კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთხი დღე სარდაფში, პიანინოს ყუთში სიდედრის დატყვევების გამო, სიძეს 5 წელი მიუსაჯეს

სიძეს, რომელიც სიდედრის უკანონო თავისუფლების აღკვეთისთვის გაასამართლეს, 5 წელი მიესაჯა, ოღონდ, პირობით. როგორც ბრალდებულმა განაცხადა, ის დანაშაულს არათუ ნანობს, გულიც კი სწყდება, რომ მევახშე და უსირცხვილო სიდედრი „პადვალში” კიდევ უფრო დიდხანს არ აყურყუტა. არანაკლებ საინტერესოა, რომ ბრალდებულს მხარი დაუჭირა ცოლმა, რომელმაც თქვა, რომ დედამისი  მეტსაც იმსახურებდა...

მარიკა ვ. სიძეს (ქალიშვილის ქმარს) თითქმის ოთხი დღე ჰყავდა სარდაფში დამწყვდეული, მაგრამ, შიმშილით არ მოუკლავს. მძევლად სარდაფში ჩაკეტილ სიდედრს, მის მიერვე ზამთრისთვის გაკეთებული კონსერვებითა და მურაბებით კვებავდა. სწორედ ამიტომ, სიდედრმა სიძის არა მხოლოდ დასჯა, მისგან მატერიალური ზარალის ანაზღაურებაც მოითხოვა. თავის ერთადერთ ქალიშვილზე კი, რომელიც დედას დაუპირისპირდა, დაზარალებულმა თქვა, რომ ის ქმარმა „გამოწვრთნა”, მაგრამ, პატიმრის ცოლი ირწმუნებოდა, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა, დედამისი კი აუტანელი ქალია, რადგან მას მხოლოდ საყვარლებისთვის ემეტებოდა ყველაფერი და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ არ მიეტოვებინათ...    

სასიდედროს ნაშოვნი ორი სასიძო და ჩხუბი ქორწილში 

ერთადერთი ქალიშვილი, მანანა ვ., მარიკა ვ-ს 17 წლის ასაკში შეეძინა. იმ პერიოდში მარიკა ქმარს უკვე გაშორებული იყო – ის სახლიდან დედამთილმა გააგდო, რისი მიზეზიც ექვსთვენახევრიანი ბავშვის დაბადება გახდა, ანუ, ოჯახი მიხვდა, რომ მარიკამ ბავშვი სხვისგან გააჩინა და არა ქმრისგან. სწორედ ამიტომ, მას მამის გვარი არ ერგო. ხოლო იმის გამო, რომ დედამისს შვილისთვის არ ეცალა, მანანა ბებიამ გაზარდა. თუმცა, დედის გარდაცვალების შემდეგ მარიკა იძულებული გახდა, შვილისთვის თავად მიეხედა და, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა სულ რაღაც 15 წლის იყო, მისთვის საქმროს ძებნა დაიწყო, თანაც, ამ საქმეში თავისი ახლობლებიც ჩართო. მომავალ სასიძოს ის ბინასა და კარგ მზითევს ჰპირდებოდა. ძალიან მალე, უცხოეთიდან ახალდაბრუნებული დავით ბ. გამოჩნდა, რომელსაც გოგონა არა ქონებით, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობით მოეწონა და, ვინაიდან სასიძო მარიკასაც თვალში მოუვიდა, შვილზე თითქმის 11 წლის უფროს კაცს ნიშნობაზე დათანხმდა. თუმცა, სწორედ ამ პერიოდში „უკეთესი კანდიდატურა” – ილია რ. გამოჩნდა. მარიკას აზრით, მეორე პირველს არა მხოლოდ ოჯახით სჯობდა, მის შვილს ასაკითაც შეეფერებოდა და, იმის მიუხედავად, რომ ნიშნობაზე თანხმობა უკვე ნათქვამი ჰქონდა, პირობა დაარღვია. კერძოდ, შვილს, რომელიც დავით ბ-ს უკვე როგორც საქმროს ისე ხვდებოდა ხოლმე, გადაეკიდა – უთხარი, რომ აღარ მოგწონს და ცოლად ვეღარ გაჰყვებიო. თუმცა, ვინაიდან პირიქით იყო, მანანამ დედა მოატყუა, ვითომ დათოს დაშორდა, მაგრამ, ამ ტყუილმა გაუთვალისწინებელი შედეგი გამოიწვია: დავით ბ., მშობლებისა და დის თანხლებით, მარიკას შვილის დასანიშნად მიადგა, რასაც სკანდალი მოჰყვა. ცხადია, დასანიშნად მისული ხალხი უკან გაბრუნდა, რამაც მარიკას წისქვილზე დაასხა წყალი – მან გადაწყვიტა, შვილი სასწრაფოდ მიეთხოვებინა ილია რ-სთვის, მაგრამ ნიშნობამდე ორი დღით ადრე, 16 წლის მანანა დედისგან მალულად, ცოლად გაჰყვა დავით ბ-ს, რითაც მარიკა ვ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან ქალს ილია რ-სგან არა მხოლოდ საჩუქრები ჰქონდა აღებული, არამედ, 2 000 დოლარი ვალად ჰქონდა გამორთმეული. ამიტომ, დედამ შვილზე უარი თქვა, ის მის ქორწილსაც კი არ დასწრებია, მაგრამ, ქორწილში მის ნაცვლად ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ილია რ. მივიდა, რომელმაც ნეფეზე გაიწია და, რომ არა სტუმრების ჩარევა, შესაძლოა, ტრაგედიაც დატრიალებულიყო. მაშინვე ითქვა, რომ ეს ამბავი პატარძლის დედის მოწყობილი იყო, მაგრამ, მანანა იმდენად მოსწონდა საქმროს ოჯახს, გოგონასთვის საყვედურიც კი არ უთქვამთ. 

