კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეშინოდათ მამაც ავღანელებს მხოლოდ ქართველების და რატომ იყენებდნენ ირანში აჯანყებების ჩასახშობად ქართველების რაზმებს

 ფაქტია, რომ ქართველებს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში (იმ მიზეზითაც, რომ უფრო ხშირად ვასალურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით), ხშირად უწევდათ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ ომებში მონაწილეობა. სხვათა შორის, მაშინაც დღევანდელი მოტივით – საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათ შორის, არც ავღანეთში მშვიდობის დამყარებაა სიახლე ქართული სინამდვილისთვის: სეფიანთა ირანისთვის ავღანეთის ტერიტორიაზე მოსახლე მომთაბარე ტომების დამორჩილებას ქართლის მეფეების – გიორგი მეთერთმეტისა და მისი ძმისშვილ ქაიხოსროს სიცოცხლეც შეეწირა, ბუნებრივია, თანამემამულე მეომრებთან ერთად. დღევანდელობისგან არცთუ შორეული, მეთვრამეტე საუკუნის მოვლენებს მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს – მაშინდელი „აისაფის“ ოპერაციას უშუალოდ ქართლის მეფეები ხელმძღვანელობდნენ და სწორედ მათ ემორჩილებოდა მათივე დაქვემდებარებაში მებრძოლი ირანის ჯარიც.

გიორგი მეთერთმეტისა და ქაიხოსროს ავღანურ კვალს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე გაგვახსენებს.

– სანამ უშუალოდ ავღანურ ეპიზოდზე გადავალთ, მოკლედ მიმოვიხილოთ, რა მდგომარეობა იყო ქართლის სამეფოში მაშინ, როდესაც მის ტახტზე გიორგი მეთერთმეტე ავიდა? 

– გიორგი მეთერთმეტე იყო ქართლის მეფე ვახტან მეხუთის, შაჰ-ნავაზის შვილი. ეს ის პერიოდია, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებულია ირანის  სეფიანთა დინასტიის პოლიტიკური გავლენა. მართალია, დიდხანს მიმდინარეობდა ბრძოლა ქართველებსა და სპარსელებს შორის, მაგრამ ბოლოს, როდესაც ქართლში დაინიშნა როსტომი, მიღწეულ იქნა კომპრომისი და სპარსელები აღარ ერეოდნენ ქართლის შიდა საქმეებში.

– თუმცა როსტომ-ხანი ისეთი ხვითო იყო, აღარაფერში სჭირდებოდათ სპარსელებს შიდა საქმეებში ჩარევა, ის თვითონაც წარმატებით ატარებდა სპარსულ პოლიტიკას.

– როსტომი მუსლიმანი იყო, სპარსეთში გაზრდილი და მუსლიმანობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ მის შემდგომებს, მეფობა რომ მიეღოთ, უნდა გამუსლიმანებულიყვნენ, თუმცა ქვეყანა ისევ ქრისტიანულად რჩებოდა, ოღონდ როსტომიდან მოყოლებული სპარსული წესები ფართოდ შემოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში.

– კინტოებითაც როსტომმა „გაგვაბედნიერა“.

– დიახ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ქართლის გამგებლებს ორმაგი ტიტული ჰქონდათ და ეს მსოფლიო ისტორიაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ქართველებისთვის ისინი იყვნენ მეფეები, მაგრამ ირანის სახელმწიფოში –  დიდმოხელეები და პროვინციის გამგებლებს წარმოადგენდნენ. სპარსეთის იმპერიაში პროვინციის გამგებლის ტიტული იყო ბეგლარ-ბეგი, რაც ბეგთა ბეგს ნიშნავს, მაგრამ, ამასთანავე, იყვნენ განსაკუთრებით მაღალი დონის გამგებლები, რომლებსაც ეწოდებოდათ ვალი. ვალიც იგივე გამგებელი იყო, მაგრამ ირანში ვალის უფრო მაღალი სტატუსი ჰქონდა, ვიდრე ბეგლარ-ბეგს. სპარსეთში სულ ოთხი ვალი იყო და ერთ-ერთი –  გურჯისტანის ვალი, ანუ ქართლის მეფე. ანუ ირანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოხელე იყო ქართლის მეფე. მსოფლიოში ხშირია ასეთი მაგალითები: თავის თავს მეფეს უწოდებენ, სხვა ქვეყნისთვის კი, ვისი ვასალიცაა, მოხელეა. გიორგი მეთერთმეტემ პირველმა სცადა, გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან.1688 წელს მან დაიწყო აჯანყება შაჰის წინააღმდეგ.

