კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

ნიკა საკმაოდ დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული. შემდეგ მობილურ ტელეფონს გადასწვდა და ეკრანზე გამოსახულ დოდოს ნომერს დახედა. ნანამ დაძაბულმა გახედა.

– დამიჯერე, ასე სჯობია, – ჩაილაპარაკა ნიკამ და გამოძახების ღილაკს დააჭირა თითი.

ორიოდე ზუმერის შემდეგ ყურმილში დოდოს ხმა გაისმა:

– გისმენ...

– სად ხარ? – ჰკითხა ნიკამ.

– ჯერჯერობით სახლში.. ვისი სიახლოვეც ახლა მჭირდება, უარს მეუბნება დახმარებაზე, ის კი, ვინც სიხარულით მოვიდოდა ჩემთან, მე არ მჭირდება. ასე რომ... – აღარ დაასრულა დოდომ.

– დავიჯერო, ასე აუცილებელია შენთვის პროზექტურაში მისვლა? – განაგრძო ნიკამ.

– მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, – გაღიზიანდა დოდო, – რა არის აუცილებელი, მე თავად გადავწყვეტ. შენ კი ის გადაწყვიტე, გინდა თუ არა ჩემი დახმარება.

– კარგი, დამელოდე, თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნები, – ნიკამ მობილური გათიშა, შემდეგ ადგა, ტუმბოს უჯრიდან პისტოლეტი ამოიღო, ქამარზე მოირგო და ნანას მიუბრუნდა, რომელიც ჩაფიქრებული ადევნებდა თვალს:

– გიკვირს?

– არა, – თავი გაიქნია ნანამ, – მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: რას უკავშირდება შენი წასვლა – საქმეს თუ ქალს?

– ორივეს... – მოკლედ უპასუხა ნიკამ და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.

... დოდომ კარი გააღო და გვერდზე თავჩახრილი გადგა. ნიკა ბინაში შევიდა, კარი დაკეტა და გაოცებულმა შეათვალიერა საშინაო ხალათში გამოწყობილი ქალი. ბუნებრივია, რომ, ადამიანი, რომელიც სადმე აპირებდა გამგზავრებას, სხვანაირად უნდა ყოფილიყო ჩაცმული. თანაც, დოდოს აშკარად ეტყობოდა, რომ რამდენიმე ჭიქა სასმელიც ჰქონდა დალეული.

– რას ნიშნავს ეს? – ჰკითხა მან მცირე პაუზის შემდეგ.

– მაპატიე... ყველაფერს აგიხსნი, – დოდო შებრუნდა და სასტუმრო ოთახს მიაშურა.

ჟურნალის მაგიდაზე ვისკის ბოთლი და ჭიქა იდგა. ნამწვავებით სავსე საფერფლე იმაზე მიანიშნებდა, რომ დოდოს საკმაოდ დიდი დრო გაეტარებინა მაგიდასთან.

ქალი სავარძელში ჩაეშვა და ისევ ვისკის ბოთლს წაეტანა. ნიკამ ხელი გაუკავა და ბოთლი გვერდზე გადადგა. შემდეგ თითები ნიკაპქვეშ ამოსდო, თავი მაღლა ააწევინა და ჰკითხა:

– რა ხდება, დოდო?

– მეშინია... – ყრუდ ჩაილაპარაკა მან.

– პროზექტურაში წასვლას არც აპირებდი?

დოდომ უხმოდ გაიქნია თავი.

– მაშინ, რატომ მითხარი ამის შესახებ?

– მინდოდა, რომ ჩემთან მოსულიყავი.

– უბრალოდ გეთქვა: მოდი... რა საჭირო იყო რაღაც ზღაპრების შეთხზვა?! – უკმაყოფილოდ თქვა ნიკამ.

– რომ მეთქვა – მოდი, შენი სიახლოვე მჭირდება-მეთქი, მოხვიდოდი? – თვალებში ჩააცქერდა დოდო.

ნიკამ დუმილით უპასუხა.

– არ მოხვიდოდი, – გულისტკივილით ჩაილაპარაკა დოდომ, – შენთვის ხომ მხოლოდ ერთი ქალი არსებობს!

– თუ გინდა, რომ არ წავიდე, ყველაფერი უნდა ამიხსნა! – მოიღრუბლა ნიკა, – რა მოხდა?

– მეშინია... – უღონოდ ჩაილაპარაკა დოდომ და თვალები დახუჭა.

