კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასწავლა ზაზა ფაჩულიას კალათბურთმა და რა დათმო მისმა მეუღლემ ოჯახის სიყვარულის გამო

ყველა ქართველისთვის საამაყო სპორტსმენი – ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ზაზას ოპერაციის გაკეთება მოუწია. შედეგად, წელს ეროვნულ ნაკრებში ვერ იასპარეზებს და ამჯერად კაპიტანი ქართველი სპორტსმენების გულშემატკივარი იქნება. ზაზას, ატლანტაში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი და ინტერვიუს ჩაწერის პროცესში კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ის მართლაც ყოველთვის სასურველი რესპონდენტია.

ზაზა ფაჩულია: ერთი თვეა, თბილისში ვარ (ინტერვიუ ჩაწერილია 31 მაისს), მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ნახვა მაინც ვერ მოვასწარი. რადგან დრო ძალიან სწრაფად გადის. იმედი მაქვს, მომავალ ჩამოსვლაზე ყველა ჩემს ახლობელს ვნახავ, მოვეფერები და მოვესიყვარულები.

– იმის გამო, რომ ტრავმა მიიღე, წელს პირველად 13 წლის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანი არ იქნები, რაც გულშემატკივრისთვის ძალიან სამწუხაროა.

– რაც ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ, სამწუხაროდ, წელს პირველი შემთხვევაა, ვერც ერთ თამაშს რომ ვერ ვითამაშებ. რას იზამ, ტრავმები სპორტის განუყოფელი ნაწილია. ექვსთვიანი პაუზა მომიწევს და კალათბურთისგან შორს ვიქნები. თუმცა, მთავარია, ჯანმრთელობა. ატლანტაში რეაბილიტაციის პერიოდს გავივლი და ამის მერე, უკვე მოედანს დავუბრუნდები. ვფიქრობ, რამდენიმე წელი კიდევ ვითამაშებ კალათბურთს და გამოვადგები როგორც ჩემს გუნდს, ასევე ნაკრებსაც.

– უკვე სამი შვილის მამა ხარ, რაც სიყვარულთან ერთად, პასუხისმგებლობასაც გისამმაგებს. როგორია შენთვის სამი შვილის მამობა.

– შენი თქმის არ იყოს სამმაგი ყურადღება მჭირდება. თან, სამიდან ორი ბიჭია და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. ვფიქრობ, მე და თიკა მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ჩვენს შვილებს სწორი გზა დავანახვოთ – ბედნიერები და ჭკვიანები იყვნენ. კარგი ბავშვები და ჩემი ენერჯაიზერები არიან. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა დარბაზში სამი ფაჩულია ზის და მგულშემატკივრობს. ეს ფაქტი ჩემთვის დიდი ენერგიის მომცემია. თავიდანვე ვაჩვევთ მარიამს კალათბურთის ყურებას, ბიჭებს კი – თამაშს. ვარჯიშიდან დაღლილი რომ მოვდივარ სახლში, ბიჭები მთხოვენ, მათთან ერთადაც ვითამაშო. ამიტომ, დღეში სამმაგი ვარჯიში მიწევს.

– ბოლო დროს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია კობი ბრაიანტთან დაკავშირებით, რომელიც საკუთარ დედას უჩივის იმის გამო, რომ მისი ნივთები აუქციონზე დაუკითხავად ნახევარ მილიონ დოლარად გაყიდა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც შვილმა დედას უარი უთხრა ვილის შეძენაზე. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს?

– ამის შესახებ მეც გავიგე. ცოტა დაუჯერებელი ამბავია, მით უმეტეს ქართველებისთვის, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ეს ასე მოხდა. მეტი დეტალები მეც არ ვიცი. რა თქმა უნდა, დაუჯერებელია, მაგრამ ასეთებიც ხდება.

– რა გეგმები გაქვს ახლო მომავალში, ანუ იმ პერიოდში, სანამ ვერ ვარჯიშობ?

– ოპერაციის შემდეგ პირველი ორი თვე, ძირითადად, დასვენებისა და შეხორცების პერიოდი იყო. ივნისის დასაწყისში აუცილებლად ვიწყებ პროფესიონალურ, სერიოზულ რეაბილიტაციას. სრულ აღდგენას 6 თვე სჭირდება. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ რეაბილიტაციას, რადგან სახლში ჯდომით დავიღალე. ეს ჩემი სტილი ნამდვილად არ არის. მიჩვეული ვარ ვარჯიშს და მოძრაობას. ამიტომ, ძალიან გამიჭირდა, განსაკუთრებით პირველი თვე ოპერაციის შემდეგ. იმედი მაქვს, არანაირი სიურპრიზი არ მექნება ამ პერიოდში და ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის. ოქტომბერში ახალი სეზონი იწყება და იმედი მაქვს, იმ დროს აუცილებლად ვიქნები სათანადო ფორმაში. მინდა, ახალი სეზონიდან გავაგრძელო ის საქმე, რაც ძალიან მიყვარს და რაც ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია.

– ხომ არ გაქვს გეგმაში საქართველოში საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბო და ახალბედა სპორტსმენებს იმის პირობები მისცე, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ?

– ძნელია ამ საქმის ამერიკიდან კეთება, რადგან, როცა ასეთ რამეს მოვკიდებ ხელს, პირადად უნდა ვიყო ჩართული, თვალს ვადევნებდე და ყველაფერს თავად გავუძღვე. ამის ინტერესი მაქვს, იდეაც არის. ასე რომ, ველოდები იმ დროს, როცა რეალურად შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის განხორციელება. ალბათ, ეს პერიოდი მაშინ დადგება, როცა კარიერას თავს დავანებებ და ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვალ საცხოვრებლად. ჯერჯერობით თამაშს ვაპირებ, რამდენიმე წელიწადში კი, დიდი შანსია, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია შეიქმნას საქართველოში.

