კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქნება თუ არა უზრუნველყოფილი საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოება აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში და რა პრეტენზიები აქვთ აფხაზებს მის მიმართ

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქთან ერთად შესაძლოა, აფხაზეთში ჩვენი პატრიარქი ჩავიდეს. ჯერჯერობით კი აფხაზეთში შემდეგნაირი ვითარებაა: სასულიერო პირთა ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს უჭერს მხარს, ნაწილს მსოფლიო პატრიარქისკენ მიუწევს გული. სამწუხაროდ, არ არსებობს სასულიერო პირთა ჯგუფი, რომლებიც აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრების მომავალს  ქართული ეკლესიის წიაღში ხედავდნენ. იმავდროულად, რუსეთის პატრიარქი აცხადებს, რომ პრობლემა საეკლესიო კანონებითა და აფხაზი ხალხის ნების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. ვითარება არათუ რთული, თითქმის ჩიხურია. რა ხდება აფხაზეთის სასულიერო ცხოვრებაში და როგორია მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარი, – თემაზე მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებებს.

– ძალიან აგრესიულად გამოეხმაურნენ სოციალური ქსელის მომხმარებელი აფხაზები ჩვენი პატრიარქის აფხაზეთში შესაძლო ჩასვლის შესახებ ინფორმაციას.

– ბუნებრივია, აგრესია იქნება. ამდენი ხნის განმავლობაში ამ ადამიანებზე ზეწოლაა. მათ ჩააგონეს, რომ ეს არის მათი დამოუკიდებლობის ხელყოფა. მრავალი ჭორი აგორდა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ასეთ პროვოკაციებზე ხშირად წამოვგებულვართ: ერთ-ერთი ეთნიკური კონფლიქტის დროს თბილისში ჩამოვიდა ინფორმაცია, რომ აკვანში მწოლიარე ქართველი ბავშვი მოკლეს. ქართველი საზოგადოება აღელდა, მრავალი სისხლი დაიღვარა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტი ტყუილი იყო და არავინ მოუკლავთ. ისევე, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში ჩაიტანეს ინფორმაცია, რომ თითქოს პატრიარქმა, რომელმაც თქვა, სამოქალაქო ომი უნდა დამთავრდეს და ქართველზე ხელის ამწევი ქართველი უნდა დაისაჯოსო, დაწყევლა არაქართველები. რა თქმა უნდა, მუშაობს მოწინააღმდეგე მხარე, რომ არასწორი ინფორმაციები, არამეცნიერული ისტორიები გავრცელდეს. დიდი ფული იხარჯება ამაში. მზადდება შესაბამისი კადრები და დღეს ამ მიმართულებით სწორად მისი უწმიდესობა მუშაობს, რაშიც ხელს უშლის ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთს ვინ ჩივის, იმას ცდილობს, ბიბლია მეგრულ და სვანურ ენებზე ითარგმნოს და ისე წარმოაჩინოს, რომ მეგრელები, სვანები, ლაზებიც კი ქართული გენეტიკის არ არიან. აფხაზეთში რუსული მოდელის პარალელურად, მეორე ჯგუფი ცდილობს, გაათამაშოს მეორე კარტი, რომ, თუ ვინიცობაა რუსული მოდელი ვერ ამუშავდა, ამუშავდეს კონსტანტინოპოლის ვარიანტი.

– ჩვენთვის ორივე ერთი და იგივე საფრთხეა, როგორც ვხვდები?

– ისე უნდა დავიხმაროთ ორივე, რომ, საბოლოო ჯამში, არც ერთთან არ გავწყვიტოთ კავშირი. უწმიდესისა და საქართველოს ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი ჯერჯერობით ამისგან გვიცავს.

– უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩავლენ?

– სურვილი დიდია, დანარჩენი ტექნიკურ მხარეზეა დამოკიდებული. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გასული საუკუნის 90-იან წლებში მისი უწმიდესობის ჩასვლა აფხაზეთში, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი საფრთხე ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლხინში წინააღმდეგობა დაახვედრეს, გზა გადაკეტეს, უწმიდესი მაინც ჩავიდა. ერთი წარბი არ შეუხრია უამრავ შეურაცხყოფაზე, როდესაც მის მანქანას მუშტებს ურტყამდნენ. ჩავიდა და დაადასტურა თავისი დამოკიდებულება, რომ აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს ხელშეუვალი ტერიტორიაა. უწმიდესი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კვლავ დაუდასტუროს ყველას, თუნდაც, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და ის ადამიანებიც ჩვენები არიან.

