კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26-51(625) 

უკანასკნელი ქურდი

„ვერშინის” დაცვის სამსახურის უფროსი დილით დაუკავშირდა ჯაბას – მთავარ ოფისში მოდი, შენთან შეხვედრა სურთო.

– ვის უნდა ჩემთან შეხვედრა? – დაინტერესდა ჯაბა.

– გლეხური გარეგნობის კაცია, – უპასუხა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, – არც ვინაობას ასახელებს და არც შენთან შეხვედრის მიზეზს.

სტუმარი სამოც წელს გადაცილებული, ჭაღარა, ტანმაღალი მამაკაცი აღმოჩნდა. ტანთ უბრალო შავი შარვალი და კოსტიუმი ეცვა. ჯაბამ ის ოფისის მისაღებში შეიყვანა და შემდეგ ჰკითხა, ვინ ხარ და რა საქმე გაქვს ჩემთანო.

– ჯერ უნდა დამიდასტურო, რომ ნამდვილად ის კაცი ხარ, ვისთან შესახვედრადაც მოვედი, – უპასუხა მამაკაცმა.

ჯაბამ უსიტყვოდ გაუწოდა პირადობის მოწმობა. მამაკაცმა ყურადღებით დაათვალიერა დოკუმენტი და უკან დაუბრუნა, შემდეგ კი ორად გაკეცილი ფურცელი გაუწოდა. ფურცელზე ქართულად ეწერა „ამ კაცს გამოჰყევი, ჩემთან მოგიყვანს. ამის შესახებ არავინ არ უნდა იცოდეს, ჩვენებმაც კი.”

– სად არის ეს კაცი?! – მღელვარება მოერია ჯაბას.

– ჩემს სახლში.

– სად?

– კიევის ოლქში... პატარა დაბაა, კოზელი, – უპასუხა მამაკაცმა.

– დაჭრილი ხომ არ არის?

– დაჭრილია, მაგრამ, საშიში არაფერი სჭირს.

– წავედით... დანარჩენს გზადაგზა მომიყვები, – თქვა ჯაბამ და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა კარს.

კოზელში დღის მიწურულს ჩავიდნენ. მამაკაცი დაბის განაპირას, მწვანე ჭალაში ჩამალულ, კირით შეთეთრებულ პატარა სახლში ცხოვრობდა.

მეგზურმა სახლის წინ შეაჩერებინა მანქანა. მოუთმენლობით შეპყრობილი ჯაბა მიპატიჟებას აღარ დალოდებია, მანქანიდან გადავიდა და სირბილით შევარდა სახლში.

ლუკა ფანჯრის სიახლოვეს, საწოლზე იწვა. ჯაბას დანახვისას ადგილიდან წამოიწია. მაგრამ მან ადგომის საშუალება არ მისცა.

– იწექი, იწექი!.. – წამოიძახა მღელვარედ და გადაეხვია.

– ეგრეც არ არის საქმე, – მშვიდად უპასუხა ლუკამ.

– ჭრილობები როგორ გაქვს? – ჯაბამ ყურადღებით შეათვალიერა გვერდზე დადებული სახვევი.

– არაფერია, ამასაც გადავიტანთ. განაკაწრია. ისეთი მკურნალი მყავს, საავადმყოფოშიც არ დამჭირდება მისვლა, – მამაკაცზე მიანიშნა ლუკამ.

– თქვენ ისაუბრეთ, მე ხელს არ შეგიშლით, – თქვა მასპინძელმა და ოთახის კარი გაიხურა.

– რა მოხდა იქ, ლუკა? – სკამზე დაეშვა ჯაბა.

– ნაბიჭვრები! – ლუკამ ბრაზით გაიქნია თავი, – ძალიან მტკივნეული დარტყმა მოგვაყენეს. ირაკლის სისხლს არავის შევარჩენ. ვინც არ უნდა იდგეს ამ დამპალი საქმის უკან, მოვძებნი და საკუთარი ხელით გავუთხრი საფლავს.

– როგორ გადარჩი? – განაგრძო ჯაბამ.

