კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას „უხურებს” ქართველ სტიუარდესებს ონისე ონიანი კვირაში ორჯერ და რატომ არ უნდა მას მარჯანიშვილის თეატრის წინ ვარსკვლავის გახსნა

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, ახლახან დაბრუნდნენ დიდი ბრიტანეთიდან. მათ „გლობუსის” თეატრში შექსპირი ითამაშეს და ისე მოხიბლეს მაყურებელი, თავადაც გაოცებულები დარჩნენ. როგორც მსახიობი ონისე ონიანი ამბობს, შექსპირის ქვეყანაში ფურორი მოახდინეს და მაყურებელი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაზე მეტყველებდნენ, სცენიდან მოაჯადოვეს. ახლა, დასი კვლავ გასტროლისთვის ემზადება და გერმანელი მაყურებლის წინაშე, სულ მალე წარდგება. რაც შეეხება ონისე ონიანს, მას, გარდა თეატრისა, კვირაში ორჯერ  აეროპორტშიც უწევს მისვლა. თუ რას აკეთებს ის იქ და რატომ ემორჩილებიან უსიტყვოდ სტიუარდესა გოგონები, ამაზე თავად მოგიყვებათ.

– ონისე, ამ ბოლო დროს, ხშირად გხედავენ აეროპორტში. დავიჯერო, კვირაში რამდენჯერმე გიწევს ფრენა?

– არა, რას ამბობთ, კვირაში რამდენჯერმე რომ მომიწიოს ჰაერში ყოფნა, ხომ გადავირიე კაცი. უბრალოდ, ახალი სამსახური გამომიჩნდა აეროპორტში და კვირაში ორჯერ მიწევს იქ მისვლა. მომსახურე პერსონალს მეტყველების გაკვეთილებს ვუტარებ. ეს ტრენინგები მათთვის აუცილებელია, რათა გარკვევით და თანაც სწრაფად მოახერხონ ინფორმაციის გამოცხადება მგზავრებისთვის. ვიდრე, ახალ სამსახურს გავამხელდი, ყველა მეკითხებოდა, აეროპორტში გხედავთ საქმიანი ნაბიჯებით რომ დადიხარ და რა გინდა იქ, კვირაში ორჯერო. სერიოზული გამომეტყველებით ვპასუხობდი, ბორტგამცილებლად დავიწყე მუშაობა-მეთქი (იცინის). მათი სახეები უნდა გენახათ. ჩემდა გასაკვირად, ზოგმა მართლა დაიჯერა. 

– ესე იგი, ქართველ სტიუარდესებს სწორად მეტყველებას ასწავლი? 

– არა მარტო მათ, და ძალიან კარგი მოსწავლეები არიან, მონდომებულები. ხშირად მეკითხებიან, რა საჭიროა სამეტყველო აპარატის გახურებაო. მე კიდევ ვუხსნი და ამაზე ეცინებათ. ერთი ვარჯიში გვაქვს, რომელიც პირის აპარატს ავითარებს და ვაშლის ღეჭვით ხდება. ესეც, ძალიან სახალისოა მათთვის. მათ უწევთ რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე საუბარი. სხვადასხვა ენაზე მეტყველება კი პირის აპარატის მანერას ურევს და ამიტომაც არის ეს გაკვეთილები მათთვის აუცილებელი. 

– გასტროლებზე ხშირად გიწევს ყოფნა და შესაბამისად, თვითმფრინავით მგზავრობა. ფრენის შიშის დასაძლევად ზოგი აბებს სვამს, ზოგიც ალკოჰოლის გარკვეულ დოზას იღებს. შენთან როგორ არის ამ მხრივ საქმე?

– დიახ, ფრენის შიშის დასაძლევად, ზოგი აბებს სვამს, ზოგი – ალკოჰოლს. ძირითადად, ვისკის „ჩარტყმა” მოსულა თვითმფრინავში (იცინის). სალონში, სტიუარდესას საკვებთან ერთად, შეგიძლია, მოსთხოვო სასმლის გარკვეული დოზა, მაგრამ ეს ეყოფა ქართველ კაცს? ჰოდა, ხშირად, იმ რაოდენობის ვისკი ისმება ხოლმე, ვინ დათვლის (იცინის). ერთხელ, გასტროლებზე მივდიოდით. ზურა ბერიკაშვილმა წამოიღო სასმელი და სანამ თვითმფრინავი აფრინდა, ყველა „წაქცეული” მთვრალები იყვნენ. მე ბევრი არ დამილევია, მაგრამ ბედი არ გინდა? მეცა, ბორტგამცილებელი გოგონა და გაბრაზებული ტონით მითხრა: გინდა თუ არა, შენ ამოიტანე ვისკიო. ჩამშვები არ ვარ, თორემ, ხომ იყო ღირსი ზურა „ჩამეშვა“ (იცინის). 

– ონისე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები დიდ ბრიტანეთში, „გლობუსის” თეატრში იყავით მიწვეულები. როგორც თეატრის კრიტიკოსები ამბობენ, ნამდვილი „გადატრიალება” მოახდინეთ შექსპირის ქვეყანაში. 

