კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყვნენ ინფორმაციის მთავარი გამავრცელებლები თბილისში პრესის გამოჩენამდე და რა ფუნქცია ჰქონდა დარეჯანის სასახლეს მეფის რუსეთის დროს

ერეკლე მეორის მოედანი თბილისის ერთ-ერთი უძველესი მოედანია, რომელსაც არაერთი ისტორიული ფაქტი უკავშირდება. იმავეს თქმა შეიძლება დარეჯანის სასახლეზე, რომელიც თბილისის  ისტორიული ნაგებობა, კულტურული ძეგლია. საინტერესო ცნობებს ამ ორი ისტორიული ადგილის შესახებ ძველი ფოტოების დახმარებით მოგაწვდით.

 

ერეკლე მეორის მოედანი

როსტომ მეფემდე სამეფო სასახლე მდებარეობდა ნარიყალაში, ისანში, სეიდაბადში. მაგრამ, იმის გამო, რომ ნარიყალაში ძირითადად სპარსელი მეციხოვნეები იდგნენ, როსტომ მეფემ სპარსული გარნიზონის გარემოცვაში ყოფნა არ ისურვა და 1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე სასახლე ააგო, რის გამოც სასახლის ტერიტორიას სამეფო უბანი, ხოლო მიმდებარე მოედანს – ბატონის ანუ მეფის მოედანი ეწოდა. მოედანი წარმოადგენდა ქალაქის ზემო უბნის ცენტრს და მას ზემო მოედანსაც ეძახდნენ. ადმინისტრაციულმა და ფუნქციურმა ცენტრმა გადმოინაცვლა კალაში – მეფის მოედანზე, სიონისა და ანჩისხატის შემაერთებელი ქუჩის გასწვრივ. მანამდე თბილისის ცენტრალურ მოედნად ითვლებოდა თათრის მოედანი. სასახლის გვერდზე მეფე როსტომმა ააშენებინა გოგირდის აბანო. აბანოთუბნიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ცხელი და ცივი წყალი თიხის მილების ორი ხაზით. მისი რვა ოთახის კედლები მოპირკეთებული იყო ორნამენტებიანი მოჭიქული ფილებით, ხოლო იატაკი თეთრი მარმარილოსგან იყო გაკეთებული. აბანოს ამშვენებდა დიდი და მცირე გუმბათები, სინათლისათვის დატოვებული ჭრილებით. სამეფო უბანი შიდა გალავნითაც იყო შემოფარგლული და ღამით იკეტებოდა. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში სასახლე გადააკეთა მეფე ვახტანგ მეხუთემ. 1709 წელს მეფე ვახტანგ მეექვსემ მოედანზე, აბანოს წინ, არა მარტო საქართველოში, მთელ ამიერკავკასიაში პირველი სტამბა დააარსა. სტამბის შექმნაში დიდი მონაწილეობა მიიღეს რუმინელმა კულტურის მოღვაწეებმა ეპისკოპოს ანთიმოზ ივერიელის მეთაურობით, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო. თბილისში მაშინდელი ვლახეთიდან ჩამოვიდა უნგრელი ოსტატი მიხაი უნგროვლახელი (იშტვანოვიჩი), ჩამოიტანა სტამბის მოწყობილობა, მასალები და მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად გამოიცა ქართული ბეჭდური წიგნები. აქ დაიბეჭდა პირველად „ვეფხისტყაოსნის” სტამბური გამოცემა. 1723 წელს სტამბა თურქებმა დაანგრიეს, შემდეგ ერეკლე მეორემ აღადგინა, მაგრამ, კვლავ დაინგრა. 1959 წელს, როდესაც აღინიშნა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის 250 წლისთავი, იმ ადგილას, სადაც ოდესღაც სტამბა არსებობდა, დაიდგა სამახსოვრო ობელისკი (არქიტექტორი ლერი კენჭოშვილი). 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევის დროს მეფის სასახლე დაინგრა. დაინგრა აბანოც, რომელშიც საჭურისი აღა-მაჰმად-ხანი ჩავიდა განკურნების მიზნით და, რომ ვერაფერი ეშველა, სერიოზულად დააზიანა. აღა-მაჰმად-ხანის ურდოების მიერ ქალაქის აოხრების შემდეგ საქართველოს უკანასკნელმა მეფემ, გიორგი მეთორმეტემ მოედნის ჩრდილოეთით დროებით სადგომად უბრალო სასახლე ააშენა. მეფის სიკვდილის შემდეგ სასახლეს სხვა, კერძო პატრონები გამოუჩნდა, რომელთა დროს მისი ფასადი და შიდა სათავსები რამდენჯერმე გადაკეთდა. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში განლაგებული იყო საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1809 წელს, მოედანზე გუბერნატორის სახლი ააგეს და ბატონის მოედანს გუბერნატორის მოედანი ეწოდა. მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში ამ ადგილას იყო სინოდის კანტორა და საქართველოს ეგზარქოსის რეზიდენცია და ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო – ეგზარქოსის მოედანი. 1804 წელს ნახევრად დანგრეული მეფის აბანოში ფულის მოსაჭრელი შენობა (ზარაფხანა) და სასინჯი პალატა გახსნეს.