– იპოდრომის თანამშრომლის მკვლელობას გულისხმობ?.. რა ერქვა იმ ბიჭს?

– დიმა.

– და, რა გაკავშირებდა მასთან? – ჰკითხა ნიკამ.

– როგორ აგიხსნა... – საფეთქლები მოისრისა დოდომ, – დიმა ჩემი კომპანიის ხელმძღვანელის, მერაბ ინწკირველის ახლობელი იყო. ის დაახლოებით ექვსი თვის წინ გავიცანი. მერაბმა მისთვის კომპანიაში რაიმე სამუშაოს შერჩევა მთხოვა. საბუთების გაცნობისას გაირკვა, რომ ის ახალი გათავისუფლებული იყო ციხიდან, სადაც სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა. ცხრა წელი ჰქონდა მისჯილი. აქედან ხუთი წელი მოიხადა და „აქტიროვკით” გათავისუფლდა. ბუნებრივია, ასეთი წარსულის მქონე პიროვნებას კომპანიაში  სამუშაოდ ვერ მივიღებდით. ის სასჯელის მოხდის შემდეგ ან შეწყალებით მაინც რომ გათავისუფლებულიყო, სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ, „აქტიროვკა” ყველაფერს ცვლიდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება იმას ნიშნავდა, რომ პიროვნებას სასჯელი არ ჰქონდა მოხდილი და სახელმწიფო მხოლოდ კეთილი ნების გამოვლინების ნიშნად უშვებდა სახლში. თანაც, ის ბიჭი სრულიადაც არ ჰგავდა მძიმე ავადმყოფს. პირიქით, კარგად ნავარჯიშევი, ჩაკუნთული ტიპი იყო. აშკარად ჩანდა, ვიღაცამ სერიოზულად იჩალიჩა, რომ „აქტიროვკით” გამოეყვანა. ასეთ ტიპს სამსახურში ხელაღებით ვერ მივიღებდი და ეს პირდაპირ ვუთხარი ინწკირველს. ჩემდა გასაოცრად, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია – მშვიდად გამომართვა დიმას საბუთები და ყველაფრის დავიწყება მთხოვა.

– მაგრამ, შენ მაინც დაუახლოვდი იმ ტიპს! – ჩაურთო ნიკამ.

– ჰო... დავუახლოვდი... – უპასუხა დოდომ, – ერთია ადამიანზე მშრალი დოკუმენტებით მსჯელობა და მეორე – მისი პირადად გაცნობა... იმ დღის შემდეგ დიმამ ოფისში მოსვლას მოუხშირა. არ ვიცი, რა საქმეები ჰქონდა ინწკირველთან. მაგრამ, ორ-სამ დღეში ერთხელ მაინც შემოივლიდა ხოლმე. კომუნიკაბელური ტიპი იყო, სწრაფად დაუახლოვდა ოფისის გოგონებს. ხელცარიელი არასდროს მოდიოდა – ყავა, ტკბილეული, ხილი, შამპანური ჩვეულებრივი ამბავი იყო მისთვის. გოგონების სადმე დაპატიჟებაზეც არ იხევდა უკან. მოკლედ რომ გითხრა, კარგი ტიპი იყო. ვინანე კიდეც, ინწკირველს უარი რომ ვუთხარი. მაგრამ, მალე მომეცა შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა... – დოდომ სიგარეტს მოუკიდა და ლაპარაკი განაგრძო, – დიმას გამოჩენიდან ერთი თვე იყო გასული, როდესაც ინწკირველმა ისევ მთხოვა მისი დახმარება. მეგონა, ისევ კომპანიაში აყვანას მთხოვდა, მაგრამ, ჩემთვის მოულოდნელად მერაბმა იპოდრომზე ჩამომიგდო სიტყვა. თურმე, დიმა წარსულში სპორტსმენი ცხენოსანი ყოფილა და, მერაბს სურდა, რომ იპოდრომის ხელმძღვანელობასთან დიმასთვის რეკომენდაცია გამეწია. გამიკვირდა. არ ჰგავდა ის იმ კაცს, რომელიც საჯინიბოში სხვისი ცხენის მოვლით შეიწუხებდა თავს. მერაბმა დამამშვიდა: დიმას თავად სურს იპოდრომზე მუშაობაო. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ, აღარაფერი მითქვამს... 