– საქართველოს ეკლესიის თანხმობის გარეშე, მოსკოვის პატრიარქი ან მსოფლიო პატრიარქი შეძლებენ აფხაზეთის ეკლესიის საკითხის გადაწყვეტას?

– ეს დამოკიდებულია, თუ რა სიმაღლეზე იქნება საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო.

– საეკლესიო სამართალი, წესებიც ხომ არსებობს?

– სამართალი ისეთი ცნებაა, რომელიც ზეწოლას ექვემდებარება და ჩვენ ხშირად ვყოფილვართ ამის მოწმენი. ყოველგვარი სამართლის გარეშე გააუქმა რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. მოძებნეს ისეთი მექანიზმი, რომ ვითომ გაერთიანდა ორი ეკლესია. საქართველოს დაპყრობაზე გამოცხადდა, რომ საქართველოში კი არ გაუქმდა სახელმწიფოებრიობა, არამედ რუსეთის მეფემ მიიმატა ტიტული –  მეფე საქართველოსი და იგივე ნიკოლოზ მეორე იწოდებოდა, როგორც საქართველოს მეფე. როდესაც სხვები „ი პროჩიე და ი პროჩიეში“ გადიოდნენ, საქართველოს მეფე ტიტულატურაში ცალკე იყო მოხსენიებული. სამართლიანობა ისეთი მომენტია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დაცვას.

– ჩვენ გვყავს მოკავშირეები სამართლიანობის დაცვის საქმეში?

– ჩვენ ძალიან ძლიერი მოკავშირეები გვყავს, ჯერ ერთი, სიმართლე და სხვა ეკლესიებიც. თუ პრაგმატულად მივუდგებით საკითხს, ასეთი პრობლემები შეიძლება, ყველა ეკლესიაში მოხდეს და ამიტომ ყველა იცავს საზღვრების ურღვევობას. რუსეთისთვის თუ საპირწონედ დადგება: საქართველო თუ უკრაინა, გასაგებია, ვის აირჩევს. იმავე კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ბევრ რამეზე, ვერ უარყო, როდესაც საქართველოს ეკლესიამ გახსნა ლაზეთის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიები, იმიტომ რომ, სამართლებრივად, ეს ტერიტორია კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ.

– ოფიციალური აღიარებაა?

–  როდესაც ეს ეპარქიები შეიქმნა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ეს ეპარქიები სამართლებრივად, იურიდიულად და ისტორიულად სწორად გათვლილ დროსა და მართებული ფორმულირებებით შეიქმნა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არ გამოუთქვამს პრეტენზია, იმიტომ რომ ის, როგორც ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრე, ვერ განაცხადებდა პრეტენზიას იბერიის ეკლესიის სამკვიდრო ტერიტორიაზე. დღეს შესაძლოა, არც ერთი მღვდელმსახური არ გვყავს იქ, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ მიმართულებით. საქართველოს ეკლესიამ პირველი ნაბიჯი გადადგა, ხვალ მეორე ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ისევე, როგორც რუსეთის ეკლესია პირველ ნაბიჯებს დგამს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ საქართველოს ეკლესია მარტოა ამ ბრძოლაში, რუსეთის ეკლესიას კი რუსეთის სახელმწიფო უმაგრებს ზურგს. სახელმწიფომ ეკლესია კონკურენტად არ უნდა განიხილოს, მაგრამ, რატომღაც განიხილავენ მტრად და სულ ეჩვენებათ, ხელისუფლების განაწილებაში ხომ არ შეეცილება მათ საქართველოს ეკლესია. არადა, საქართველოს ეკლესიას ისტორიის არც ერთ ეტაპზე არ გამოუხატავს სურვილი, რამე მიწიერი ხელისუფლებისადმი ჰქონოდა წვდომა. ერთადერთი თუ გამოხატავდა იმით, რომ წმიდა გრიგოლ ხანძთელი ამხელდა მეფეს ანდა წაართმევდა საყვარელს; როდესაც დავით ულუს ეკლესია ღირსეულ ცხოვრებას სთხოვდა; დემეტრე თავდადებულის ქმედებების გამო პატრიარქი გადადგა კიდეც. ჩვენ ასეთი მრავალი ფაქტი ვიცით, მაგრამ არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ ეკლესიას ძალაუფლებაზე გაეწია ხელი. დღეს სულიერებისა და ზნეობისკენ მითითება აღქმულია, თითქოს ძალაუფლებას მართმევსო. გავიხსენოთ კონფლიქტი ვახტანგ გორგასალსა და პატრიარქს შორის, რომელმაც მეფეს კბილი ჩამოუგდო.

