კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაექცა მეგობრებს კახა მიქიაშვილი

11 ივნისს კახა მიქიაშვილის დაბადების დღეა, ის ოცდაცამეტი წლის გახდა და თითქმის ყველამ, ვინც კი, ესაუბრა სწორედ ქრისტეს ასაკში შესვლა მიულოცა, რომელიც განსაკუთრებული ასაკია ნებისმიერი ქრისტიანისთვის. თუმცა, კახა ასე არ ფიქრობს, მისთვის ქრისტეს ასაკია ყველა წელი – დაბადებიდან გარდაცვალებამდე და ამ მოძღვრების მიხედვით, ისე ცხოვრება, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

 კახა მიქიაშვილი: ოცდაცამეტი წლის გავხდი და ვინც მილოცავდა, ყველა იმას მეუბნებოდა, რა მაგარი ასაკია, ქრისტეს ასაკიაო. მაგრამ, თუ ამ მრწამსით იცხოვრებ, სულ ქრისტეს ასაკია – ერთი წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. 

– შენ ამ მრწამსით ცხოვრობ?

– რა დონის თავხედი უნდა ვიყო, რომ ვთქვა, ასე ვცხოვრობ-მეთქი, მაგრამ ნამდვილად ვცდილობ. ალბათ, არ გამომდის ისე კარგად...

– არ გიყვარს საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა?

– არა, კატეგორიულად. სულ სამი დაბადების დღე მახსოვს, რომელიც აღვნიშნე: ორჯერ ბავშვობაში და ერთი იმ წელს, როცა ჩავაბარე, ბაბუაჩემმა გადამიხადა. ახალი ჩაბარებული მქონდა, ჯგუფელების გაცნობა, დამეგობრების სიტუაცია იყო. არ მიყვარს, ჩემ გამო რომ წუხდებიან – ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანს რომ ხდიან და პომპეზურად აღნიშნავენ. თეატრში ხალხი გავანაწყენე. ჩვენს თეატრს აქვს ფანტასტიკური ტრადიცია, რომელიც, როცა უკვე მე შემეხო, აღარ მომეწონა (იცინის). როცა მსახიობს დაბადების დღეა, ინიშნება სპექტაკლი, რომელშიც ის მონაწილეობს, სპექტაკლის შემდეგ სცენაზე ააქვთ ტორტი. მღერიან და შემდეგ კი უკვე თეატრის ბარში ყველა ერთად აღვნიშნავთ. მე ვთხოვე, ეს არც ერთ შემთხვევაში არ გაეკეთებინათ, მაგრამ, იმის გამო, რომ ეჭვი მქონდა, ჩემს თხოვნას არ გაითვალისწინებდნენ, ძალიან ცუდად მოვიქეცი. სპექტაკლის შემდეგ ჩავიცვი, გამოვიპარე და გამოვიქეცი.

– ეს თავმდაბლობის გამო ხდება? მსახიობი მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას და რატომ გაქვს ასეთი ცუდი განცდები?

– არა, პირიქით, ამპარტავანი ვარ და ეს ვიცი. რაც შეეხება მსახიობობას, არავინ ქუჩაში არ მახტება და კალთებს არ მაგლეჯს, მაგრამ თუკი ვინმე კომპლიმენტს მეუბნება, ან რაღაც სითბოს გამოხატავს, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. მსიამოვნებს, რა თქმა უნდა, ვინც ამბობს, არ მსიამოვნებსო, ტყუის. ანუ, კი არ მაწუხებს, უბრალოდ, უხერხულად ვარ. დაბადების დღეზეც ასეა, ერთი სიტყვით, არ მომწონს პომპეზურობა. 

– როგორ შეაფასებ განვლილ ოცდაცამეტ წელს?

– ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის ამ წლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებთან ურთიერთობის ბედნიერებაც მომცა. როგორი და რა მასშტაბის, იერარქიის ადამიანებთან ვმეგობრობ, ხშირი ურთიერთობა მაქვს, ამაზე რომ ვფიქრობ, ვგიჟდები: სულ ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას: ეს რით დავიმსახურე?! ჩემი ცხოვრებით ეს ნამდვილად არ დამიმსახურებია, უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა, უფრო მეტი მომესწრო. თეატრალურში რომ ვაბარებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი და ვერც ვიოცნებებდი, თუ ასე წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. თან, მარტო ჩემს სფეროს არ ვგულისხმობ... 

