კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-24(650) 

შემუშავებული გეგმის მიხედვით, შუა აზიის ერთ-ერთ ქალაქს სამხედრო ოფიცრის სტატუსით ვეწვიე და ნაწილის უფროსს მოვახსენე:

– ამხანაგო გენერალო, სამსახურის ადგილზე განაწილებით გამოვცხადდი, აი, ჩემი დანიშვნის ბრძანება!

– კეთილი. დღეს დაისვენეთ, ხვალიდან კი სამსახურს შეუდექით, – მითხრა გენერალმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.

ჩემი „დასვენება“ იმაში მდგომარეობდა, რომ სკურპულოზური სადაზვერვო სამუშაო ჩავატარე და უკვე პრაქტიკულად დავათვალიერე ის ადგილი, სადაც უნდა მემოქმედა. მოქმედება შუაღამისას დავიწყე. მას მერე კი, რაც პირველი მდივნის ძმისშვილის ჰარამხანა სამშვიდობოზე გავიყვანე, მისი დაცვა უჩუმრად ამოვხოცე, თვით ობიექტი მოვიტაცე, ვერტმფრენში ჩავაგდე, ღამით ცაში ავიჭერი და იქაური ინფრასტრუქტურა მიწასთან გავასწორე. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ პირველი მდივნის ძმისშვილი ათასი მეტრი სიმაღლიდან გადმოვაგდე, ხუთას მეტრ სიმაღლეზე დისტანციური პულტით ავაფეთქე და ამ საქმეს წერტილი დავუსვი...

მოსკოვში მანამდე დავბრუნდი, სანამ თავრეტდასხმული შუააზიელები რამის გააზრებას მოახერხებდნენ. ჯერ კიდევ გათენებულიც არ იყო, რომ შჩუკინს კაბინეტში ვეახელი, საიდუმლო დავალების წარმატებით შესრულება ვუპატაკე და მისგან აღტაცებული მადლობა დავიმსახურე.

– საიუველირო სიზუსტითაა სამუშაო შესრულებული. მხოლოდ ბოროტმოქმედები დაიღუპნენ და პატიოსან ადამიანს ნაკაწრიც კი არ აქვს. ყოჩაღ, კოკი!

როგორც მოგვიანებით შევიტყვე, შუააზიელმა პირველმა მდივანმა თავისი მეგობარი ლეონიდ ბრეჟნევი სატელეფონო ზარით გააღვიძა და ყველაფერი პირადად უამბო, ბრეჟნევმა კი ანდროპოვს დაურეკა და მომხდარის გარკვევა დაავალა. მაგრამ, რადგან ყველაფერი ანდროპოვის საიდუმლო ბრძანებით იყო შესრულებული, ეს ინციდენტი სამხედრო იარაღის საწყობის აფეთქებად მოინათლა და გამოძიებაც ამით დასრულდა. მიუხედავად ამისა, პირველმა მდივანმა თავისი ძმისშვილის მკვლელის, ანუ, ჩემი მოძებნის ბრძანება გასცა და თავის ერთგულ ძალოვნებს დიდ ფულსა და ქონებას შეჰპირდა. თუმცა, საიდუმლოების მიუხედავად, ამ ინფორმაციამ და ჩემზე მონადირეთა ვინაობამ „კაგებემდე“ მიაღწია, შჩუკინმა თავისთან დამიბარა, ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა და მითხრა:

– შენზე მთელი ქვედანაყოფი ნადირობს. აი, იმ ოცდაერთი ადამიანის სია, დოსიეები და ფოტოები. მიდი და გაანადგურე!

შჩუკინის სიაში ოთხი ქალი იყო და, როდესაც ჩვენ მათი განადგურების გეგმა შევადგინეთ და შემდეგ მე ის სისრულეში მოვიყვანე, წარბიც კი არ შემიხრია, რომ ოთხი ქალის ლიკვიდაცია მომიწია. იმ შემთხვევაში ისინი, პირველ ყოვლისა, მტრები იყვნენ, მტერი კი, მით უმეტეს, უმაღლეს პროფესიულ დონეზე მომზადებული, თვალის დაუხამხამებლად უნდა გაანადგურო...