– თუმცა ვახტანგი არ დაპირისპირებია პატრიარქს, არ უჩვენებია ძალა, რაც არ გაუჭირდებოდა, საეკლესიო მსახურებს მიმართა კონფლიქტის მოსაგვარებლად.

– დიახ, თხოვნით მიმართა, თავისი ჩამოგდებული კბილი გაგზავნა კონსტანტინოპოლში და არ დაუწყია თავისი ძალის დემონსტრირება არც დავით ულუს, არც აშოტ კუროპალატს, არც დემეტრე თავდადებულს. დღეს კი ღიად  ებრძვიან საქართველოს ეკლესიას და ამას მოწმობს ბოლო პერიოდში შემოტანილი ლოზუნგი: „არა თეოკრატიას“, არადა, ვის უნდა შენი ხელისუფლება, ძალით რომ მისცე, არ აიღებენ. ეკლესია გეუბნება, მოიქეცი ნორმალურად, ნუ გადადიხარ იმ საზღვრებს, რის შემდეგაც მე ვერ გავჩერდები. საქართველოში იმიტომაც იყო ჰარმონიული თანაცხოვრება, რომ ეს ორი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდა: სულიერი მიმართულება არ შედიოდა ხორციელ გადაწყვეტილებაში და სახელმწიფო, ხორციელი სხეული, არ შედიოდა სულთან კონფლიქტში. 

– ისევ აფხაზეთის ეპარქიის თემას დავუბრუნდები, კონსტანტინოპოლის პატრიარქსაც აქვს პრეტენზია თუ უბრალოდ მოქმედებს პრინციპით, რატომაც არ უნდა დაიქვემდებაროს აფხაზეთის ეპარქია?

– აქ შეიძლება, ერთი მხრივ, ვიფიქროთ, რომ ეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გულწრფელი სურვილია, რადგან კონფლიქტია, მე, როგორც ნეიტრალური ადამიანი, მივხედავ ამ საქმეს და მეორე, რატომ უნდა ვთქვა უარი ღვთისგან ბოძებულ საჩუქარზე? 

– გარდა ამ ორისა, სხვა რომელიმე ეკლესია ხომ არ არის აფხაზეთის ეპარქიის დაქვემდებარების მსურველი?

– სხვა მეტი ვერავინ ჩაერევა ამ საქმეში, იმ უბრალო მიზეზით, რომ არანაირი ტერიტორიული შეხება არ აქვთ. თეორიულად, პრეტენზიის გამოთქმა შეუძლია ანტიოქიის საპატრიარქოს, რადგან თავის დროზე ავტოკეფალია ანტიოქიისგან მივიღეთ, მაგრამ ეს აბსურდია, მით უმეტეს, ახლა, როდესაც დამასკო იბომბება. კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც არაფრით არის უმეტესი არც საქართველოს და არც რუსეთის საპატრიარქოზე, თავისი აქტიური ბუნებიდან გამომდინარე, ცდილობს, წარმმართველი როლი შეასრულოს და დაიკმაყოფილოს ამბიციაც, რადგან ტიტულატურაში უწერია მსოფლიო პატრიარქი და, სამართლებრივადაც, თუ ორ ძმას შორის დავაა, ჯობია, მესამემ, უფროსმა ძმამ, დაარიგოს ჭკუა. თუმცა აქ ნამდვილად არის ქვეტექსტები და ჩემთვის საშიში იქნება, თუ სეპარატიულ გარიგებებს ექნება ადგილი რუსეთისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის. ისევე, როგორც თურქეთსა და რუსეთს აქვთ ერთმანეთთან პრეტენზიები და ერთმანეთის კონკურენტები არიან გარკვეულ სფეროებში, სხვა სფეროებში, იმავე საქართველოს ტერიტორიის საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლებელია, მათ შორის შედგეს რამე გარიგება, ასევე, შეიძლება, შედგეს გარიგება რუსეთისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის. ამიტომაც ჩქარობს მისი უწმიდესობა, როდესაც სახელმწიფო არაფერს აკეთებს. ერთია, რომ თურქეთი ჩვენი მეგობარია, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთის შემდეგ თურქეთი აფხაზეთის რიგით მეორე პარტნიორია. ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ მეგობრობის გამო, თუმცა სათქმელი მეგობარსაც უნდა უთხრა.

