კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ოლიმპიურ თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული ნორვეგიის მეფე ჰერალდ მეხუთეს და რომელი ოცნება აისრულა მან 76 წლის ასაკში

ნორვეგიის მეფე ჰერალდ მეხუთე, 1991 წლის 17 იანვარს, მამის, მეფე ულაფ მეხუთის გარდაცვალების შემდეგ ავიდა   სკანდინავიური ქვეყნის სამეფო ტახტზე და თავისი წინაპრების მსგავსად, დადო მონარქიული ფიცი და მიიღო დევიზი: „ყველაფერი ნორვეგიისთვის”. ჰერალდი ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული მონარქია მსოფლიოში და მის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ცნობებს ამ ნომრიდან შეიტყობთ.

* მეფე ჰერალდ მეხუთე 1937 წლის 21 თებერვალს, ოსლოსთან ახლოს მდებარე, სამეფო საგვარეულოს კუთვნილ სასახლეში, სკაუგუმში დაიბადა. ის იყო პირველი პრინცი, რომელიც უკანასკნელი, 1370 წლის შემდეგ დაიბადა ნორვეგიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის ჯარების ნორვეგიაში შესვლის შემდეგ, სამეფო ოჯახი ჯერ შვედეთში გაიქცა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა, საიდანაც, ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს დაბრუნდა მშობლიურ მიწაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჰერალდმა სწავლა ნორვეგიის კავალერიის სასწავლებელში გააგრძელა, მერე კი სამხედრო აკადემიაში გადაინაცვლა, სადაც ნორვეგიელი მონარქისთვის აუცილებელი სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა. 1960-1962 წლებში ჰერალდი, ოქსფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკას და ისტორიას შეისწავლიდა. იმ პერიოდში მამა, ულაფ მეხუთე მეფედ აკურთხეს და ჰერალდმა ავტომატურად მიიღო კრონ-პრინცის ტიტული.

* ნორვეგიის მეფემ, ჰერალდ მეხუთემ რაინდის წოდება მიაკუთვნა პინგვინს, სახელად ნილს ოლაფ მეორეს. 1962 წლიდან ნორვეგიის სამეფო გვარდიისთვის ერთგვარ თილისმად იქცა საიმპერატორო ჯიშის პინგვინი – ნილს ოლაფი, რომელმაც სერჟანტის წოდებამდე მიაღწია და 1987 წელს მოკვდა. თილისმის გარეშე დარჩენილმა სამეფო გვარდიამ ახალი პინგვინი ითხოვა ედინბურგის ზოოპარკიდან და 1993 წლიდან ნილს ოლაფ მეორემ დაიწყო „სამსახური“ გვარდიაში. იმ წელს ფრინველი ოცმეთაური გახდა, 2004 წელს – სამეფო შეიარაღებული ჯარების პოლკოვნიკი, ხოლო სულ ახლახან მეფემ მას რაინდის წოდება მიაკუთვნა. 

* რამდენიმე წლის წინ ნორვეგიაში სამეფო  სკანდალი აგორდა. ტახტის მემკვიდრე, მეფე ჰერალდ მეხუთის შვილი, პრინცი ჰააკონი, ყოფილ ოფიციანტზე, ნარკომანსა და ნარკოდილერის ყოფილ ცოლზე, ჰაშიშისა და ექსტაზის მოყვარულ მეეტე მარიტ ტიესემ ჰოიბიზე დაქორწინდა. მას პირველი ქორწინებიდან ოთხი წლის შვილი ჰყავს. ამ ფაქტმა ნორვეგიის მოქალაქეების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სამეფო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა  „ველური” წარსულის მქონე, განათხოვარი და არაცისფერსისხლიანი ქალბატონი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიტუაცია ჰქონდა ჰერალდ მეხუთესაც – ის ცხრა წლის განმავლობაში ელოდებოდა თანხმობას მშობლებისგან, რომ დაქორწინებულიყო მდაბიო წარმომავლობის, ამჟამად უკვე დედოფლის სტატუსის მქონე, სოფიზე. უნდა აღინიშნოს, რომ მეეტე ტიესემ ჰოიბიმ, რომლის პირველი ქმარი, ნორვეგიული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია და ამჟამად ციხეში იმყოფება, სახალხოდ მოიხადა ბოდიში თავისი წარსულის გამო. მან აღნიშნა, რომ ამიერიდან ნორვეგიის მონარქიული ოჯახის ტრადიციების დამცველი გახდება. 