ჩვენი პროფესია ისეთია, რომ, თუ მტერს დაინდობ, რომელიც შენს მოკვლას ცდილობს, აუცილებლად დამარცხდები. ჩვენს საქმეში სუსტი ნერვები და სენტიმენტალიზმი ცუდი მეკავშირეა. ჩემს სიტყვებს ისე ნურავინ გაიგებს, თითქოს მე უპირობო სისასტიკისა და დაუნდობლობისკენ მოვუწოდებ ვინმეს. არა, მე მხოლოდ მტრის განადგურებაზე ვლაპარაკობ და მიმაჩნია, რომ მიტევება და ტოლერანტობა, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ახასიათებდეს. ხოლო, როდესაც საქმე მტერზე მიდგება, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინდო. 

ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი მასწავლიდა:

– კოკი, კარგად რომ გაიგო, რა არის მტერი, წარმოიდგინე შხამიანი გველი, მაგალითად, ასპიტი. ის ყოველთვის შენს კბენას შეეცდება და, რამდენიც არ უნდა ეფერო და მასთან დაახლოება ეცადო, აუცილებლად სასიკვდილოდ გიკბენს. მტერი – შხამიანი გველია და აუცილებლად უნდა გაანადგურო.

კოჯრელი ინსტრუქტორი ძალიან განათლებული, მოაზროვნე ადამიანი იყო და ყოველთვის მიკვირდა მისგან ასეთი პრიმიტიული მიდგომა იმ უმაღლესი სუბსტანციის მიმართ, რასაც ეწოდება სიცოცხლე... მიუხედავად იმისა, რომ სპეცსკოლაში საკმაოდ მკაცრ ჩარჩოებში იყო მოქცეული ურთიერთობები, როგორც თავად კურსანტებს, ასევე, კურსანტებსა და ინსტრუქტორებს შორის, ზემოხსენებულ ინსტრუქტორთან საკმაოდ ახლობლური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და მასთან ხშირად ვსაუბრობდი ხოლმე სხვადასხვა თემაზე. ერთხელ, მისი მორიგი შეგონების შემდეგ, ვუთხარი:

– პატივცემულო, თქვენი ლოგიკით, თითქმის  მთელი ქვეყანა უნდა ამოწყვიტო, რადგან, ამა თუ იმ ფორმით, შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გიმტროს.

ჩემს სიტყვებზე ინსტრუქტორს ჩაეცინა და მითხრა:

– ერთ რჩევას მოგცემ, კოკი და კარგად შეისისხლხორცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს პროფესიაში წარმატებას ვერ მიაღწევ და დაიღუპები. შენ, ჩემო კარგო, ძალიან ფილოსოფიურად უდგები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს და გავიწყდება, რომ სპეცსკოლაში იმყოფები და არა საქველმოქმედო ორგანიზაციის სხდომაზე. ამ პრობლემას ძალიან მარტივად უნდა მიუდგე: მტერია ის, ვისაც შენი ფიზიკური განადგურება უნდა – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ამიტომ, შენ უნდა დაასწრო მას. გასაგებია?!

– რა თქმა უნდა, გასაგებია – როდესაც მტერი პირისპირაა და მოკვლით გემუქრება, ის უნდა მოსპო, – მივუგე ინსტრუქტორს, მან კი მითხრა:

– არა მარტო პირისპირ მდგარი მტერი უნდა გაანადგურო, არამედ, ისიც, ვინც, შეიძლება, არც კი იცის შენი ვინაობა, მაგრამ, მიზანი შენ ხარ და ის მანამდე უნდა მოსპო, სანამ მოგაგნებს.

– მონადირეებს გულისხმობთ?

– სწორედ მათ. კარგად დაიმახსოვრე, ჩემო კოკი: მონადირე, თუკი მას დროზე არ მოუსპე ნადირობის ჟინი, ადრე თუ გვიან, მაინც გიპოვის და, ასე რომ არ მოხდეს, უნდა დაასწრო და  გაანადგურო.

