კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ეგზავნება ადამიანს ღმერთისგან გაჭირვება, ნერვიულობა და რას მიჰყავს ის მარადიულ ტანჯვამდე

თანამედროვე ადამიანები ყოველდღიურად ვეძებთ ბედნიერებას და მცირე რაღაცაც კი გვანიჭებს ამ გრძნობას. თუმცა‚ როგორც სხვა გრძნობები, ბედნიერებაც ხშირად ხანმოკლეა და ძალიან მალე სრულდება. როგორ უნდა ვიპოვოთ ბედნიერება, როგორია ქრისტიანული შეხედულება სიცოცხლეზე, ბედნიერებაზე, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– თანამედროვე ადამიანები თითქმის არ ფიქრობენ სიცოცხლის ჭეშმარიტ მიზანზე. რის ვაი-ვაგლახით მოიპოვებენ საკვებს, სამოსს, სხვა საჭირო საგნებს და ჰგონიათ, რომ სიცოცხლის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს. მაშინ‚ როდესაც ეს არის მხოლოდ წვრილმანი საქმიანობა. ძალიან მცირენი თუ ფიქრობენ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის მიზნის დანიშნულებაზე, ადამიანური ბედნიერების საიდუმლოზე და იცნობენ ქრისტიანულ შეხედულებებს მარადიულ სიცოცხლეზე. ყველა გონიერმა არსებამ იცის, რომ ამქვეყნად ყველაფერი რაღაცისთვის არსებობს: მიწა და წყალი – ყველა ცოცხალი არსებისთვის, ბალახნი და მცენარენი – ფრინველთა, მხეცთა და პირუტყვთათვის, ეს უკანასკნელნი – ადამიანებისთვის. 

– და რისთვის არსებობს ადამიანი, რა არის მისი ცხოვრების მიზანი, აზრი? 

– რა თქმა უნდა‚ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. საღმრთო წერილის თანახმად, ადამიანი ღმერთისგან იმისთვის არის შექმნილი, რათა დედამიწაზე არსებობდეს ვინმე, ვინც გაიგებდა, შეაფასებდა და ადიდებდა ღმერთს, შემოქმედის სიბრძნეს; ვინც ამქვეყნიდან ზეცაში ამ ქების შემძლედ გადასახლდებოდა და იქ შევიდოდა წმიდა ანგელოზთა დასში მათ ურიცხვ ხატთა შესავსებად, ღმერთისგან იმ განდგომილ სულთა სანაცვლოდ, რომლებიც ანგელოზთა დასიდან განვიდნენ და ცნობილი არიან ბოროტ სულთა, დემონთა სახელით. ამიტომ, ჩვენი სიცოცხლის მიზანი ის არის, რომ ანგელოზებთან ერთობისთვის განვამზადოთ თავი, შევეჩვიოთ წინასწარ ზეციურ ანგელოზებრივ მოვალეობებს, რომელთაგან მთავარია ღმერთის დაუღალავი ქება-დიდება. ყოველმა ადამიანმა ყოველდღიურად უნდა ადევნოს თვალი, თუ რამდენად წარმატებულად მიდის ჩვენი სამზადისი ამ მიმართულებით. თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა ყურადღებასაც არ აქცევს იმას, თუ როგორ წარიმართება ჩვენი სიცოცხლის დღენი. ბევრმა მიაღწია სიბერეს, მაგრამ ცხონებისთვის, ღმერთთან მარადიული ცხოვრებისთვის, ცოტა ვინმე თუ ირჯება. რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რისთვის ვცხოვრობთ აქ, დედამიწაზე, შევესატყვისებით თუ არა ჩვენს ღვთაებრივ დანიშნულებას. ადამიანი ამქვეყნად ეძიებს ბედნიერებას და სიამეს, მაგრამ ვერ ჰპოვებს მყარ და მუდმივ ბედნიერებას. ამ ძიებაში კი აუმჯობესებს ცხოვრების ფორმებს, იძენს გამოცდილებას და იმ იმედით ცხოვრობს, რომ ბოლოს და ბოლოს მაინც მოიპოვებს ბედნიერებას. 

– და ეს ნამდვილად არის შესაძლებელი? 