– დიახ, ძალიან წარმატებული გასტროლები გვქონდა დიდ ბრიტანეთში. დარბაზში ათას ხუთასი კაცი ეტევა და ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ყველაზე მაგარი მაყურებელი აღმოჩნდა ინგლისელი ხალხი და უნდა გენახათ, ორსაათ- ნახევარი, როგორ გვადევნებდნენ თვალ-ყურს სცენაზე. ზოგი ფეხზე იდგა. შექსპირი მათ ზეპირად იციან, ბავშვობიდან ასწავლიან და სკოლაშიც გადიან ამ მასალას. ყველა ნაწარმოები და გმირის ისტორია ზეპირად იციან. ჩვენ ქართულ ენაზე ვთამაშობდით, მართალია, სინქრონში მიდიოდა ტიტრები, მაგრამ მათ ზუსტად ესმოდათ, რასაც ვამბობდით, ტიტრებს არც კითხულობდნენ. მაყურებლისგან ისეთი მუხტი მოდიოდა, სცენაზეც იგრძნობოდა. 

– დიდ ბრიტანეთში ვარსკვლავად აღიარებული, ქართველი მომღერალი, ქეთი მელუაც ესწრებოდა თქვენს სპექტაკლს. ის თუ გაიცანით?

– მესამე სპექტაკლზე მოვიდა. საოცრად თბილი და საყვარელი გოგოა. სპექტაკლი რომ დასრულდა, გვითხრეს, ქეთი მელუა ესწრებოდა სპექტაკლს მშობლებთან და მეუღლესთან ერთად და თქვენთან სურს შეხვედრაო. ძალიან გაგვიხარდა. ისე უყვართ ქეთი იქ, ისე აფასებენ და ისეთ პატივს სცემენ, ვერ გეტყვით. ბოლოს და ბოლოს, დედოფლის ფავორიტი მომღერალია. მოკლედ, გავიცანით ახლოს, სურათები გადავიღეთ, გაგვაცნო დედა, მამა და მეუღლე. სხვათა შორის, ქეთის შემდეგ, სპექტაკლს დაესწრო ცნობილი ოსკაროსანი მსახიობი ალან რიკმანი. მეორე იარუსზე იჯდა. მსახიობებმა მაყურებლებს შორის ასეთი მსახიობი და ვარსკვლავი რომ შევამჩნიეთ, ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით: ნახე, ნახე, ვინ არის მოსულიო. მერე ვხუმრობდი, თბილისში რომ ჩავალ, ვიტყვი, ოსკაროსანმა ალან რიკმანმა ფოტოს გადაღება მთხოვა, მაგრამ ისე ვიყავი დაღლილი, უარი ვუთხარი-მეთქი (იცინის). ძალიან საინტერესო გასტროლი გვქონდა. ექვსი სპექტაკლი მივეცით ათ დღეში. ხმამაღლა ვიტყვი, დიდ ბრიტანეთში ფურორი მოვახდინეთ. „გლობუსის” სამხატვრო ხელმძღვანელმა, დომინიკ დრომგულიმ, კარიდან რომ გამოვდიოდით, მოგვაძახა: „ფოქიუ”. გაოცებულები მივუტრიალდით, ეს რა გვაკადრა ქართველებს ამ პატიოსანმა კაცმაო. გაეცინა და დააყოლა: თქვენ მე ჩემი შექსპირი წამართვით, უკეთ იცით ქართველებმა შექსპირის თამაშიო. ეს მისი გულწრფელი ნათქვამი და ჩვენთვის სასიამოვნო ფრაზა იყო. ერთი სიტყვით, დიდი ემოციით დავბრუნდით. მაგრამ, აქ სამწუხარო ამბავი დაგვხვდა, ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი უკვე დასაფლავებული იყო. იცით, რა გამახსენდა? ქალბატონი მედეა კუჭუხიძე დგამდა ჩინურ პიესას. მე ვთამაშობდი ბერის როლს. ვერაფრით გავითავისე, გამიჭირდა „გახსნა”, ბერის როლში შესვლა. თურმე, ბატონი ოთარი მადევნებდა თვალყურს. მითხრა, რომ მორჩები რეპეტიციას, ჩემთან შემოიარეო. მივედი. მითხრა, ვხვდები, ბერის როლში ვერ შედიხარ და მე დაგეხმარებიო. გაოცებული ვუყურებდი, როგორ ითავისებდა ჩემს როლს, როგორ შევიდა ბერის როლში, როგორი ემოცია მოდიოდა მისგან. ეს, უნდა გენახათ და განგეცადათ. ასე რომ, მან ბერის გზაზე დამაყენა, კარგი ბიძგი მომცა და ამ როლის თამაში გამიადვილა. ის ჩემთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და გული მწყდება, ჩვენ გვერდით რომ აღარ არის. ქალბატონ სოფიკო ჭიაურელთანაც მომიწია თამაში, მისი პარტნიორი ვიყავი და ბედნიერი ვარ, რომ მათ გვერდით ვიდექი. რამდენი ერთი ჩამოვთვალო. უბრალოდ, ბედნიერი ვარ, მათთან რომ მომიწია ურთიერთობა.

– ონისე, მარჯანიშვილის თეატრის წინ, როგორ ფიქრობ, მათ მსგავსად, ვარსკვლავს შენც გაგიხსნიან?

– არასოდეს! არ მინდა! ძალიან ბევრი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი ვარსკვლავი სიცოცხლეშივე დაიმსახურო. მე თავმდაბალი არ ვარ, უბრალოდ, არ მინდა, სიცოცხლეში ვარსკვლავი გამიხსნან და მე მასზე გავიარო.

скачать dle 11.3