რაც შეეხება მანანას ქმარს, სიდედრის უმძრახობაზე საერთოდ არ წუხდა, პირიქით, თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა. მაგრამ, ერთ დღეს სიდედრმა სახლში თავად მიაკითხა შვილს და სიძეს. ყველაფრის მიუხედავად, ოჯახი მას სათანადოდ გაუმასპინძლდა.  

სიძე-სიდედრს შორის სრული იდილია დამყარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ცოლ-ქმარი საცხოვრებლად მასთან გადავიდა, მაგრამ, დაახლოებით სამ თვეში მოვლენები შეიცვალა: მარიკა ხშირად რჩებოდა სხვაგან. ცოლ-ქმრის აზრით, მარიკა ასე იმიტომ იქცეოდა, რომ არ უნდოდა, მათი თავისუფლება შეეზღუდა, მაგრამ, ერთ დღეს სიძემ შენიშნა, რომ მისი სიდედრი სახლში დაბურულმინებიანი მანქანით მოიყვანეს. ვინ იყო უცნობი მამაკაცი, დათოს არ დაუნახავს. პირველ ეტაპზე სიძეს მარიკა ვ-სთვის არაფერი უკითხვას, თუმცა, მალე ასეთმა „მოცილებებმა“ სისტემატური ხასიათი მიიღო... 

საქმის მასალების მიხედვით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დედამ შვილს დაწუნებული სასიძო – ილია რ. გაუხსენა. მისი ლოგიკით, ცოლად მას რომ გაჰყოლოდა, დღეს მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნებოდა, რადგან, 2 000 დოლარი, რომელიც მის გათხოვებამდე ასესხა აღარ მოსთხოვა. ის კი არა, თოთო ბავშვის მიუხედავად, დედა შვილს ქმართან გაყრას ურჩევდა და არწმუნებდა, რომ ილიას ისევ უყვარდა... 

დედა-შვილის ჩხუბი ძალიან გახშირდა, თუმცა, მათ შეხლა-შემოხლას დავით ბ. არასდროს შესწრებია, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს მან შემთხვევით მოისმინა მათი ჩხუბი, უფრო მეტიც, სახლში ისეთი სტუმრის მოსვლის მოწმე გახდა, რომ სიდედრს თავისუფლება აღუკვეთა. როგორც სიძე ჩვენებაში ამბობს, მდგომარეობიდან ისე გამოვიდა, სიდედრის ცარიელ ქვევრში ჩასმას აპირებდა, მაგრამ, დაინდო და სარდაფში, ვირთხებთან დატოვა...

განსასჯელ დავით ბ-ს ჩვენებიდან: „არ მინდოდა, ჩემი სიდედრი ერთადერთი შვილისთვის დამეშორებინა და მასთან საცხოვრებლადაც ამიტომ გადავედი. თუმცა, ძალიან შევწუხდი, როდესაც მივხვდი, რომ მეზობლებს ის მევახშეობის გამო არ უყვარდათ – თითქმის ყველას მისი პროცენტიანი ვალი ჰქონდა. მარიკას ფული ისე უყვარდა, სახლში პურსაც კი არ ყიდულობდა. მართალია, ჩაცმით არაფერს იკლებდა, მაგრამ, იმდენად უგემოვნო იყო, რომ მის ჩაცმულობაზე მეცინებოდა. 

ბოლო პერიოდში შევამჩნიე, ჩემს ცოლზე სულ გაღიზიანებული იყო. მანანას რომ ვკითხე, მითხრა, იმაზე მეჩხუბება, ბავშვს სათანადოდ ვერ უვლიო. ამიტომ, მარიკას დამოკიდებულებაზე თავისი შვილის მიმართ ყურადღება დიდად აღარ გამიმახვილებია. 