ჰერალდ მეხუთის უმთავრესი გატაცებაა აფროსნობა. ის მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატებში და 1987 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. 1964 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ჰერალდ მეხუთეს ნორვეგიის დროშის ტარების საპატიო მისია ხვდა წილად, რაც საკმაოდ პრესტიჟულია. ჰერალდი, ასევე, 1968 და 1972 წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გახლდათ. მამისგან განსხვავებით, რომელიც 1928 წელს ამსტერდამში ოლიმპიურ თამაშებზე ოქროსმედალოსანი გახდა, ჰერალდის საუკეთესო ოლიმპიური შედეგი მერვე ადგილია. აღსანიშნავია, რომ გულზე გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდეგ, ჰერალდ მეხუთე თავის გუნდთან ერთად, რეგულარულად, მონაწილეობს აფროსნობის ტურნირებში, სადაც საკუთარი იახტა „ფრამ XVI-ით“ წარმატებასაც ხშირად აღწევს. 

2002 წელს ნორვეგიის მთავრობამ, მეფე ჰერალდ მეხუთის ინიციატივით სპეციალურად მათემატიკოსებისთვის, რომლებსაც, როგორც ამბობენ, არ სწყალობდა ალფრედ ნობელი, დააფუძნა ალტერნატიული ჯილდო, „აბელის პრემია”, რომელსაც პირადად ჰერალდ მეხუთე გასცემს. 2009 წელს ეს პრემია მეფემ წარმოშობით რუსს, საფრანგეთის მოქალაქეს, მათემატიკის პროფესორს, სამეცნიერო წრეში თანამედროვე აინშტაინად, ნიუტონად და ლეონარდო და ვინჩად წოდებულ, მიხაილ გრომოვს გადასცა გეომეტრიის დარგში ახალი აღმოჩენებისთვის. აღსანიშნავია, რომ პრემიასთან ერთად, დაჯილდოებულ მეცნიერებს  მეფე ჰერალდ მეხუთე საკმაოდ სოლიდურ თანხას, 700 ათას ევროს გადასცემს.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩეხეთის ექსპრეზიდენტების – ბილ ქლინთონისა და ვაცლავ ჰეველის, ასევე, გარდაცვლილი რომის პაპის, იოან პავლე მეორის მსგავსად, ნორვეგიის მეფე ჰერალდ მეხუთე, რუდოლფ კამპფის მანუფაქტურის წარმოებული ფაიფურის ჭურჭლის კოლექციონერობით დაინტერესდა. რუდოლფ კამპფის ფაიფურის მანუფაქტურა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, ჰაბსბურგების სამეფო დინასტიის დახმარებით ჩამოყალიბდა და ევროპის არისტოკრატიულ ოჯახებში მიღებულია ამ მანუფაქტურის ნაწარმის – ჭურჭლის, დეკორისა და ინტერიერის სხვადასხვა ნივთის კოლექციონერობა.

ჰერალდ მეხუთის შვილმა, კრონ-პრინცმა ჰააკონმა ვიკინგური ტრადიციების აღდგენა გადაწყვიტა და თავის შვილს, ვიკინგების ეპოქიდან წამოსული სახელი, სვერეს მაგნუსი დაარქვა. სვერესი უძველესი ნორვეგიული სახელია და მას ვიკინგების ეპოქაში, 1184-1202 წლებში, ნორვეგიის მმართველი მეფე სვერეს სიგურდსონი ატარებდა. აღსანიშნავია, რომ მეფე ჰერალდ მეხუთემ ნორვეგიის კონსტიტუციის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის წევრებს თხოვნით მიმართა, რათა დასტური მიეღო შვილიშვილისა და მომავალში ტახტის მემკვიდრისთვის ძველი სახელი დაერქმია.

* ჰერალდ მეხუთემ დიდი ხნის ოცნება აისრულა და 76 წლის ასაკში ოთხი დღე იცხოვრა ამაზონიის ინდიელებთან, იანომამოს ტომთან ერთად, რომელთაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისამდე თანამედროვე ცივილიზაციასთან კონტაქტი არ ჰქონიათ. ინდიელებთან ჰერალდი მარტო ცხოვრობდა 120-კაციან სახლში და ჰამაკში ეძინა. ტომის წარმომადგენლებთან ერთად, ჰერალდი სანადიროდ დადიოდა და თუთიყუშის ხმის იმიტაციით ნადირს იწვევდა. ჰერალდი ბუნების დამცველი რამდენიმე ორგანიზაციის წევრია და 2009-2015 წლების ბიუჯეტიდან ნორვეგიის სამეფო ერთ მილიარდამდე დოლარს დახარჯავს ამაზონიის ჯუნგლების გადასარჩენად.

скачать dle 11.3