– ესე იგი, ის ბიჭი შენი დახმარებით მიიღეს სამსახურში?

– ჰო, ასე იყო, მაგრამ, იმასაც არ ვიტყვი, რომ დიმას განსაკუთრებული სამსახური გავუწიე – იპოდრომი ისედაც მიიღებდა სამუშაოდ გამოცდილ სპორტსმენ ცხენოსანს. მიუხედავად ამისა, დიმა მაინც ჩემგან დავალებულად გრძნობდა თავს, – უპასუხა დოდომ.

– ასეა თუ ისე, მაინც ის ყოფილა შენთან ვალში და არა შენ – მასთან, – ჩაილაპარაკა ნიკამ.

– მე ყველაფერი არ მითქვამს... დამისხი ვისკი, გთხოვ... – ყრუდ ჩაილაპარაკა დოდომ.

ნიკა უხმოდ გადასწვდა ბოთლს, ჭიქა შეუვსო და ახლოს მიუწია. დოდომ ერთი ყლუპი ვისკი მოსვა და ლაპარაკი განაგრძო:

– არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი კარგად იწყებოდა... რისთვის მოხვედი? ჯობდა, საერთოდ არ შემოგედგა ფეხი ჩემს ოფისში, ან, იმ დღეს იქ არ ვყოფილიყავი და აღარასოდეს შეგხვედროდი!..

– რატომ ამბობ ამას? – გაუკვირდა ნიკას.

– იმიტომ, რომ შენმა გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რამდენჯერ უნდა დაენგრას ადამიანს ოცნება? როდემდე უნდა იცხოვროს ილუზიებში?.. ეს, შეიძლება, ერთხელ მოხდეს, ორჯერ, სამჯერ... მაგრამ, უსასრულოდ არაფერი გრძელდება. მეც მომაბეზრა თავი ოცნებების მსხვრევამ. გადავწყვიტე, აღარასდროს მეცხოვრა ილუზიებში და, ამ დროს გამოჩნდი შენ...

ნიკა ვერ ხვდებოდა რისი თქმა სურდა დოდოს, მაგრამ, შინაგანად გრძნობდა, რომ ქალს რაღაც აწვალებდა. მის დასამშვიდებლად მკლავზე მოჰკიდა ხელი და თავისკენ მიიზიდა. დოდო მსუბუქად დაჰყვა, მისკენ გადმოინაცვლა, მუხლებზე ჩამოუჯდა, მკლავები კისერზე შემოხვია, თავი მხარზე ჩამოადო და თითქმის ჩურჩულით განაგრძო ლაპარაკი:

