთ, სჭირდება ლაბორატორიული კვლევა.

– ყველა ლაპარაკობს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია არის მავნე, თუ ფასით არ განსხვავდება, გემოვნური თვისებებით არ განსხვავდება, მაშინ რა ხეირია მის დამზადებაში? ვიღაცას ხომ უნდა აძლევდეს შეღავათს?

– სუფთა ფერმერული თვალსაზრისითაა უფრო მომგებიანი და კომფორტული. თუმცა ესეც არ არის ზუსტად დადგენილი. „დიუპონმა“, რომელიც საუბრის დასაწყისში ვახსენე, ერთ-ერთმა ქიმიურმა გიგანტმა, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის შუა ხანებში, გამოუშვა შხამქიმიკატი, რომელსაც დუსტს ვუწოდებთ. გაუკეთდა რეკლამა, რომ ახლოვდება შიმშილი და ამისგან თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა ეს შხამქიმიკატი, რომელიც ხოცავს მავნებლებს. მაგრამ 1971 წელს თვითონ გაერო გახდა იძულებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აეკრძალა დუსტის გამოყენება, რადგან აღმოჩნდა, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევდა.

– თუ სწორად მივხვდი, გენმოდიფიცირებული პროდუქციის მწარმოებლების მთავარი მიზანია მოსახლეობის კონტროლი?

– კონტროლი და ის, რომ ახალი პროდუქტით ჩაანაცვლონ სხვა კონკურენტი ფირმები. ამიტომაც უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ თავიანთი პროდუქციის რეკლამირებაში.

– ჩვენთან ისიც არ ვიცით, შემოდის თუ არა გენმოდიფიცირებული თესლი სოფლის მეურნეობისთვის...

– არც ეს ვიცით, ამიტომ სასწრაფოდაა საჭირო ამ კანონის მიღება. როდესაც მივიღებთ, სისტემა ამუშავდება და უფრო უსაფრთხო გახდება ჩვენი კვებაც, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციაც და ჩვენი პროდუქტიც უფრო იოლად გავა საგარეო ბაზრებზე.

скачать dle 11.3