კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დააპროექტა ფეთხაინის კიბე 1850 წელს და რის გამო უწოდეს გამოქვაბულს მეტეხის კლდეში „ჯოჯოს საყდარი“

თბილისში ზოგიერთი ძველი ისტორიული დასახელება დამკვიდრდა და ხალხი მათ ისევე მოიხსენიებს, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში ან უფრო ადრე. თუმცა, არსებობს სხვა დასახელებებიც, თანდათან დავიწყებას რომ ეძლევა და მათ მხოლოდ ისტორიულ ლიტერატურაში მოიხსენიებენ. გთავაზობთ მოკლე ჩანახატებს თბილისის რამდენიმე ძველ ისტორიულ დასახელებაზე.

 

თაბორის ციხე

თბილისის ციხესიმაგრეებს აერთიანებდა კარგად გააზრებული სისტემა, რომელიც იყენებდა მთაგორიანი რელიეფის თავისებურებებს. ამ სისტემაში მეტად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ციხეს თაბორის მთაზე. ციხე ფორტიფიკაციული სისტემის ფორფოსტი იყო აღმოსავლეთის მხრიდან, საიდანაც ტრადიციულად ესხმოდა ქალაქს მტერი. ციხე „დაკიდული” იყო განჯის გზის თავზე უშუალოდ კალას სიახლოვეს. თაბორის ციხე თავისი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში არაერთხელ დანგრეულა და კვლავ აღდგენილა. მის არსებობას უძველესი დროიდან „ქართლის ცხოვრება” მოწმობს. ბაგრატ მეოთხის ქალაქში შემოსვლის ამბავზე ჟამთა აღმწერელი მოგვითხრობს: „დაჯდა მეფე ბაგრატ საურავად. აღიხუნა კოშკნი კართანი თავის კაცთა, და აღიღო ციხე ქალაქისა დარიჯელი და ორნივე კოშკნი წყალყინოსანი და თაბორი, და დაადგინნა შიგან ლაშქარნი თვისნი და ერისთავნი”. უკანასკნელად თაბორის ციხე დაანგრია აღა-მაჰმად-ხანმა და მას შემდეგ აღარ განუახლებიათ. პორუჩიკ ჩუიკოს მოუსწრია და მისი ნანგრევები დაუტანია თბილისის 1800 წლის გეგმაზე. „ყორჩი-ყალა” დატანილია თბილისის 1802 და 1809 წლების გეგმებზე. გვიანდელზე კი უკვე აღარ ჩანს.

ციხეში ეკლესიაც მდგარა, რომელსაც პლატონ იოსელიანის მოწმობით, „ღვთის ფერისცვალების” სახელით იხსენიებდნენ. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა თვით თაბორის მთის სახელწოდების წარმოშობა. ისევე, როგორც „მთაწმინდა,” ისიც დაკავშირებულია ქრისტიანულ „წმინდა” ადგილებთან. იერუსალიმში, თაბორის მთაზე მომხდარა ქრისტეს ფერისცვალება. აქედან მოდის თბილისის მთისა და ციხეში აგებული ეკლესიის სახელები. დღეს ეკლესიის კვალი წაშლილია და ისევე როგორც ციხის ნაშთები, უკვე აღარ ჩანს პლატონ იოსელიანის დროინდელ აღწერის ხანაში (1866). 1972 წელს არქეოლოგიური ძიებისას მიაკვლიეს ციხის კვალს. ამჟამად ციხის და ეკლესიის ადგილზე თანამედროვე თაბორის მონასტერი ფუნქციონირებს. 

ბეთლემი

ზემო ბეთლემის ეკლესია წარსულში ფეთხაინის ეკლესიად იყო ცნობილი. საქართველოში ქრისტიანულ სამლოცველოებს ხშირად ეგრეთ წოდებულ „წმინდა ადგილების” სახელს არქმევდნენ. ებრაულად „ბეთ” სახლს ნიშნავს, „ილი” – ღვთისას. ამგვარად „ბეთილი”, „ბეთლემი” ღვთის სახლს ეწოდება. ბეით-ლეჰმი ან ბეთლეჰემი, თავდაპირველად, ქანაანელთა, მოგვიანებით კი იუდეველთა ქალაქი იყო სამხრეთ პალესტინაში და ბიბლიის მიხედვით, დავითის სამშობლოა. სახარების მიხედვით იქ იესო ქროსტე დაიბადა.

