კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური ლოგიკა

ელერი ქუინი

კლუბი „საშობაო თავსატეხი“ მოყვარული გამომძიებლებისგან შეიქმნა. წევრებს შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ კრიმინალისტიკასთან. მაგალითად, ექიმი-ფსიქიატრი, დოქტორი ვრილანდი; ასევე, სახელგანთქმული ადვოკატი საიერსი; რომ აღარაფერი ვთქვათ დეტექტივ დარნელზე. ის ახალი მიღებული იყო კლუბში და სერიოზული გამოცდაც ჩააბარა. საშობაოდ, კლუბის განაწესის თანახმად, სწორედ მას უნდა წარმოედგინა თავსატეხი კლუბის დანარჩენი წევრებისთვის. ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შეკრებას თავად ამერიკის პრეზიდენტიც დაესწრებოდა, რომელსაც კლუბის წევრობის დიდი სურვილი ჰქონდა. ბუნებრივია, გამოცდის ჩაბარება მასაც მოუწევდა. პრეზიდენტი მზად იყო ამისთვის, მაგრამ ბოლო წუთს, აზიის კრიზისთან დაკავშირებული მოვლენების გამო, „საშობაო თავსატეხის“ წევრები მაღალი რანგის სტუმრის გარეშე დარჩნენ.

– დარნელ, შენ უნდა გვიხსნა. რამე ისეთი თავსატეხი წარმოგვიდგინე, რაც კარგად ჩაგვაფიქრებს, – სთხოვა დეტექტივს კლუბის დამფუძნებელმა, დოქტორმა არკავიმ. კლუბის წევრები ამჯერად მის ბინაში იყვნენ შეკრებილნი, პარკ ავენიუზე.

– იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი მალე აუცილებლად მოიცლის ჩვენთვის, – გაიღიმა დეტექტივმა, – ახლა კი ერთ საინტერესო გამოცანას შემოგთავაზებთ. სახელებს შევცვლი, რა თქმა უნდა. შევთანხმდეთ, რომ ეს მკვლელობა იქნება. მაგალითად, ცნობილი ქალის, ჰოლივუდის ვარსკვლავის, სექსუალურისა და მომხიბვლელის. დავარქვათ, პირობითად, ვიოლეტა ვან ბერენი. მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ბევრთა შორის ოთხი ძალიან სერიოზულად ეტრფოდა. უბედურება მაშინ მოხდა, როცა ვიოლეტა თავისი ახალი ფილმის პრემიერაზე ჩავიდა. საქმე მოითხოვს, დავაკონკრეტო სექს-ვარსკვლავის გულისა და ხელის მთხოვნელები. პირველი – სკანდალურად მდიდარი, მაგრამ უსაქმური ჯონ ტრაშბოტომ ტეილორ მესამე; მეორე – უოლ-სტრიტის მგელი, საქმოსანი პალმერ ჰარისონი; მესამე – ძალიან მოდური და პოპულარული, თანამედროვე მხატვარი ლეონარდო პრაისი; მეოთხე კავალერი კი პოპულარობაში ვიოლეტას არ ჩამოუვარდებოდა, ის ცნობილი ფეხბურთელი ბიფ ვილსონი იყო. ვიოლეტას ოთხივემ სთხოვა ცოლობა და ოთხივემ უარი მიიღო. სამი მათგანი გაგებით მოეკიდა ქალის უარს. ვიოლეტას იმ ეტაპზე გათხოვება არ სურდა. მაგრამ მეოთხემ ძალიან მძიმედ განიცადა ეს ამბავი. მან ქალს მუქარით სავსე წერილი მისწერა. მასში ისეთი სიტყვები ეწერა, რომ ვიოლეტას შეეშინდა და მე დამირეკა. პოლიციას არ შეატყობინა. სკანდალი გასაგები მიზეზების გამო არ უნდოდა. სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარე, ის მოკლეს. რა თქმა უნდა, იმან, ვინც ემუქრებოდა. რა იყო მკვლელობის იარაღი – ეს ნაკლებად საინტერესოა. თქვენ უნდა მითხრათ, ვინ არის მკვლელი იმ ოთხი კავალერიდან. შეგიძლიათ, კითხვები დამისვათ.

– მე მაქვს შეკითხვა, – თქვა ახალგაზრდა მწერალმა ქალმა ელენ საირზმა, – მითხარით, არსებობდა რამე ისეთი, რაც თქვენ ჩვენთვის არ გითქვამთ?

