კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაჭრა მხარში სტალინი

ღალატი (1942 წლის 7 იანვარი)

არავინ თქვას, რომ ადამიანის ამოცნობა ბოლომდეა შესაძლებელი და ნურც იმას დაიკვეხნის ვინმე, რომ კარგად შემოწმებული, ერთი შეხედვით, ერთგული ადამიანი აბსოლუტურად სანდოა. ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის პირადი უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, ათასგზის გადამოწმებული, დამუშავებული და აქედან გამომდინარე, სანდო ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული, მაგრამ მათი საიმედოობის ასპროცენტიან გარანტიას ვერავინ მოგვცემს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, თუ რა ერთგული, სტალინზე ფანატიკურად შეყვარებული და თავგანწირული ადამიანებისგან შედგებოდა დიდი ბელადის პირადი დაცვა. თუმცა ღალატის უცხო ბაცილა ჩვენშიაც შემოიჭრა...

1942 წლის 7 იანვარს, საღამოს 19 საათსა და 45 წუთზე, კრემლის სამთავრობო კომპლექსის – გენსეკის ფლიგელის პირველ სართულზე, იოსებ ბესარიონის ძე სტალინზე განხორციელდა ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც დიდი ბელადი მარცხენა მხარში დაიჭრა პისტოლეტიდან გასროლილი ერთი ტყვიით... ის ავბედითი დღე მკაფიოდ დამამახსოვრდა.