– შემთხვევით მოხდა. მილიონიდან ერთი შანსი არსებობდა, რომ იმ მანქანიდან ცოცხალს გამომეღწია. რვა ავტომატიდან გვესროდნენ. ირაკლი მანქანაშივე დაიღუპა. საჭეზე ხელის მოკიდება ვერც კი მოვასწარი, გაქანებულები გადავეშვით ხევში. მანქანა სამჯერ თუ ოთხჯერ გადატრიალდა. აზრზე არ ვარ, როგორ აღმოვჩნდი მდინარეში. ხევში დახეთქებისას, მანქანის კარი გაიღო და პირდაპირ მდინარეში გადავვარდი. იარაღიც მანქანაში დამივარდა, მაგრამ, რომც მქონოდა, მაინც ვეღარაფერს შევცვლიდი. ირაკლი უკვე დაღუპული იყო – კეფაში გაუარა ტყვიამ... რა ბიჭი მოგვიკლეს იმ ახვრებმა!...

– მერე რა მოხდა? – ჰკითხა ჯაბამ.

– ბნელოდა და იმ ნაბიჭვრებმა ვერ დამინახეს... დარწმუნებულები იყვნენ, რომ მანქანაში ვიყავი.... ხევის პირას გამწკრივდნენ და მანქანა საცერივით დაცხრილეს. მანამდე ისროდნენ, სანამ არ აფეთქდა. ვიდრე ისროდნენ, ნაპირს ცოცვით გავუყევი და იქაურობას გავეცალე.

– აქ როგორ მოხვდი?

– მთელი ღამე ვიარე, რომ იქაურობას მოვშორებოდი, მაგრამ, დაჭრილმა და დაჟეჟილმა დიდხანს ვეღარ გავქაჩე. ნესტორი დილით შემხვდა – მდინარეზე სათევზაოდ ყოფილა ჩამოსული. დახმარება ვთხოვე და მასაც არ უთქვამს უარი.

– ასეთ საქმეში უცხო კაცს როგორ ენდე. რა გარანტია გქონდა, რომ არ გააბაზრებდა შენს აქ ყოფნას? – გაუკვირდა ჯაბას.

– როცა არჩევნის საშუალება არ გაქვს რისკზეც უნდა წახვიდე. თანაც, შევატყვე, რომ არ იყო ნაბოზარი.

– ჩვენ რატომ არ დაგვიკავშირდი? „ვერშინაში” მაგარი პანიკაა, ყველას დაღუპული ჰგონიხარ.

– ასე ჯობია. დაე, ეგონოთ, რომ დავიღუპე, ეს სერიოზულ უპირატესობას მოგვცემს, – უპასუხა ლუკამ, – ჩვენს ხალხში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, ხარკოვში თავს ვერ გავიტან. ადრე თუ გვიან მაინც გაბაზრდება, რომ ცოცხალი ვარ.

– კარგი, ეგ გასაგებია... იმ ნაბიჭვრებს რა მოვუხერხოთ? – განაგრძო ჯაბამ.

– უბრალო სასტავი არ იყო. პროფესიონალურად მოქმედებდნენ. აშკარად ჩანდა, რომ სპეცსამსახურიდან იყვნენ.

– როგორ გგონია ვინ დგას მაგ საქმის უკან?

– ამის მოწყობა რამდენიმე ადამიანს შეეძლო, მაგალითად, გუსმანს, ან ტიხონოვს და, თუნდაც, კაცუბას. სპეცსამსახურების ქილერებზე სამივეს მიუწვდება ხელი.... როგორ უჭირავთ თავი გუსმანს და კაცუბას? – ჰკითხა ლუკამ.

– გუსმანი არაფერს იმჩნევს, ვითომ არაფერი მომხდარა, მაგრამ, მას პირადად შენთან ჰქონდა ურთიერთობა. ჩვენ სალაპარაკოდაც არ გაგვეკარება და ჩვენც არ გვიცდია მასთან დაკავშირება. კაცუბა კი მაგრადაა შეშინებული. ვასილიჩი გააფრთხილა: მორჩა, აღარ დამიკავშირდეთ, თქვენ თვითონ მოაგვარეთ თქვენი პრობლემებიო.

– ეს მოსალოდნელიც იყო. ძალიან ბევრმა გადააყოლა თავი ამ საქმეს. ბუნებრივია, რომ კაცუბასაც არ უნდა ჩვენი მიზეზით საიქიოში გადაბარგება, – ჩაილაპარაკა ლუკამ.

– კაცუბა გასაგებია, მაგრამ, ქურდებს რაღა უნდათ?

– ქურდებს?! – გაუკვირდა ლუკას, – რა შუაში არიან ქურდები?

