კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის რას აძლევს გიორგი ჯაჯანიძე და რას იღებს სანაცვლოდ

ზოგჯერ ადამიანი იმდენად გულწრფელია, შეიძლება, მის სიმართლეში ეჭვიც კი შეიტანო, მაგრამ, სიყალბე ყოველთვის ადვილად შესამჩნევია. გიორგი ჯაჯანიძე სწორედ ის რესპონდენტია, რომლის ინტერვიუთი ჟურნალისტიც და მკითხველიც ბევრ რამეს სწავლობს, უბრალოდ, ადამიანებს გვიჭირს, დავინახოთ უფრო მეტი, ვიდრე თავზე დადებული უთო.

– გასულ კვირას FM 104,3-ზე რადიო „პოზიტივის“ ეთერში გავიდა თქვენი პირველი გადაცემა – „ადამიანი“, რომელიც მადლიერებას ეძღვნებოდა.

– ზოგადად, გეგმებით არ ვცხოვრობ. მთელი ჩემი ცხოვრება არის სპონტანურად აწყობილი, რაც უფრო ამართლებს, ვიდრე წინასწარ გათვლილი. სულ იმას ვამბობ, რომ დაბადებიდან დღემდე ჩემი ცხოვრება სპონტანურია-მეთქი და, მგონი, ჩემი დაბადებაც კი სპონტანურად მოხდა (იცინის). პირველად 11 წლის ვიყავი, როცა სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სადურგლო ცეხში –ხის ყუთების ამწყობად დავიწყე მუშაობა. 7 კაპიკს მიხდიდნენ ერთი პატარა ხის ყუთის გაკეთებაში, დიდში – 11 კაპიკს. ასე მოვაგროვე პირველი საკუთარი ფული, ასე დავიწყე ცხოვრება და მას შემდეგ ვმუშაობ. მთელი ცხოვრება მიმართლებს – ვხვდები საჭირო დროს საჭირო ადგილას.

ჩემი ახალი გადაცემა – „ადამიანი“ – მთლიანად მსმენელზეა ორიენტირებული. პირველი გადაცემა მადლიერებაზე გავაკეთე, რადგან, მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე კარგი თვისება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს. ჩემი წარმატების საიდუმლო სწორედ მადლიერებაშია. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჩემს უმადურობაზე სიტყვა წამოსცდება. ძალიან ყურადღებიანი ვარ და არასდროს მავიწყდება, თუკი ოდესმე ვინმე დამხმარებია. ძალიან მარტივია, ადამიანი გაახარო თუნდაც ერთი სიტყვით – „გმადლობთ“. გულწრფელი მადლობა ყველაფრის საზღაურია და ეს არის გენიალური სიტყვა, რომლითაც მადლიერებას გამოვხატავთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი მეშვეობით გადავუხადო უღრმესი მადლობა რადიო „პოზიტივის“ დირექტორს, ალექსანდრე წივწივაძეს, რომელიც მენდო, როგორც პროფესიონალს და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დამითმო ეთერი. ასე რომ, მისმინეთ FM 104,3-ზე რადიო „პოზიტივში“, ყოველ პარასკევს, 10 საათზე.

– რაც შეეხება ყბადაღებულ თემას თქვენს ვიზუალურ იმიჯთან დაკავშირებით, როგორი იქნება?

– რადიოში ეგ პრობლემა მოხსნილი მაქვს. უცნაურად არ მოგეჩვენოთ ჩემი ნათქვამი, მაგრამ, მინდა, სადმე, შემაღლებულ ადგილას, კვარცხლბეკზე დავდგე და რუპორით ვიყვირო, ისე, გაიგოს ცამ და დედამიწამ: მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და არაფრით გამოვირჩევი სხვებისგან. ვარ მორცხვი, მორიდებული და თავმდაბალი. მინდა, ყველას გავაგებინო, რომ შოუ არის სანახაობა, სანახაობა კი მოითხოვს ვიზუალურ ეფექტს და, აქედან გამომდინარე, მე ვაკეთებდი შოუს, რომელიც კარგად იყიდებოდა – სწორედ ამ ვიზუალურობის წყალობით მყავს მაყურებელი. მე არ ვარ სკანდალური, არც ეპატაჟური; სიმართლეს როცა ვამბობ, სკანდალი ჰგონიათ.