მოსკოვში თოვდა. ტემპერატურა, მინუს თექვსმეტი გრადუსი იყო და თან, საშინელი ქარი ქროდა. იმდენად ძლიერი თოვა იყო, რომ მეეზოვეები ვერ აუდიოდნენ კრემლის ეზოს დასუფთავებას. წინა ღამე, სტალინმა კუნცევოში გაათენა და კრემლში რომ მივედით, ეზოში მიხვეტილი თოვლის რამდენიმე უზარმაზარი გროვა დაგვხვდა, რომლის გატანაც ვერ მოესწროთ. სტალინი უგუნებოდ იყო. საერთოდ, ისედაც ცოტას ლაპარაკობდა მანქანაში, მაგრამ იმ დღეს სიტყვაც არ დაუძრავს. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მან ეზოს მორიგე ოფიცერს უბრძანა, რომ თოვლის გროვები მალე მოეშორებინათ. სტალინი სადარბაზოში შევიდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ლიფტში ჩამჯდარიყო, ფეხით გააგრძელა გზა თავისი კაბინეტისკენ, სადაც მას პოსკრებიშევი ელოდა. „იოსებ ბესარიონოვიჩ,“ – მოახსენა პოსკრებიშევმა, – „სანამ თქვენ მანქანით მოემგზავრებოდით კუნცევოდან, „დაუნინ სტრიტი“ (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სამუშაო რეზიდენცია ლონდონში) დაგვიკავშირდა და თქვენთან საუბარი მოითხოვა“. სტალინს ხმა არ ამოუღია და მხოლოდ თავი დაუქნია, რაც ნიშნავდა, რომ მზად იყო პრემიერ უინსტონ ჩერჩილთან სასაუბროდ. როგორც ცნობილია, სახელმწიფოს მეთაურებმა 40 წუთი ისაუბრეს. ჩერჩილმა სტალინს სასურსათო და ტექნიკური დახმარების თაობაზე აუწყა, რის გაწევასაც დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები  აპირებდა ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტობრივად, იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი სამი ქვეყნის კავშირს მეორე მსოფლიო ომში. იმავე დღეს, სტალინთან საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელობა შეიკრიბა, რომლებმაც ოპერაცია „ხაფანგის“ (ეს უდიდესი, წარმატებული სადაზვერვო ოპერაცია მეორე მსოფლიო ომში, რომელიც ბელადმა მოიფიქრა) დეტალები დააზუსტეს და სტალინმა მის დაწყებას მოაწერა ხელი. ამასობაში სადილობის დრომ მოაღწია (ჩვეულებისამებრ, სტალინი საკუთარ დასასვენებელ ოთახში სადილობდა) და რატომღაც სტალინმა კრემლის ოვალურ სასადილოში გააშლევინა სუფრა ესტონელ მზარეულ ქალს, რომელიც ჯერ კიდევ ლენინის დროიდან კვებავდა ბოლშევიკებს. სადილობისას სტალინმა მზარეული ქალი მაგიდასთან დაისვა. მასთან ერთად მიირთვა და თან, კრემლის ცხოვრების პირველ წლებს იხსენებდა. სადილის შემდეგ დიდი ბელადი ოდნავ ხასიათზე მოვიდა და კრემლის კინოდარბაზში რუზველტის მიერ გამოგზავნილი ფილმის საყურებლად შევიდა. შუა სეანსის დროს, პოსკრებიშევმა დიდ ბელადს გუნება-განწყობა კვლავ გაუფუჭა – კინოდარბაზში შევარდა და მოახსენა: „ამხანაგო სტალინ, გუდერიანის ტანკებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს, ჩვენს პოზიციებზე შემოიჭრნენ და შეტევას აგრძელებენ“. სტალინი სწრაფად წამოდგა, დარბაზი უხმოდ დატოვა და თავის კბინეტში დაბრუნდა, სადაც მას გენშტაბის მაღალჩინოსნები ელოდნენ ჟუკოვის მეთაურობით. სამხედროებთან შეხვედრა საათ-ნახევარი გაგრძელდა და საკმაოდ მძიმედ ჩაიარა. სამხედროებმა სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბელადი ძალიან იშვიათად გამოდიოდა წყობიდან და ნებისმიერ სიტუაციაში სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, იმ დღეს საკმაოდ აფორიაქებული ჩანდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, სტალინის ასეთი მდგომარეობა მისი ვაჟიშვილის, იაკობის შესახებ მიღებული ცნობებით იყო გამოწვეული. საბჭოთა დაზვერვის ცნობით, იაკობი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მას შემდეგ გადაუყვანიათ, რაც ფაშისტებს სტალინთან ვაჭრობის ყველა იმედი გადაეწურათ. მზვერავების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციებს ფოტოსურათებიც თან ერთვოდა, რასაც, როგორც მოლოტოვი მოგვიანებით იგონებდა, ყველაზე მეტად აუღელვებია სტალინი. მოლოტოვის თქმით, სტალინი თურმე კარგა ხანს ათვალიერებდა სურათების სქელ დასტას, რომელიც მაგიდაზე გაუშლია და გულდასმით აკვირდებოდა. „იქიდან (სურათებიდან),“ – იგონებს მოლოტოვი, – „ტუსაღის ზოლიან ტანსაცმელში გამოწყობილი, გამხდარი და გატანჯული ადამიანის სახე გვიმზერდა, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, სულიერად ვერ გაეტეხათ. იაკობი იმ სურათებში ძალიან ჩამოჰგავდა ახალგაზრდა სტალინს, იმ კობას, რომელიც მე ჯერ კიდევ ჩვენი რევოლუციური მოღვაწეობის გარიჟრაჟზე ვიხილე. როგორც ეტყობა, თავად სტალინმაც მშვენივრად უწყოდა ეს და, შესაძლოა, ასეთმა მსგავსებამ გამოიწვია მასში ისეთი გრძნობები, რამაც ხასიათი წაუხდინა. სტალინისა და ჩემ გარდა, კაბინეტში ბერიაც იმყოფებოდა, რომელმაც სურათები მოუტანა. ბერია თვალს არ აშორებდა დიდი ბელადის მოძრაობებს და, როგორც ეტყობა, ბოლომდე ჩაწვდა მის ფიქრებს, მიხვდა, რა ცეცხლიც ტრიალებდა მის სულში და უეცრად ალაპარაკდა: „ამხანაგო სტალინ, ნება მიბოძეთ, ჩემი მოსაზრება შემოგთავაზოთ და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ვფიქრობ, ეს საკითხი