გადმოცემით, თბილისის ბეთლემის ეკლესიას ვახტანგ გორგასლის ზეობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენამდე მოღწეული მრავალჯერ გადაკეთებული ეკლესია თავად გივი ამილახვარს აუგია 1740 წელს. ეს ის გივი ამილახვარია, რომლის თაოსნობითაც 1742 წელს ააშენეს ქაშვეთის აგურის ახალი ეკლესია (დღევანდელის წინამორბედი). გივი ამილახვარი ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახვროს უფროსი, ზემოქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი ყოფილა. მას არაერთი ციხე და ეკლესია აღუდგენია. ეკლესიას სომხები ფლობდნენ და ფეთხაინის ეკლესიად მოიხსენიებდნენ, თუმცა მას ქართული მრევლიც ჰყავდა. 1884 წელს ეკლესია კაპიტალურად შეაკეთეს, განაახლეს ფასადი და აღმართეს ახალი გუმბათი. საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ მოქმედებდა. 1994 წელს გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში და მაცხოვრის შობის სახელზე ეკურთხა. 

ფეთხაინის კიბე

კიბის პროექტი, რომელიც ფეთხაინის უბანში კლდეს აჰყვება და ეკლესიასთან მთავრდება, 1850 წელს შეადგინა თბილისის საგუბერნიო არქიტექტორმა ტიმოთე ბელოიმ. პროექტში კიბეს მიუყვებოდა სვეტებზე მოწყობილი სახურავი, მაგრამ პროექტი ბოლომდე არ განხორციელებულა და ამასთან, კიბის ტრასაც ნაწილობრივ შეიცვალა. 

ჩორსუ

ასე ეწოდებოდა დახურულ სავაჭრო მოედანს, სადაც რასტაბაზრისგან განსხვავებით, სხვადასხვა დარგის ვაჭარ-ხელოსნები იყრიდნენ თავს. ჩორსუ სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ოთხკუთხედს ნიშნავს. სპარსეთში გზების გადაკვეთაზე ბაზარი იმართებოდა და გუმბათით იხურებოდა. ამგვარი ორი ჩორსუ თბილისშიც იყო. ისინი ზომებით განსხვავდებოდნენ. მცირე ჩორსუ, ჯონხანისა და ხარაზხანის გადაკვეთაზე (დღევანდელ ერეკლეს, სიონისა და ლესელიძის ქუჩების შესაყარზე) მდებარეობდა. მეორე, დიდი ჩორსუ კი რასტაბაზრის დასასრულს იყო, მელიქის ქარვასლის უშუალო სიახლოვეს, დაახლოებით დღევანდელი სიონის ქუჩის ბოლოში. ორივე ჩორსუს კვალი ნათლად იკითხება თბილისის 1800 წლის გეგმაზე. ისევე, როგორც საერთოდ ამ ხანის ბაზრებში, თბილისის ორივე ჩორსუშიც ერთიმეორის გვერდით სრულიად სხვადასხვა სახის დუქან-სახელოსნოები იყო განლაგებული.

ჯოჯოს საყდარი

ძველად ასე უწოდებდნენ თბილისელები მეტეხის კლდეში გამოკვეთილ გამოქვაბულს. პლატონ იოსელიანის ცნობით, გამოქვაბული მეექვსე საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის საქადაგოდ მოსულ 13 სირიელ მამათაგან ერთ-ერთის, ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული – დავითის დროებითი ადგილსამყოფელი ყოფილა. აქედან გადასახლებულა ის გარეჯის უბანში, სადაც მონასტერი დააარსა. მამა დავითის გარდაცვალების შემდეგ მის მოწაფეს, დოდოს გამოქვაბულში სამლოცველო – საჟამნო მოუწყვია. შემდგომში თითქოს „დოდოს საყდარი” დამახინჯებულა და „ჯოჯოს საყდრად” ქცეულა. პლატონ იოსელიანისვე მოწმობით, მისი ახალგაზრდობისას, აღდგომა დღეს აქ ჯერ კიდევ დადიოდნენ მლოცველები.

 

უშანგი რუხაძე

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: „ძველთბილისური დასახელებანი”, თ. კვირკველია (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985)

скачать dle 11.3