– ისევ იმ დოსიეებზე ასწიეს ბაზარი. სხადნიაკზე დამიბარეს – ახლავე მოგვეცი დოსიეებიო, – თქვა ჯაბამ.

– დოსიეები მხოლოდ საბაბია. მომენტი დაიჭირეს კონფლიქტში შემოსასვლელად. ბევრს იზიდავს „ვერშინის” სალარო. ბუცას კი განსაკუთრებით აღიზიანებს კიევში ჩვენი გამოჩენა.

– მაგას მოევლება, ახლა მთავარი იმ ნაბიჭვრებზე გასვლაა. როგორ აპირებ ამას?

– ცოტა ხანს უნდა დაველოდოთ. ვასილიჩი რაღაცას მაინც გამოჩხრიკავს. ამასობაში, შეიძლება, თვითონაც დაუშვან შეცდომა... მეც დრო მჭირდება ჭრილობის მოსაშუშებლად. – ლუკა წამით ჩაფიქრდა და შემდეგ დაამატა, – ჰო, კიდევ ერთი: „ვერშინის” დაცვის სამსახურს უთხარი, ვასილიჩს დაცვა მიუჩინონ. არ მინდა, რამე დაემართოს, ეგ კაცი მნიშვნელოვანია ჩვენთვის!..

* * *

ვასილიჩმა ყურადღება არ მიაქცია კაცუბას გაფრთხილებას და რამდენიმე დღეში საქაღალდით ხელში ესტუმრა მის სამუშაო კაბინეტს.

– რა არის მაგ საქაღალდეში? – კაცუბა უკმაყოფილო სახით შეეგება ადვოკატს.

– გააჩნია, ვინ როგორ შეაფასებს, – ვასილიჩმა საქაღალდე დემონსტრაციულად დააგდო მაგიდაზე და კაცუბას პირისპირ დაჯდა, – ჩემთვის – არაოფიციალური გამოძიების მასალებია; პროკურატურისთვის – თავის სატკივარი, რომლის განხილვაზეც კატეგორიულ უარს აცხადებენ; პრესისთვის – სენსაცია, რომელსაც, შეიძლება, ბევრი თანამდებობის პირი გადაყვეს, მათ შორის – შენც!

– პირდაპირ მითხარი, რა გინდა? – მოიღრუბლა კაცუბა.

– აქ არის მასალები იმის შესახებ, რომ „ვერშინის” წევრებზე მომხდარი თავდასხმა უშიშროების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული! – მკაცრი ტონით თქვა ვასილიჩმა.

– რა სისულელეა, მაგას არავინ დაიჯერებს!

– ვნახოთ, რას იტყვიან ამ საკითხზე ჟურნალისტები!

– მაშანტაჟებ?!

– არა, უბრალოდ, გიხსნი, რა მოხდება, თუ ამ საქმეს ოფიციალური მსვლელობა არ მიეცემა!

– იმ შემთხვევას გამოძიებამ კრიმინალური რაზბორკის კვალიფიკაცია მიანიჭა, – თქვა კაცუბამ.

– ორივემ კარგად ვიცით, რომ ასე არ იყო!

– რით ადასტურებ, რომ მაგ საქმესთან უშიშროებას აქვს კავშირი? – ტონი შეარბილა კაცუბამ.

– ყველაფერი აქაა, – ვასილიჩმა საქაღალდეზე დააკაკუნა თითები, – ჩვენი კერძო დეტექტივები ბევრად უკეთესად მუშაობენ, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახური და პროკურატურა ერთად აღებული. ახლა გადავიდეთ მთავარზე: ჩვენ კარგად შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი. ყველა მასრა, რომელიც იქ აღმოჩნდა, ერთი სახეობის იარაღიდან იყო გასროლილი – ეს იყო ავტომატი „ბიზონი”. რვა „ბიზონი”. ახლა შენ მიპასუხე, რომელი უწყება სარგებლობს ამ ავტომატით?

– დღესდღეობით უკრაინაში ნებისმიერი მოდელის იარაღის ყიდვა შეიძლება, – უპასუხა კაცუბამ.

– მართალი ხარ... შეიძლება ასეა, მაგრამ, მე არ მესმის კრიმინალების, რომლებიც მკვლელობის ჩასადენად თითო „ბიზონში” ხუთას დოლარს იხდიან და არ ყიდულობენ „კალაშნიკოვებს“, რომელიც მაქსიმუმ ასი დოლარი ღირს.

