კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სქემით გამოააშკარავა ქართველმა კაპიტანმა „მაქციების“ სისხლიანი ბანდა ლენინგრადში

ინკასაციის მანქანამ ენგელსის ქუჩა გადაკვეთა, შემდეგ პატარა სკვერი ჩამოიტოვა უკან და მწვანე ბულვარისკენ აიღო გეზი. მოსახვევამდე ოციოდე მეტრი იყო დარჩენილი, რომ უეცრად გაზონებთან მდგომი „რაფის“ (მიკროავტობუსი) საბარგული გაიღო, იქიდან კი ნაღმმტყორცნმა გაისროლა და ინკასაციის ჯავშნიანი მანქანა მარცხენა გვერდზე ამოატრიალა.

– სწრაფად, ძმებო, სულ რაღაც ორმოცდახუთი წამი გვაქვს, – იღრიალა მხარბეჭიანმა მამაკაცმა და პირველი გაიჭრა ამობრუნებული მანქანისკენ. მას კიდევ სამი მამაკაცი დაედევნა, ხოლო მეოთხე „რაფთან“ დარჩა და ავტომატი მოიმარჯვა.

დაწინაურებულმა მძარცველებმა ჯერ გადაბრუნებული მანქანის კარი ააფეთქეს „ლიმონკით“ (ხელყუმბარა) შემდეგ შიგ შეძვრნენ და იქიდან რვა ცალი ფულით სავსე ტომარა გამოათრიეს.

ერთ-ერთმა მძარცველმა დაზღვევაზე მდგომ მეგობარს ხელით ანიშნა რაღაც და ხუთიოდე წამში „რაფი“ უკუსვლით მივიდა აფეთქებულ და გაძარცვულ მანქანასთან. მძარცველებმა ფულით სავსე ტომრები „რაფში“ შეყარეს. შემდეგ თავადაც ჩასხდნენ და სწრაფად მოშორდნენ დანაშაულის ადგილს. სამიოდე წუთის შემდეგ ჯავშნიანი მანქანის ბენზინის ავზი აფეთქდა და მანქანა რამდენიმე ნაწილად დაიშალა. როდესაც შემთხვევის ადგილზე მილიცია მივიდა, მანქანის ნაწილებთან ერთად მათ ოთხი ინკასატორის დაფლეთილი  სხეულებიც დახვდათ. ეს თავდასხმა ლენინგრადში, 1971 წლის 14 მაისს მოხდა და მძარცველებმა 6 მილიონ 400 ათასი მანეთი გაიტაცეს.

„მაქციები“

ამ უმსხვილესი ძარცვის საქმეს, ცნობილი ლენინგრადელი გამომძიებელი სერგეი გელაშვილი იძიებდა. კაპიტანი გელაშვილი ნახევრად ქართველი იყო, დედა რუსი ჰყავდა, მაგრამ ბრწყინვალედ ფლობდა ქართულ ენას.

მწვანე ბულვარზე განხორციელებული ძარცვიდან ორი კვირის შემდეგ, იგივე განმეორდა გმირების ქუჩაზეც, ხოლო კიდევ ორი კვირის შემდეგ ჩკალოვის ქუჩაზე მოძრავ მანქანას დაესხნენ თავს. ბოლო ორი დანაშაულის შემდეგ კიდევ ცხრა ინკასატორი დაიღუპა, სახელმწიფომ კი 11 მილიონი მანეთით იზარალა.

– ბოლო ორი თვის განმავლობაში 3 თავხედური ძარცვა, 13 გვამი და 17 მილიონ 400 ათასი მანეთის ზარალი ბევრზე ბევრია, –  უსაყვედურა გელაშვილს პოლკოვნიკმა ვორონინმა, რომელიც იმ პერიოდში ქალაქის სამძებროს ხელმძღვანელობდა. გელაშვილს თავის მართლება არ უცდია და უხმოდ გამოვიდა უფროსის კაბინეტიდან.

– ტოლიკ, ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მომხდარი მსგავსი ძარცვების ფაქტები მომიძებნე და ხვალ დილით მაგიდაზე დამახვედრე! – უბრძანა გელაშვილმა ტოლიკ სომოვს, რომელიც კაპიტნის ასისტენტად მუშაობდა.

