კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელის შეცდომა

რონინ ბიდი ორი დღის წინ გაიქცა ციხიდან და პოლიციელები მას ამაოდ ეძებდნენ. უესტჩესტერის საგრაფოს მცხოვრებლები დაზაფრულები იყვნენ შიშით. საშიში დამნაშავე, ცივსისხლიანი მკვლელი, მათ სიახლოვეს თავისუფლად დასეირნობდა, თანაც, უკვე მოასწრო, მოეკლა ორი ადამიანი. რონინ ბიდს ვერც სულით ავადმყოფად მიიჩნევდნენ, ვერც მთლად ნორმალურად. პრობლემა ის იყო, რომ, შეიძლება, კიდევ მოეკლა ვინმე. პირველი მსხვერპლი ბოსტნეულით მოვაჭრე იყო, რომელმაც სატვირთო ავტომობილი გაუჩერა. აბა, რა იცოდა, მანქანაში ვის ისვამდა. მეორე მსხვერპლი 17 წლის გოგონა გამოდგა, რომელსაც რონინი სახლში შეუვარდა. შეიძლება, იქ საკვებისთვის შევიდა, მაგრამ, გოგოს გადააწყდა, შეეშინდა და მოკლა, ან, სულაც, რაღაცამ გააღიზიანა. პოლიცია ამაზე უფრო მის დაჭერაზე ფიქრობდა. ავტომობილში მკვლელმა თითების ანაბეჭდები დატოვა. აი, გოგონას შემთხვევაში კი, მისი ბრალეულობის დამტკიცება გართულდება. ქალიშვილი მაუნტკისკოში მოკლეს – განმარტოებით მდგარ სახლში. პოლიცია იქვე ახლოს, ბიდების საგვარეულო ფერმასთან ჩასაფრდა. ძველისძველ, დაფხავებულ სახლში რონინის დედა ცხოვრობდა. მან არაფერი იცოდა შვილის შესახებ. პოლიცია მაინც იცდიდა... გამოძახება დღის ხუთის ნახევარზე მივიდა. საპატრულო მანქანამ, რომელსაც სერჟანტი ჩარლზ ფორნირი მართავდა, სასწრაფო სიგნალი მიიღო, მანქანა შემოაბრუნა და შემთხვევის ადგილისკენ გაქანდა... მან იცოდა გზა. ფრანკლინებს იმ არემარეში თითქმის ყველა იცნობდა – არტურ ფრანკლინი ქალაქის საბჭოში მუშაობდა და, ასევე, ადგილობრივ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა. მისმა ცოლმა, მარტამ, მებაღეობის სკოლა დააარსა. დაუჯერებელი იყო, რომ უბედურება სწორედ ამ მშვიდ და წესიერ ადამიანებს დაატყდათ თავს. საუკუნოვანი ხეებით გარშემორტყმული სახლი კლდოვანი სანაპიროს კიდეში იდგა. შეიძლება, სწორედ ამიტომაც მივიდა იქ მკვლელი. სახლის კარი ბოლომდე ღია იყო, სახელური და საკეტი კი მოგლეჯილი ჰქონდა. პატარა შემოსასვლელში, ფეხსაცმელების შესანახ ყუთზე იჯდა არტურ ფრანკლინი. მას ხელისგულები მუხლებზე დაეწყო, მზერა იატაკისკენ ჰქონდა მიმართული და თავისთვის ბუტბუტებდა:

– მან ის მოკლა... აი, ისე... უბრალოდ... ყოველგვარი მიზეზის გარეშე... თუ რამე უნდოდა, ეთქვა და ყველაფერს მივცემდით... დაუნანებლად... მან კი მოკლა... ეს, ალბათ, ის იყო, ხომ? რონინ ბიდი...

არტურ ფრანკლინი დაახლოებით 40-43 წლის კაცი იყო, საკმაოდ კარგი აღნაგობის, სიმპათიური... შორტი და ლურჯი მაისური ემოსა... ხელები მიწიანი ჰქონდა.

მარტა ფრანკლინის გვამი სასტუმრო ოთახში, მარმარილოს ბუხრის წინ ეგდო სისხლში მოსვრილი... ქმარზე შვიდი  თუ რვა წლით იყო უფროსი... მბრძანებლური იერი სიკვდილის მერეც შერჩენოდა...

– ბაღში ვმუშაობდი, პომიდორს ვუვლიდი – ხშირად უნდა მოაშორო ზედმეტი ფოთლები და ძირშიც მიწა გაუფხვიერო... მოკლედ, ბაღში ვიყავი-მეთქი. ადრიანად მიყვარს მუშაობა... სანამ იპოვით, კიდევ რამდენ ადამიანს მოკლავს?

– ვინ? – იკითხა ინსპექტორმა, თან სახლის თვალიერებას განაგრძობდა.

– ის მანიაკი...

– რონინ ბიდზე ამბობთ? რატომ გგონიათ, რომ თქვენი ცოლი მან მოკლა?