 – უკვე იყო ვალი?

– ქართლის გამგებელი 1676 წლიდან იყო, მაგრამ 1688-ში აჯანყდა, თუმცა დამარცხდა და იმერეთს შეაფარა თავი, მის ადგილას შაჰმა დანიშნა ერეკლე პირველი, ნაზარალი-ხანი, კახეთის შტოს ბაგრატიონი.

– კახეთში რა ხდებოდა ამ დროს?

– ირანის სამეფოში კახეთის სტატუსი ცოტა უფრო დაბალი იყო, ვიდრე ქართლის. მას შემდეგ, რაც შაჰ-აბასმა კახეთი გაანადგურა, კახეთში ხან ყიზილბაში ხანები არიან, ხან კახეთის ტერიტორიას შაჰი უმტკიცებს როსტომს და შემდეგ იქ ისევ კახეთის ბაგრატიონები ბრუნდებიან, მაგრამ მეფობა იქაც არის. ჩვენი ქართული წყაროები მეფეს უწოდებენ, მაგრამ, ირანული წესით, ქართლის მეფეს უფრო მაღალი სტატუსი ჰქონდა და გურჯისტანის ვალად იწოდებოდა, რადგან მიიჩნეოდა, რომ, ქართლი უფრო ინახავდა ირანის ერთგულებას, არადა, ეს სულაც არ არის სწორი, იმიტომ რომ მთელი მეთექვსმეტე საუკუნის განმავლობაში, როდესაც კახეთი დიპლომატიურად იქცევა და ომებში არ იღებს მონაწილეობას, სწორედ ქართლი იცლება სისხლისგან ომებში, მაგრამ ისე დაფიქსირდა, რომ თითქოს ქართლი ლოიალური იყო სეფიანთა ირანისადმი. ერთი სიტყვით, ქართლის მეფე ვალი იყო, კახეთის –  ხანი, ჩვენთვის კი ორივე მეფე იყო, იმიტომ რომ ორივენი ბაგრატიონთა შტოს წარმოადგენდნენ. მაშინაც კი, როდესაც გიორგი მეთერთმეტე აჯანყდა, მის ადგილას ისევ ბაგრატიონი მეფე დანიშნეს. ასე რომ, სპარსელებიც რაღაც ზღვარს არ გადმოდიოდნენ, რადგან მათთვის მთავარი იყო, შენარჩუნებულიყო მათი უზენაესობა.

– ერთია, ჩვენი, ქართველების, დამოკიდებულება ბაგრატიონთა დინასტიისადმი, მაგრამ, ფაქტობრივად, არც ერთ დამპყრობ იმპერიას არ დაუყენებია ეჭვქვეშ მათი პირველკაცობა.

– იმიტომ რომ დაქვემდებარებასაც აქვს თავისი საზღვარი. ვასალიტეტი ეს არის გარკვეული კომპრომისი. ამდენად, მათ რომ გადაეყენებინათ ქართველი მეფეები და თავიანთი ყიზილბაში ხანი დაენიშნათ.

– მე ვგულისხმობ, რატომ, მაინცდამაინც, ბაგრატიონები, სხვა დიდგვაროვნებზე რატომ არ გაუკეთებიათ აქცენტი?