– კაცებს არ უყვართ ასეთი რამეების მოსმენა, მაგრამ, შენს მოტყუებას არ ვაპირებ. ისედაც იცი, რომ მონაზონივით არასდროს მიცხოვრია... მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი კაცი. ეს საოცარი გრძნობა იყო. მიყვარდა?.. არ ვიცი... ალბათ, არა. ასეთ კაცს მხოლოდ, თავქარიანი გოგონა თუ შეიყვარებდა. უბრალოდ მასთან ყოფნა მსიამოვნებდა; მომწონდა მისი გიჟმაჟი, ბობოქარი ხასიათი. მაგრამ, ისიც ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის კარს გაიკეტავდა და უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდა. დამივიწყებდა და წავიდოდა იქ, სადაც მისი ადგილი იყო – თავის ოჯახში... მაგრამ გადიოდა დრო, ის კი წასვლას არ აპირებდა. გვიან მივხვდი, რომ მართლაც ღრმად შევტოპე. იმის მოთმენა, რომ ქმარი კვირაში ერთ ან ორ ღამეს სხვაგან ათევს, ბევრ ქალს შეუძლია. მაგრამ, როდესაც ორი ღამე ჯერ სამი ხდება, შემდეგ – ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... ბოლოს კი ირკვევა, რომ მას ორი თვის განმავლობაში ერთი ღამეც არ გაუთევია შინ, იწყება პრობლემები... როდესაც მივხვდი, რომ ის მართლაც აღარ წავიდოდა, მე თვითონ ვცადე მისი შეჩერება. არ მინდოდა, სხვისი ბედნიერების მოზიარე ვყოფილიყავი. თავიდან გაზაფხული იყო – გართობა და მეტი არაფერი, თითქოს რაღაცას ვთამაშობდით. გაზაფხულს ზაფხული მოჰყვებოდა, შემდეგ – შემოდგომა; ზამთარი კი ყველაფერს თავისთავად გააცივებდა. მაგრამ, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მას უფრო და უფრო უძლიერდებოდა ჩემთან ყოფნის სურვილი... მან ვერ გამიგო. ყველა მამაკაცი ხომ მესაკუთრეა და, ჩათვალა, რომ სხვა კაცთან მქონდა რომანი. მაშინ დავინახე მისი ნამდვილი სახე და დავრწმუნდი, რომ მართალი ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში. ის გაშმაგებული მოითხოვდა იმ მამაკაცის დასახელებას, ვის გამოც გადავწყვიტე მისი მიტოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით მემუქრებოდა და ეს მხოლოდ მუქარა არ იყო – მის მზერაში ამოვიკითხე, რომ სიტყვას შეასრულებდა. არ შევშინებულვარ, პირიქით, მისმა მუქარამ ბრაზი და ზიზღი მომგვარა, მაგრამ, მაინც შეშინებულ დედაკაცად მოვაჩვენე თავი – კანკალით მოვუხადე ბოდიში. შემდეგ კი, როდესაც მან უარი თქვა ჩემი ცხოვრებიდან წასვლაზე, მე თავად გავეცალე. კომპანიის საქმეებიდან გამომდინარე, სამი თვით გავემგზავრე უკრაინაში. მან არაფერი იცოდა ჩემი ადგილსამყოფლის შესახებ და საქართველოში დამეძებდა. მეძება ერთი კვირა... ორი... ერთი თვე. ვერ მიპოვა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დამშვიდდა. მიხვდა, რომ ძებნას აზრი არ ჰქონდა – რომც მოვეძებნე, მაინც ვერ დამიბრუნებდა.... – დოდო უკან გადაიწია, თვალებში ჩააცქერდა ნიკას და ჰკითხა: – იცი რატომ გიამბობ ამას?

– არა... მაგრამ, თუ ეს შვებას განიჭებს, შეგიძლია, განაგრძო.

– მანიჭებს, მაგრამ, საქმე მხოლოდ ეს არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ მან ისევ გამიხსენა და იპოდრომზე მომაკითხა. გარეთ, ავტოსადგომზე დამხვდა. ცივად შევხვდი. თავადაც დაბნეული ჩანდა. ეტყობოდა, რომ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც მოუყარა თავი სათქმელს. როგორც მითხრა, ცოლთან გაშორება და ჩემთან ურთიერთობის აღდგენა ჰქონდა გადაწყვეტილი. წარსულში დაბრუნება აღარ მსურდა და უარი ვუთხარი. მაშინ მეორედ დავინახე მის თვალებში ნაცნობი ნაკვერჩხალი. გაშმაგებული მეცა, მხრებში მწვდა, მანჯღრევდა და თან ყვიროდა: ჩემი თუ არა, არავისი არ იქნებიო. ამ დროს იპოდრომიდან დიმა გამოვიდა. ის, როგორც ჩემი ნაცნობი და როგორც მამაკაცი, უმალ გამომესარჩლა. ჩემმა „ყოფილმა“ არ დაუთმო, დიმა კი საკმაოდ ფიცხი ბიჭი იყო. მოკლედ, მათ შორის ჩხუბი მოხდა. დიმამ გვარიანად სცემა, შემდეგ ქეჩოში სწვდა, გუდურასავით შეაგდო მანქანაში და იქიდან მოშორება უბრძანა. ჩემდა გასაოცრად, ის დაემორჩილა – ძრავა დაქოქა და მანქანა საბურავების წივილით მოსწყვიტა ადგილს. წასვლის წინ კი დიმას დაემუქრა, რომ მწარედ ანანებდა ამ დღეს...

– და, შენ ფიქრობ, რომ...

– არა... არაფერს არ ვფიქრობ. უბრალოდ, ის გითხარი, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მაწუხებდა, – არ დაასრულებინა დოდომ.

ნიკამ მხრებში მოჰკიდა ხელი, მზერა გაუსწორა და თქვა:

– დოდო, ის ბიჭი მოკლული იპოვეს ლისის ტბაზე!

– რა სწრაფი ხარ, – სევდიანი ღიმილი მოერია ქალს, – შენთვის უკვე ყველაფერი ნათელია: ბიჭები წაიჩხუბნენ. გუშინ კი ერთი მათგანი მოკლული იპოვეს ლისის ტბაზე. რა გამოდის? გამოდის, რომ ის მეორემ მოკლა!.. სხვათა შორის, ახლაც რაღაც ამდაგვარ საქმეზე არ მუშაობ?