დროთა განმავლობაში მყარად დავრწმუნდი ჩემი ინსტრუქტორის შეგონების სისწორეში და პრევენციულ ღონისძიებებს ყოველთვის დროულად ვახორციელებდი. „კაგებეში“ მუშაობისას ამაში უწყება მეხმარებოდა, შემდგომში კი – ჩემი მდიდარი გამოცდილება და, სწორედ ამიტომაც ვარ მოუხელთებელი და იმ „ბიზნესის“ უხუცესი წარმომადგენელი, რომლის მონაწილეთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-6 წელს არ აღემატება...

რაც უფრო მნიშვნელოვან ადამიანს კლავს ქილერი, მით უფრო მეტი შანსია, რომ ის თავიდან მოიშორონ როგორც არასასურველი მოწმე და ასეთ დროს ქილერის უსაფრთხოებისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა დონეზე ფლობს ის გარდასახვისა და კონსპირაციის ხელოვნებას. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ჩემი მოუხელთებლობა სამი რამითაა განპირობებული: პირველი, – მე ყოველთვის ისეთ ადგილას ვხვდები შემკვეთს, რომელსაც კარგად ვიცნობ, წინასწარ გულდასმით ვამოწმებ და, საჭიროების შემთხვევაში, იქიდან გაქცევის სათადარიგო გზები მაქვს; მეორე – შეხვედრაზე ყოველთვის ისეთი გრიმითა და რეკვიზიტით მივდივარ, რომ, ფარული დავალების შემთხვევაშიც კი, ვერც ერთი სუპერტექნოლოგიური კომპიუტერული სისტემა ვერ გამშიფრავს და დაადგენს ჩემს ვინაობას და, მესამე – თუკი ადრე შეკვეთის ანაზღაურებას საბანკო ანგარიშზე ვასმევინებდი შემკვეთს და ნახევარს წინასწარ ვიღებდი, მეორე ნახევარს კი – საქმის შემდეგ, ახლა უკვე მთლიან თანხას ვიღებ წინასწარ, თანაც ნაღდი ფულით და ჩემი მოხელთება ბანკის მეშვეობით გამორიცხულია. მიუხედავად ასეთი ზომებისა, ბოლომდე დაზღვეული მაინც არ ვარ საშიშროებისგან, მაგრამ, საფრთხის გამოცნობაში ინსტრუქციაც მეხმარება და ესაა ის ერთობლიობა, რაც მე სიკვდილისგან მიცავს.

ჩვენს ბიზნესში ყველაზე საშიში კატეგორიაა პოლიტიკური შეკვეთა, ანუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ლიკვიდაცია, რადგან, ამ შემთხვევაში, შემსრულებელი ყოველთვის მიზანშია ამოღებული და, როგორც კი ის მიზანს გაანადგურებს, მასაც ანადგურებენ, რომ კვალი არ დარჩეს. პოლიტიკურ შეკვეთებს თითქმის არ ვკიდებ ხელს; პირადად, ძალიან დაინტერესებული უნდა ვიყო მიზნის განადგურებით, რომ მსგავს საქმეს მოვკიდო ხელი. ერთხელ შემკვეთმა პარიზში დამიბარა. მე იქ, რა თქმა უნდა, წინასწარ ჩავედი, ყველაფერი დავზვერე, სათადარიგო გასასვლელები დავიმახსოვრე და დანიშნულ დროს, ტრადიციულად, კარგად შენიღბული მივედი შეხვედრაზე. იქ მე ოცდაათიოდე წლის მომხიბვლელი ქალი დამხვდა. მან გამიღიმა და მითხრა:

– გამარჯობა, მესიე.

– გაგიმარჯოთ, მადმუაზელ, გისმენთ.

– თქვენზე მითხრეს, რომ ყოვლისშემძლე ხართ.

– ყოვლისშემძლე მხოლოდ ღმერთია, მე ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვმოქმედებ.

– თუმცა, ეს შესაძლებლობები თითქმის განუზომელია.

 –გისმენთ, მადმუაზელ, ბრძანეთ, რა გნებავთ.

– მესიე, – მითხრა ქალმა და მუხლებზე ფოტოსურათი დამიდო, – აი, ობიექტი, რომელიც უნდა მოკლათ და, ამ საქმეში, თუკი, რა თქმა უნდა, დასთანხმდებით მის შესრულებას, სრულ ორ მილიონ დოლარს მიიღებთ.