22 სექტემბერს სახლში შემთხვევით დავრჩი. ბავშვს რომ არ შევეწუხებინე, დასაძინებლად სასტუმრო ოთახში, დივანზე დავწექი. მარიკამ, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ სახლში ვიყავი და ჩემს ცოლს საქმის გარჩევა დაუწყო, ამას რატომ გაჰყევი ცოლად, გაეყარე და ილიაზე გათხოვდი, მას ისევ შენ უყვარხარო. როგორც ჩანს, მანანაც ვერ მიხვდა, რომ მათ საუბარს ვისმენდი და დედამისს ჩხუბი დაუწყო: ამ თემაზე აღარ დამელაპარაკო, მით უმეტეს, ილია რ, შენი საყვარელია და, თუ ასე ძალიან მოგწონს, ცოლად თვითონ გაჰყევიო. მარიკამ შვილს უპასუხა, რომ ეს მეც მინდა, მაგრამ, არ მთხოულობსო და წყევლაზე გადავიდა. 

აღარ მახსოვს, რა მოვიმოქმედე. თურმე, ოთახიდან გამოვვარდი და ჩემს სიდედრს ვახრჩობდი. როგორც ჩანს, მარიკა ისე დაიბნა ჩემს დანახვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვცემდი, ხმას ვერ იღებდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ინსტინქტურად სარდაფში ჩავათრიე და დაჟინებით მოვითხოვდი მისგან, აეხსნა, რას ნიშნავდა მისი საქციელი. თავიდან წყნარად იყო და ბოდიშებსაც იხდიდა, მაგრამ, ბოლოს ისეთი ყვირილი ატეხა, სხვა გზა აღარ დამიტოვა – პირი ავუკარი, ხელ-ფეხი შევუკარი და იქვე მიგდებულ პიანინოს ყუთში ჩავსვი... ამის შემდეგ ჩემს ცოლთან ავედი. რომ მკითხა, დედამისი სად იყო, ვუთხარი, რომ სახლიდან წავიდა, რაც ძალიან გაუხარდა, რადგან ჩვენ შორის კონფლიქტი ამოწურულად ჩათვალა. ეგონა სახლში დავბრუნდებოდით, მაგრამ, ვუთხარი, რომ ჯერ იქ ვრჩებოდით. სწორედ ამ დროს გარედან მანქანამ დაასიგნალა. მე და მანანამ ფანჯარაში ერთდროულად გავიხედეთ. ნომერს რომ შევხედე, სწორედ ის მანქანა იყო, ვისაც მარიკა მოჰყავდა ხოლმე. მანანამ მითხრა, რომ ის გახედავდა მოსულს, მაგრამ, იმდენად საეჭვოდ მითხრა, არ გავუშვი და მე თვითონ გავედი. მანქანაში რომ შევიხედე თვალებს არ დავუჯერე – ილია-რ იჯდა. მისი ცემა მინდოდა, მაგრამ, სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და გაიქცა...

ჩემი ცოლის მალულად, სარდაფში ჩავედი და ჩემს სიდედრს კვლავ ახსნა-განმარტება მოვთხოვე. აქეთ მომიტრიალდა – ვის შევხვდები და ვისთან დავიჭერ საქმეს, ჩემი ნებააო. იმდენად გამაღიზიანა, ისევ პირი ავუკარი, მაგრამ, პიანინოს ყუთში აღარ ჩამისვამს, თუმცა, მაინც სარდაფში დავტოვე. მერე კონსერვის გასახსნელი ჩავიტანე, რამდენიმე ქილა გავხსენი და საჭმელად დავუდგი. რომ მითხრა, არ შევჭამო, დავემუქრე, რომ ყველა ქილას გავუხსნიდი. ამის გამო ცოტა შეჭამა, მაგრამ გაბრაზებულმა მაინც ყველა გავხსენი. 

მეოთხე დღეს ბოდიში მომიხადა, აღიარა, რომ ცუდად მოიქცა და მთხოვა, გამეთავისუფლებინა. მეც წყენამ გადამიარა და გავათავისუფლე, მაგრამ, ეზოში გამოსვლისთანავე გაიქცა. ნახევარ საათში კი თავზე პოლიცია დამაყენა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის დამაპატიმრეს...” – განაცხადა განსასჯელმა. 

სასამრთლომ საქმის ირგვლივ ყველა მოწმე, მათ შორის ილია რ-ც დაკითხა. მან დაადასტურა, რომ მარიკას საყვარელი იყო, მაგრამ ირწმუნებოდა, რომ მის გათხოვილ შვილზე ცუდი არაფერი უფიქრია. თუმცა, არ დაუმალავს, რომ მანანას ქმართან თავისი ანგარიშები ჰქონდა...

რაც შეეხება მანანა ვ-ს, ცხადია, მან ქმრის სასარგებლოდ მისცა ჩვენება და, ვინაიდან მარიკა ვ-ს სიძისგან არანაირი მძიმე დაზიანება არ მიუღია, სასამართლომ დავით ბ-ს 5 წლით პირობითი მიუსაჯა.

რაც შეეხება დაზარალებულ სიდედრს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ სარდაფში დატყვევებულს ვირთხები აშინებდნენ, პირველი ინსტანციის ჰუმანური განაჩენი  ზემდგომ ინსტანციებში აღარ გაუსაჩივრებია...          

скачать dle 11.3