– მაშ, რას უკავშირდება ეს? – ნიკამ ვისკის ბოთლზე მიანიშნა.

დოდომ მზერა აარიდა და ყრუდ ჩაილაპარაკა:

– ვინ იცის. იქნებ, მართალიც ხარ.

– ვინაა ის პიროვნება? – ჰკითხა ნიკამ.

– ცუდად გცნობივარ, – დოდომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, – კაცს, რომელთანაც თუნდაც ერთი წუთით კარგად ვიგრძენი თავი, პროკურატურას არასოდეს ჩავუგდებ ხელში!..

– საქმე მკვლელობას ეხება! – შენიშნა ნიკამ.

– თუნდაც ასე იყოს. ეს გამოძიებამ გაარკვიოს. 

– მაკვირვებ... შენ ხომ ყოფილი გამომძიებელი ხარ!

– ისევე, როგორც შენ!.. – მწარე ირონიით ჩაილაპარაკა დოდომ, – მაგრამ, მოდი, ის საქმე მოქმედ გამომძიებლებს დავუთმოთ.

– მაგრამ, შენ გეშინია!

– მეშინია... ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ, იმ დღის შემდეგ მუდამ დაძაბული ვიყავი, რაღაც ცუდის მოლოდინი მქონდა. შემდეგ კი შენ გამოჩნდი და რაღაცნაირად ყველაფერი მიმავიწყე. როგორ მოიქცევი ახლა, როცა ორი ქალი გყავს დასაცავი? მეც შენს ბინაში გადამასახლებ თუ მას მოიყვან აქ?

– დოდო, ეს სახუმარო საქმე არ არის! – მოიღრუბლა ნიკა.

– მე არ ვხუმრობ. თუ გინდა ოფიციალურად დაგიქირავებ.

– მოდი, სერიოზულად ვილაპარაკოთ.

– მაინც, როგორ წარმოგიდგენია ეს სერიოზული საუბარი? – ჰკითხა დოდომ.

– სულ მცირე, შენს ყოფილ მეგობართან დაკავშირებული ვითარება უნდა გაირკვეს კარგად.

– სხვას ვერაფერს შემომთავაზებ? – უკმაყოფილო მზერა შეავლო დოდომ.

– ჯერ რაღაცეები უნდა გავარკვიო, დანარჩენს შემდეგ მოვიფიქრებთ, – უპასუხა ნიკამ.

დოდო მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:

– დაივიწყე, რაც გითხარი, ნიკა, თავს უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაიყენებ. მე ვინც არ უნდა მკითხოს, ყველას ერთი პასუხით გავისტუმრებ: არც ის ჩხუბი მომხდარა და არც ჩვენი საუბარი შემდგარა. შენ კი... შენ კი მხოლოდ ერთს გეტყვი: დიმას მკვლელობამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. დაბნეული ვარ. იქნებ, მეშინია კიდეც, ან – ორივე ერთად. მაგრამ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ მარტო ყოფნა არ მინდა და, ერთადერთი ადამიანი, ვის სიახლოვესაც ვისურვებდი, შენ ხარ... დანარჩენი თავად გადაწყვიტე – შეგიძლია წახვიდე, შეგიძლია, ჩემთან დარჩე. მაგრამ, თუ ახლა წახვალ, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდები. ჩავთვლი, რომ შენ მაშინ მიმატოვე, როდესაც ყველაზე ცუდად ვგრძნობდი თავს და შენი სიახლოვე მჭირდებოდა... – დოდო სასტუმრო ოთახიდან გავიდა.

ნიკა დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული, შემდეგ ადგა და დერეფანს მიაშურა. მარჯვნივ ბინიდან გასასვლელი კარი მდებარეობდა. მარცხნივ – დოდოს საძინებლის კარი, რომელიც ოდნავ ღია იყო. ოთახიდან ხმადაბალა ისმოდა დოდოს საყვარელი ჯგუფის „ლივინ ბლუზის” კომპოზიცია. ის ყოველთვის ამ მელოდიას უსმენდა, როდესაც დაღლილი იყო და განტვირთვა სურდა. ნიკამ ჯერ გასასვლელ კარს გახედა, მერე საძინებელს მიუბრუნდა. ისევ დაეუფლა ნაცნობი აუხსნელი გრძნობა: რაღაც ძალა გასასვლელი კარისკენ უბიძგებდა. ამ კარში რომ გასულიყო, დაბრუნდებოდა სახლში, სადაც ელოდა ნანა – ქალი, რომელსაც მან დახმარების, დაცვის პირობა მისცა. მეორე კარს მიღმა კი დოდო იმყოფებოდა, რომელიც ახლა, ამ წუთას ელოდა მისგან დახმარებას.