– არ ვიცი, მე ვერ ვერკვევი მკვლელების ფსიქოლოგიაში და შენს ვარაუდებსაც ფაქტად ვერ მივიღებ.

– მე სწორედ იმ ფაქტების დადგენას ვითხოვ. არსებობს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები და, ამ დროს, პროკურატურა უარს მეუბნება მასრების სერიული ნომრების მიხედვით იდენტიფიკაციაზე. არსებობს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მანქანის საბურავების კვალიც. მე პირდაპირ მოვითხოვ უშიშროების სამსახურის ავტოპარკის შემოწმებას!

კაცუბამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მერე თქვა:

– შინაურულად გეუბნები, ვასილიჩ, მაგით ვერაფერს მიაღწევ. პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდა „ვერშინის” საქმიანობით. კომპანიას თავისუფლად არსებობის საშუალებას აღარ მისცემენ, შენ კი ასეთ დროს ვითარების დაძაბვას ცდილობ. კარგი, ვთქვათ, გავიზიარე შენი ვერსია. ვთქვათ, ვაღიარე, რომ ის თავდასხმა მართლაც უშიშროების სამსახურს უკავშირდება. რას მივიღებთ ამით? მართლა გჯერა იმის, რომ პროკურატურა უშიშროების სამსახურის შეიარაღების საწყობებში დაიწყებს თავდასხმის დროს გამოყენებული „ბიზონების” ძებნას?! თუ მართლაც გჯერა, რაც ახლა მითხარი, იმასაც უნდა ხვდებოდე, ვისი დავალებით მოქმედებდა უშიშროების სამსახური და იმაზეც უნდა დაფიქრდე, მოახერხებს თუ ვერა ის პიროვნება შენს გაჩუმებას.

– ესე იგი, უარს მეუბნები პროკურატურასთან მოლაპარაკებაზე?

– მე უკვე გითხარი ჩემი აზრი.

– კეთილი. იქნებ, მაშინ შეიცვალო აზრი, როდესაც ამ საქაღალდეს კარგად გაეცნობი!

– რას გულისხმობ? – დაიძაბა კაცუბა.

– იმ საბანკო ანგარიშების ნუსხას, რომლებზეც „ვერშინის” ანგარიშებიდან გერიცხებოდა ფული. ძალიან მაინტერესებს, რა შეფასებას მისცემს იმ ანგარიშებს პროკურატურა, როდესაც კრიმინალური კომპანიის განადგურებას დაიწყებს! – ცივად თქვა ვასილიჩმა.

– რას შეგმატებს შენთან ერთად ჩემი ჩაძირვაც? ვერ გრძნობ განსხვავებას? მე მაგ ანგარიშების მიზეზით, შეიძლება, კორუფციაში დამადანაშაულონ; შეიძლება, სამსახურიდან გამათავისუფლონ, მაგრამ, შენ არ გაცოცხლებენ!

– სხვა პირობა რომ შემოგთავაზო? – მოულოდნელად ჰკითხა ვასილიჩმა.

– რას გულისხმობ?

– ჯანდაბას, რაც იყო, იყო, წარსულს ვერავინ დააბრუნებს უკან. „ვერშინა” დაივიწყებს ამ მასალებს და ეს საუბარიც ჩვენ შორის დარჩება. ამის სანაცვლოდ კი პროკურატურამ თავი უნდა გაანებოს კომპანიას. რას იტყვი?.. ძალიან ბევრს ხომ არ ვითხოვთ?

– არ ვიცი... ვერაფერს დაგპირდები, – თავი გააქნია კაცუბამ.

– მესმის, რომ ახლა ვერაფერს მეტყვი. მოელაპარაკე გუსმანს და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. მგონი, მის ინტერესებშიც არ უნდა შედიოდეს ამ საქმის გახმაურება.

კაცუბა შეყოყმანდა და შემდეგ უპასუხა:

– კარგი, ნიადაგს მოვსინჯავ. ვნახოთ, რას იტყვის...

* * *

ლუკამ ყურადღებით მოისმინა ვასილიჩის ნაამბობი და შემდეგ თქვა:

– მხოლოდ ერთი სიტყვით ასეთი დასკვნის გამოტანა არ შეიძლება. იმაში, რომ გუსმანი „ვერშინის” საქმიანობით ინტერესდება, უცნაურს ვერაფერს ვხედავ.

– მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ის დგას ამ საქმის უკან, – უპასუხა ვასილიჩმა, – კაცუბას შეეძლო ამ საქმის ორგანიზება, მაგრამ, ზედმეტად ფრთხილი ადამიანია და ყოველთვის გაურბის ასეთ საქმეებს. თანაც, ის წინ არ გადაურბენდა გუსმანს.

– რა ინტერესი უნდა ჰქონდეს გუსმანს ჩვენ მიმართ? – ჩაურთო ჯაბამ.

– წინდახედული ადამიანია, – გახედა ვასილიჩმა, – ჩვენთან ურთიერთობაში შემოსვლით მასაც გარკვეული ვალდებულება დაეკისრა. მან ხომ არ იცის, რას მოვთხოვთ ხვალ იმ საქმის სანაცვლოდ? ცალკე გასათვალისწინებელია აქციების საქმე, რომელიც ჯერაც არ მიუღია „ვერშინას”. ეს კი ფულია... დიდი ფული!

– ტიხონოვის შესახებ რა გაარკვიე? – ჰკითხა ლუკამ.

– ტიხონოვს მართლაც სერიოზული საბაბი აქვს ჩვენთან დაპირისპირების, მაგრამ, მან გუსმანთან წააგო ბრძოლა, და არა ჩვენთან. ამ ლოგიკით, ჩვენზე ადრე მისთვის უნდა მიეგზავნა ქილერები. თანაც, რას მიიღებს ტიხონოვი ჩვენთან დაპირისპირებით? – შარის გარდა არაფერს. ის სხვა ყაიდის ადამიანია: ჩინოვნიკია, ახალგაზრდა კაცია, მომავალზე ფიქრობს... ბიზნესშიც არ გააჩნია ძალიან მყარი პოზიციები,  „ვერშინის” გადანაწილებაში რომ მიიღოს მონაწილეობა. გუსმანმა კი დიდი ხნის წინ დაამთავრა კარიერული ზრდა და ეს მისი ბოლო თანამდებობაა. თვითონაც კარგად იცის, რომ ამაზე წინ ვერ წავა. ასეთი ადამიანი მსუყე საბანკო ანგარიშს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ჩინოვნიკის კაბინეტს. დამიჯერე, ყველაზე დიდი მიზეზი მას აქვს ჩვენთან დასაპირისპირებლად.

– მესმის შენი, მეც ასე მგონია, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა ადამიანისთვის განაჩენის გამოსატანად. თანაც, ხომ ხვდები, რა შეიძლება მოჰყვეს ამას? სულ მცირე შეცდომაც რომ დავუშვათ, „ვერშინას” მართლაც აღარ მისცემენ არსებობის უფლებას!

– ასე შედეგს ვერ მივიღებთ. ჩვენი დეტექტივების იმედადაც არ ღირს ყოფნა – დიდი-დიდი, შემსრულებლებზე გავიდნენ. მაგრამ, ვერც ერთი ქილერი ვერ გაგცემს პასუხს კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვის დავალებას ასრულებდა. ვერაფერს გეტყვის, იმიტომ, რომ თვითონაც არ ეცოდინება, – თქვა ვასილიჩმა.

– არა მგონია, გუსმანმა შეცდომა დაუშვას, – თქვა ჯაბამ.

– უნდა დავაშვებინოთ, – გახედა ლუკამ.

– როგორ? – ჰკითხა ვასილიჩმა.

ლუკა წამით ჩაფიქრდა, მერე მობილური ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.

ორიოდ ზუმერის შემდეგ ყურმილში გუსმანის ხმა გაისმა.

– გამარჯობა, სტეფანე, – მიესალმა ლუკა.

– ვინ ხართ?

– ასე მალე ივიწყებ ძველ ნაცნობებს? – დამცინავად ჰკითხა ლუკამ.

– ლუკა?! – დაიბნა გუსმანი, – კი მაგრამ, როგორ?!

– ნუ ღელავ, საიქიოდან არ გიკავშირდები.

– ესე იგი, პროკურატურა შეცდა?

– მხოლოდ პროკურატურა არა, მთავარი შეცდომა სხვამ დაუშვა – იმან, ვინც ის ნაბიჭვრები მომიგზავნა. რამე ხომ არ იცის ამის შესახებ? – ჰკითხა ლუკამ.

