კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-51(625)

 

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

პროფესორმა შემათვალიერა და მომმართა:

– პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ, რაც ახლა ხდება, კომუნისტებს არც კი დაესიზმრებოდათ. თუმცა, ყველა მათ და მათ პერიოდს ლანძღავს და, ვინც ყველაზე ბილწად შეაგინებს იმ ხალხს, უპირველეს პატრიოტად, ლამის გმირად მიაჩნიათ. ეეჰ, ჩემო კარგო, დოყლაპიებივით დაგვიღია პირები და ვერ გაგვიგია, რომ სამშობლო თავზე გვენგრევა.

მე მშვიდად მოვისმინე პროფესორის მონოლოგი და ვუპასუხე:

– ახლა კი მითხარით, კონკრეტულად რა მოხდა.

– კონკრეტულად მოხდა ის, რომ ნაძირალა გარეწრების ბანდამ  ერთადერთი შვილიშვილი, 16 წლის ელენე მომტაცეს და მითხრეს, თუ არ მოვკეტავდი, ჯერ მას გააუპატიურებდნენ და ნაკუწ-ნაკუწ აქნიდნენ, შემდეგ კი მეც ცოცხლად დამწვავდნენ. აი, ეს ადამიანები, – პროფესორმა რამდენიმე მაღალჩინოსნის სურათი მაჩვენა, რომლებიც ერთ-ერთი პოპულარული ჟურნალის ფერად გარეკანზე იყო გამოსახული, – აი, ეს მაღალჩინოსანი ვაჟბატონი კი ამ ბანდის მეთაურია. ეს ნაძირლების ბანდა კი, ჩვენი ეროვნული საგანძურის უკანონო ვაჭრობითაა დაკავებული. როდესაც მათი საქმიანობა გავშიფრე და უნდა მემხილებინა, ჯერ ფული შემომთავაზეს, დუმილის სანაცვლოდ, მაგრამ,  უარი რომ მიიღეს, ელენე მომტაცეს. ჩემი შვილი და რძალი კი უცხოეთში არიან წასულები, სამიოდე დღეში უნდა დაბრუნდნენ თბილისში და რა ვუთხრა მათ?

პროფესორი უზომოდ შემეცოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად იყო დამწუხრებული, წამითაც არ დაუკარგავს ღირსება და პატრიოტიზმი და საშინლად წუხდა, რომ საქართველოდან ქვეყნის საგანძურის ნაწილი გადიოდა.

 – ნუ ღელავთ, პატივცემულო პროფესორო. გპირდებით, რომ თქვენი ელენე სულ მალე საღ-სალამათი დაგიბრუნდებათ. ეროვნული საგანძურის ნაწილი ქვეყანაში დარჩება, ნაძირლები კი დამსახურებულად დაისჯებიან.

პროფესორმა ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:

– ღმერთმა ქნას, ჩემო კარგო, ღმერთმა ქნას. სამი ათასი წელია, ათასი ჯურის მტერი და ავის მოსურნე ვერ მოგვერია და, ნუთუ ეს ვიგინდარები გაანადგურებენ ღვთივ კურთხეულ ქვეყანას?

– ხომ გაგიგონიათ, პროფესორო, რომ ფესვებში ჩაბუდებული პარაზიტი ყველაზე საშიში და მავნებელია. სწორედ ფესვებში არიან ესენი ჩაბუდებულები, მაგრამ, ფესვებს სულ მალე განვკურნავთ და ამაში თქვენ და თქვენნაირები დაგვეხმარებიან.

– თქვენს პირს შაქარი. ღმერთმა გისმინოთ და უფალი გფარავდეთ, – მითხრა პროფესორმა, – ახლა კი მეტს აღარ შეგაწყენთ თავს და წავალ.

– არავითარ შემთხვევაში, პროფესორო. სანამ თქვენ აქ იქნებით და არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ, უსაფრთხოდ იქნება ელენეც. საკმარისია, თქვენ მოგიხელთონ, რომ ორივეს დაგხოცავენ. თქვენ გითვალთვალებენ და ძალიან დიდი ხიფათი გელით.

– კეთილი. დე, იყოს თქვენებურად, სრულიად გემორჩილებით.

მოქმედების გეგმა პროფესორთან ლაპარაკის დროს ჩამომიყალიბდა თავში და საუბრის ბოლოს უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. საჭირო იყო ელვისებური, მკვეთრი და გადამწყვეტი მოქმედებები. ყველაფერი უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტით, უდანაკარგოდ უნდა გამეკეთებინა. საჭირო იყო, მოულოდნელობის ეფექტით მესარგებლა, ამიტომ, მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა დამეწყო და პროფესორს ვუთხარი:

– საჭმელ-სასმელი სამზარეულოშია. ყველა ტელეფონი გამორთულია და კომუნიკაციის არანაირი საშუალებით სარგებლობა არ შეიძლება.