– კაცობრიობის ისტორიის თანახმად, ეს მხოლოდ ფუჭი იმედებია. როცა ადამიანები განვითარებისა და სრულყოფილების უმაღლეს ხარისხს აღწევდნენ, იმავდროულად, ადამიანის ბუნებაში არსებული ბოროტება თავის მხრივ ვითარდებოდა მისთვის ჩვეული ძალით. ქვეყნიერება არ იძლევა მყარ ბედნიერებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავად ძევს ბოროტებაში, შეაქვს ადამიანის ცხოვრებაში ტყუილი, სიძულვილი, თვითტკბობა – წყენით, მოტყუებით, სხვების შევიწროებით. ამიტომ, თესავს მტრობას ადამიანებს შორის და სინდისის შფოთვას პიროვნების სულში. ღმერთი იძლევა სიცოცხლის შემქმნელ საწყისებს. ის მოითხოვს სულის ბატონობას ხორცის ვნებებზე, მოითხოვს სიწმიდეს, სიმართლეს, სიყვარულს. მოკლედ, იმას, რასაც ჩვენ სიკეთეს ვუწოდებთ. სწორედ ეს სიკეთეა ღვთის მცნება, მარადი საწყისი ღვთაებრივი სიცოცხლისა, ადამიანის ბედნიერების წყარო. გასული საუკუნეები გვიჩვენებენ, რომ, როცა ადამიანები ცდილობდნენ განეხორციელებინათ ცხოვრებაში ღვთისგან სასურველი წესები, როცა სულიერი მოთხოვნილება ბატონობდა ხორციელზე, ღვთიური სიმართლე – ტყუილზე, უფლისა და მოყვასის სიყვარული – საკუთარი თავის სიყვარულზე, მაშინ კაცობრიობა მეტად უახლოვდებოდა ბედნიერებას, რომელსაც მუდამ ეძიებდა. თუ გვინდა ბედნიერები ვიყოთ, უპირველეს ყოვლისა, კეთილმორწმუნენი უნდა გავხდეთ. თუ საკუთარ თავში ასეთ სულს ზრდით, ნუ გათელავთ კეთილმორწმუნეობას ბიწიერებით, განსაკუთრებით იმ დღეებში, როდესაც საჭიროა ღრმა თვითშემეცნება და გაძლიერებული ლოცვა უფლისადმი, ჩვენი ცოდვათა პატიებისა და წარმატებისთვის. 

– არ ეხმარება უფლის მადლი ბედნიერების მოპოვებაში? 

– ნეტარ ავგუსტინეს მოსაზრებით: ღმერთს, როგორც აბსოლუტურ სრულქმნილებას, შეუძლია, უნდოდეს მხოლოდ სიკეთე, რადგან ის არის ყველაფრის საწყისი და შემქმნელი. ამიტომ, მისგანვე მომდინარეობს ადამიანური სიწმიდე და სიკეთე – ის, რაც ღმერთს შეუძლია, სურდეს. მაშასადამე, ადამიანი უნდა იყოს სიკეთისადმი, ღვთაებრივისადმი მიმართული ღვთაებრივი განგების ძალით. სწორედ ეს „უნდა“ არის ის აუცილებლობა, რასაც ნამდვილი თავისუფლება შეიძლება, ეწოდოს. შესაბამისად, ადამიანის ნება მხოლოდ მაშინაა თავისუფალი, როცა შერწყმულია ღვთის ნებასთან, მისით არის სავსე და თავის თავს მისით წარმართავს. ხსნა, ცხონება ერთეულ ადამიანებს ეძლევათ ღვთის დახმარებით და ეს დახმარება არის მადლი. ღვთიური მადლი ჯერ განაწყობს ადამიანს სინანულისკენ, შეინანებს, აღვიძებს ღვთაებრივი დახმარების საჭიროების ცნობიერებას და, ამ საფეხურზე არის მოსამზადებელი წინასწარი მადლი. მეორე საფეხურზე მადლი თავისი მოქმედებით ადამიანში აღვიძებს ქრისტეს სიყვარულს და ის ამით ურთიერთობას ამყარებს ქრისტესთან, მისი მეშვეობით კი მას ეპატიება ცოდვები და იძენს სიკეთის ძალას. ეს მოქმედი მადლია. მხოლოდ ახლა შეუძლია ადამიანს, თავისუფლად წარმართოს თავისი თავი სიკეთისკენ. ცხადია, ადამი ახლაც მოქმედებს ადამიანში. ამიტომ, მას სჭირდება დამხმარე მადლი, რომელიც ადამიანს აძლევს უნარს, ცოდვასთან განუწყვეტელ ბრძოლაში ყოველთვის იდგეს კეთილის მხარეს. ბოლოს, ადამიანი მთლიანად განიმსჭვალება ღვთაებრივი ნებით და მას აღარ შეუძლია, უნდოდეს რამე ისეთი, რაც არ უნდა უფალს – ეს არის ნამდვილი თავისუფლება, მარადიული სიცოცხლე და ნეტარება...