– ჩვენთან, ისევე, როგორც ზოგიერთ ტიპურ ფეოდალურ ქვეყანაში, განმტკიცებული იყო დინასტიისადმი პატივისცემა. დასავლეთ საქართველოში იყო მცდელობები და ერთხელ გურიელი დაინიშნა მეფედ, მაგრამ ამან არ გაამართლა. ამდენად, არ დამდგარა ბაგრატიონების შეცვლის საკითხი მას შემდეგ, რაც ისინი გამეფდნენ საქართველოს ტახტზე მეათე საუკუნის ბოლოდან. თუმცა იყო პერიოდები, როდესაც, ამა თუ იმ პროვინციაში, დამპყრობლები მოსპობდნენ მეფობას, მაგრამ უფრო ხშირად ისინი შეურიგდებოდნენ ხოლმე მათ ვასალობას. ვასალობა კი დიდხანს გრძელდებოდა: საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი მეფეები უფრო მეტად ვიღაცის ვასალები იყვნენ, მაგრამ ისინი არასდროს გაუყრიათ და არ ყოფილა შემთხვევა, ტახტი ეპყრათ უცხოელ ნაცვლებს, ასეთი რამ შედარებით იშვიათად ხდებოდა.

– ეს რუსეთმა გაგვიკეთა.

– დიახ, თუმცა ირანისგანაც იყო მსგავსი მცდელობები და ოსმალეთისგანაც, მაგრამ, საბოლოოდ, დამპყრობლები იძულებულნი ხდებოდნენ, მაინც აღედგინათ მეფობა. ამდენად, მათთვის უფრო მიზანშეწონილი იყო კომპრომისი: საქართველოში ყოფილიყო ქართველი მეფე და, ამავდროულად, მათი ვასალი.

– ნაზარალი-ხანთან შევჩერდით.

– გიორგი მეთერთმეტე ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი და გამოცდილი მეომარი იყო. მან 1691 წლიდან ხელახლა დაიწყო ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად და რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა ნაზარალი-ხანს, რომელსაც სპარსეთის ჯარიც უჭერდა მხარს და ქართლის ზოგიერთი თავადიც. ქართლი, ფაქტობრივად, აოხრდა ამ ომების შედეგად, რაც ბოლოს იმით დასრულდა, რომ 1696 წელს შაჰმა შერიგება შესთავაზა გიორგი მეთერთმეტეს. მართლაც, გიორგი მეთერთმეტე ისპაჰანში ჩავიდა, ეახლა შაჰს და 1703 წლიდან  ისევ დაინიშნა ქართლის გამგებლად. ისმის კითხვა: რატომ დასჭირდა ირანის შაჰს გიორგისთან შერიგება? იმ დროს სეფიანთა ირანი უკვე დასუსტებული იყო, მათი ძლიერების მწვერვალი, მოგეხსენებათ,  იყო შაჰ-აბას პირველის მეფობის პერიოდი. იმ პერიოდში კი მათი ჯარი უკვე შესუსტებულია და დამორჩილებული ხალხები იწყებენ აჯანყებას. ერთ-ერთი სახიფათო ფრონტი ირანისთვის ხდება აღმოსავლეთის მომთაბარე ტომები: ავღანელები, ბელუჯები, რომლებიც დიდ პრობლემას უქმნიან ირანელებს აღმოსავლეთში და ასეთ პირობებში ორ ფრონტზე ბრძოლა  –  აქეთ ქართველებთან, სხვათა შორის, დაღესტანიც ძალიან გააქტიურდა, ირანის შაჰი იძულებულია, რაღაც გამოსავალი ეძებოს და მიაღწია მათთვის მართლაც ოპტიმალურ ვითარებას: გიორგი მეთერთმეტე ისევ მეფედ დანიშნა, მას უბოძა ირანის ჯარების მთავარსარდლობა.

– მაინც ენდობოდნენ?

– ქართლის მეფეებს, როგორც გითხარით, ძალიან მაღალი სტატუსი ჰქონდათ ირანში. მათ იქ, ირანში, მთელ სოფლებს სჩუქნიდნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იმ პროვინციებიდან მოკრეფილი ფულადი გადასახადი იქნებოდა თუ  პროდუქტი  ან ხელოსნური ნაწარმი, ყოველწლიურად იგზავნებოდა ქარავნებით თბილისში. ასე რომ, პრივილეგიებით სარგებლობდნენ ქართლის ვალები და, გარდა იმისა, რომ ქართლის მეფეები იყვნენ, სხვადასხვა კუთხეს უბოძებდნენ ხოლმე –  ერევანს, განჯას თუ სხვას. სხვათა შორის, ირანის დედაქალაქის თავები, ტარუღები, როგორც წესი, სწორედ ქართველი უფლისწულები იყვნენ.