ფოტოზე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსი იყო აღბეჭდილი, რომელიც თავის ქვეყანაში სულ მალე პირველი კაცი უნდა გამხდარიყო. ის საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულებითაც კარგად იყო ცნობილი და, დავხვდე თუ არა ფოტოსურათს, გუნებაში გავიფიქრე, რომ ამ საქმეს ავიღებდი. თუმცა, ამ კაცის ლიკვიდაცია არც ისე იოლი იყო, რადგან მას კარგად იცავდნენ როგორც პირადი მცველები, ასევე თანამედროვე ელექტრონული სისტემა. მიუხედავად ამისა, შემკვეთს ვუთხარი:

– თანახმა ვარ, მადმუაზელ, მაგრამ, ჩემი პირობები მაქვს.

– ბრძანეთ.

– ფულს წინასწარ ვითხოვ, თანაც – სრულად.

– კეთილი, თანახმა ვარ. ხვალ, ამავე დროს, აქვე შევხვდეთ და თქვენს კუთვნილ 2 მილიონ დოლარს უკლებლივ მიიღებთ, – მითხრა ქალმა და წავიდა.

მეორე დღეს დამკვეთმა ორი მილიონი დოლარი ნაღდი ფული მომიტანა და მაშინვე წავიდა. მე კი ჯერ რამდენიმე მანევრი ჩავატარე და, როცა დავრწმუნდი, რომ „კუდზე“ მასხდნენ, საიდუმლო კონსპირაციული ბინის ნაცვლად ამ შემთხვევისთვის მომზადებულ ბინაში მივედი, რომ მდევარი არ დამეფრთხო. ხოლო, როდესაც ისინი დარწმუნდნენ, რომ ჩემი მისამართი გაიგეს და წავიდნენ, ბინიდან ფარულად გამოვედი და ფული კონსპირაციულ ბინაში დავმალე. შემდეგ გრიმი შევიცვალე, კლასიკურ ტანსაცმელში გამოვეწყვე და გრანდოპერაში გავემართე, სადაც ლუჩანო პავაროტის კონცერტი იმართებოდა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ორკვირიანი გასტროლებით იმყოფებოდა. მის წარმოდგენას რომ დავსწრებოდი, ბილეთში ხუთი ათასი ევრო გადავიხადე შავ ბაზარზე. მუსიკის სიყვარულის გარდა, პავაროტის კონცერტზე წმინდა პროფესიულმა საჭიროებამაც მიმიყვანა: მე მოსახერხებელი საცეცხლე წერტილი უნდა მომეძებნა, რადგან, სამი დღის შემდეგ კონცერტს ობიექტი დაესწრებოდა და მის ლიკვიდაციას სწორედ იქ ვაპირებდი. რაც შეეხება ჩემს მოთვალთვალეებს, მივხვდი, რომ ისინი შემკვეთის ხალხი იყო და, როგორც კი საქმეს შევასრულებდი, პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში შეეცდებოდნენ ჩემს მოკვლას.