– აი, ჩემი მობილური, – მითხრა პროფესორმა და გამორთული მობილური ტელეფონი მომცა. გამოვართვი, თან წავიღე და მტკვარში გადავაგდე. მოგვიანებით კი ახალი ვაჩუქე.

– შეგიძლიათ, უყუროთ ტელევიზორს და მოუსმინოთ რადიოს, კარი კი არავის გაუღოთ. უკიდურეს შემთხვევაში, რომელიც, ჩემი აზრით, არ დადგება, შეგიძლიათ,  ისარგებლოთ ამ საიდუმლო გასასვლელით, რომელიც წიგნების კარადაშია ჩამონტაჟებული და რომლითაც მე ვისარგებლებ.

– ყველაფერს ისე შევასრულებ, როგორც თქვენ მითხარით, – მითხრა პროფესორმა. მე კი მას გამოვემშვიდობე, სათადარიგო გასასვლელით ქუჩაში გავედი და უკვე ჩემი პირადი კონსპირაციული ბინისკენ გავემართე, რომ სათანადო აღჭურვილობა მომერგო და დასახული გეგმა განმეხორციელებინა.

ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა, როდესაც მთავარი ობიექტის ბინაში შევაღწიე. ის თბილისის ცენტრში, ახალაშენებული კორპუსის ბოლო სართულზე სახლობდა. ცარიელ ბინაში სახურავიდან ტროსით ჩავედი და პატრონს დაველოდე. დაახლოებით ღამის 3 საათზე, ობიექტი ვიღაც ქერა ქალის თანხლებით, ნასვამი და დაბოლილი დაბრუნდა სახლში. ქალი ზედმეტი იყო. ამიტომ, სპეციალური აეროზოლით იქვე მივაძინე, ობიექტს კი ყელში წავუჭირე ხელი, ცხვირ-პირში მუშტი ვთხლიშე და სისხლი ვადინე. ესეც არ ვაკმარე, გონს რომ არ მოსულიყო, იატაკზე დავაგდე და წიხლებით ვცემე, შემდეგ სამოსი ბასრი დანით შემოვუფლითე და ფეხებით პირქვე, დედიშობილა დავკიდე რკინის ძელზე, ჯერ წიხლი ვთხლიშე თავში და მივთიშე, შემდეგ აზრზე მოსვლა ვაცადე და ვკითხე:

– სადაა პროფესორის შვილიშვილი ელენე?

ობიექტი მშვენივრად მიხვდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე და სხაპასხუპით მითხრა:

– ლისის ტბის ზევით რომ აგარაკებია, იქ, პირველივე, მწვანედ შეღებილი სახლია, მარცხნივ.

– დაცვის რაოდენობა და შეიარაღება!

– ორი ბიჭია სულ და მხოლოდ „მაკაროვები“ აქვთ თან.

– გასაყიდად გამზადებული სურათები სადღაა?

– აქ მაქვს, ბინაში, ოცივე ანტრესოლშია დამალული.

ობიექტს ცხვირ-პირი დავაბანინე. შემდეგ ნაძარცვი სურათები ერთად დავაწყობინე და მათ ფონზე დავსვი, კამერა მივუშვირე და დაწვრილებით მოვაყოლე, თუ ვისთან ერთად და რას და როგორ აკეთებდნენ. ანუ, როგორ ძარცვავდნენ საგანძურს და როგორ ყიდდნენ ეროვნულ სიმდიდრესა და სიამაყეს უცხოეთში არალეგალურად.

– ახლა კი ილოცე, თუ ღმერთი ოდნავ მაინც გწამს, – ვუთხარი ობიექტს და როდესაც მან მომიგო, ათეისტი ვარო, ტყვია შუბლში დავაჭედე და ეს ყველაფერი იმავე ფირზე ჩავწერე. ბოლოს ფირის რამდენიმე ასლი გავაკეთე. ორიგინალი მე დავიტოვე, ასლები კი გენერალურ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და წამყვანი ქვეყნების საელჩოებს გავუგზავნე. ჟურნალისტებს კი შეგნებულად არ შევხმიანებივარ, რადგან, ზემონახსენები უწყებებიც საკმარისი იყო პროფესორისა და მისი შვილიშვილის უსაფრთხოებისთვის, აგრეთვე, გატაცებული და გასაყიდად გამზადებული სურათების გადასარჩენად. ხოლო, სანამ ფირის ასლებს გავგზავნიდი, პროფესორის შვილიშვილი ელენე გავათავისუფლე, სააგარაკო სახლში კი ორი მოკლული მცველის გვამები დავტოვე, რომლებსაც თითო ტყვიით ჰქონდათ შუბლი გახვრეტილი.