– ამ ადამიანებს შორისაა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი...

– მათ შორისაა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ამ თემას არ შევეხოთ, რადგან მერიდება ამაზე ლაპარაკი. მრცხვენია ამ თემაზე საუბარი. მასთან ურთიერთობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და როდესაც ვაცნობიერებ, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვეულებრივად ვიღებ, ეს კიდევ სხვა შეგრძნებებს იწვევს. მოკლედ, ბევრი მომენტია. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრება ასე წავიდოდა და სულ ვეუბნები საკუთარ თავს: როდის კახა, როდის დაიწყებ...

– რას დაიწყებ?

– მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ ფიქრობს, როგორ გახდეს უკეთესი, როგორ გამოიმუშაოს უფრო კარგი თვისებები და წინ კარგი მხარე წამოსწიოს... მინდა, გავხდე უფრო მომთმენი, უფრო დამთმობი... და აი, ყოველდღე ვიწყებ, როგორც ყოველი ორშაბათიდან დიეტას იწყებენ, ისე... 

– ეს არის ცხოვრების შეფასების წმინდა ადამიანური მხარე, როგორ შეაფასებ განვლილ ეტაპს პროფესიულად?

– პროფესიაში კიდევ ორმაგად, იმდენად გამიმართლა, ხან რომ ვფიქრობ, ვიბნევი. თან, ადამიანი ხომ ასეა მოწყობილი, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, ისე ეჩვევი, მის განსაკუთრებულობას ვეღარ გრძნობ, ვეღარ აფიქსირებ, რა ხდება შენს თავს. დღიდან ჩაბარებისა და მას შემდეგ უკვე თხუთმეტ წელზე მეტი გავიდა, არასდროს მქონია შემოქმედებითი პაუზა. უპირველესად, გამიმართლა, რომ ჩემი პედაგოგი, შალვა გაწერელია იყო, რომლის წლისთავიც ახლა შესრულდა. ის იყო აბსოლუტურად ფენომენალური მოვლენა, როგორც ხელოვანი, პედაგოგი და პიროვნება. ამაზე მთელი თეატრალური სამყარო შეთანხმებული იყო. მის მოწაფეებს ერთგვარი იარყილი, ეტიკეტი გვეკვრებოდა, რომელიც ნიშნავდა, რომ მორჩა, გზა ხსნილია, აღარავინ გამოწმებს. ჩვენთან ზედმეტი კითხვები აღარ არსებობდა. ეს ბედნიერებაა... მან თავიდან ბოლომდე შემცვალა. მანამდე ვიყავი სხვა ადამიანი და გავხდი სრულიად სხვა. მოკლედ, მას შემდეგ ჩავარდნა არ მქონია, პირიქით, სულ უდროობას ვუჩივი.

– ადამიანური მხარე, ოჯახი და სამსახური – სამივე მიმართულებით ჰარმონია გაქვს, რის გამოც, თამამად ამბობ, რომ ბედნიერი ხარ?

– კი, უმადური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, რაღაცაში არ გამიმართლა და ჩემი ბედის უკმაყოფილო ვარ-მეთქი. გარდა თეატრალური სივრცისა, პროფესიამ უამრავი კავშირი მომიტანა, ძალიან დიდი სივრცე გახსნა ჩემ წინ. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ბედნიერი ვარ... უფალმა ცხოვრების ხელახლა გავლის საშუალება რომ მომცეს, აუცილებლად იგივე გზას ავირჩევდი. 

– სამსახიობო წრეებში სულ არის წუწუნი ფილმების, სპექტაკლების შესახებ... შენ კი უდროობას უჩივი. აქვე, მინდა გკითხო, ხომ არ ფიქრობ, რომ ავთო ვარსიმაშვილის ფილმებმა შენი შტამპირება მოახდინა?

