კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სარესტორნო კომლექსში „ძველიქალაქი” გეპატიჟებათ ახალგახსნილი ლუდის მოყვარულთა კლუბი „კაიზერი”

სამი წელია, რაც ლაშა ჟვანია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდს ხელმძღვანელობს. ფონდში, რომლის მთავარი მისიაც  კულტურული,  საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაა,  ლაშა ჟვანია აქტიური პოლიტიკური ასპარეზიდან მოხვდა. ალბათ ამიტომაც, ხმები  მის კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დროდადრო კვლავ ვრცელდება. თავად ფიქრობს, რომ საქმეს, რომელსაც ახლა უძღვება, ვერც ერთ პოსტზე ვერ გაცვლის. ნამინისტრალს იმ საყვარელი საქმისკენაც კი აღარ მიუწევს გული, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი  ნაწილი იყო.    

ლაშა ჟვანია: მას შემდეგ, რაც პოლიტიკას ჩამოვშორდი და სათავეში მისი უწმინდესობის ფონდს ჩავუდექი, ალბათ, ჩემი ცხოვრება სწორ კალაპოტში ჩადგა. თუმცა, ამ კალაპოტიდან, ალბათ, არც არასდროს  ამოვვარდნილვარ.  დღეს თანამდებობრივად,  საზოგადოებრივი დატვირთვით ვემსახურები მისი უწმინდესობის  საქმეს, რაც შესაბამისად, უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე  ჩემი ურთიერთობა მასთან, რომელიც ბავშვობაში დაიწყო.  1981 წელს,  როცა გარდაიცვალა ბებიაჩემი,  მომნათლეს სიონში.   იმ პერიოდში პატრიარქი სიონში ცხოვრობდა, სულ ახალი პატრიარქი იყო.   ჩემმა ნათლიამ   მიმიყვანა ახლოს პატრიარქთან,  მან დამლოცა. მეორედ პატრიარქი ისევ სიონში ვნახე,   პიონერთა სასახლიდან  წაგვიყვანა მასთან „პიონერფილმის” ხელმძღვანელმა გრიშა ჩიგოგიძემ. ამის შემდეგ იყო 1987 წელი – სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა მამაჩემი გარდაიცვალა. იმ პერიოდში აქტიურად დავიწყე   სიონში  სიარული და   წირვა-ლოცვაზე დასწრება.  როცა პატრიარქი ამბიონზე გამოდიოდა, ყველას გადაგვხედავდა.  სულ  მეგონა, რომ  პატრიარქი მე მიყურებდა. ეს განცდა მარტო პატარებს კი არა უფროსებსაც ჰქონდათ. ახლა, როგორც წესი, მისი უწმინდესობა წირვის დროს თავდახრილია. მაშინ ასე არ იყო. ერთხელ  დედაოებმა გადაწყვიტეს იერუსალიმში წასვლა. აღმოჩნდა, რომ  მთელი სიონი მე მეძებდა: დედაოებს უნდათ შენი ნახვაო.  როცა დედაოები ვნახე, მათ  მითხრეს:  უწმინდესმა გვითხრა, სიონში ერთი ბიჭი დადის, ლაშა ჰქვია, დღეს არ ყოფილა წირვაზე, მაგრამ გუშინ საღამოს ლოცვაზე იყო.  ის ბიჭი ნახეთ და იერუსალიმში მასთან ერთად წადითო. ასეთი გადაწყვეტილება მიეღო  მის უწმინდესობას. მან იცოდა, რომ მე უკვე ნამყოფი ვიყავი იერუსალიმში, რადგან  მაშინ ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა იერუსალიმში გამომავალ ქართულენოვან გაზეთში, რაც თბილისშიც გახმაურდა.  ეს იყო ინტერვიუ, რომელიც   ბავშვის თვალით დანახულ საქართველოს ეხებოდა. მე წავედი დედაოებთან ერთად იერუსალიმში, იმ შემთხვევის დროს,  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პატრიარქმა  სიონის  მრევლის თითოეული წევრის სუნთქვა იცოდა.  ჩვენი ღრმა ურთიერთობა სწორედ მაშინ დაიწყო. 

–  ფონდში დიდი პოლიტიკიდან მოხვდით. დროდადრო არის ხოლმე ლაპარაკი თქვენს კვლავ გამინისტრებაზე. თუმცა, თქვენ კვლავ ფონდის ხელმძღვანელად  დარჩით. 