– მაგ საქმეზე პროკურატურის საგანგებო ჯგუფი მუშაობს, – უპასუხა გუსმანმა.

– ჰო... ვიდრე პროკურატურა მაგ საქმეში გაერკვევა, ჩვენი საქმე მოვაგვაროთ, – განაგრძო ლუკამ.

– რას გულისხმობ?

– „ვერშინას” ჯერაც არ მიუღია აქციები, რომლებზეც შევთანხმდით.

– ჰო... მაგრამ, ასეთი შემთხვევის შემდეგ ვიღას ეცალა აქციებისთვის...

– მაგ საკითხზე სასაუბროდ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, – თქვა ლუკამ.

– მესმის, მაგრამ, ასეთ ვითარებაში ჩემთვის რთულია შენთან შეხვედრა. არ მინდა ზედმეტი მითქმა-მოთქმის გამოწვევა.

– რატომ? – გაიკვირვა ლუკამ, – როგორც მახსოვს, შენ ჩემი დოსიეს გაწმენდისა და უკრაინაში მშვიდად ცხოვრების პირობა მომეცი. ჩემ მიმართ ვინმეს აქვს პრეტენზია?

– არა, – უპასუხა გუსმანმა.

– ისე, კაცმა რომ თქვას, დაზარალებულიც კი ვარ.

– აქციების საკითხის გასარკვევად ჩვენი შეხვედრა საჭირო არ არის, მაგ საქმეს თქვენი ადვოკატიც მოაგვარებს, – შესთავაზა გუსმანმა.

– სხვა საქმეც გვაქვს გასარკვევი, – განაგრძო ლუკამ.

– რა საქმე?

– პირველი – რა ნაეზდს უწყობს პროკურატურა „ვერშინას”?! მეორე – იმ ნაბიჭვრებზე უნდა დაგელაპარაკო, რომლებიც შავი „ჯიპებით“ დადიან და „ბიზონებიდან” ისვრიან.

– კეთილი... შეგხვდები.... – მოულოდნელად გადაწყვიტა გუსმანმა, – შეგიძლია, ამაღამ ჩემთან აგარაკზე მოხვიდე?

– არა, ეგ გზა ცუდად მაქვს დაცდილი, – იუარა ლუკამ, – ბორისპოლის გზაზე, ტბის პირას შევხვდეთ ერთმანეთს. ღამის თორმეტ საათზე იქ ვიქნები.

– მარტო მოხვალ?

– ჰო.

– კარგი, გელოდები, – უპასუხა გუსმანმა და ტელეფონი გათიშა.

– რას აპირებ, ლუკა? – გაოცებულმა თქვა ვასილიჩმა, – ახლა მასთან შეხვედრა არ შეიძლება! 

– არც შევხვდები, – უპასუხა ლუკამ.

– არ შეხვდები?! – გაოცებით განაგრძო ვასილიჩმა, – მაშ, რისთვის ელაპარაკე.

– ვნახოთ დაუშვებს თუ არა გუსმანი შეცდომას, – ლუკამ საათს დახედა და ვასილიჩს უთხრა, – კაცუბას დაურეკე, ათი საათისთვის შეგხვდეს!

* * *

ლუკას დანახვაზე კაცუბამ შიშით უკან დაიხია.

– რა, არ ელოდი ჩემთან შეხვედრას? – ირონიით ჰკითხა ლუკამ.

– ვიცოდი... დარმუნებული ვიყავი, რომ არ დაღუპულხარ, – სწრაფად გამოფხიზლდა კაცუბა.

– ვასილიჩის მაინც შეგრცხვეს, – გაიცინა ლუკამ, – ორი დღის წინ სხვანაირად ბაზრობდი?

– მაპატიე, ლუკა, – მოიბუზა კაცუბა, – შენ არ იცი, რა წნეხში გამატარა გუსმანმა.

– რა წნეხში?

– შენი დაღუპვის ცნობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გუსმანს აქციების დათმობა აღარ სურდა, ის აქციები კი „ვერშინას” ეკუთვნოდა.

– და შენც, როგორც ჩვენი მეგობარი, სიმართლის დასაცავად წაეკიდე გუსმანს? – დამცინავად თქვა ლუკამ.

– დამიჯერე, ასე იყო. ანდა, რატომ უნდა ვყოფილიყავი ჩუმად, იმ აქციებიდან ხომ მეც მივიღებდი წილს?