სომოვმა ბრწყინვალედ შეასრულა ბრძანება. მეორე დილით მან კაპიტნის მაგიდაზე ორმოცდაერთი მსგავსი საქმეებით სავსე საქაღალდე დაახვედრა. კაპიტანმა მათ გაცნობას 24 საათი მოანდომა, შემდეგ კვლავ სომოვი გამოიძახა და უთხრა:

– ობრაზცოვთან მიხვალ და გრომოვის, ვასილიევისა და გასანოვის სპეცდოსიეებს გამოართმევ.

ობრაზცოვი, ლენინგრადის ცნობილი ციხის, „კრესტების“ სპეცნაწილის უფროსი იყო და ყველა საქმე მასთან ინახებოდა. გრომოვი, ვასილიევი და გასანოვი ცნობილი ბანდიტები იყვნენ, „კრესტებში“ ისხდნენ და სპეციალური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. გელაშვილს ერთი გეგმა უტრიალებდა თავში და ცნობილი ბანდიტების დოსიეების შესწავლა ამიტომ სჭირდებოდა.

– გრომოვი და გასანოვი პირწავარდნილი არამზადები არიან, მაგრამ ვასილიევთან მუშაობა შეიძლება, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მოახსენა გელაშვილმა იური ვორონინს.

– საიდან მოიტანე? – გაეცინა პოლკოვნიკს, – ვასილიევი გასანოვს და გრომოვს ათს ერთად შეჭამს. შენ კი ამბობ, მასთან მუშაობა შეიძლებაო.

– მე მაინც ასე ვფიქრობ.

– ერთი არგუმენტი მაინც მითხარი, რომ მართალი ხარ და ნებას დაგრთავ.

– იური მიხაილოვიჩ, აი, ამ სპეცდოსიეში წერია, რომ რეციდივისტი ვასილიევის შეპყრობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ, როდესაც ის შემნახველი სალაროდან კბილებამდე შეიარაღებული 800 ათასი მანეთით ხელში გამორბოდა, თურმე პატარა გოგონას დაეჯახა და წააქცია. ვასილიევი გაჩერდა, შემდეგ გოგონასკენ დაიხარა და მისი მოსულიერება სცადა. წარმოგიდგენიათ? მოსულიერება! სწორედ იმ დროს წამოადგნენ თავს მათ ჩვენი ოპერები და შეიპყრეს. ღვთის მადლით, გოგონას ძალიან მსუბუქად დაუზიანდა მარცხენა ხელი.

– ამით რისი თქმა გინდა?

– იმის, ამხანაგო პოლკოვნიკო, რომ მასთან მუშაობის ნება დამრთეთ და გადმოვიბირებ.

– შენ ამბობ, რომ რეციდივისტ ვასილიევს მილიციისთვის ამუშავებ? ეს არსად გაიმეორო, თორემ მასხრად აგიგდებენ, ვასილიევი კი საკუთარი ხელით დაგახრჩობს, ასეთი რამ რომ შესთავაზო.

ამასობაში, პოლკოვნიკის თანაშემწე შემოვიდა და პოლკოვნიკს აცნობა, რომ მძარცველებმა მოსკოვის შოსეზე ინკასაციის მანქანა გაძარცვეს და 5 მილიონი მანეთი გაიტაცეს.

– მაქციები... – თქვა პოლკოვნიკმა იური ვორონინმა, თავი გააქნია და გელაშვილს მიუბრუნდა, – მიდი, კაპიტანო, იმოქმედე, ვნახოთ ერთი, როგორ მოახერხებ ვასილიევის გადმობირებას.

– გმადლობთ, იური მიხაილოვიჩ, – უთხრა გელაშვილმა და კაბინეტიდან გავიდა.

გაქცევა

კაპიტანსა და პოლკოვნიკს შორის შემდგარი საუბრიდან ერთი თვის შემდეგ „კრესტებიდან“ სამი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი – პავლე გრომოვი, საფიკ გასანოვი და სტეპან ვასილიევი გაიქცა. მათ ციხის საკანალიზაციო მილში მოახერხეს ჩაძრომა და იქიდან გავიდნენ სამშვიდობოზე.

