კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორია სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნის ზოგადი წესი? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება, დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ხოლო, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორი სახის სასჯელი ინიშნება დამნაშავე პირის მიმართ, თუ არსებობს შემამსუბუქებელი გარემოება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა გარემოებებს ითვალისწინებს სასამართლო დამნაშავისთვის სასჯელის დანიშვნის დროს და რა კრიტერიუმებით ხდება სასჯელის სახისა და ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს; ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას; მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას; ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს; დამნაშავის წარსულ ცხოვრებას; პირად და ეკონომიკურ პირობებს; ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით კი – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

კითხვა: მაინტერესებს, რომელი კონკრეტული გარემოება შეიძლება იყოს ყველა სახის დანაშაულისთვის დამამძიმებელი გარემოება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან  წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის მუქარა რა შემთხვევაში  ითვლება  დანაშაულად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ითვლება დანაშაულად და ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. 

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი სახელმწიფო შესყიდვების დროს პროცედურების დარღვევისას, თუ ეს ჩადენილია განზრახ, ანგარების მოტივით?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება ან სხვა გარიგება, თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს კანონი იმ ადამიანს, რომელიც განზრახ არასწორ და გაზვიადებულ რეკლამას უწევს თავის პროდუქციას, რამაც მომხმარებელს დიდი ოდენობის ზიანი მიაყენა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ აღნიშნული ქმედება არის ყალბი რეკლამა და წარმოადგენს დანაშაულს, კერძოდ, ეს რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერ მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანაა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით 1 წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1 წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს გენეტიკური მანიპულაცია და კანონით ისჯება თუ არა მსგავსი ქმედება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ გენეტიკური მანიპულაცია, ესე იგი, ადამიანის მსგავსი არსების შექმნა, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის ქმედება ითვლება გარყვნილ ქმედებად და რა სასჯელს ითვალისწინებს კანონი ამგვარი ქმედებისთვის?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, არის დანაშაული და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით 1 წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე. ამგვარ ქმედებად ითვლება ყველა სახის ამორალური, განზრახი გაშიშვლება და დემონსტრირება 16 წლის ასაკს მიუღწეველი მოზარდის წინაშე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს დანაშაულის პროვოკაცია?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი, სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად, მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1-დან 3 წლამდე. დანაშაულის პროვოკაციის დროს, მართალია, პირი სჩადის კანონით აკრძალულ ქმედებას, მაგრამ, ამ ქმედების მაპროვოცირებელია სხვა პიროვნება, რომლის მიზანია, ამ შემთხვევაში, მსხვერპლის მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში.

скачать dle 11.3