–  ეს იყო საუბრები. ჩემი შინაგანი გრძნობების მიუხედავად, ასეთი სურვილი არ გამჩენია ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდის არც ერთ ეტაპზე.  მე დიპლომატიურ სამსახურში ვარ გაზრდილი. ეს საქმიანობა  ძალიან მიყვარს, მაგრამ იქითკენაც კი არ მიმიწევს გული, თუმცა არც ერთ დღეს არ ვნანობ, რომელიც პოლიტიკაში გავატარე.  ეს ის გამოცდილებაა, რომელსაც სხვაგან ვერ მიიღებ. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს გამოცდილება  მომცა. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ჩნდება პიროვნული პრობლემები –  არის საშიშროება, გადაწყვიტო, რომ შენ ხარ მაგარი და შენს ხელშია ყველაფერი. ეს ცდუნება იმდენად ყოველწუთიერია, რომ მისი გაძლება  რთულია.  უზარმაზარი რისკია, შეიცვალო, გადაიჩეხო. მაშინ, როცა  ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ან  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი – სამუშაო ოთახში შევდიოდი  და ვხედავდი  სკამს,  თავს ვარწმუნებდი, რომ ის სკამი მეზიზღებოდა. ეს იყო თვითტრენინგი, რათა ეს არ გამხდარიყო ჩემთვის  მომხიბვლავი.  როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, შესაძლოა, ამ სკამმა ბევრი პრობლემაც მოგიტანოს.  თუმცა, არც ესაა სწორი. თუ თანამდებობაზე მუშაობ,  ალბათ, უნდა გიყვარდეს კიდეც ის სკამი,   ოღონდ არა ობივატელური გაგებით.  მაშინ, როცა სიკეთეს აკეთებ, რატომ  არ უნდა გიყვარდეს?  ის,  რასაც ძალიან ახალგაზრდამ ფინანსთა სამინისტროში “გავუძელი”, მერე საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან გამომადგა. 

– ამ სამსახურში სამი წლის წინ  დაინიშნეთ. რატომ გააკეთა მისმა უწმინდესობამ არჩევანი თქვენზე?

– როდესაც  ფონდის ხელმძღვანელად დავინიშნე, მის უწმინდესობას ვუთხარი: არ გიმტყუნებთ-მეთქი. მან გამომხედა და მითხრა: მე ხომ გიცნობო. მიმანიშნა, რომ ჩემგან არ იყო საჭირო  ზედმეტი სიტყვის თქმა.  ეს მითხრა, მხარზე ხელი დამადო და ამით დასრულდა ეს თემა.  როცა პატრიარქი ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს განდობს, შენ თვითონ გიჩნდება პირობის დადების სურვილი.  საერთოდ, მაღალი რანგის სამღვდელოებასთან ურთიერთობა ცოტა საშიშია – შეჩვევა იცის. ხშირი ურთიერთობა მათთან იმდენად გაახლოვებს,  რომ შენდაუნებურად, შესაძლოა, ის რიდი და პატივისცემა ისე საკადრისად ვერ აღასრულო,  რაც   მათ  შესამოსელისა  და ხელდასხმის გამო უნდა გქონდეს. შესაძლოა,  უცებ წაგიცდეს ენა, ქცევა.  უწმინდესს უყვარს ხუმრობა, მეც ვხუმრობ ხოლმე მასთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს შინაგანი ბარიერი. ის არის  სულიერი მამა, ამას გარდა, თვითონ უწმინდესის შინაგანი კონსტიტუცია ისეთია, მას უყვარს ხუმრობა, მაგრამ ყოველთვის იცის ზომა და წონა.  ჩვენი პრივატული ურთიერთობა ჩემთვის ძალიან სათუთია. მაგალითად, მე მასთან ხშირად არ მიმყავს შვილები.  ჩემი შვილებით ვერ წავართმევ იმ ძვირფას წამებს, რომელიც შესაძლოა, სხვისი შვილებისთვის იყოს გამოყენებული.  ეს ხომ დიდი მადლია.   მისი უწმინდესობა ყოველთვის გრძნობს, როგორ ხასიათზე ხარ, რა გაწუხებს.   

– თქვენ ახლო კავშირები გაქვთ იერუსალიმის  ეკლესიის  მაღალ სამღვდელოებასთან, როდის და როგორ დაიწყო  ეს ურთიერთობები?

– ეს დაიწყო ძალიან ადრე.  ის ადამიანები, ვინც დღეს იერუსალიმის   მაღალი სამღვდელოების წარმომადგენლები არიან,  ჩემთან ერთად გაიზარდნენ.  ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ზაფხულობით  დედასთან ერთად ჩავდიოდი ხოლმე ისრაელში, ნათესავებთან.  მე ხაიფაში და თელ-ავივში ვცხოვრობდი,  მაგრამ ჩუმად ავდიოდი იერუსალიმში და ღამით იქ ვრჩებოდი. იყო დრო, როცა იერუსალიმის ქუჩებშიც მეძინა ღამით, მაცხოვრის ეკლესიასთან,  გოლგოთის ძირში. ზრდასრული ადამიანი იმას ვერ გააკეთებს, რასაც გააკეთებს ბავშვობაში, როცა სრულიად გულწრფელია.  მერე ეს გულწრფელობა სადღაც იკარგება, მორიდების, სირცხვილის განცდა უფრო მძაფრდება და ბევრ რამეს ერიდები, რადგან ცხოვრება უამრავ ბარიერს გიქმნის. იერუსალიმთან ჩემი სიყვარული ადრე დაიწყო. ყველასთვის  ცნობილია იერუსალიმის სინდრომი. ვისაც ეს შეეყრება, განკურნება შეუძლებელია.  