– რა ვქნათ, სტიოპა, საით წავიდეთ? – ჰკითხეს მეგობრებმა ვასილიევს.

– აქ მე ერთი ადგილი მეგულება და იქ, – უპასუხა მათ ვასილიევმა და კუნძულზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მიიყვანა.

მეგობრები მხოლოდ სამ დღეს გაჩერდნენ ბინაში და შემდეგ „ჩორნაია მალინაზე“ გადავიდნენ, სადაც ლენინგრადის ბოროტმოქმედთა ბომონდი იკრიბებოდა.

ცნობილი მძარცველების გაქცევის ამბავი უმალვე მოედო მთელ ქალაქს.

ერთხელ ვორონინმა გელაშვილი დაიბარა და ჰკითხა:

– რას შვრები, მოქმედებს თუ არა შენ მიერ შემუშავებული გეგმა და რა შედეგები მოაქვს? 

– შედეგები ჯერჯერობით არ მოაქვს, მაგრამ მოქმედებით მოქმედებს.

– აბა, შენ იცი, იცოდე, თუ ჩაფლავდი, სამსახურს დაემშვიდობები.

 – დარდი ნუ გაქვთ, ამხანაგო პოლკოვნიკო, – გაეცინა გელაშვილს, – „ობობა“ მატყობინებს, რომ „მაქციები“ სულ მალე გაებმებიან მის ქსელში.

ახალი „მაქციები“

„მაქციების“ მიერ ჩადენილი ძარცვიდან სამი თვის შემდეგ, ლენინგრადში მძარცველთა ახალი ბანდა გამოჩნდა. ისინი თითქმის იმავე მეთოდით მოქმედებდნენ, მაგრამ გაცილებით მეტ სისასტიკეს იჩენდნენ. მათ მიერ ხუთი ძარცვის დროს დახოცილთა რიცხვმა ოცდაათს გადააჭარბა. ლენინგრადში მათ შესახებ ლეგენდები დადიოდა და ხალხს ძველი „მაქციები“ მყისვე გადაავიწყდა.

– ნეტავ, ვინ გვიწევს კონკურენციას? – თავი გააქნია მხარბეჭიანმა ახალგაზრდამ, რომელიც სავარძელში იჯდა.

– ალბათ, ვასილიევის ბანდა, – უპასუხა მას ქერათმიანმა ქალიშვილმა, – ისინი სამი თვის წინ გაიქცნენ და გადაგვიჯოკრეს.

– სასწრაფოდ მინდა, მომიძებნო ვასილიევი და აქ მომიყვანო მოსალაპარაკებლად.

– თუ გვიკადრა, კი, – ირონიულად ჩაეცინა ქალიშვილს.

– არ გვიკადრებს და თავს წავაცლი! – კბილებში გამოსცრა მხარბეჭიანმა.

– მერე, ქურდებს რა პასუხს აძლევ?

– ქურდებს არ ვიცნობ. მე თვითონ ვარ ქურდიც, ყაჩაღიც და მოსამართლეც. ახლა კი საქმეს მიხედე. წადი და ვასილიევი მომიძებნე.

გრანდიოზული აფერა

როგორც მხარბეჭიანი ვარაუდობდა, ვასილიევი და მისი ძმაკაცები „ჩორნაია მალინაზე“ იყვნენ „ფსკერზე დაწოლილები“. ისინი ქერათმიანმა რიტა მარკოვამ მოძებნა და მხარბეჭიანთან მიიყვანა, თან უთხრა:

– ჩაიბარე, გმირი მოგიყვანე.

– იარაღი არ დამანახვო. ჯობია, მოვილაპარაკოთ,  უთხრა ვასილიევს მხარბეჭიანმა.

– ვინ ხარ და რაზე გინდა ჩემთან ლაპარაკი?

– სანამ თქვენ გაიქცეოდით, ლენინგრადელი ინკასატორები ჩემი შიშით ცახცახებდნენ.

– მაშ, შენ ხოცავდი ინკასატორებს?

– შენ და შენი ბანდიტები ხომ, რას ამბობ, ქველმოქმედებას ეწევით, – ირონიულად მიუგო ვასილიევს ახალგაზრდამ.

– მაინც, რა გინდა?