ერთი სიტყვით, გიორგი მეთერთმეტე ირანის ჯარის მთავარსარდლად დანიშნეს და მომთაბარე ტომებთან საომრად გაუშვეს 4 000 ქართველ მეომართან ერთად. თავის მოადგილედ, რომელსაც ჯანიშინი ეწოდებოდა, გიორგიმ თავისი ძმა დანიშნა, შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსედ წოდებული.

– მხოლოდ ქართველ მეომრებთან ერთად წავიდა გიორგი მეთერთმეტე ავღანელებთან საბრძოლველად?

– თან 20 000 ირანელი და 4 000 ქართველი წაიყვანა. საერთოდ, ირანის ჯარს იმ დროს ბრძოლისუნარიანობა დაკარგული ჰქონდა, ავღანელები მათ ამარცხებდნენ. იმ პერიოდში ყველაზე მეტად ავღანეთში აქტიურობდა ტომი ღილზაი, რომელთა ბელადი იყო ვინმე მირვაისი. ეს მირვაისი ამარცხებდა ირანელებს, მაგრამ გიორგი მეთერთმეტემ დაამარცხა აჯანყებულები, შეიპყრო მირვაისი და შაჰს გაუგზავნა. შაჰმა გიორგი მეთერთმეტე დაპყრობილი ტერიტორიების გამგებლად დანიშნა და მისი რეზიდენცია იყო ქალაქ ყანდაგარში, ავღანეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქში, თუმცა, ოფიციალურად, ის ქართლის მეფეც იყო. ვახტანგი დროდადრო ავღანეთში მყოფ ჩვენს ჯარს ავსებდა, მუდმივად იგზავნებოდა 500 ან 1 000-კაციანი რაზმები.

– როტაცია ხდებოდა. ისტორიულად გვქონია დაბედებული. რას უწოდებდნენ გიორგი მეთერთმეტეს ავღანეთში?

–  გურგინ-ხანს. მაგრამ რა ხდება: მირვაისმა, თუმცა ტყვეობაში, მოახერხა შაჰის ნდობის მოპოვება, თან, შაჰებიც მუდმივად დაპირისპირებაზე თამაშობდნენ, რომ ვინმე არ გაძლიერებულიყო. შაჰმა გაათავისუფლა მირვაისი. ბუნებრივია, მირვაისმა შეჰფიცა, რომ მისი ერთგული იქნებოდა. მირვაისი დაბრუნდა ყანდაგარში. გურგინ-ხანმა ის მიიღო. გიორგი რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდა ყანდაგარს, მირვაისი კი ამასობაში ამზადებდა ახალ შეთქმულებას და ეშმაკური რამ მოიფიქრა. ყველაზე საშიში ძალა ავღანელებისთვის ქართველები იყვნენ. როგორც ერთი იმ დროინდელი სომეხი ავტორი, პეტროს გილანელი, აღნიშნავს, ავღანელებს, ამ მამაცსა და მეომარ ხალხს, ყველაზე მეტად ქართველების ეშინოდათო. მირვაისმა ეშმაკობას მიმართა, რომ გიორგი თავისი ქართული კორპუსის გარეშე დაეტოვებინა. მან  ერთ-ერთი ტომი ააჯანყა სპარსელების წინააღმდეგ, შემდეგ თვითონვე დააბეზღა გურგინ-ხანთან ისინი, სამაგალითოდ უნდა დასაჯოთო, და წააქეზა, რომ ქართველები გაეგზავნა აჯანყების ჩასახშობად. სხვათა შორის, ქართველები იმ დროს ირანში გამოიყენებოდნენ აჯანყებების ჩასახშობად. ისპაჰანში აჯანყების ჩახშობისას სულ თავები და ხელები მოაჭრა გიორგი მეთერთმეტის ძმამ ლევან ბატონიშვილმა აჯანყებულებს. გიორგიმ გაგზავნა ქართველების ჯარი აჯანყების ჩასახშობად, ის ტომი დააწიოკეს და გაანადგურეს და, ვინაიდან გიორგი ქართველების, ძირითადი დასაყრდენის, გარეშე დარჩა, მირვაისმა თავისი ღალატი დაგეგმა. მირვაისმა ის თავის სასახლეში მიიწვია მეჯლისზე და იქ, როგორც ეს აღმოსავლეთში ხშირად ხდებოდა ხოლმე, დაახოცვინა  მიწვეული სტუმრები. გიორგიც მოკლეს და მასთან მყოფი სხვა ქართველებიც დახოცეს, ირანელებიც და დაიწყო ავღანელების ახალი აჯანყება.