ერეკლე მეორის მოედანი ფორმით ოთხკუთხა იყო, ოთხივე მხრივ სავაჭრო დუქნები იდგა და ხალხმრავლობის გამო მას სალაყბოსაც ეძახდნენ. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, სანამ თბილისში პრესა გაჩნდებოდა, ქალაქში ინფორმაციის მთავარ გამავრცელებლად ეგრეთ წოდებული „რაამბავისტები” არსებობდნენ. ისინი ბატონის მოედანზე იყრიდნენ თავს და ქალაქის მოსახლეობას საინფორმაციო წყურვილს უკლავდნენ. ამავე მოედანზე გაიგო ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ანექსიის შესახებაც. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოედანს ავგუსტ ბებელის, უფრო გვიან კი – ერეკლე მეორის სახელი ეწოდა. 1956-1957 წლებში მოედანზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და დადგინდა 4 ფენა, რომელთაგან უძველესი მეხუთე საუკუნის პერიოდს მიეკუთვნება.

საქართველოს საპატრიარქოს შენობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შენობა ზემო კალის ისტორიულ უბანში, ერეკლე მეორის მოედანზე მდებარეობს. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე საპატრიარქოს ადგილზე გუბერნატორის სახლი და ადმინისტრაციული დაწესებულება მდებარეობდა. 1848 წელს ეს ადგილი სასულიერო უწყებამ შეიძინა და შენობაში ეგზარქოსის სასახლე მოთავსდა. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების განმავლობაში ნაგებობამ არაერთხელ შეიცვალა ფუნქცია და არაერთი რეკონსტრუქცია განიცადა. საბჭოთა პერიოდში შენობაში მილიციის სამმართველო იყო, ხოლო 1990 წლიდან აქ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოა განთავსებული. მრავალგზის გადაკეთებული დიდი ზომის მონუმენტური შენობა რუსული კლასიცისტური სტილის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია თბილისში. 1993 წელს საპატრიარქო მაღალი, ქვის გალავნით შემოზღუდეს. ამავე პერიოდში ეზოში გაშენდა ბაღი და ორანჟერეა.

 

დარეჯან დედოფლის სასახლე

1776 წელს ერეკლე მეორის მეუღლემ, დარეჯან დედოფალმა, ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე ააგო. დარეჯან დედოფლის სასახლეს დარეჯანის სასახლეს უწოდებდნენ, ხოლო სასახლის ერთ შემორჩენილ ნაწილს, რომელიც ასე მოხდენილად აგვირგვინებს ძველი ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯს – საჩინოს. 1789 წელს დარეჯან დედოფალმა სასახლესთან წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია ააგო. სასახლე ერთიან არქიტექტორულ კომპლექსს შეადგენდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული. სასახლისა და მისი კომპლექსის ზუსტ დაგეგმარებას ჩვენამდე არ მოუღწევია. თვით სასახლე აშენებულია ციხის ნანგრევებზე, რომელიც ქვაყორისა და კვადრატული აგურის ძველებური შერეული მასალითაა ნაგები. სასახლეში უმთავრეს ყურადღებას სწორედ ხის გადმოკიდებული აივანი იპყრობს, რომელიც მომრგვალებულ კონტრფორსს მხატვრულად ამთავრებს. აივნიდან საინტერესო სანახაობა იშლება. დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, ეს სასახლე, მისი ეკლესიითურთ, შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ და გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები. საბჭოთა ეპოქაში სასახლეში მოსახლეობა შეასახლეს. 

скачать dle 11.3