– და ორმხრივია მეგობრობა, სიყვარულის არ იყოს.

– ჩვენ მეგობრობით სპეკულაცია გამოგვდის და როგორც ჩანს, ამის უკან სხვა რაღაცეები იმალება, რადგან, წესით, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ თურქეთთან და არ გვინდა ეს თვითგვემები. როგორ ჩვენ გვჭირდება თურქეთი, ასევე, თუ უფრო მეტად არა, ვჭირდებით თურქეთს. როგორც თურქეთი არ ერიდება თავისი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებას საქართველოს ტერიტორიაზე, არც ჩვენ უნდა მოვერიდოთ ჩვენი ინტერესების რეალიზებას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

– ბუნებრივია, თურქეთის ხელისუფლება დაინტერესებული იქნება, თუ მსოფლიო პატრიარქი გაიფართოებს იურისდიქციას და, ამდენად, ერთი მოთამაშე გამოდის. ანუ ეს უფრო რეგიონული პრობლემაა?

– რა თქმა უნდა, ისევე, როგორც აზერბაიჯანი ცდილობს, წამოწიოს მართლმადიდებელი ეკლესია.

– მას ეს სჭირდება ყარაბაღთან მიმართებაში.

– ისედაც სჭირდება, თავისი ტერიტორიების დასაცავად. მას აქვს ისტორიული პრობლემა, რადგან ასეთი სახელმწიფო –  აზერბაიჯანი ამ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე არ არსებობდა, ის შეიქმნა რუსეთის იმპერიის მოსვლის შემდეგ.

– როგორც ჩვენი „იუჟნაია ოსეტია“.

– საჭიროა ამის განმტკიცება როგორც სამართლებრივი, ისე ისტორიული კუთხითაც და ამიტომ წამოწია ახალი თეზა, რომ ალბანელი ხალხისა და ალბანეთის ეკლესიის მემკვიდრეები არიან.

– აზერბაიჯანი ცდილობს, მოიპოვოს ალბანეთის ეკლესიის აღიარება.

– რა თქმა უნდა, შეეცდება და შემდეგ მეორე ნაბიჯს გადადგამს, მისთვის ეს საშიში აღარ არის, მაგრამ დარჩება თავის ტერიტორიაზე კულტურული ძეგლების მემკვიდრედ. ისევე, როგორც სომხეთი ცდილობს, საქართველოში თუ რომელიღაც სომეხს რომელიღაც ქვა დაუდვია, თავის საკუთრებად გამოაცხადოს და ბევრ შემთხვევაში, სადაც ხელიც არ მოუკიდია სომეხს, ისიც თავისად აღიაროს. მაშინ, როდესაც ქართულ სახელმწიფოს ისევ რცხვენია, ხმა ამოიღოს, რატომ გვაძლევენ იმ ეკლესიას, რომელიც დღეს სომხეთის ტერიტორიაზეა და ქართულია. გარშემო ყველა იცავს თავის ინტერესს, არ ერიდება ამ ინტერესის დემონსტრირებას, თუნდაც, აგერ მეგობარი აზერბაიჯანი, რომელიც განა ქურმუხთან თუ სხვა ტაძრებთან დაკავშირებით ატარებს მკაცრ პოლიტიკას, არამედ დავით გარეჯის რამდენიმე კილომეტრი გახდა დიდი წინააღმდეგობის საგანი. იქით სომხეთის ინტერესებია, აქეთ –  რუსეთის გაძლიერებული ინტერესი, თურქეთის ინტერესი, ჩვენ კი ღია კარის პოლიტიკა გვაქვს: მობრძანდით, ვისაც გინდათ, რაც გინდათ, წაიღეთ და ვამაყობთ ჩვენი ჰუმანოიდოზური მიდრეკილებებით. თუ ეს შეუგნებლად კეთდება, მაშინ ვაი, იმიტომ რომ ეს თვითგვემა დაგვღუპავს, თუ შეგნებულად და გრძელდება ის პოლიტიკა, რაც სააკაშვილის დროს იყო, მაშინ უი, იმიტომ რომ ეს საშიშ ტენდენციად ჩამოყალიბდება. 

скачать dle 11.3