– რა ბედი ეწიათ იმ ქართველებს, რომლებმაც აჯანყება ჩაახშეს?  

– მათ  ბრძოლით გაარღვიეს გზა და ირანისკენ წამოვიდნენ. ამის შემდეგ შაჰი გიორგის თანამდებობაზე ნიშნავს ქაიხოსროს, გიორგის ძმის შვილს, ლევანის შვილს. ქაიხოსროც ვაჟკაცი კაცი იყო. ის, დაახლოებით, 1 200 ქართველით და ირანელების 30 000-იანი ჯარით ხელახლა ლაშქრობს აღმოსავლეთში, მაგრამ ირანელები უკვე არ არიან მეომრები და ერთ-ერთ ბრძოლაში კიდეც უღალატებენ და გაიქცევიან. ქაიხოსრო მხოლოდ ქართველებით რჩება ბრძოლის ველზე, ბოლოს, მხოლოდ 200 ქართველი მეომარი შემორჩა, ამ პატარა რაზმით შეებრძოლა ავღანელების ჯარს და ყველანი დაიღუპნენ. ასე რომ, ეს ორი ქართველი სარდალი დაიღუპა ავღანელებთან ბრძოლაში, მაგრამ ამ ამბებმა ძალიან დიდი სახელი დაუტოვეს ქართველებს. როდესაც ქართველების ჯარი დაამარცხეს, ავღანელები ირანზე წამოვიდნენ და 1722 წელს მათ ირანის დედაქალაქი ისპაჰანიც დაიპყრეს. მირვაისი ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ მისმა შვილმა მიიღო შაჰის ტიტული. ქართველი მეფეების დაღუპვის შემდეგ სპარსეთის იმპერიის აღსასრული დგება. ამ დროს ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსეა 1716 წლიდან. მართალია,  ქაიხოსრო 1711 წელს მოკლეს, მაგრამ ვახტანგი დიდხანს არ თანხმდებოდა ისლამის მიღებას. როდესაც მირვაისის შვილები ირანის დასაპყრობად წამოვიდნენ, შაჰმა ვახტანგს დახმარება სთხოვა, მაგრამ ვახტანგმა უარი თქვა და რუსეთის ხელმწიფე პეტრე პირველს დაუკავშირდა. 

– რომელმაც უღალატა და ამის გამო ტრაგიკულად დასრულდა ვახტანგის ბედი. ის გადაიხვეწა საქართველოდან და მისმა შტომ ვეღარასდროს დაიბრუნა ქართლის მეფის ტახტი.

– დიახ. ავღანელებმა აიღეს სპარსეთის დედაქალაქი და გაბატონდნენ ირანში.

– ანუ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართველების დახმარების გარეშე დარჩენილი სეფიანთა ირანი დაემხო?

– მაგალითად, ერთი უცხოელი ქართველოლოგი იმასაც კი წერდა, ვახტანგმა შეცდომა დაუშვა, შაჰს რომ დახმარებოდა, სპარსეთსაც გადაარჩენდა და თავის თავსაცო.

– იმის გათვალისწინებით, რაც პეტრემ გაუკეთა ვახტანგს, შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, თუ ვახტანგი ირანელებს დაეხმარებოდა.

– არავინ იცის, რა მოხდებოდა, როგორც იტყვიან, ისტორიას არ უყვარს ასეთი მსჯელობა.

скачать dle 11.3