წარმატებით გადაიჭრება“. სტალინმა მრისხანე მზერა ესროლა ბერიას და ამ უკანასკნელს სიტყვა შუაზე გაუწყდა. სტალინმა იცოდა, რას სთავაზობდა მას ბერია და მრისხანებაც ამან გამოიწვია. ბერიას გეგმით, სპეციალურად გაწვრთნილ მებრძოლებს, რომლებსაც წინასწარ გადასხამდნენ მტრის ზურგში, მოულოდნელი იერიში უნდა მიეტანათ საკონცენტრაციო ბანაკზე და იაკობი ტყვეობიდან გამოეხსნათ. ასეთი გეგმა სტალინმა ადრეც კატეგორიულად უარყო და საკმაოდ გაღიზიანებულმა უპასუხა: „ჩემი პოზიცია უცვლელია, არა მაქვს უფლება, პირადი ამბიციებიდან გამომდინარე, ასეთ უაზრო ავანტიურაზე გავაგზავნო ათასობით ჩვენი საუკეთესო მებრძოლი. ხალხი ჩვენ ახლა აქ, მოსკოვის მისადგომებთან გვჭირდება და ვერ დავუშვებ, ერთ რიგით ადამიანს ამხელა პატივი დავდოთ“. შემდეგ სტალინმა ბერია დაითხოვა კაბინეტიდან და როგორც კი კარი მიიხურა, მომმართა: „მე ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, ფაშისტების ნება-სურვილზე გავიარო“. შემდეგ სტალინი დადუმდა, გაიარ-გამოიარა და მოულოდნელად, სრულიად სხვა ხმით, რომელიც მე მთრთოლვარეც კი მეჩვენა, წარმოთქვა: „მე მას ვერც ბავშვობაში გავუწიე მამობა, რადგან სულ ცეცხლის ქვეშ ვიდექი და ახლაც უძლური ვარ“. სტალინის ასეთი უცნაური სიტყვები მისი უძლურობის შესახებ იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ვიფიქრე, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი. ასეთი შეცვლილი სტალინი არასოდეს მენახა.“ მოლოტოვის ამ მოგონებიდან აშკარად ჩანს სტალინის ის სულიერი მდგომარეობა იმ 7 იანვარს. როგორც ეტყობა, დიდი ბელადი ორ ცეცხლს შუა იდგა. ერთი მხრივ, მასში მამობრივი გრძნობა ღვიოდა და შვილის უმძიმესი მდგომარეობა სტანჯავდა, მეორე მხრივ კი, უდიდესი პასუხისმგებლობა საბჭოთა ხალხის წინაშე საშუალებას არ აძლევდა, საკუთარ პირმშოს დახმარებოდა. როგორც ცნობილია, მეორე გრძნობამ გადასწონა და იაკობი ზაქსენჰაუზენშივე დაიღუპა, ისევე, როგორც მილიონობით ადამიანი... ასეთი გადახვევა იმისთვის დამჭირდა, რომ სტალინის მდგომარეობა დამეხატა იმ საბედისწერო და ავადსახსენებელ დღეს, სასწაულებრივად რომ გადაურჩა სიკვდილს. 20 საათზე სტალინი ერთ-ერთი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელებს უნდა შეხვედროდა. 19 საათსა და 30 წუთზე ის კაბინეტიდან გამოვიდა და ფეხით გაემართა ეზოსკენ. კიბეებზე კალინინი შეხვდა, რომელსაც გაზეთ „პრავდის“ ბოლო ნომერი ეჭირა. მათ ხუთიოდე წუთი ისაუბრეს და ერთმანეთს დაშორდნენ. კრემლში, დაცვა ყოველ კუთხე-კუნჭულში იდგა და სტალინის გამოჩენისას სმენაზე დგებოდა და მხედრულ სალამს აძლევდა უმაღლეს მთავარსარდალს.. პირველ სართულზე სტალინს სამიოდე პირადი მცველი მოჰყვებოდა, მე და ვლასიკი კი სადარბაზოს გასასვლელთან ველოდებოდით. იქვე, მანქანების კორტეჟიც იდგა და ყველაფერი მზად იყო გასამგზავრებლად. სტალინი დინჯი, აუჩქარებელი ნაბიჯებით მოდიოდა. მორიგე ოფიცერი, რომელიც სადარბაზოს კართან მარცხნივ იდგა რაღაც დაბნეული მომეჩვენა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მსგავსი რამ ხშირად ემართებოდათ ხოლმე ადამიანებს სტალინის დანახვისას. რაიმე განსაკუთრებული ამაში არაფერი იყო. სტალინი გასასვლელისკენ მიდიოდა და როდესაც მასსა და იმ ოფიცერს შორის მანძილი, დაახლოებით, 10 მეტრამდე შემცირდა, უეცრად ოფიცერმა პისტოლეტი ამოაძვრინა მარჯვენა სახელოდან, სტალინისკენ მიმართა და სასხლეტს გამოჰკრა... ყველაფერი ეს წამის მეათასედში მოხდა, ტერორისტის მოძრაობის ყველა ფაზა თვალნათლივ მახსოვს. გაისმა გასროლა. სტალინი წაბარბაცდა, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა და არ დავარდნილა. თავდამსხმელმა, მეორე გასროლა ვეღარ მოასწრო. სტალინის თანმხლებმა ერთ-ერთმა მცველმა პირდაპირ მარჯვენა მაჯაში მოარტყა მას ტყვია და პისტოლეტი ხელიდან გააგდებინა, დანარჩენმა ორმა კი „დააფარეს“ და საშუალება არ მისცეს, განძრეულიყო. სტალინი მარცხენა მხარში დაიჭრა. ტყვია, ძირითადად, რბილში იყო გავლილი, მაგრამ ძვალსაც ჰქონდა ოდნავ შეხებული. მცირე ქირურგიული ჩარევა მაინც გახდა საჭირო. ტერორისტი ოფიცერი ანტონ ფროლოვი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენი სამსახურის ერთ-ერთ საუკეთესო მუშაკად ითვლებოდა. თავდამსხმელი ბერიას უწყებამ წაიყვანა და მას თავად ბერია უტარებდა დაკითხვას. ფროლოვი ყოველმხრივ შემოწმებული იყო და ყველას გაუკვირდა მისი ასეთი საქციელი. ის ფსიქიკურადაც შეამოწმეს, მაგრამ ჯანმრთელობის დარღვევა ვერ აღმოუჩინეს. სიმართლე თავად ფროლოვმა აღიარა. როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ ოციანი წლების ბოლოს გადაუბირებიათ ის ტროცკისტებს და სტალინის მოსაკლავად დაუგეშავთ. „მე მთელი ეს პერიოდი ხელსაყრელ მომენტს ვეძებდი სტალინის მოსაკლავად“, – განაცხადა ფროლოვმა. თუმცა მან ეს მაინც ვერ შეძლო და „ბრაუნინგიდან“ გასროლილმა ტყვიამ მიზანს ვერ მიაღწია.

 

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით, მოამზადა 

скачать dle 11.3