„ვერ მოგართვით, ბატონებო, ასეთი ფუფუნების საშუალებას ვერ მოგანიჭებთ! მე კოკი ვარ და არა ვიღაც ნაბიჭვარი ქილერი-ბესპრეძელი, რომელიც ნახმარი პრეზერვატივივით შეგიძლია მოისროლო კანალიზაციაში“, – გავიფიქრე გუნებაში და ცხვირწინ ჩავუარე მანქანაში მსხდომ მოთვალთვალეებს, რომლებიც ჩემს არაკონსპირაციულ სახლთან მდარაჯობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთისთვის არ მითქვამს, სად და როდის ვაპირებდი ობიექტის ლიკვიდაციას, ვიგრძენი, რომ მათ გამოიცნეს ჩემი ჩანაფიქრი და შეკვეთის შესრულების დღეს, პარიზის გრანდოპერასთან ჩემთვის მახე ჰქონდათ დაგებული. მახე დამიგეს სახლთანაც, თუმცა, მე უსაფრთხოების ზომები წინასწარ მქონდა მიღებული. დანიშნულ დღეს, შემკვეთის მოთვალთვალეთა თვალწინ, ჯერ სახლიდან გამოვედი, შემდეგ კი გრანდოპერაში შევედი. ეს მარშრუტი, რა თქმა უნდა, იმ გრიმით გავიარე, რომლითაც შემკვეთი მიცნობდა. თუმცა, წინა ღამით, ოპერის ერთ-ერთ მიტოვებულ საგრიმიოროში წინასწარ მომზადებული ატრიბუტები დავტოვე და ჯერ გარეგნობა და სამოსი შევიცვალე, შემდეგ კი რეკვიზიტი ავიღე და ანტრაქტის დროს ობიექტი თავისავე ლოჟაში მაყუჩიანი მცირეკალიბრიანი პისტოლეტით მოვკალი. შემდეგ, სახანძრო განგაში ჩავრთე და სულ რაღაც ათიოდე წუთში სულ სხვა გრიმითა და სამოსით დავტოვე ოპერის შენობა. სანამ დაპანიკებული ხალხი ოპერიდან ქუჩას მიაწყდებოდა, „ჯიპში“ მსხდომი მოთვალთვალეები დისტანციური პულტის მოქმედებით ჰაერში ავწიე და ოთხი ადამიანი საიქიოში გავისტუმრე. მეორე ოთხეული კი, სხვა „ჯიპში,“ ჩემს არაკონსპირაციულ სახლთან ავწიე ჰაერში. მაგნიტური ნაღმები კი, ჯერ კიდევ დღისით, მენაგვის სამოსსა და გრიმში გამოწყობილმა მივამაგრე მათ მანქანებს და, სანამ თბილისში დავბრუნდებოდი, შემკვეთს დეპეშა გავუგზავნე, რომელშიც ეწერა: „კრეტინებო! ნუთუ ფიქრობდით, რომ გამასაღებდით? თქვენ ყოველთვის მიზანში მეყოლებით და, თუკი ოდესმე კიდევ შეეცდებით ჩემს მოხელთებას, რვა დაღუპული გაგიასმაგდებათ, ამ პოლიტიკური მკვლელობის შემკვეთთა სახელები კი წამში გახდება მსოფლიო მედიისთვის ცნობილი. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კიდევ ორ მილიონ დოლარს მომცემთ და, როცა ამ ფულს ჩემ მიერ მითითებულ ადგილზე მოიტანთ, იმედია, სიურპრიზის მოწყობის სურვილი აღარ გექნებათ“.

შემკვეთებმა ორი მილიონი დოლარი ბუდაპეშტში, ერთ-ერთ მდინარისპირა ბუნკერში მოიტანეს, რომელსაც მრავალი გასასვლელი ჰქონდა და იქ ჩემი მოხელთება შეუძლებელი იყო. მათ არც ასაფეთქებელი ჩაუდევთ ფულიან კეისში, არც სასიგნალო მოწყობილობა, მხოლოდ ერთი პატარა ბარათი დაურთეს, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ მოყენებული ზიანისთვის და მთხოვდნენ, შემკვეთთა სახელები სამუდამოდ დამევიწყებინა...

დღესდღეობით იმ მკვლელობის შემკვეთები პოლიტიკურ ზენიტში იმყოფებიან, მაგრამ, ჩემი მოძებნა არც უცდიათ და, საეჭვოა, რომ ოდესმე დააპირონ. თუმცა, რომ იცოდნენ, ვინ ვარ და სად შეიძლება მიპოვონ, ალბათ, ამ შანსის გამოყენებაზე უარს არ იტყვიან. მავანს შეუძლია, თქვას: რა სისულელეა ეს, კოკი, შენი ნაწერები ხომ, შეიძლება, მტრებმაც წაიკითხონ და, გაიგონ, რომ თბილისში ცხოვრობო...

ასეთ ჭკუისკოლოფებს მინდა ვუპასუხო, რომ ჩემი მოძებნა და მოხელთება თბილისშიც კი ურთულესია და, თუ ეს ვინმეს აქვს განზრახული, არ ვურჩევ ამის გაკეთებას, თორემ პარიზელების ბედის გაზიარება მოუწევთ. თუ არ სჯერათ, სცადონ ჩემი მოხელთება და, რასაც მიიღებენ, ნახავენ... თუმცა, ერთხელ მაინც სცადეს ჩემმა ძველმა მტრებმა  ჩემი გამოჭერა. მართალია, არა თბილისში, არამედ, ბათუმში, მაგრამ, შედეგი ისეთივე სავალალო იყო მათთვის, როგორც ყველა მტრისთვის, ვისაც ჩემზე ნადირობა უცდია.