ნიკა ყოყმანით მიუბრუნდა გასასვლელ კარს, მაგრამ, ძალა მხოლოდ ორიოდ ნაბიჯის გადასადგმელად ეყო. შემდეგ წამით შედგა, ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო, სწრაფად აკრიფა მესიჯი, ადრესატს გაუგზავნა და დოდოს საძინებლის კარს მიაშურა.

* * *

ნიკა დილით დაბრუნდა შინ. სააგენტოს დაცვის თანამშრომლების მანქანა პირობისამებრ სადარბაზოსთან იდგა. ნიკას არ შეეძლო, დაცვის გარეშე დაეტოვებინა ნანა. ამიტომაც, საღამოსვე დაუკავშირდა სააგენტოს და მცველების თავისი ბინის სამეთვალყურეოდ გაგზავნა მოითხოვა. მისი შემჩნევისას მცველები გამოცოცხლდნენ – დამკვეთის შინ დაბრუნება მათი მორიგეობის დასრულებას ნიშნავდა. როგორც კი ნიკამ მანქანა შეაჩერა, ისინიც გადმოვიდნენ და მიესალმნენ.

– როგორ ხართ, ბიჭებო? – სალამი დაუბრუნა ნიკამ, – ხომ არ გაგიჭირდათ ღამის მანქანაში გატარება?

– სამუშაოა, – უპასუხეს მცველებმა, – თანაც სასარგებლო.

ნიკამ იცოდა რასაც გულისხმობდნენ ისინი „სასარგებლოში”. შენობის გარეთ მორიგეობისას, ტარიფით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, მათ სპეციალური დანამატიც ეძლეოდათ.

– სიმშვიდე იყო? – განაგრძო ნიკამ.

– ჰო... ათი წუთის წინ ის მოვიდა, – მცველმა ჟესტით მიანიშნა ზურაბის მანქანაზე, რომელიც იქვე იდგა, – კიდევ გჭირდებით?

– არა. თავისუფლები ხართ. შეგიძლიათ წახვიდეთ, – თქვა ნიკამ და სადარბაზოს მიაშურა.

ნანა მოწყენილი მზერით შეეგება. ნიკა შესანიშნავად გრძნობდა მისი უკმაყოფილების მიზეზს, მაგრამ, ახლა რამის ახსნა არ შეეძლო. თანაც, ბინაში ზურაბიც იმყოფებოდა.

– სასტუმრო ოთახში გელის. ყავას დალევ? – კარის დაკეტვისთანავე უთხრა ნანამ.

– მადლობელი დაგრჩები... ნუ ბრაზობ, შემდეგ აგიხსნი ყველაფერს, – უპასუხა ნიკამ.

– რა უნდა ამიხსნა, მე ხომ არაფერი მიკითხავს შენთვის, – ჩაილაპარაკა ნანამ და სამზარეულოში გავიდა.

ზურაბი აშკარად გაოცებული ჩანდა. ნიკას სავარძელზე დაჯდომაც კი არ აცალა, თვალი – თვალში გაუყარა და ცივი ხმით ჰკითხა:

– რას აკეთებ, ბიჭო?

– დამიჯერე... ასე იყო საჭირო, – უხალისოდ უპასუხა ნიკამ.

– რა იყო საჭირო?! – უკმაყოფილოდ განაგრძო ზურაბმა, – თუ მისი დაცვის შესაძლებლობა არ გაქვს, აქ რისთვის მოიყვანე?! ასეთ მცველებსა და ბინას მეც გამოვუნახავდი!

– ასე იყო საჭირო, – გაიმეორა ნიკამ.

– იმასთან იყავი?

ნიკამ უხმოდ დაუქნია თავი.

– ცეცხლს ეთამაშები!

– რატომ? ისეთი რა გავაკეთე? – გაიკვირვა ნიკამ.