– როდის მოხდება ზუსტად ეს, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია მაღალი დონის იქნება.

– რა თქმა უნდა, მე რაც გამიკეთებია, ყველაფერს მაღალ დონეზე ვაკეთებ, სხვანაირად არც შემიძლია. ეს ყველაფერი მე კალათბურთის თამაშმა მასწავლა. ყველა თამაშს ისე ვუდგები, თითქოს ჩემი ბოლო თამაშია. ამიტომ, მოედანზე ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს ვავლენ და ბოლომდე ვიხარჯები. სხვანაირად საქმისადმი მიდგომა არ ვიცი, რადგან მაქსიმალისტი ვარ.

– თიკას დიდი ხნის ოცნება აუხდინე და ატლანტაში საკუთარი სტუდია გაუხსენი, სადაც ბავშვები ცეკვას სწავლობენ. 

– თიკას საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა, სანამ მე გამომყვებოდა ცოლად – „სუხიშვილებში“ ცეკვავდა, ერთ-ერთი სოლისტი იყო. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ოჯახის სიყვარულის გამო თავი დაანება. თუმცა, ბოლომდე არ მოწყდა ამ სფეროს, როგორც აღნიშნე, მას ატლანტაში თავისი სტუდია აქვს, სადაც კვირაში ერთხელ ბავშვებს ცეკვის გაკვეთილს უტარებს. ძირითადად, ქართველი ემიგრანტი ბავშვები დადიან. ყველა კმაყოფილია ბავშვებიც, მშობლებიც და რა თქმა უნდა, თიკაც – თავის საყვარელ საქმეს აკეთებს, რაც ძალიან დიდი პლუსია. მეც ბედნიერი ვარ, რომ თიკას თავის სფეროში ვხედავ.

– ზაზა, ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობ, შენი ინტერვიუ ქართულ პრესაში ძალიან იშვიათად იბეჭდება. მიუხედავად გამონაკლისი შემხვევებისა, თუ დაწერილა ისეთი რამ შენზე, რაზეც გაბრაზებულხარ?

– უკვე ახალი ხილი არ ვარ. საკმაოდ დიდი ხანია, ამ სფეროში ვარ, შესაბამისად – თქვენი ყურადღების ცენტრშიც. თან, საქართველო ძალიან პატარაა იმისთვის, ვინმემ არ იცოდეს ჩემ შესახებ. ყოველთვის ვცდილობ, სწორი და ზუსტი გადაწყვეტილება მივიღო, რომელ ჟურნალისტს ვესაუბრო და ვიცოდე, ვისთან მაქვს ურთიერთობა. იმედია, ცუდად არავინ გამიგებს, მაგრამ, პროფესიონალი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, პროფესიონალ ჟურნალისტს შევხვდე და პროფესიონალური ინტერვიუ ჩავწერო. მასმედიის წყალობით, პროფესიონალებს ვგულისხმობ, ყოველთვის მაქვს შანსი, მოედნის გარეთაც ნახოს ჩემი ხასიათი ხალხმა – რადიკალურად განსხვავებული ვარ. ამ ჩამოსვლისას იყო რამდენიმე გადაცემა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, იყო ისეთებიც, სადაც მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამ ყველაფერთან ერთად, იყვნენ ისეთი ჟურნალისტებიც, რომ დამიკავშირდნენ, მაგრამ ინტერვიუზე უარი ვუთხარი, რადგან ასე იყო საჭირო. ერთი სიტყვით, ჩემზე რაღაც სისულელე დაიწერა ერთ-ერთ ჟურნალში, რასაც დიდად ყურადღებას არ ვაქცევ.

– თუმცა, რაც არ უნდა დაიწეროს, ყველამ კარგად იცის, ზაზა ფაჩულია ვინც არის. 

– ჩემი დამალვა შეუძლებელია, ყველაფერს რომ თავი დავანებო, რამსიმაღლე ვარ. თამაში მარტო მოედანზე, მის გარეთ კი ვიქცევი ისე, და ვაკეთე იმას, რაც გულში მიდევს და როგორიც ვარ.

– მოედანზე საკმაოდ ემოციური ხარ, მის გარეთ კი, იუმორით სავსე, მხიარული და კომუნიკაბელური.

– აბა, სულ გაბრაზებული ჩემი მტერი იყოს. რა თქმა უნდა, მოედანზე საქმეს სხვანაირად ვუდგები, იქ მოგებაზეა თამაში და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. წაგებას ვერ ვიტან. რაც მეტი მატჩი გაქვს მოგებული სპორტსმენს, მით უფრო დაფასებული ხარ და კარიერაც წარმატებული გაქვს. ჩემთვის მოგება ძალიან კარგი გრძნობაა, ამიტომ წაგებას არ ვცნობ.

– ანუ, რომ ამბობენ, მოგება და წაგება ძმები არიან, ბურთი მრგვალია და სხვა მსგავს გამონათქვამებს არ ეთანხმები?

– არანაირად არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, წაგებაც ვიცი, მაგრამ ვერ ვიტან, არ მიყვარს. მთავარია, რაც შეიძლება, მეტი მოიგო.

– წარმატებისთვის, გარდა მონაცემებისა, შენი აზრით, კიდევ რა არის საჭირო?

– გარდა ნიჭისა და კარგი მონაცემებისა, სპორტსმენის წარმატებისთვის, ბევრი შრომის გარდა, აუცილებელია ღვთის წყალობა და გამართლება.

скачать dle 11.3