– როდესაც იერუსალიმში ხართ, თქვენ ნახულობთ განდგომილ პატრიარქს  ირინეოსს, როგორ გიშვებენ მასთან? 

–  ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მოგვიანებით. მაღალი სამღვდელოებიდან ყველაზე გვიან ის გავიცანი. ის იყო იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენელი ათენის ეკლესიაში. შესაბამისად, სულ იქ იყო და იერუსალიმში იშვიათად ჩამოდიოდა. ირინეოსი პატრიარქი გახდა 2001 წელს, მაგრამ სამწელიწად-ნახევრის შემდეგ, მოხდა ბუნტი ეკლესიაში. ძალიან ბევრი საეკლესიო წესის დარღვევით მოუწოდეს პატრიარქს გადადგომისკენ. ის ამაზე არ დათანხმდა, რადგან არაფერი ჰქონდა დარღვეული საამისოდ. ეკლესია რომ არ გახლეჩილიყო, მსოფლიო ეკლესიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეცნოთ ეს სინოდი –  საეკლესიო სამართლებრივი და სულიერ კანონიკური პრობლემა იერუსალიმის ეკლესიას ჯერ კიდევ სდევს.  ირინეოსი დღეს არის დატუსაღებული  ძალადობრივად,  ადამიანის ყველა უფლების დარღვევით. ის  გამოკეტილია თავისივე კელიაში, რომელიც მდებარეობს მაცხოვრის ტაძრის გუმბათიდან, დაახლოებით 70-80 მეტრში. ირინეოსი ამ კელიაში ცხოვრობდა დიაკვნობის პერიოდიდან, სხვათა შორის, როცა პატრიარქი გახდა, არ გადასულა საპატრიარქო რეზიდენციაში. იმდენად უბრალო იყო, რომ ისევ კელიაში დარჩა.   მე მინახავს ზოოპარკში, განსაკუთრებით საშიში მხეცის გალიებს – ორი გისოსი ადევს. ირინეოსის კელიას სამი გისოსი აქვს. როდესაც იერუსალიმში ვარ, მე მას ვურეკავ  მობილურ ტელეფონზე, რის შემდეგაც, ის გადმოდის სახურავიდან, რომელიც მიწის დონიდან 25-30 მეტრის სიმაღლეზეა. მე მას ვუგზავნი საჭმელს, წყალს.  ეს, ძირითადად, ხდება ღამით. ჩვენ  ვსაუბრობთ, ის ლოცვა-კურთხევას მაძლევს. ვინც არ უნდა გამოთქვას პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრის სურვილი, მას ამის უფლებას არ მისცემენ.  ირინეოსი კელიიდან რომ გამოვიდეს, მას შიგნით აღარ დააბრუნებენ. ან სად უნდა წავიდეს? – არც სახლი აქვს, არც კარი. ის კელია მისთვის ყველაზე ძვირფასია, სამწუხაროდ, ასეთი არაადამიანურობა ხდება იმ ადგილას, სადაც მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომა მოხდა.  

– ეს სამსახური, ალბათ, გიწესებთ ჩარჩოებს და გიზღუდავთ ცხოვრების თავისუფალ რეჟიმს.  