ბათუმური ისტორია კი ამ ამბამდე ექვსი თვით ადრე დაიწყო – მაშინ, როდესაც, ერთი კიეველი ბიზნესმენის შეკვეთით, მოსკოვში მისი მოსისხლე მტერი მოვკალი, რომელსაც ამ კაცის ცოლი ჰყავდა საყვარლად და მათი 10 წლის გოგონაც, მასთან იმყოფებოდა. შეკვეთაში 500 ათასი ევრო ავიღე და  საქმის დასრულებისთანავე მოსკოვიდან კიევში მას თავისი შვილიც ჩავუყვანე. ექვსი თვის შემდეგ კი კვლავ მოსკოვში ვიმყოფებოდი ერთ დელიკატურ საქმეზე და იგივე გრიმი მქონდა, რაც იმ კიეველის შეკვეთის შესრულების დროს. მოსკოვიდან ბათუმში ჩავფრინდი და, ჯერ კიდევ რუსეთის დედაქალაქში  ვიგრძენი, რომ მითვალთვალებდნენ. ეს ეჭვი აეროპორტში უფრო განმიმტკიცდა. ბათუმში რომ ჩავფრინდი, მოთვალთვალეც უკვე გავშიფრე და, რომ გამეგო მისი ზრახვები, ცრუ კვალზე დავაყენე.

აეროპორტიდან, ისევე, როგორც პარიზში, არაკონსპირაციულ ბინაში წავედი და მოთვალთვალეს მოვაჩვენე, რომ ის იყო ჩემი ძირითადი სადგომი. სინამდვილეში კი, ეს ბინა, ისევე როგორც სხვა ბინები, მსოფლიოს მრავალ ქალაქში წინასწარ მქონდა ნაქირავები ასეთი შემთხვევისთვის... როცა მოთვალთვალე დარწმუნდა, რომ ხელისგულზე ვყავდი, უკან გაბრუნდა და ვერ შეამჩნია, რომ მე მას „კუდზე“ დავაჯექი და ვუთვალთვალებდი. მან მობილურზე დარეკა და მოსკოვში ვიღაცას დაშიფრულად ელაპარაკა, საიდანაც ნათელი იყო, რომ ჩემს მოსაკლავად იძახებდა ხალხს. იმ სუბიექტის საუბრის მოსმენა კი იმ მიკროწებოვანი ჩიპის მეშვეობით მოვახერხე, რომელიც ფეხსაცმლის ლანჩზე იმ დროს მივაწებე, როდესაც გვერდით გავუარე, წავიქეცი და თავად მან წამომაყენა ფეხზე, მერე კი წავიდა... მოსკოვიდან გამოყოლილი მოთვალთვალე სასტუმრო „ინტურისტში“ დაბინავდა. მე მას თვალს არ ვაშორებდი და ყველა მობილურ საუბარს ვისმენდი. მეორე დღეს კი, როდესაც ის აეროპორტში გაემგზავრა, რომ ჩემს მოსაკლავად გამოგზავნილ ქილერებს დახვედროდა, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მოვემზადე. ობიექტი ტაქსიში ჩაჯდა და თქვა:

– აეროპორტში.

– არის, აეროპორტში! – მხიარულად მივუგე კლიენტს, რადგან ის ტაქსისტი მე ვიყავი. ოდნავ მოფარებულ ადგილზე რომ მივედი, მას ჯერ მარჯვენა ხელი ვთხლიშე  კისერში და გავთიშე, შემდეგ კი კონსპირაციული ბინის სარდაფში ჩავათრიე, შიშველი დავკიდე მარცხენა ხელით ჯაჭვზე და ვკითხე:

– აბა, ბრძანე, ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა?

მოსკოველი მოთვალთვალე მიხვდა, ვინც ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა გრიმი და სამოსი მქონდა და მითხრა:

– თქვენ გითვალთვალებდით და გავები.

– რატომ მითვალთვალებდით?