– კარგი შეკითხვაა. გიპასუხებთ: ვიოლეტას იმ ოთხი კავალერიდან სამს რაღაც საერთო ჰქონდა. რა? – ამას თქვენ უნდა მიხვდეთ. იმიტომ, რომ თავსატეხის გასაღები სწორედ ეს არის. მკვლელია ის, რომელიც რაღაც ნიშნით საერთოდ განსხვავებულია.

– მდა, საინტერესო მინიშნებაა, – შუბლი მოისრისა დოქტორმა არკავიმ, – დავუშვათ, რომ ფეხბურთელს, მხატვარსა და ვიოლეტას ერთმანეთის პოპულარობა ამსგავსებდათ. ისეთი პოპულარობა, რომელიც იღბალს მოაქვს, გამართლებაა. მაგრამ, ვერც მაგნატის შთამომავალს მივაკუთვნებთ ამ სიას და ვერც უოლ-სტრიტის საქმოსანს. ესე იგი, რაღაც გვეშლება.

 – მეც ამაზე ვფიქრობ, – წკრიალა ხმით გამოეპასუხა ელენი, – მგონი, სინიორ დეტექტივი ცდილობს, გაგვაცუროს. ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობს. უნდა ვიფიქრო...

დეტექტივმა დარნელმა გაიცინა:

– მგონი, გამოგივათ. აი, მის ელენი რაღაცას უკვე მიხვდა, თუმცა, ბოლომდე არა.

– პარტიული ნიშნით ხომ არ შეიძლება მათი დაჯგუფება? – ვარაუდი გამოთქვა დოქტორმა ვრილანდმა. მაგალითად, ვიოლეტა და კიდევ სამი კავალერი რესპუბლიკელები იქნებოდნენ, ერთი – დემოკრატი, ან პირიქით...

– რა სისულელეა, – ცხვირი შეიჭმუხნა პოეტესამ, – დიდი სისულელე. ჰოლივუდის ვარსკვლავები, მით უმეტეს, სექს-სიმბოლოები პარტიულები არ არიან. მათ ეს საკითხი ფეხებზე ჰკიდიათ. სხვა ვერსია გვჭირდება.

დეტექტივმა ისევ გაიცინა.

– პოლიტიკა... პრეზიდენტები... მართალი ხართ, სად იღბლიანი ვარსკვლავები და სად პრეზიდენტები...

– მოიცადეთ! – წამოიყვირა ელენმა, – პრეზიდენტი... ჩვენი შეკრების თემა ხომ პრეზიდენტი იყო. თურმე, რატომ მეჩვენებოდა ვიოლეტას გვარი უცნაურად. მე ვიცი პასუხი! ვიცი, ვინ არის მკვლელი!

– მადმუაზელ, ხომ არ ჩქარობთ? – დაეჭვდა დოქტორი.

– მისის, თამამად გამოთქვით მოსაზრება, – წააქეზა დეტექტივმა.

– მაშინ, დავიწყებ. გვარი, ბატონებო, აქ საქმე გვარშია... მომისმინეთ: დეტექტივმა მსხვერპლს პირობითად ვან-ბერენი დაარქვა. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი ასეთი გვარით. მივყვეთ თანმიმდევრულად: კიდევ ერთი პრეზიდენტი მახსენდება – ტეილორი, ანუ – ჯონ ტრაშბოტომ ტეილორ მესამე – ჩვენი უსაქმური მაგნატი.

– დიახ, დიახ, თქვენი ლოგიკა გამაოგნებელია, – გაიბადრა დოქტორი... ჰარისონის გვარის ორი პრეზიდენტი მახსენდება. პალმერ ჰარისონი – ჩვენი საქმოსანი უოლ-სტრიტიდან... თავსატეხი თითქმის ამოხსნილია. გვრჩება ფეხბურთელი, ბიფ ვილსონი. პრეზიდენტი – შედევრი, ვილსონის გვარით როგორ შეიძლებოდა დაგვიწყებოდა?! დარჩა მხატვარი. რაღაც არ მახსენდება პრეზიდენტი გვარად პრაისი...

– დიახ, და მკვლელი სწორედ მხატვარია. მან მოკლა ვიოლეტა... მისტერ დარნელ, ძალიან მოხერხებულად შეარჩიეთ გვარები. ყველაზე „ცხელი“ პრეზიდენტები შეგვირჩიეთ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ქალურმა ლოგიკამ გაიმარჯვა. რომ არა მისის ელენი, ნამდვილად შევრცხვებოდით... ბრავო, მისის ელენ, და ბრავო, ქალურ ლოგიკას!

скачать dle 11.3