– მე თავიდანვე გაფრთხილებდი, რომ ეს რიგითი საქმე არ იყო. შენ კი, იმის ნაცვლად, საქმეს მიხედო... 

– შენ ყველაფერი არ იცი, – შეაწყვეტინა ნიკამ, – როდესაც ვითარებას აგიხსნი, სხვანაირად შეხედავ საქმეს.

– მაინც, რა უნდა ამიხსნა? – ჰკითხა ზურაბმა.

– მაგას მოგვიანებით გეტყვი, ჯერჯერობით კი გაბისონიას მკვლელობის დეტალები მაინტერესებს, – უპასუხა ნიკამ.

– ხელჩასაჭიდი ჯერ არაფერი მაქვს. გაბისონია საღამოს შვიდი საათისთვის გავიდა იპოდრომიდან. თავისი მანქანა ავტოსადგომზე დატოვა და, რით წავიდა იქიდან, უცნობია, – წამოიწყო ზურაბმა.

– ადამიანი, რომელსაც გამართული მანქანა ჰყავს, ტაქსით და ავტობუსით არ სარგებლობს, – შენიშნა ნიკამ.

– ბუნებრივია, – დაეთანხმა ზურაბი, – მას ვიღაც ელოდა, მაგრამ, იპოდრომის სათვალთვალო კამერებმა ვერავინ დააფიქსირა. შეიძლება, ეს შემთხვევითობაა, მაგრამ, მე მგონია, რომ ის, ვინც გაბისონიას ელოდა, კამერების სათვალთვალო ზონასაც იცნობდა და შეგნებულად აარიდა თავი იმ ზონაში მოხვედრას. თუმცა, იპოდრომის შიდა ტერიტორიაზე მყოფმა თანამშრომელმა თვალი მოჰკრა გაბისონიას, რომელიც მუქი ფერის მანქანაში ჩაჯდა.

– ფერი ვერ გაარჩია?! – გაუკვირდა ნიკას.

– ღობიდან შორს იმყოფებოდა, თანაც, ბუჩქებს მიღმა ხედავდა მანქანას. მისი თქმით, ეს იყო რომელიმე იაპონური ფირმის მუქი ფერის მანქანა, სავარაუდოდ, შავი ან მუქი ლურჯი, – უპასუხა ზურაბმა.

ამ დროს ოთახში ნანა შემოვიდა და ჟურნალის მაგიდაზე ყავიანი ფინჯანი დადგა.

– მე კიდევ ერთს დავლევ, ძალიან მომწონს შენი გაკეთებული ყავა, – გაუღიმა ზურაბმა და, ფინჯანი, რომელიც ნიკას მოლოდინში გამოსცალა, ნანას გაუწოდა.

ქალმა უხმოდ დაუქნია თავი და უკან გაბრუნდა.

– იგივე მანქანა დაფიქსირდა ლისის ტბაზეც, – ნანას ოთახიდან გასვლის შემდეგ განაგრძო ზურაბმა.

– მოდელი და მარკა ამჯერადაც უცნობია? – ჰკითხა ნიკამ.

– უცნობია, – დაუდასტურა ზურაბმა, – მანქანა მეთევზემ შენიშნა. ის უკვე დაიკითხა. ჩვენების თანახმად, გაბისონია და საშუალო ასაკის მამაკაცი მანქანასთან საუბრობდნენ, თან ლუდს სვამდნენ. ბუნებრივია, რომ ეს ლისის ტბისთვის სრულიად ჩვეულებრივი სურათია. ამიტომაც, მეთევზეს განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია მათთვის. ისევე, როგორც იპოდრომის შემთხვევაში, ეს მოწმეც უჩვენებს, რომ მანქანა მუქი ფერის იყო, მოდელზე კი წარმოდგენა არა აქვს. სროლის ხმა არ გაუგია – ჩანს, მკვლელმა მაყუჩიანი პისტოლეტი გამოიყენა.

– გვამი ვინ აღმოაჩინა?

– იმავე მოწმემ. ის დაახლოებით სამი საათის შემდეგ ბრუნდებოდა შინ და, იმ ადგილას, სადაც მანამდე მანქანა შენიშნა, გაბისონიას გვამი იპოვა.

– გაბისონიას თანამოსაუბრის აღწერილობა თუ გაქვს? – განაგრძო ნიკამ.

– საშუალოზე მაღალი, გამხდარი. ეცვა მუქი ტანსაცმელი.

– ცოტაა... ძალიან ცოტა, – ნიკამ ყავა მოსვა.

