კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა ქართველმა მეფემ ჩაუყარა დასაბამი სამედიცინო აცრებს საქართველოში

ბოლო ხანს არაერთი ცნობილი თუ უცნობი პიროვნების შესახებ შევიტყვე, წითელა აქვსო; ვისაც არა აქვს, ასაცრელად გარბისო... დამაინტერესა და მოვიძიე ინფორმაცია ზოგადად აცრების, ანუ ვაქცინაციის შესახებ. აღმოჩნდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში 10 მნიშვნელოვან მომენტს შორის ვაქცინაციას მეათე ადგილი უჭირავს და 1724 წლით თარიღდება. ეს  10 მომენტია: 1. ლოგიკური აზროვნება – რამდენიმე მილიონი წლის წინ. 2. ქვის იარაღები – 2.6 მილიონი წლის წინ. 3. ცეცხლის კონტროლი – 1 მილიონი წლის წინ. 4. ცხოველების მოშინაურება 10 ათასი წლის წინ. 5. ბორბალი – 6 ათასი წლის წინ. 6. მათემატიკა – 20 ათასი წლის წინ. 7. ლითონის დამუშავება – 10 ათასი წლის წინ. 8. ქაღალდი – ქრისტეშობამდე მეორე საუკუნე. 9. საბეჭდი მანქანა – 1440 წელი. 10. ვაქცინაცია – 1724 წელი. ახლა, რაც შეეხება საქართველოს: ალბათ, ბევრისთვის სიახლეს წარმოადგენს, ის ფაქტი, რომ მეფე ერეკლე მეორე ერთ-ერთი პირველი ნოვატორი ყოფილა, რომელმაც დასაბამი დაუდო აცრებს საქართველოში. ხოლო ერთ-ერთი პირველი, ვინც მისი ინიციატივით აიცრა, მისი ვაჟი – იულონი გახლდათ. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს.

ვაჟა კიკნაძე: ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფე ერეკლე მეორე ცნობილია, როგორც კარგი მეომარი, უბადლო სარდალი, გეორგიევსკის ტრაქტატის ავტორი და შემოქმედი, მაგრამ, ნაკლებადაა ცნობილი მისი ის თვისებები, რომლებიც ოჯახურ ურთიერთობებში წარმოჩნდებოდა, კერძოდ, ერეკლე, როგორც მოსიყვარულე მამა და ოჯახის უფროსი. ვფიქრობ, საინტერესოა ამ კუთხით მისი პიროვნების განხილვა. 

– აბსოლუტურად გეთანხმებით. არის ასეთი ცნობები შემორჩენილი?

– საბედნიეროდ, შემორჩა რამდენიმე წერილი, რომელიც მისი შთამომავლების მიერ იქნა შემონახული და რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში გადაეცა არქივს.

ერეკლე მეორეს სამ ცოლთან, სულ 20-ზე მეტი შვილი ჰყავდა. რომელთაგან განსაკუთრებით უყვარდა თეკლე – თავისი ნაბოლარა ქალიშვილი. როგორც ჩანს, თეკლე სათუთად უფრთხილდებოდა მამის გამოგზავნილ წერილებს, რადგან, ისტორიამ შემოგვინახა ისინი. თეკლე, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად მომხიბვლელი ყოფილა, ვაჟკაცური თვისებებითაც გამოირჩეოდა. თურმე, ცხენით ჯირითი, ნადირობა ჰყვარებია. თითქოს არ იყო ეს თვისებები მაინცდამაინც ქალური, მაგრამ, საქართველოში ისინი ყველას და ყოველთვის სჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მამის მხრიდან თეკლა მხოლოდ წაქეზებული იყო ამ თვისებების გამო. სწორედ ამას უკავშირდება მეფის სახუმარო ბრძანებაც, რომელიც დაწერილია მაშინ, როდესაც თეკლა მხოლოდ 4 წლის იყო. ერეკლემ ასეთი ბრძანება გამოსცა: „გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს – თეკლა ბიჭსა. თუმცა, აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ, ამიერიდგან გიწყალობებ ბიჭის სახელს და ვუბრძანებთ ყველას შენს ძმებსა და დებს, ამიერიდან გიწოდონ თეკლა ბიჭი.” გარდა იმისა, რომ ამ სახუმარო ბრძანებას მეფე თვითონ აწერდა ხელს, ამასთან ერთად, კათალიკოსი ანტონი, რომელიც ერეკლეს ძმა იყო და იულონ ბატონიშვილი, ანუ თეკლას უფროსი ძმა, ამტკიცებდნენ ამ სიგელს.

–  ეს წერილი ნათლად მეტყველებს, თუ როგორი იუმორის გრძნობა ჰქონია ერეკლე მეორეს.