– გავერთიანდეთ და ჩვენს ხელში იქნება არა მარტო ლენინგრადი, არამედ მთელი საბჭოთა კავშირი, – შესთავაზა მხარბეჭიანმა ვასილიევს, რაზეც ეს უკანასკნელი დაეთანხმა. მათ მოილაპარაკეს, რომ ორი კვირის შემდეგ ერთობლივ ოპერაციას ჩაატარებდნენ და იმ ინკასაციის მანქანას დაესხმებოდნენ თავს, რომელსაც კიროვის სახელობის ქარხნის მუშებისთვის 23 მილიონი მანეთი მიჰქონდა.

მართლაც, დანიშნულ დღეს, უზარმაზარი დაჯავშნილი მანქანა პულკოვოს შოსეზე გამოსრიალდა. მხარბეჭიანის კბილებამდე შეიარაღებული მეომრები მოსახვევთან იყვნენ ჩასაფრებულები და დაჯავშნილი მანქანის გამოჩენას მოუთმენლად ელოდნენ

– ერთი, ორი, სამი! – ნაღმმტყორცნებიდან სამი ნაღმი გამოვარდა და სამივე ერთდროულად მოხვდა მანქანას, რომელიც ჯერ გადაყირავდა, შემდეგ ასფალტზე გასრიალდა და უზარმაზარ თხრილში ჩავარდა.

– აბა, ცოცხლად, 90 წამი გვაქვს! – ბრძანა მხარბეჭიანმა.

მძარცველები დაჯავშნილ მანქანას მიუახლოვდნენ. ჩვეული გასროლებით მოანგრიეს საკეტი და საბარგული გამოაღეს. ამ დროს გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: „ომონის“ სპეცმებრძოლებმა მხარბეჭიანს და მის ბანდიტებს ისრიანი ტყვიები ესროლეს და იქვე გათიშულები დაყარეს. ნაძვებთან ჩასაფრებულმა ვასილიევმა კი თავისი მეგობრები, გასანოვი და გრომოვი გაანეიტრალა... რვა დაკავებული ბადრაგის მანქანაში ჩასვეს და ქალაქის მილიციის სამმართველოში წაიყვანეს.

გასანოვი და გრომოვი საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, მხარბეჭიანი კი ნერვიულად იქნევდა თავს და იმეორებდა: „როგორ ვერ მივხვდი, რომ მთელი ეს ხოცვა-ჟლეტა აფერა იყო...“

მილიციის სამმართველოში მიყვანილ მძარცველებს გელაშვილი შეეგება და მხარბეჭიანს უთხრა:

– აბა, რა გეგონა ბენდელიანო? არ იცოდი, რომ ადრე თუ გვიან ჩავარდებოდი?

– ეგ ნაბოზარი რომ არა, ფეხებსაც ვერ მომჭამდით! – მხარბეჭიანმა ვასილიევისკენ გაიშვირა ხელი.

– შეცდი. შენთან „ობობა“ გვყავდა ჩანერგილი.

– ვინ „ობობა“?

– რიტა – შენი ქერათმიანი ანგელოზი.

ბენდელიანმა რიტას მოხელთება სცადა, მაგრამ ოპერებმა ის სკამს მიაჯაჭვეს.

– ის მაინც გვითხარი, უფროსო, – თვალები გადმოკარკლა გასანოვმა, – სტიოპას დაკერვა როგორ შეძელით.

– სტიოპა მისმა 4 წლის ქალიშვილმა დაკერა. მან თვითონაც არ იცოდა, რომ შვილი ჰყავდა. მე მას ცოლ-შვილი მივუყვანე და თქვენი ჩაბარების სანაცვლოდ თავისუფლებას შევპირდი...

სოსო ბენდელიანი და მისი ბანდის წევრები, „კრესტებში“ დახვრიტეს. რიტა მარკოვა, მეტსახელად „ობობა“, მილიციის პოლკოვნიკი გახდა და ამჟამად პენსიაზეა. სტეპან ვასილიევს კი გარეგნობა შეუცვალეს და ცოლ-შვილთან ერთად ერთ-ერთ საბჭოთა რესპუბლიკაში დაასახლეს. გელაშვილი 2001 წელს გარდაიცვალა...

скачать dle 11.3