– აბა, სხვამ ვინ? ჩვენ მტრები არ გვყავდა.

– ბაღში მუშაობისას არაფერი დაგინახავთ ან გაგიგონიათ?

– გასროლის ხმა გავიგონე. თითქოს ვიღაცამაც გაირბინა მინდორში. ყურადღება არ მიმიქცევია. ვიფიქრე, ვიღაც მწყერებზე ნადირობს-მეთქი. როგორ წარმოვიდგენდი, თუ მანიაკი მარტას მოკლავდა.

– ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია.

– რა არის ვარაუდი? – ფრანკლინმა სახეზე მოისვა ხელი და ლოყაზე ჭუჭყიანი კვალი დატოვა.

– ის, რომ თქვენს მეუღლეს მკვლელმა მანიაკმა ესროლა.

– ამით რისი თქმა გინდათ? – არტურ ფრანკლინი შესამჩნევად აღელდა.

– იმის, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი დასკვნის გაკეთება შეიძლება. თქვენ თქვით, რომ ვიღაც შენიშნეთ, იმ ადამიანმა ბოსტნის სიახლოვეს გაირბინა?

– არა. მე ვმუშაობდი. შორს იყო და, როგორც გითხარით, განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. ზურგითაც ვიყავი. ასე რომ.... არ მესმის, რაღა გაქვთ გამოსაძიებელი. როგორც ვიცი და ამბობენ, ის ბიდი ცივსისხლიანი მკვლელია... – უცებ მისტერ ფრანკლინი შეტორტმანდა და იატაკზე უგონოდ გაიშხლართა. კაპიტანი მაშინვე მისკენ გაიქცა, გონზე მოიყვანა და ფრთხილად ჩასვა სავარძელში. მერე წყლის მოსატანად წავიდა. როცა დაბრუნდა, სახლის პატრონი ერთიანად კანკალებდა.

– მაპატიეთ... არ ვიცი, ეს როგორ დამემართა. ძალიან განვიცდი. შეიძლება, არ მეტყობა, მაგრამ, არ მიყვარს ჩემი უბედურების საჯაროდ გამოტანა. გმადლობ...

კაპიტანმა თანაგრძნობით დაუქნია თავი:

– გასაგებია. ახლა აქ საგამომძიებლო ჯგუფი და სერჟანტი მოვლენ, ანაბეჭდები უნდა ავიღოთ, გვამიც სპეციალისტმა უნდა დაათვალიეროს. თქვენ ცოტა დაისვენეთ. აი, წყალი დალიეთ.

ფრანკლინმა გაწვდილი ჭიქა ჩამოართვა. პოლიციის ჯგუფი მალევე მოვიდა. კაპიტანმა ისინი სახლში დატოვა, თვითონ კი დასათვალიერებლად გაემართა. რაღაცამ დააეჭვა და, უნდოდა, ეს ეჭვი გადაემოწმებინა. ფრანკლინების ნაკვეთი საგულდაგულოდ იყო დამუშავებული. კაპიტანმა პომიდვრის კვალთან ჩაიმუხლა, რამდენიმე ფოთოლი მოწყვიტა და საკუთარ ხელებს დასუნა, ამოიოხრა და თავი გადააქნია. სახლში რომ დაბრუნდა, მისტერ ფრანკლინი ფერზე მოსულიყო და ლაპარაკიც შეეძლო.

– ესეც ასე, მისტერ ფრანკლინ. თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ცოლის მკვლელობაში და უნდა დაგაპატიმროთ! – ხმამაღლა განუცხადა კაპიტანმა.

– რაო? თქვენ ხომ არ შეიშალეთ?

– სულაც არა. აი, უსუნეთ ჩემს ხელებს. მე მხოლოდ ორი ფოთოლი მოვწყვიტე, თქვენ კი მთელი დილა პომიდვრებს უვლით. ცუდად რომ გახდით და აგაყენეთ, გამიკვირდა, თქვენი ხელებიდან სპეციფიკური სუნი რომ ვერ შევიგრძენი. მეც რაღაც გამეგება მებოსტნეობაში და ვიცი, როგორი მძაფრი სუნი აქვს პომიდვრის ფოთლებს. შეცდომა მოგივიდათ მისტერ ფრანკლინ: დიდი ხანია, გინდოდათ ცოლის თავიდან მოშორება? მთელი ქონება ხომ მას ეკუთვნის... ხელსაყრელი შემთხვევაც მოგეცათ – გაიგეთ, რომ საშიში მკვლელი გაგვექცა და სადღაც აქ დაბოდიალობდა. პომიდორი რომ არა... ეჰ, მისტერ ფრანკლინ, რა მიუტევებელი შეცდომაა... ჯობდა, ლობიო გეთქვათ. მაშინ, აუცილებლად დაიძვრენდით თავს... თითქოს უმნიშვნელო შეცდომა იყო, მაგრამ, ამან დაგღუპათ...

скачать dle 11.3