– ერეკლე არ ღალატობს თავის სტილს და ქალიშვილთან კიდევ ერთ წერილს გზავნის (1781 წელს). ჩანს, საქართველოს აღმოსავლეთით ან სამხრეთით იმყოფებოდა მისი წერისას მეფე, რადგან, ბროწეულებს უგზავნის თეკლას. „თეკლას, მამისა და დედის სიხარულს“, – წერს ერეკლე მეორე ქალიშვილს, – „მადლი, წყალობა და მშვიდობა. თეკუნავ ჩემო,  შენი სიბრძნით სავსე წიგნი (ანუ წერილი) მომივიდა, რომელისგანაც, შენ ხომ იცი, რა გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მეამებოდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა. მეტი სიღრმისაგან ვეღარ აღმოვიკითხეთ რა. შენთვის ახლა პირს კოცნა მიბრძანებია და ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია. ხვალ, ღვთით, კიდევ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს (დაშაქრულ ნუშს) და შაქარს გამოგიგზავნი და, თუ ღვთის ნებაც იქნება, ჩვენც წამოვალთ”. ამ წერილში კარგად ჩანს, თუ როგორი მოსიყვარულე ბუნების ყოფილა მეფე ერეკლე. მიუხედავად დაუსრულებელი ომებისა, სისხლისა და ბოლო დროს მომრავლებული აჯანყებებისა თუ შეთქმულებისა მის წინააღმდეგ,  ერეკლე მაინც ძალიან ტკბილი და ალერსიანი დარჩენილა ოჯახის წევრთა მიმართ. კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო ფაქტი მინდა აღვნიშნო: შეიძლება ითქვას, ერეკლემ კანონიც კი დაარღვია, როდესაც ამ სახუმარო წერილს სახელმწიფო ბეჭდები დაუსვა ყოველმხრივ, ბავშვის გასართობად. კერძოდ, დაუსვა ოთხი სხვადასხვა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭედი: ერთი ლათინურ, ერთი ბერძნულ, ერთი სპარსულ, ერთიც სომხურ ენებზე. ბეჭდები გარშემო შემოუყვება წერილს, რაც, დამეთანხმებით, ბავშვისთვის საკმაოდ მიმზიდველია.

გარდა ამ წერილებისა, მინდა შევეხო კიდევ ერთ საინტერესო მომენტს ერეკლე მეორის ბიოგრაფიიდან, რომელიც, ასევე, მის ოჯახის წევრებს ეხება და ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისთვის.

– კონკრეტულად რომელ მომენტს გულისხმობთ?

– 1772 წელს საქართველოში და, კერძოდ, თბილისში, შავი ჭირის ეპიდემია გავრცელებულა, რომელსაც ძალიან მასობრივი ხასიათი მიუღია. საინტერესოა, რომ ერეკლე მეორეს გამოუჩენია ნოვატორობა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ დიდი რისკიც კი გაუწევია და ნება დაურთავს კათოლიკე პატრებისთვის, პირველად მისი ძისთვის აეცრათ ყვავილის წინააღმდეგ, რათა სხვებს ერწმუნათ, რომ ყოველივე ეს საშიში კი არ იყო, არამედ, პირიქით – სასარგებლო. შემორჩენილია მეფის წერილი, გაგზავნილი თავის მოხელე რევაზ ამილახორთან, სადაც ვკითხულობთ: ჩვენს შვილს, – იულონს ყვავილი აუჭერითო. ესეც საინტერესო ტერმინია. მაშინ, ბუნებრივია, არ არსებობდა ტერმინი „აცრა”, ერეკლე მეორემ შემოიღო ამის აღსანიშნავად ტერმინი „აჭრა”. პირველი სამედიციო ტერმინი, რომელიც ერეკლე მეფემ გამოიყენა აცრასთან დაკავშირებით, არის: „ყვავილი აუჭერით” და „დიახ, გაცხელებული არის”, ანუ სიცხე აქვსო. შემდეგ ამბობს იმასაც, რომ ქალაქში მრავალი ყვავილი გაჩნდა და  დახიზვნასაც ვაპირებთო. როგორც ჩანს, მასშტაბურად ყოფილა ეპიდემია გავრცელებული. საინტერესოა, რომ ამ წერილის გარდა, რომელიც არქივშია დაცული, არსებობს გერმანელი მოგზაურის, იოჰანეს გიულდენშტადტის ჩანაწერებიც. ეს პიროვნება, რომელიც ცნობილი მოგზაური იყო, რუსეთის  სამეფო აკადემიამ დაიქირავა კავკასიის შესასწავლად. გულდენშტადტმა საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის დაწვრილებითი აღწერილობა დაგვიტოვა. ძალიან საინტერესოა, რომ მათგან ერთი პატარა საკითხი ყვავილის ეპიდემიასაც ეხება, სადაც იოჰან გიულდენშტადტი აღნიშნავს, რომ  ერეკლემ გარისკა და ნება დართო კათოლიკე პატრებს, ყვავილის აცრები ჩაეტარებინათ მისი შვილისთვისო. ასე რომ, ერეკლე მეორე ერთ-ერთი პირველი ნოვატორია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და დასაბამი დაუდო აცრებს საქართველოში. 

скачать dle 11.3