– მკვლელობა ჩადენილია „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტით. ტყვია შუბლში მოხვდა გაბისონიას. ექსპერტის აზრით, ის უმალ გარდაიცვალა,  – თქვა ზურაბმა, – საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. ახლა ბიჭები გაბისონიას ნაცნობ-მეგობრების წრეს არკვევენ. შენ არ გესწავლება, რა ძნელია რამდენჯერმე ნასამართლევი ადამიანის სამეგობრო წრეში გარკვევა. რა გაარკვევს, რომელ წელს ვისთან ერთად იჯდა საკანში, ვის გვერდით იყო ზონაში და ვინ გაიცნო „ეტაპში”?!

– შენ ფიქრობ, რომ ეს მკვლელობა რაიმე სახით უკავშირდება იმ მკვლელობებს?

– არ ვიცი, მაგრამ, ყველა ვერსია უნდა განვიხილოთ, – უპასუხა ზურაბმა.

– ერთ ვერსიას მე დაგიმატებ, მაგრამ პირობა უნდა მომცე, რომ, ვიდრე ყველაფერს დეტალურად არ გაარკვევ, იმ პიროვნებებთან დაკავშირებული მონაცემები საქმის მასალებში არ მოხვდება.

– რა თქვი?! – გაოცებით შეჰყვირა ზურაბმა, – რას ნიშნავს – საქმის მასალებში არ მოხვდება?!

– დოდოს მიზეზით გაბისონია ერთ პიროვნებას ეჩხუბა, ის პიროვნება კი მას შურისძიებით ემუქრებოდა.

– ვინაა ის პიროვნება? – სწრაფად ჰკითხა ზურაბმა.

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ნიკამ.

– მოიცა, მოიცა... – მოიღრუბლა ზურაბი, – ამის შესახებ დოდომ გითხრა?

– ჰო.

– და, იმ პიროვნების სახელი არ ახსენა?! – ეჭვით ჰკითხა ზურაბმა.

– არ ახსენა, მაგრამ, ეს ხელს არ შეგიშლის. ჩხუბი იპოდრომის ავტოსადგომზე მოხდა და მცველები აუცილებლად დააფიქსირებდნენ იმ პიროვნების მანქანის მოდელსა და ნომერს. ეცოდინებათ მისი აღნაგობაც. სხვა თუ არაფერი, სავარაუდო ეჭვმიტანილთან შესადარებელ მონაცემებს მაინც მოიპოვებ. ასევე, უნდა დაიკითხოს ინწკირველიც...

– ისევ ინწკირველი? – დაიძაბა ზურაბი.

– ჰო, ინწკირველი და „ინტელგრუპჯორჯია”, – დაუდასტურა ნიკამ, – გაბისონია მისი ახლობელია. სწორედ მან სთხოვა დოდოს გაბისონიას სამსახურში მოწყობა. რას იტყვი, ვარგა ასეთი მიმართულება სამუშაო ვერსიისთვის? – ჰკითხა ნიკამ.

– ვნახოთ... ჯერჯერობით ყველაფერი უნდა გადამოწმდეს.

– პირობა არ დაგავიწყდეს: გთხოვ, ზურაბ, ეს საქმე არაფრით არ უნდა დაუკავშირდეს დოდოს სახელს, თუნდაც მოკვლევის ეტაპზე.

– კარგი, კარგი, რამეს მოვახერხებ, – თავი დაუქნია ზურაბმა, – მაგრამ, ერთ პირობას შენც ჩამოგართმევ, უფრო სწორად, ეს პირობა კი არა, გაფრთხილებაა: კიდევ ერთი ასეთი ღამეული ვოიაჟი და დარწმუნებული იყავი, რომ შინ დაბრუნებული ნანას ვეღარ ნახავ. მე უკვე მივეცი ჩემი მობილურის ნომერი და გავაფრთხილე, მარტო თუ მიატოვებ, მაშინვე დამიკავშირდეს. იმის იმედიც ნუ გექნება, რომ შენი სააგენტოს მცველები შეძლებენ ჩემს შეჩერებას... – ზურაბმა პაუზა გააკეთა, შემდეგ წინ გადაიხარა და ჩურჩულით უთხრა: – ენდე ჩემს გამოცდილებას – ორ ლამაზ ქალთან ერთად ურთიერთობა ყოველთვის ცუდად მთავრდება!... 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3