– „ვერშინის” აქციებიდან რას დაგპირდა გუსმანი?! – მზერა გაუსწორა ლუკამ.

– არაფერს... სიმართლეს გეუბნები, – გაუბედავად თქვა კაცუბამ.

– თვითონ იმ დამპალი საქმის შესახებ რა იცი, ვინ შეუკვეთა თავდასხმა?

– არ ვიცი, მაგრამ, ვხვდები, ვინც შეასრულა. 

– კარგი... რაც იყო, იყო. ახლა ერთი საკითხი უნდა მოაგვარო ჩემთვის.

– რა?

– გახსოვს, რაზე გელაპარაკა ვასილიჩი გუსმანთან დაკავშირებით?

– რა თქმა უნდა. ამ დღეებში ვაპირებდი მასთან შეხვედრას.

– მეც მინდოდა მასთან გასაუბრება, მაგრამ, ახლა ჩვენი ერთად გამოჩენა არ შეიძლება. შენ შეხვდები და სიტყვა-სიტყვით გადასცემ, რაც ვასილიჩმა გითხრა. გასაგებია?

– გასაგებია, – თავი დაუქნია კაცუბამ, – მაგრამ, ამ საღამოს მოიცლის?

– მოიცლის. გუსმანი ბორისპოლის გზაზე დაგელოდება. მეთექვსმეტე კილომეტრზე, გზიდან მარჯვნივ, პატარა ტბაა. ღამის თორმეტი საათისთვის გუსმანი იქ იქნება. 

 კაცუბა ზუსტად დათქმულ დროზე მივიდა შეხვედრის ადგილზე. მანქანა ცენტრალური მაგისტრალიდან გადაიყვანა და ტბის მიმართულებით განაგრძო გზა. სიბნელეში ჩაძირულმა ტბის სანაპირომ შიში მოჰგვარა. თავიდანვე უცნაურად მოეჩვენა შეხვედრის ადგილი. გუსმანი ყოველთვის გაურბოდა ლუკასთან შეხვედრას, მაგრამ, მას ნებისმიერ ადგილას შეხვდებოდა, თუნდაც თავისივე სამუშაო კაბინეტში.

„ცუდადაა საქმე... ძალიან ცუდად, – ფიქრს მიეცა კაცუბა, – ლუკა აღარ შეჩერდება. მისთვის ასეთი საქმე არც პირველი იქნება და არც ბოლო. თანაც, მეგობარი მოუკლეს. მოკლავს გუსმანს ან თავს გადააყოლებს. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ომში მე გავიჭყლიტები.. ყველაზე უკეთესი იქნება, თუ ლუკა საერთოდ ვერ გაარკვევს, ვისი დაკვეთით დაესხნენ თავს. ეს უპირველესად, ჩემს ინტერესებში შედის. სერიოზულად უნდა მოველაპარაკო გუსმანს, რომ რამენაირად უნდა მოაგვაროს ეს საქმე. ან დაუთმოს, რაც ეკუთვნის, ან კიდევ, უფრო გონიერი და გამოცდილი ქილერი გამონახოს. იდიოტები! ათმა კრეტინმა ერთი კაცის მოკვლას ვერ მოაბეს თავი!..“

ამასობაში გზა მიილია. კაცუბამ ტბის პირას ორი „ჯიპი“ დაინახა და იქით მიმართა მანქანა. შემდეგ კი რაღაც დაუჯერებელი მოხდა: „ჯიპებიდან“ ელვის სისწრაფით გადმოვიდა ოთხი მამაკაცი. მათ ავტომატები შემართეს და კაცუბას მანქანა მიზანში ამოიღეს.

– არა!... – განწირული ხმით დაიყვირა მან და თავის გადასარჩენად მანქანის იატაკზე გაწვა, მაგრამ, უკვე გვიან იყო – ავტომატები იმავ წამს აკაკანდნენ. დაცხრილულმა მანქანამ გვერდზე გადაუხვია, ხეს შეეჯახა და გაჩერდა. თავდამსხმელები მანქანას ეცნენ და კარი გააღეს. ერთ-ერთმა მათგანმა კაცუბა მიწაზე გადმოათრია და სახეში ჩააცქერდა, შემდეგ ბრაზით შეიგინა, მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და სწრაფად აკრიფა ნომერი. 

გაგრძელება შემდეგ ნომერში 

скачать dle 11.3