 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხორციელი სიცოცხლე ხანმოკლეა, მაგრამ ის წყვეტს ჩვენს მარადიულ ბედს, ანუ მომავალს. ყველაფერი, რასაც აქ, დედამიწაზე ვაკეთებთ, რისკენაც ჩვენი სურვილებით მივილტვით, რასაც მთელი გულით ვეკვრით, უკვალოდ კი არ დაიკარგება, არამედ საუკუნოდ დარჩება, განუყოფელ მონაპოვრად, ამასთან, ისეთ მონაპოვრად, რომელიც ჩვენს მარადიულ სიმშვიდესა და ნეტარებას, ან უსასრულო წამებასა და ტანჯვას განაპირობებს. მართალი გონება, სუფთა გული, სიკეთისკენ მიმართული ნება, მტკიცე რწმენა ღვთისა, იმედი მისი მადლმოსილებისა და მოწყალებისა, მარადიულ სიმშვიდესა და უსასრულო ნეტარებაში შეგვიყვანს. ბოროტება, სიძულვილი, ამპარტავება, ღვთის უარყოფა და ურწმუნოება კი, სიჯიუტისა და მოუნანიებლობის შემთხვევაში, მარადიულ ტანჯვამდე მიგვიყვანს. თუ ჩვენ ცხოვრებაში შევითვისებთ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, მაშინ თავიდან ავირიდებთ სიბრძნით გამოგონილ ყველა მახინჯ შეხედულებას, არ ვიტყვით ცდუნებულ ადამიანებთან ერთად, რომ სიცოცხლე არის ბრძოლა არსებობისთვის. ეს ცრუ მოძღვრება ისეთ მხეცად აქცევს ადამიანებს, რომლებსაც სუსტებზე ძალადობა ახასიათებთ. ქრისტიანულ თვალსაზრისს სიცოცხლეზე ჩვენთვის ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე მოაქვს, როგორის მოცემაც არ ძალუძს ადამიანურ სიბრძნეს. ის გვარწმუნებს, რომ ყოვლისმპყრობელის ძალა სიკეთისკენ წარმართავს მისი ნების აღმსარებელი ადამიანის ყველა გზას და გამოასწორებს ბოროტებას, რომელიც ხდება ჩვენი უგუნურებისა და ურჩობის გამო, რომ ღვთის ნების გარეშე თმის ბეწვიც კი არ ჩამოგვივარდება; რომ ჩვენი სიცოცხლე და სიკვდილი ღმერთის ხელთაა. ჭმუნვა, გაჭირვება, სიხარული, ბედნიერება ადამიანს უფლის ნებით ეგზავნება. მორწმუნე ადამიანი არ შფოთავს, უშფოთველად უყურებს ყველა ცხოვრებისეულ გასაჭირს და უკუღმართობას; სწამს, რომ ღმერთი ყველაფერს კეთილ დასასრულამდე მიიყვანს. რაც მთავარია‚ უნდა გვქონდეს სწორი სარწმუნოება, რწმენა, რადგან‚ როგორც ერთი წმიდა მამა ბრძანებს: „მორწმუნეთა გულგრილობა ბევრად საშინელია, ვიდრე ის ფაქტი, რომ საერთოდ ურწმუნოები არსებობენ... მორწმუნე ის კი არ არის, ვისაც ყოველივე სჯერა, არამედ ის, ვისაც სწამს ჭეშმარიტი ღმერთი. რწმენა განანათლებს, აკურთხებს, სულიწმიდის ღირსად ხდის ადამიანს... სადაც რწმენაა, იქ ძალაა, სადაც ურწმუნოებაა, იქ უძლურებაა. რწმენა სიკეთის სათავეა, რწმენა სიკეთის წყაროა...“

скачать dle 11.3