კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ვარდიძე-ჩილინგარაშვილი

ვარდიძე მესხური გვარია. ფუძედ გამოყენებულია საკუთარ სახელად ქცეული სიტყვა ვარდი. ამავე ძირისაა გვარები: ვარდაია, ვარდანია, ვარდანაშვილი, ვარდასანიძე, ვარდუაშვილი, ვარდოსანიძე, ვარდოსანი, ვარდიძე და ვარდისძე.

„ვარდისძე გოგიმ, ქურციკ ფიცხელაძესთან ერთად აჭდილას წმიდა გიორგის რუს გამოსაღებად შესწირა 50 თეთრი და გააჩინა აღაპი” (მეთხუთმეტე საუკუნე).

ვარდიძეთა ერთმა ნაწილმა კათოლიკობა მიიღო და გვარი თურქული ფუძით – ჩილინგარ (რაც ზეინკალს ნიშნავს), ჩილინგარაშვილად შეიცვალა.

საქართველოში 267 ვარდიძე ცხოვრობს: თბილისში – 79, ადიგენში – 52, ახალციხეში – 36. არიან სხვაგანაც.

621 ჩილინგარაშვილი: ადიგენში – 501, თბილისში – 44, ქუთაისში – 16. არიან სხვაგანაც.

სინატაშვილი

გვარი სინატაშვილი იმერეთში, კერძოდ, სოფელ რიონში წარმოშობილი გვარ-სახელია. სინა ქართულ ისტორიაში მრავალი მნიშვნელობით გვხვდება. პავლე ინგოროყვას ის მამაკაცის სახელად აქვს მოხსენიებული. ფუძით ნაწარმოებია შემდეგი გვარები: სვინატაშვილი, სინატაძე.

გვარი ადრეულ საბუთებში სვინატაშვილად გვხვდება. სვინა, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, შვილის მომნათვლელს ნიშნავს. ამ გვარის წარმომადგენლები ხშირად მოიხსენიებიან მეფის მეჯვარეებად და შვილის მომნათვლელებად.

გვარი სვინატაშვილი – სინატაშვილი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ხშირად გვხვდება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების იმერეთის ეპარქიის საეკლესიო-მეტრიკულ დავთრებშიც.

საქართველოში 456 სინატაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 266, წყალტუბოში – 154, თბილისში – 36.

ფუტკარაძე

უძველესი გვარია. ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, ამ გვარს სათავე დაუდო ვინმე ფუტკარამ. ჩვენი აზრით, ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან, გვარის წინარე ფორმაა მეფუტკრისძე, რაც მიგვანიშნებს, რომ ფუტკარაძე ხელობა-საქმიანობიდან გამომდინარე გვარ-სახელია და ამ გვარის წარმომადგენლები ფუტკრის მოვლა-მოშენებას მისდევდნენ.

გვარი ფუტკარაძე მოიხსენიება მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების გვარების ნუსხაში.

ფუტკარაძეების ძირითადი საცხოვრისია აჭარა, თუმცა, ამ გვარის წარმომადგენლები, ასევე, ცხოვრობენ იმერეთში, სამეგრელოსა და თბილისში.

სამეგრელოში ფუტკარაძეები აჭარიდან გადავიდნენ. ბევრმა გვარი შეინარჩუნა, ნაწილი კი ფუტკარაიად ჩაეწერა.

იმერეთში ფუტკარაძეები ცხოვრობენ: საქარაში, ინაშაურში, სიმონეთში, ტყემლოვანში, ჩუნეთში, ჩხარში, ცხრაწყაროსა და ჯიხაიშში.

საქართველოში 7 003 ფუტკარაძე ცხოვრობს: შუახევში – 1 824, ხელვაჩაურში – 1 108, ბათუმში – 664. არიან სხვაგანაც.

კიკიანი

მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა 1939 წელს ბაგრატის ტაძარზე აღმოაჩინა წარწერა, რომლის ავტორიც უცნობია. წარწერა 1740 წლითაა დათარიღებული და მასში მოხსენიებულია ჰასან აღა კიკიანი, რომელსაც ქუთაისის ციხემდე წყალი გამოუყვანია, რისთვისაც ის შეუქიათ და დაულოცავთ.

კიკიანი ქართული გვარია. ეს ჰასან აღა, უნდა ვიფიქროთ, რომ თათრებს გადაუბირებიათ და მას ისლამის რჯული მიუღია. დასავლეთ საქართველოს საბუთებში იგი ხშირად ჩანს როგორც საზოგადოებაში გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირი, ამასთან, მატერიალურად შეძლებულიც. ქუთაისის მუზეუმის ერთი საბუთის მიხედვით დასტურდება, რომ ამ კიკიანის ქრისტიანული სახელი იყო სიმონი, ხოლო ჰასანი თურქებს შეურქმევიათ.

