კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორგანიზმში ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლა ძალიან საშიშია

სისხლის მიმოქცევის სისტემას ორგანიზმის აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება აკისრია. არტერიების საშუალებით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ყველა ორგანოსა და ქსოვილს მიეწოდება, ვენების საშუალებით კი, მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები გამოიდევნება. თუმცა, სისხლს ყველა არასასურველი ნივთიერება როდი გამოაქვს. შედარებით მავნე ნივთიერებების უვნებელყოფა და ორგანიზმის მათგან გათავისუფლება ლიმფური სისტემის წყალობით ხდება. სწორედ ამ სისტემაში იყრის თავს ყველა ტოქსინი, ვირუსი, მიკრობი, უჯრედთა დაშლის პროდუქტები და ასე შემდეგ.

ლიმფური სისტემის ფუნქციის შეფერხების გამო, ორგანიზმში უსიამოვნო ძვრები იწყება, კერძოდ, ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ენერგიის ხარჯვა, მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი თითქმის არ იკლებს წონაში. ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლა მხოლოდ ინტოქსიკაციითა და შეშუპებით როდი ვლინდება. ამ სისტემას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმუნიტეტის წინაშე – ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობები ლიმფურ კვანძებში გადაიტანება, სადაც მათი უვნებელყოფა ხდება. ამიტომ, ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლისას, უმნიშვნელო ოფიცირებაც კი დაავადების განვითარებით მთავრდება.

იმუნიტეტის გაძლიერება ლიმფური სისტემის მწყობრში მოყვანის გარეშე, წარმოუდგენელია. თუ მისი ფუნქციის ნორმალიზებაზე იზრუნებთ, ხელოვნური იმუნოსტიმულატორების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. თქვენი გარეგნული ხიბლი, შრომისუნარიანობა, წონა, სექსუალურობა და გუნება-განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიედინება თქვენს ორგანიზმში ლიმფა.

ძარღვებში სისხლი წნევით გადაადგილდება. მის მოძრაობას გულის ტუმბოსებრი მუშაობა უზრუნველყოფს. ლიმფურ სისტემას, სისხლძარღვთა სისტემისგან განსხვავებით, ასეთი ტუმბო არ გააჩნია. ლიმფა ლიმფურ ძარღვებში ამ უკანასკნელთა კედლის სუსტი შეკუმშვისა და ადამიანის კუნთების ზოგადი აქტივობის წყალობით მოძრაობს. ასაკთან ერთად, კუნთების აქტივობა თანდათან მცირდება, ძარღვების ტონუსიც იკლებს და ლიმფას კაპილარებში გადაადგილება უფრო და უფრო უჭირს. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ სისხლის დაბალი წნევის გამო, უმცირესი ლიმფოკაპილარები იოლად იჭყლიტება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ვერ გრძნობს კუნთებში, ქსოვილებსა და მყესებში განვითარებულ მიკროსპაზმებს, რომლებიც ლიმფის მოძრაობას აუარესებს. ამ მიკროსპაზმის განვითარებას ხელს უწყობს ფსიქოემოციური დაძაბულობა.

იმისთვის, რომ ლიმფამ ორგანიზმში თავისუფლად იმოძრაოს, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ყოველდღიურად კონტრასტული შხაპის მიღება, რადგან ეს ყოველივე აკაჟებს ძარღვებს და აადვილებს შეკუმშვა-მოდუნებას, ანუ რელაქსაციას. ყველაზე კარგი და სასარგებლო კი ცურვაა, რადგან ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთებს ტონუსს ჰმატებს, რაც ააქტიურებს ლიმფური სისტემის ფუნქციას; არ აძლევს წიდებს დაგროვების საშუალებას და ადამიანიც თავს გაცილებით მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს.

 

ოსტეოართრიტის ტკივილებს ნიახურის ფესვები აამებს

მადეფორმირებელი ოსტეოართრიტი მძიმე დაავადებაა, რომელსაც დაზიანებული სახსრის აუტანელი ტკივილი სდევს თან. 

მკურნალობა ძირითადად ტკივილის გაყუჩებისას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების, წონის დაკლებისა და დაზიანებული სახსრის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

ხალხურ მედიცინაში არსებობს რეცეპტი, რომელიც მადეფორმირებელი ოსტეოართრიტის დროს გამოიყენება. კერძოდ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ნიახურის ძირების წვენი და თაფლი. ნარევი შეინახეთ მაცივარში. კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობის კურსი ერთ თვეს მოიცავს. ასევე, გაიმეორეთ კურსი ხშირ-ხშირად. ამ ნაყენს აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისება და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას უწყობს ხელს.

ნიახურის ფესვი დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, სახამებელს, B1, B2, PP და C   ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ამინომჟავებს. აქვს ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი თვისება, ასტიმულირებს თირკმელების მუშაობას, აძლიერებს სასქესო ორგანოების სისხლმომარაგებას, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ოფლიანობას ხალხური მედიცინით უმკურნალეთ

მუხის ქერქი გამოიყენება ოფლიანობის საწინააღმდეგოდ: აიღეთ 50 გრამი წმინდად დანაყილი მუხის ქერქი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ამ ნახარშით მოიბანეთ ის ადგილები, რომლებიც შედარებით მეტად გიოფლიანდებათ.

ოფლიანობის დროს, ასევე, კარგია სალბისა და ჭინჭრის ფოთლების ნახარში: ერთ გრამ სალბისა და ორ გრამ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ.

ეგზემის სამკურნალოდ კარგია შემდეგი ნაყენი: 1 ჩაის ჭიქა დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა ორკბილა და ფარსმანდუკი. კარგად ამოურიეთ და თავდახურულ მინის ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ, ეს ნახარში წაისვით დაავადებულ ადგილას. პროცედურის დასრულების შემდეგ კანი არ გაიმშრალოთ, წასმული ნახარში შეიშრეთ.