– ვერ დაგეთანხმებით, რომ ეპატაჟური არ ხართ.

– რატომ? სად მნახეთ ცხოვრებაში ეპატაჟური? შოუმდე ხომ მიცნობდით, ცხოვრებაში ხომ არ დავდივარ ბრჭყვიალა ტანსაცმლით და თავზე დამაგრებული ჩაიდნით (ერთ გადაცემაში უთოც მქონდა დამაგრებული თავზე)? არ ვიცი, სხვისი გადმოსახედიდან, ალბათ, ვარ ეპატაჟური, მაგრამ, მე ასე არ მიმაჩნია. პრინციპში, მე რომ მისმინოთ, შეიძლება, ახლა ფრთებიც გამომესხას და გავფრინდე, ისე მიყვარს საკუთარი თავის ქება – სხვათა შორის, ეს ჩემი ერთ-ერთი მინუსია და კიდევ ბევრ მინუსზე მოგიყვებით, თუკი გაგიხარდებათ. ჩემი პლუსია, რომ ვარ გულწრფელი; ვიცი, რა უნდა ტელემაყურებელსა და რადიომსმენელს; ისიც ვიცი, რა უნდათ ჩემგან ჟურნალისტებსა და ყვითელ პრესას. მე ხალხზე ვმუშაობ და ვარ რეიტინგული. მეამაყება, რომ მაყურებელს, მსმენელსა და მკითხველს ვუყვარვარ – ამას ყოველ ნაბიჯზე ვხედავ.

– ხშირად გადაგიგდიათ ანკესი, ანუ, შეგიგდიათ თემა, რომელზეც გინდოდათ, გელაპარაკათ?

– მახსოვს ჩემი პირველი ინტერვიუ ყვითელ პრესაში, როცა ჟურნალისტმა დამირეკა და ინტერვიუ მთხოვა. ვკითხე, რა თემაზე უნდა ვისაუბროთ-მეთქი. რომ მოვიდა, მე ჩემთვის უკვე მზად მქონდა ფრაზები და ვიცოდი, სავარაუდოდ, რომელ სათაურს გამოიტანდა, თან, დარწმუნებული ვიყავი, რომ გარეკანზე აღმოვჩნდებოდი. მე ვლაპარაკობდი იმას, რაც ჟურნალის მეპატრონისთვის სასარგებლო იქნებოდა კომერციული თვალსაზრისით და, რაც მთავარია, მკითხველს მოეწონებოდა და კმაყოფილი დარჩებოდა.

– ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საქმის პროფესიონალი ხართ?

– ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ასეა. 1994 წლიდან ვმუშაობ ტელევიზიაში – ასისტენტობით დაწყებული, წამყვანობით დამთავრებული. ვიცი ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი, რომელიც პროფესიონალს სჭირდება. გნებავთ, სკანდალურ ნათქვამად ჩამითვალეთ, მაგრამ, რომ ამბობენ, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, ისეა დღეს. უპატრონო ტელევიზიებს არაპროფესიონალები დაეპატრონენ. 

– ასევე, ფსიქოლოგობასაც იჩემებთ, თუ, შეგიძლიათ, დიპლომი ამაფაროთ სახეზე?

– ამასაც გეტყვი. ის ყბადაღებული თემა, რომ ჭიათურიდან ცალ-ცალი კალოშით ჩამოვედი – უკვე გადავიტანეთ. მერე ჩემი ფსიქოლოგობა გახდა სალაპარაკო. ზოგადად, მე ვარ კარგი მსმენელი: ვუსმენ ყველას, მაინტერესებს ყველაფერი და, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს ვაძლევ რჩევებს, რომლებიც არის ზედმიწევნით ზუსტი. ამიტომაც, ისინი მეორედ, მესამედ და მეექვსედაც მოდიან ჩემთან. ასე იყო ყოველთვის. იმდენი მიძახეს, ფსიქოლოგი ხარო, რომ სერიოზულად დავფიქრდი ამ პროფესიაზე, რის გამოც გადავწყვიტე, საფუძვლიანად შემესწავლა ეს დარგი. კეთილ ადამიანებს რა დალევს, კეთილი ადამიანების წყალობით გავიარე სპეციალური კურსები ამერიკაში, რომლის შესაბამისი სერტიფიკატიც მაქვს. ახლა ხომ მოდაშია დიპლომებისა და სერტიფიკატების ფრიალი?! არ იცი, როგორ ვგულშემატკივრობდი თეა წულუკიანს, როცა თავს დაესხნენ დიპლომების გამო. ასე რომ, მაქვს სერტიფიკატი – „ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ფსიქოკოდირების“ შეცნობა.