აკადემიკოსი სერგი ჯიქია სიმონ კიკიანის შთამომავლობაზე არსებულ ცნობებსაც განიხილავს: წერილობითი საბუთებით მტკიცდება, რომ ქუთაისის ციხის აღების (1770 წელი) შემდეგ, გენერალმა ტოტლებენმა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორეს გაუგზავნა ტყვედ აყვანილი ჰასან კიკიანის შვილიშვილი. ეს ტყვე გვარ-სახელად ქუთაისოვს ატარებდა. ეკატერინე მეორემ ის აჩუქა თავის შვილს, პავლეს, რომელსაც ყმაწვილი ძალიან მოეწონა, აღზარდა, მონათლა და სახელად ივანე უწოდა.

უკანასკნელი კიკიანები მოხსენიებულნი არიან იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის 1808 წლის ერთ საბუთში. სოლომონ მეორე ადასტურებს, რომ ერთი კიკიანი, ქუთაისის ციხის აღებამდე, ქუთაისის ყადი ყოფილა და, რომ კიკიანები იმერეთის მკვიდრნი იყვნენ და აზნაურის ტიტულს ატარებდნენ. ამ ყადის შვილიშვილების ქუთაისოვებად მოხსენიება უნდა აიხსნას იმ დროს რუსეთში გრაფ ქუთაისოვის გვარის გამოგონებით. როგორც ცნობილია, გრაფ ქუთაისოვის გვარის დამწყები იყო ქუთაისის ციხის აღების დროს, 1770 წელს ტყვედ აყვანილი და რუსეთში იმპერატორ ეკატერინე მეორის კარზე საჩუქრად გაგზავნილი მაჰმადიანი ყმაწვილი. როგორც ირკვევა, ეს ყმაწვილი გვარად კიკიანი ყოფილა.

ამრიგად, სერგი ჯიქიამ დაადგინა, რომ გვარ-სახელი ქუთაისოვი ქუთათურ კიკიანს გულისხმობს.

მეფე სოლომონ მეორის მიერ 1808 წელს გაცემული საბუთი მოწმობს, რომ იმერეთში კიკიანებს აზნაურის წოდება ჰქონდათ. მეციხოვნე კიკიანი მოხსენიებულია რევაზ ჯაფარიძის რომანში „მძიმე ჯვარი“.

მიხეილ ალავიძე აღნიშნავს, რომ მან მოიპოვა ცნობები სვანური წარმოშობის გვარზე – კიკიანი. ისინი სახლობენ დაბა ჩხოროწყუში. ქვედა ჩხოროწყუს ერთ უბანს კი საკიკიანო ჰქვია.

გვარი კიკიანი უკავშირდება ადამიანის კოლხურ საკუთარ სახელს – კიკი.

კიკიანი მომდინარეობს ადამიანის საკუთარი სახელიდან – გრიგოლი, რომლის ერთ-ერთი კნინობითი ფორმაა გიგა. გ და ქ თანხმოვნებს  უფრო მჟღერი კ ჩაენაცვლა. ამ გზით მივიღეთ კიკა და გვარები: კიკიანი, კიკაძე, კიკოშვილი, კიკავა, კიკაური.

საქართველოში 98 კიკიანი ცხოვრობს: თბილისში – 35, ზუგდიდში – 21, მარტვილში – 13. არიან სხვაგანაც.

რევიშვილი

გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – რევი. ამ სახელით ისტორიაში არაერთი პირია ცნობილი, მაგალითად, რევი მართალი, რევი მარინის ძე და სხვა.

ცნობილი ისტორიული პირი იყო მწიგნობარი ქუმსი რევიშვილი.

აზნაურები ბეჟან და ზაალ რევიშვილები, 1721 წლის აღწერით, როსტომ და გუგუნა ნამანგლევიშვილების მემამულეებად მოიხსენიებიან. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ სოფელ სკვირეთში. იქვეა მოხსენიებული მებატონე-მემამულე გიორგი რევიშვილი. აზნაური სეხნია რევიშვილი, ამავე წლის აღწერით, არის საამ და ედიშერ ბარათაშვილების მემამულე, ცხოვრობს და ყმები ჰყავს ქციაში. იმავე აზნაურებს ყმები ჰყოლიათ სოფელ თაფანსა და წვერში. სოფელ სკვირეთში, ასევე, მემამულეები იყვნენ და ყმებიც ჰყავდათ გიორგი და სვიმონ რევიშვილებს.

თავადი იესე ბარათაშვილი კეთილად მოიხსენიებს აზნაურიშვილ რევიშვილებს. ის წერს: „მეექვსე წელს ქალაქს ჩამომიყვანეს. წვერის ციხეში გამგზავნეს და მუნ ვიზრდებოდი გლეხებთან. ერთი აზნაურიშვილი იდგა, რევისშვილი, იმათთან მიმიყვანდნენ, მათამაშებდნენ და დიდი პატივი მქონდა აზნაურთაგან“...

საქართველოში 1 180 რევიშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 595, თბილისში – 177, სამტრედიაში – 148. არიან სხვაგანაც.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3