 

რა დაავადებაა „დაღლის სინდრომი“

ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადების ძირითადი და მთავარი სიმპტომია მუდმივი სისუსტე და სწრაფი დაღლა. ამ სინდრომით დაავადებულებს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის აქტივობა უქვეითდებათ. ეს ჰორმონი, რომელიც ჰიპოფიზში წარმოიქმნება,  დიდ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმზე სტრესის ზემოქმედებისას. მისი მეტაბოლურობის შემცირება კი საერთო ფიზიკურ აქტივობას აქვეითებს.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომით ავადდება ის, ვისაც დიდი სტრესი აქვს გადატანილი, ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ სინდრომის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ამ ჰორმონის აქტივობის დაქვეითება იყოს. თუმცა, დღემდე, მეცნიერები და ექიმები ამის გამომწვევ მიზეზად ადამიანის იმუნური სისტემის დაქვეითებას მიიჩნევენ.

ქრონიკულ დაღლილობას ბევრი მიზეზი ახლავს თან, მისი განკურნება კი არც ისე ადვილია. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ და გადაღალოთ როგორც ორგანიზმი, ასევე, ტვინი და დროდადრო დასვენებაც მოახერხეთ.

 

ყავის დიდი დოზებით სმა კუჭ-ნაწლავის პრობლემებს აჩენს

ყავის შემადგენლობაში არსებული აზოტის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები და B ჯგუფის ვიტამინები ზემოქმედებს ბევრი სასიცოცხლო პროცესის ნორმალიზებაზე. თუმცა, მისმა დიდი დოზით სმამ, შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ.

250 მილილიტრზე მეტი ყავის დალევას შეუძლია გამოიწვიოს უძილობა, აღგზნება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ტაქიკარდია, გულის არითმია, კუნთების კრუნჩხვა და ასე შემდეგ.

სრულიად საკმარისია, დღეში 3-4 ფინჯანი ყავის დალევა. კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია, რაც აუცილებელია საჭმლის მონელების ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის. მაგრამ, კუჭის წყლულის დროს ის მავნებელია მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების გამო. ამიტომ, თუ კუჭის წყლული გაქვთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ყავას.

 

ცხიმები და ნახშირწყლები ორგანიზმს აკაჟებს და ფორმაში მოჰყავს

სხეულის გასაკაჟებლად და ფორმაში მოსაყვანად უამრავი ვარჯიში და დიეტა არსებობს, მაგრამ ხშირად მათ უმრავლესობას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. ადამიანის ნორმალური მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ზუსტად იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც იღებს და თან, სტაბილურ წონას ინარჩუნებს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და დასახული მიზნის მიხედვით რეგულირდება. ეს კი სხეულის მასის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. მიზანი შეიძლება იყოს როგორც ზედმეტი ცხიმის დაწვა, ისე წონის გაზრდა კუნთების ხარჯზე. ამასთან, სასურველი შედეგის მისაღწევად, კვების წესები ზუსტად უნდა დაიცვათ.

ნახშირწყლები კუნთოვანი მასის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია. ის არა მარტო ორგანიზმის ენერგიულობის საწინდარია, არამედ ხელს უწყობს ცილების შენარჩუნებასა და ათვისებას. ამიტომ, თუ გსურთ, სპორტული აღნაგობა გქონდეთ და წონაში არ მოიმატოთ, მოერიდეთ შაქრისა და მისი შემცველი პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღებას. ნახშირწყლების მიღების ძირითადი დრო საუზმე და სადილია, სხვა დანარჩენ დროს ნახშირწყლები უნდა შეზღუდოთ. გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ პოლისაქარიდებსა და სახამებლიან ნახშირწყლებს, მაგალითად, როგორიცაა ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, მოხარშული კარტოფილი, ქატოს პური, თხილი, სიმინდი, ბანანი, ჰერკულესი და ასე შემდეგ. ნახშირწყლების რეკომენდებული დღიური ნორმა 10 გრამია ადამიანის წონის თითოეულ კილოგრამზე. მაგალითად, თუ 80 კილოგრამს იწონით, ესე იგი, დღეში 800 გრამი ნახშირწყალი უნდა მიიღოთ.

ცილა მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. მისი რაოდენობა სხეულის საერთო წონის თითოეულ კილოგრამზე დღეში 5 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ცილების წყაროა ქათმის ხორცი, თევზი, ინდაურის ხორცი, კვერცხი, მაწონი, ხაჭო და რძე.

ცხიმები ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა, კუნთების დაყენების მსურველები მათ რაოდენობას ცილებსა და ნახშირწყლებთან შედარებით მნიშვნელოვნად ზღუდავენ. რაციონიდან ცხიმების საერთოდ ამოღება არ შეიძლება, რადგან ის ხელს უწყობს ზოგიერთი მნიშვნელოვანი ვიტამინის ათვისებას. მცენარეული, ანუ უჯერი ცხიმების წყაროა: არაქისი, ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი; ნახევრად უჯერის კი – სიმინდის, მზესუმზირის, სოიის ზეთი და ნიგოზი.

სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად ზოგიერთი პროდუქტი საერთოდ უნდა ამოიღოთ კვების რაციონიდან. ეს ეხება ცხიმებით მდიდარ პროდუქტებს, მაგალითად: ცხიმიან რძეს, არაჟანს, მაიონეზს, ყველს, ნაღებს, მარგარინს, ღორისა და ცხვრის ხორცს. ასევე, არ უნდა მიირთვათ უხარისხო ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, მაგალითად: კანფეტი, ტორტი, ნამცხვარი, ტკბილი სასმელები, შემწვარი კარტოფილი და ალკოჰოლი.

скачать dle 11.3