– იმიტომ, რომ თქვენს მოსაკლავად გამოგზავნილი ხალხისთვის „ნაკოლი“ მიმეცა.

– ვინ და რატომ მკლავს?

– კიეველი ბიზნესმენის შეკვეთის შესრულებისთვის.

– ვინ შეუკვეთა ჩემი მოკვლა?

– ბიზნესმენის ძმამ.

– ვინ და როგორ მომაგნო?

– მოსკოვში შემთხვევით გიცნოთ შემკვეთის ყოფილმა ცოლმა, როდესაც თქვენ წითელ მოედანზე იმყოფებოდით.

– ქილერების შესახვედრად მიდიოდი აეროპორტში?

– დიახ.

– რამდენი არიან?

 – სამნი.

– კარგი. ახლა აიღე ტელეფონი, დაურეკე მათ და უთხარი, რომ აი, ამ მისამართზე მოვიდნენ. უთხარი, რომ ავარიაში მოხვდი, მილიციაში იმყოფები და აეროპორტში ვერ მოახერხე მისვლა.

მოსკოველმა მოთვალთვალემ ზუსტად შეასრულა ჩემი ბრძანება, ორმოცი წუთის შემდეგ კი კიდევ სამი მოსკოველი ქილერი მყავდა დათრეული და, სანამ ყველას დავხოცავდი, ვუთხარი:

– რას იზამთ, ყმაწვილებო, არ გაგიმართლათ. თქვენივე ბრალია, ისეთი ლუკმის შეჭმა არ უნდა მოინდომოთ, რომელსაც ვერ გადაყლაპავთ. მშვიდობით!

ოთხივე ქილერი თითო გასროლით დავხოცე და იქაურობას გავეცალე. რამდენიმე საათში უკვე თბილისში ვიყავი და საკუთარ  თავს იმის გამო ვტუქსავდი, რომ მიუტევებელი შეცდომა დავუშვი და ერთი და იგივე გრიმი ორ სხვადასხვა საქმეში გამოვიყენე. ასე ხდება ხოლმე, როდესაც კონსპირაციის კანონებს დაარღვევ, რისი დაშვებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსკოვი უზარმაზარი მეგაპოლისია და იქ უამრავი ადამიანია ჭიანჭველებივით ერთმანეთში არეული, ჩემი გაშიფვრის ალბათობა მიზერული იყო, მაგრამ, მაინც გავიშიფრე და, რომ არა ჩემი გამოცდილება, ინტუიცია და ოსტატობა, აუცილებლად დავმარცხდებოდი. ჩვენს საქმეში დამარცხება კი სიკვდილია...

ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად, სასტიკი ომის წინა ხაზზე ვიმყოფები, სიკვდილს ვუმზერ თვალებში და საბედისწეროდ ვეთამაშები მას. სტრესულ, ჩვეულებრივი ადამიანისთვის აუტანელ, დამთრგუნველ გარემოში ვცხოვრობ და, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სწორედ ეს მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. ფორმაში კი ჩემს ფიზიკურ და ფსიქო-მორალურ მდგომარეობას ვგულისხმობ. ჩემი ნაცნობ-მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ჩემი ფორმა ჩემი სიმდიდრის, კომფორტისა და ფუფუნების შედეგია, თუმცა, ეს მცდარი შეხედულებაა და სიმდიდრე და ფუფუნება აქ არაფერ შუაშია. მე არც განსაკუთრებულს ვსვამ და ვჭამ, არც ექიმ-კოსმეტოლოგებთან დავდივარ და არც მხართეძოზე ვგორაობ. პირიქით, ძალიან ადრე ვდგები, საკმაოდ გვიან ვიძინებ, ძველებურად ბევრს ვკითხულობ და სისტემატურად ვვარჯიშობ. ფული და ქონება კი უპირველესად იმისთვის მჭირდება, რომ ქველმოქმედება ვაწარმოო, გაჭირვებულებს დავეხმარო და დროსა და სივრცეში უსწრაფესად გადავაადგილდე, რაც ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ პირად ასპექტში საკმაოდ შეზღუდულად ვცხოვრობ და სწორედ ესაა ჩემი სანიმუშო ფორმის მთავარი საიდუმლო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3