– ნაბიჯ-ნაბიჯ ფეხზე დგება ქართული კინო. მე რომ ვსწავლობდი, ქართულ კინოზე ლაპარაკი და კრიტიკა კი არა, თეატრალურში კინოსარეჟისოროზე ხალხი ისე სწავლობდა, კამერა არ ჰქონდათ. ჩემი თაობისთვის წარმოუდგენელი იყო, კინოთეატრებში ქართული ფილმი. ახლა მიდიხარ და რამდენიმე ფილმს უჩვენებენ. ხარისხი და დონე სხვა საუბრის თემაა. მთავარია, გადაიღო და დრო მხოლოდ კარგს დატოვებს. რაც შეეხება ავთოს ფილმებს, უფრო ინტენსიურად, რა თქმა უნდა, მის ფილმებში ვთამაშობ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამან ჩემი შტამპირება მოახდინა, რადგან პარალელურად, ვიმუშავე კოღუაშვილის „ქუჩის დღეებზე“ და რენე ჰარლენთან. ბატონი ავთო სულ აღნიშნავს, რომ არ აქვს ამბიცია კინორეჟისორობაზე და ფილმებს მხოლოდ ორი მიზეზით იღებს და მისი ეს მიზეზები სწორია. პირველი – ეს ემსახურება ჩვენი თეატრისა და მსახიობების პოპულარიზაციას და მან ეს ფანტასტიკურად მოახერხა. ჩვენს თეატრში ყველა იცნობს მსახიობებს, არა მხოლოდ პოპულარობის, არამედ ნიჭის ხარჯზეც და ამის გამო თეატრი სულ სავსეა; მეორე - კომერციაა და თუ რეიტინგებს ამოიღებთ კომერციულობაშიც დარწმუნდებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ფილმები არ არის კინემატოგრაფიის შედევრები და ამის ამბიცია არც გვაქვს.

– როგორ არის აწყობილი შენი დღე, სამსახურში წასვლა გიხარია და მერე სახლში დაბრუნება, სადაც ჰარმონია გხვდება?

– სამწუხაროდ, ასე არ ხდება, რადგან სახლში ისეთ დროს მივდივარ, ერთი სული მაქვს, საწოლამდე მივიდე. ღამის ცხოვრებას დიდი ხანია, ჩამოვშორდი, ძალიან მღლის. მაქსიმუმ, ჩემი ღამის ცხოვრება ზაფხულში, უახლოესი მეგობრების წრეში, ღია კაფეში ჩაის დალევით და ერთმანეთთან სახლებში სტუმრობით შემოიფარგლება. დილა, ყოველდღე ექვს-შვიდ საათზე ადგომით იწყება, თითქმის მთელი დღე – საქმეები, რეპეტიციები, სპექტაკლები. ყველაზე დიდი ჰარმონია მართლა სახლია, რადგან ვერ გეტყვი, რომ ყოველ დილით სამსახურში გაქცევა მიხარია. ხანდახან ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ არ ვწუწუნებ, რადგან იმ საქმით ვიღლები, რომელიც ძალიან მიყვარს. 

– როგორი მამა ხარ?

– ალბათ, ცუდი. მინდა, გაცილებით უკეთესი ვიყო და მეტი დრო მქონდეს მათთვის. თან, გოგონებს განსაკუთრებულად უყვართ მამა და ამას ჩემს შვილებთან ვგრძნობ. 

– ფსიქოლოგები ამბობენ, გოგონები რომ პრინცზე ოცნებობენ, პირველი მამააო...

– კი, ვიცი, ეს ყველაფერი და სამწუხაროდ, ვერ ვარ იდეალური მამა. მინდა, უფრო ყურადღებიანი, თბილი, მოკლედ, „დიდი დოზით მამა“ ვიყო. ალბათ, ოდესმე მიხვდებიან, რომ თუ მათ ახლა ყურადღება აკლიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო კარგად იყვნენ და მეტ კომფორტში გაიზარდონ. ახლაც გასტროლიდან ჩამოვედი და მივხვდი, რომ თუ ადრე, მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი, ახლა უპირველესად, ბავშვების სექციაში შევდივარ და გაჩერება არ ვიცი. ბავშვებით იწყება ჩემთვის ყველაფერი და ძალიან მინდა, კარგი მამა ვიყო.

скачать dle 11.3