– როგორც ვიცი, საკმაოდ ასაკში იყავით, როცა კიდევ ჩააბარეთ უნივერსიტეტში. 

– 41 წლის ასაკში ჯავახიშვილში ჩავაბარე, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ეს ამხელა კაცი დილით 19-20 წლის სტუდენტებთან ერთად ვიჯექი ლექციებზე, მერე მივდიოდი თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც მე ვკითხულობდი ლექციებს. სხვათა შორის, საფრანგეთში არის პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სკოლა, სადაც თინეიჯერებთან კონტაქტსა და კომუნიკაციას ასწავლიან – თუ როგორ უნდა მართონ პედაგოგებმა თინეიჯერი მოსწავლეები, მე კი ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე – სიბერეში უნივერსიტეტში სწავლამ დიდი გამოცდილება შემძინა.

– თქვენზე ბევრს ჭორაობენ და, ალბათ, თავადაც გსმენიათ ბევრი არასასიამოვნო ინფორმაცია საკუთარ თავზე. არ გთრგუნავთ ეს ყველაფერი?

– იყო პერიოდი, როცა ეს თავდასხმა მტანჯავდა, მანადგურებდა, დეპრესიაში მაგდებდა, რადგან, ვერ ვხვდებოდი, რისთვის, რატომ მერჩოდნენ. ერთ ასეთ მტანჯველ ღამეს ვიფიქრე: მე რომ ისევ ყუთებს ვჭედავდე და გროშებს დავეძებდე, მაშინ ხომ არავინ იჭორავებდა, არავისთვის ვიქნებოდი საინტერესო ობიექტი, პირიქით, ისინი შემიცოდებდნენ და იტყოდნენ: საყვარელი, საცოდავი პატიოსანი კაცი, როგორ შრომობს მუხლჩაუხრელადო.

– ანუ, ცაში ფრენა გირჩევნიათ მიწაზე ხოხვას?

– მე მინდა, ვიფრინო, ვიყო ლაღი და დავტკბე ცხოვრებით; არ მინდა, ვიყო თხუნელა, მირჩევნია, ბეღურა ვიყო. ადამიანები ხომ მტრედს უფრო ადვილად უქნევენ ხელს და არ დასდევენ მიწაში ჭიაყელას? ვგიჟდები, ისე მიყვარს მტრედი, მაგრამ, როცა მანქანაზე მტრედის დასკინტლულს ვხედავ, ვბრაზდები. ჭიაყელა არავის არ უყვარს, მას ვერ ვხედავთ და არც გვაწუხებს, თუმცა, ბარით არ ვდგავართ, რომ ამოვჩიჩქნოთ მიწიდან და გავჭყლიტოთ. ასე რომ, თავდაცვის ინსტინქტი გამომიმუშავდა და, არ არსებობს თემა, არ არსებობს არანაირი საკითხი ამქვეყნად, რომელიც მე ნერვებს მომიშლის, გავღიზიანდები და დავითრგუნები. კარგად მაქვს გააზრებული, რომ ერთი წამის შემდეგ, ნებისმიერი მოვლენა უკვე წარსულია. უკვე წლებია, ასე ვარ და გაცილებით მშვიდადაც ვცხოვრობ. ამას წინათ, ინტერნეტში ვნახე სამგვერდიანი სტატია, სადაც ავტორმა მიწასთან გამასწორა, მაგრამ, იმდენად კარგი ქართულით იყო დაწერილი, სუფთა გრამატიკული ენით, რომ „სიამოვნებით“ წავიკითხე ბოლომდე. მერე მივწერე ჩემს „კეთილის მსურველს“: დიდი ხანია, ასეთი კარგი ქართულით დაწერილი არ წამიკითხავს, რატომ დაკარგეთ ძვირფასი დრო ჩემს სალანძღავად, არ გერჩივნათ, რამე ღირებული შეგექმნათ და ადამიანის გულისტკენით არ იყოთ დაკავებული-მეთქი?!. მართლა გულწრფელად დამენანა მისი დრო.

скачать dle 11.3