რა ბიზნესის დახურვა მოუხდა პრინც ჩარლზს და რომელი ქვეყნის პრინცესას ედება ბრალი წამებაში » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

რა ბიზნესის დახურვა მოუხდა პრინც ჩარლზს და რომელი ქვეყნის პრინცესას ედება ბრალი წამებაში

დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ პრინცმა ჩარლზმა რამდენიმე ხნის წინ საკუთარი ხილ-ბოსტნეულის მაღაზია დაკეტა, რადგან მოგებას აღარ იძლეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით ვაჭრობდა. ამჟამად პრინცი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ინტერნეტ-მაღაზიის გახსნაზე ფიქრობს, რათა საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. პრინცი ჩარლზის მსგავსად, მსოფლიოში რამდენიმეა მონარქიული ოჯახის წარმომადგენელი, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანებივით მუშაობენ და ხელფასი აქვთ.


პრინცი უილიამი, კემბრიჯის ჰერცოგი (დიდი ბრიტანეთი)

დიდი ბრიტანეთის მომავალი მეფის კარიერა არაფრით განსხვავდება მისი წინაპრების კარიერისგან. ინგლისელი მონარქები ჰენრიხ მეხუთიდან დაწყებული, მუდამ სამხედრო განათლებას ირჩევენ, რათა შემდგომში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ჩასდგომოდნენ სათავეში. 2006 წლის მაისში პრინცმა უილიამმა, იმ დროისთვის იტონის კოლეჯისა და სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულმა, სანდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ოფიცრის წოდება მიენიჭა. 2009 წელს უილიამმა კრენუელის მფრინავთა სკოლა დაამთავრა და სამეფოს სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში ჩაეწერა. დღევანდელი მონაცემებით, პრინცი უილიამი საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენის პილოტად მუშაობს. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2011 წელს რუსი მეზღვაურების გადარჩენის ოპერაციაში, ხოლო 2012 წლის აგვისტოში, პრინცის უშუალო დახმარებით, უელსის ნაპირებთან გოგონას გადარჩენა მოხერხდა. წელს პრინცს კონტრაქტი უმთავრდება და უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალი მონარქი.

 

პრინცი ამადეო (ბელგია)

27 წლის პრინც ამადეოს მცირე შანსები აქვს, რომ ბელგიის სამეფო ტახტზე ავიდეს, რადგან მხოლოდ მეექვსეა მემკვიდრეებს შორის. სავარაუდოდ, ამის გამო, მან კარიერის აწყობა გადაწყვიტა. 2005 წელს პრინცმა ბელგიის სამეფო სამხედრო აკადემია დაამთავრა, 2008 წელს – ლონდონის ეკონომიკის სკოლა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც კომპანია „დელოიტ ტაჩ ტომატცუში” ბიზნეს-ანალიტიკოსად მუშაობს. ისევე, როგორც სხვა მუშაკები, პრინციც დილით მიდის სამსახურში და სხვებისგან არაფრით გამორჩეულ ხელფასს იღებს. ცნობისთვის, ამადეო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.

 

ინფანტა კრისტინა (ესპანეთი)

ესპანეთის მეფის ხუან კარლოს პირველის და დედოფალ სოფიას უმცროსი ქალიშვილი, ქველმოქმედებისა და ოფიციალური მონარქიული ვიზიტების ნაცვლად, რეალურ სამსახურში მუშაობს. ცისფერსისხლიანი ინფანტა სოციალური პროგრამების ფონდ „ფაუნდეიშენ ლა კეიქსის” დირექტორია. კრისტინა განათლების პროექტებზე, გარემოსა და მხატვრული მემკვიდრეობის დაცვაზეა პასუხისმგებელი. 1984-1989 წლებში კრისტინა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებას და სოციოლოგიას ეუფლებოდა. დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. გარდა ამისა, ინფანტა კრისტინას „იუნესკოს” შტაბ-ბინაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

 

პრინცესა ნურა ბინტ იბრაჰიმ ალ-ჰალიფა (ბახრეინი)

პრინცესა ნურას ისტორია არატიპურია არაბული სახელმწიფოსთვის, სადაც მკაცრი ისლამური ტრადიციებია. 29 წლის პრინცესა ნურა პოლიციის საიდუმლო აგენტი და ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომელია. რამდენიმე ხნის წინ პრინცესას წამებაში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს. პრინცესას იმ ექიმების მიმართ არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად, რომლებიც 2012 წლის ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში იღებდნენ მონაწილეობას. დაზარალებულთა თქმით, დაკითხვისას პრინცესა რეზინის ჯოხით უსწორდებოდა მათ და ელექტროდენსაც იყენებდა წამების პროცესში. პრინცესა ნურა ყველა ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

 

კნიაზი – როსტისლავ რომანოვი (რუსეთი)

რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის შთამომავალი დიდ დროს ატარებს რუსეთში, მაშინ, როცა მისი ოჯახი ინგლისში ცხოვრობს. როსტისლავი განათლებით ხელოვნების ექსპერტია. მან კორნუოლის უნივერსიტეტი დაამთავრა. კნიაზი მოსკოვში რუსულ ენას სწავლობს და პარალელურად მუშაობს. საიმპერატორო ოჯახის წევრი საათების ქარხანა „რაკეტას” დირექტორთა საბჭოს წევრი და კრეატიული განყოფილების მრჩეველია. როსტისლავს ეკუთვნის მაჯის საათის დიზაინი, რომელიც რომანოვების დინასტიის 400 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

პრინცი კარლ ფილიპი (შვედეთი)

შვედეთის პრინცი კარლ ფილიპი, სამეფო ოჯახის მეორე შვილი და მეფე კარლ მეთექვსმეტე გუსტავის ერთადერთი ვაჟია. პრინცმა კარიერა სპორტს დაუთმო, კერძოდ ავტორბოლას. კარლ ფილიპი განათლებით გრაფიკული დიზაინერი და მარკეტინგის სპეციალისტია. გარდა ამისა, ის შვედეთის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო სკოლის კურსდამთავრებული და თადარიგის ოფიცერია – შვედეთის ამფიბიების კორპუსის ოფიცერი. ავტოსპორტით პრინცი 2003 წელს დაინტერესდა და იმავე წელს მიიღო პილოტის ლიცენზია. პრინცი ფილიპი სკანდინავიის ჩემპიონატის მონაწილეა ავტომობილ „ვოლვო ს60-თი“.

 

პრინცესა შარლოტა კაზირაგი (მონაკო)

პრინცესა შარლოტა, რენიე მესამის შვილიშვილი და მონაკოს მთავრის, ალბერ მეორის ნათესავია. შარლოტა ბებიის, მსახიობ გრეის კელის კვალს გაჰყვა და კინოკარიერასა და მოდელობაზე აკეთებს აქცენტს. ამჟამად შარლოტა სამოდელო სახლ „გუჩის” სარეკლამო სახეა. შარლოტა თანამედროვე ფეშენ-კერპად და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონადაა მიჩნეული. გარდა ამისა, მონაკოს პრინცესა ბრიტანელებმა მსოფლიოს ულამაზესი ქალების ათეულში დაასახელეს. საგულისხმოა, რომ თავად პრინცესას არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი და მეტად მოკრძალებულია ჟურნალისტებთან.

 

ზარა ფილიპსი (დიდი ბრიტანეთი)

დედოფალ ელიზაბეთ მეორის უფროსმა შვილიშვილმა ზარა ფილიპსმა კარიერა პროფესიულ სპორტს დაუკავშირა. ზარა, მშობლების მსგავსად, სპორტული ცხენოსნობითაა გატაცებული. პრინცესას დედ-მამა 1972 წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. ზარა 2003 წლიდან გამოდის პროფესიულ ტურნირებში და მისი ცხენის სახელია „თოითაუნი”. ზარა ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი და 2006 წლის ყველაზე სპორტული ინგლისელის ტიტულის მფლობელია. ზარას რამდენიმე სპორტული ჯილდო აქვს, თუმცა ყველაზე მეტად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული ვერცხლის მედლით ამაყობს. ზარას მეუღლე პროფესიონალი სპორტსმენი, ინგლისის ნაკრების წევრი, მორაგბე მაიკ ტინდალია.

 

მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი (ყატარი)

ყატარის შეიხის, სამიდან მეორე ცოლი – მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონია. მოზამ აღმოსავლელი ქალის სტერეოტიპი დაანგრია – სწორედ ის გამოჩნდა პირველი საზოგადოებაში ჩადრის გარეშე. ამით დაარღვია ისლამური ეტიკეტის უმთავრესი ტაბუ. შეიხის ცოლი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, აკონტროლებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას, ჩართულია განათლებისა და ოჯახის საქმეების სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში. საინტერესოა, რომ ამ ყველაფერს მოზა ასწრებს და პარალელურად, საკუთარ შვიდ შვილსაც ზრდის.

 

პრინცესა სირივანავარი (ტაილანდი)

ტაილანდის მოქმედი მეფის ფჰუმიპონ ადლუიადეტის შვილიშვილის მთავარი გატაცება ტანსაცმლის დიზაინია. პრინცესამ პროფესიად მოდელიორობა აირჩია. ის სტაჟირებას „არმანის” და „დიორის” სამოდელო სახლებში გადიოდა, სწავლობდა ტექსტილის დიზაინს იაპონიაში. პრინცესას აქვს საკუთარი ბრენდი „სირივანავრი”, რომლის კოლექციებსაც წარმატებით ყიდის, როგორც ტაილანდში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ტაილანდის პრინცესა ხშირად მონაწილეობს მოდის კვირეულებში და მოდის კრიტიკოსების დიდ მოწონებასაც იმსახურებს. 

скачать dle 11.3