– ყველაზე თავისუფალი რეჟიმი მქონდა მაშინ, როდესაც ვიყავი ელჩი. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს არის ჩემი საყვარელი საქმე.  ვერ ვასხვავებდი, როდის მთავრდებოდა ელჩის ცხოვრება და როდის იწყებოდა ჩემი, პირადი. მე ახლა,  როცა ცხოვრების თავისუფალ რეჟიმზე ვსაუბრობთ,  დიპლომატების ერთ საიდუმლოს  გაგიმხელთ – როცა შენი უშუალო უფროსი იმყოფება შენგან 2000 კილომეტრის დაშორებით, თუნდაც მობილურის არსებობის პირობებში, შეუძლია დაგირეკოს და გკითხოს: სად ხარ? და თუ შენ თავზე ხელი არ გაქვს აღებული, შეიძლება იჯდე კაფეში, ფეხი ფეხზე გადადებული ტკბებოდე შენი ცხოვრებით და მას ჩურჩულით უთხრა ტელეფონში: უკაცრავად, შეხვედრაზე ვარ და მერე დაგირეკავთ. ეს ნიშნავს,  რომ შენ შეგიძლია, შენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე დაგეგმო. ის ვერ დაგიბარებს თათბირზე, დილით ადრე არ მოგთხოვს შეხვედრას, მოკლედ, შენ  თვითონ გეგმავ თათბირსაც, დღის დასაწყისსაც და  დასასრულსაც. ახლა, რაც შეეხება ჩემს ახლანდელ რეჟიმს, რაც არ უნდა დავგეგმო,  ვიცი, რომ ტყუილად ვგეგმავ. როცა უწმინდესი თბილისშია, ვიცი, როდის ისვენებს ის შუადღეს  და მაგ დროს ვგეგმავ სხვა შეხვედრებს. საღამოს, როგორც წესი, გამონაკლისის გარდა, უწმინდესთან ვარ. თუ საქმეზე გვაქვს სასაუბრო, დილას მივდივარ მასთან, რადგან დასვენებულია და ნაკლები ხალხი ჰყავს.  ჩემი მოგზაურობაც უცხოეთში პატრიარქის ვიზიტებზეა აწყობილი. როცა განცდილი გაქვს ეს და ისიც,  რაც სახელმწიფო სამსახურში მყოფ ადამიანს  აქვს, არჩევნის გაკეთება არ არის რთული. ამას, რაც ახლა მაქვს ვერ მოვიკლებ, ამაზე უარს ვერ ვიტყვი. ერთხელ იყო საუბარი ჩემსა და პატრიარქს შორის, დათანხმდი სახელმწიფო სამსახურზეო. დავუჩოქე და ვთხოვე: ნუ  მომაკლებთ იმ სიკეთეს, რაც ახლა მაქვს-მეთქი. არა კაცო, მითხრა: „სავმესტნად, სავმესტნადო.“ ეს არ გამოვა თქვენო უწმინდესობავ-მეთქი, ვთხოვე (იცინის).  
 – სამი შვილის მამა ხართ, გცალიათ თქვენი დიდი ოჯახისთვის?

 – სამწუხაროდ, ვერ ვარ მეოჯახე კაცი. ვერბალური საჩივრის წიგნაკი გვაქვს, რომელსაც ხან მეუღლე ავსებს, ხან – ბავშვები. მეუღლე ევროპულ სკოლაში მუშაობს, ბავშვების სწავლა და წაყვანა-წამოყვანა მასზეა მიბარებული. ოჯახის საორგანიზაციო საკითხებს დედაჩემი უძღვება. მე, ძირითადად, ვარ პარაზიტი, რომელიც იყენებს ოჯახის წევრების მიერ შექმნილ იდილიურ გარემოს. ბიზნესიც მაქვს, რომლისთვისაც  გვიან საღამოს ვიცლი და  ვუთმობ დროს.   და, მეგობრები? თუ მეგობრული ურთიერთობები არ ასაზრდოვე, არ გამოდის. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, როცა ცოლი მოიყვანა, მის ცოლს ვუთხარი: თუ შენი ქმარი სახლში გვიანობამდე  არ მოვიდა,  ან ღამით თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სახლიდან, ისე რომ არ გითხრა, სად მიდის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ერთად არის-მეთქი.  ამ პუნქტების ჩამოყალიბება არ მოხდა მაშინ, როცა მე მოვიყვანე ცოლი. ამიტომ, თვრამეტი წლის შემდეგაც ჩემი ცოლი თვეში ერთხელ მაინც „მოისხამს” ხოლმე და იძახის: ბარემ დარჩით ერთადო (იცინის). ჩემი უახლესი მეგობარია კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბაკა გოგიტიძე.  მე მასთან ერთად პროფესიონალური ბოქსის ფედერაციის  საპატიო პრეზიდენტი ვარ. ადრე კრივთან კავშირი არასდროს მქონია, მაგრამ  საგარეო ურთიერთობებში ვეხმარებოდი მეგობრებს თავისუფალ დროს და მეც ჩავერთე ამ ამბებში.  ახლაც ხშირად მიწევს კრივის ფედერაციაში ყოფნა, მათი ოფისი კლუბ „დივას” თავზეა. ასე რომ, თუ ვინმემ დამინახეთ, რომ საღამოს ათი საათისთვის ცოლმა „დივასთან” მიმიყვანა, ჩამოვედი, ხელი დავუქნიე  და „დივას” კარისკენ წავედი, არ გეგონოთ, რომ ჟვანიების ოჯახი ისე გაგიჟდა, რომ ცოლს სტრიპტიზკლუბში თავისი მანქანით დავყავარ (იცინის). 
скачать dle 11.3