– აი, მოგიყვანეთ თქვენი შვილიშვილი, – ვუთხარი პროფესორს და ელენე, რომელსაც ტკბილად ეძინა, საწოლზე დავაწვინე.

მოხუცი ჯერ მე გადამეხვია და მადლობა მითხრა. შემდეგ მძინარე შვილიშვილს ნაზად მიეფერა, რომ არ გაეღვიძებინა და ატირდა...

იმავე დღეს პირდაპირი ეთერით, ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გამოვიდა და თქვა, რომ მისი ქვემდებარე უწყების სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაატარა სპეცოპერაცია და გაათავისუფლა  ცნობილი პროფესორის შვილიშვილი, რომელიც მძევლად ჰყავდა აყვანილი კონტრაბანდისტთა ჯგუფს და რომ ეს ჯგუფი უცხოეთში არალეგალურად ყიდდა ცნობილი ქართველი მხატვრების სურათებს. მანვე ისიც აღნიშნა, რომ ამ ბანდას მეთაურობდა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი და რომ ამ რესპექტაბელური კაცის მიღმა ნაძირალა იმალებოდა. მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ მან და მისმა ორმა მცველმა სპეცრაზმის მებრძოლებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამიტომ იქნენ ლიკვიდირებულები. ამ გამოსვლის აპოთეოზი კი ძალოვანების მიერ „გადარჩენილი“ სურათების ღია ეთერში წარმოდგენა იყო. ერთი სიტყვით, ამ ფარსმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა მთავრობას და მორიგმა შოუმ კიდევ უფრო მეტად გააბრუა საქართველოს მოსახლეობის ისედაც გაბრუებული გონება... ამ ფარსს, რა თქმა უნდა, ორი დადებითი მხარე ჰქონდა: პირველი ის, რომ პროფესორი და მისი ოჯახი ხელშეუხებელი გახდნენ და მათი განადგურების საშიშროება მოიხსნა; მეორე  კი ის, რომ სურათები აღარ გაიყიდა და ასეთ საქმეებზე უფრო მეტი კონტროლი დაწესდა, თან, არალეგალი უცხოელი კლიენტებიც გვარიანად დაფრთხნენ.

ჩემი სიტყვები ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ მე ერთი ხელის მოსმით ბოროტება და უკანონობა მოვსპე. მაგრამ, დათა თუთაშხია რომ იტყოდა, მე ჩემი წილი ბოსტანი გავმარგლე და, ყველამ თავისი წილი საქმე რომ აკეთოს, ბოროტება და უსამართლობა თუ არ გაქრება, იმდენად მაინც იკლებს, რომ საზოგადოებას მნიშვნელოვნად ვეღარ დააზარალებს.

თუთაშხიობას არ ვიჩემებ და ამ როლისთვის არც გამოვდგები, მაგრამ, არცთუ ისეთი ამორალური ადამიანი ვარ, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ დაქირავებული მკვლელი. მართალია, მკვლელობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყოველთვის ასე არ არის და ზოგიერთი არაადამიანის ლიკვიდაცია სასარგებლო საქმეა. ამ შემთხვევაში მაგონდება ერთი ჩემი ნაცნობის სიტყვები, რომელიც თავისებურად ხსნიდა ღმერთის მცნებებს და მეუბნებოდა:

– ეჰ, კოკი, შენ ძალიან რბილი და თვინიერი ადამიანი ხარ; არ გეწყინოს და, შეიძლება ითქვას, მიამიტიც კი. ამიტომ, ძალიან მიკვირს, რომ ეკლესიაში არ დადიხარ და ლოცვით მუხლებს არ იტყავებ. რომ მეუბნები, ყველა ადამიანს შეიძლება შეუნდო და აპატიოო, თვით ღმერთიც კი ამბობს თავის მცნებებში: არაკაცი, არაადამიანი მოკალიო.

ეს საუბარი ჩემს ნაცნობთან ერთმა ცნობილმა ისტორიამ გამოიწვია, რომელიც თბილისში მოხდა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს აუცილებლად ემახსოვრებათ. ამ ამბის შესახებ არც გაზეთებში დაუწერიათ და არც ტელევიზიით უთქვამთ, მაგრამ, ყველამ გაიგო და მოსახლეობა უკიდურესად აღაშფოთა. საქმე ის იყო, რომ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პრაქტიკას გადიოდა ერთი ძალიან მაღალი პარტიული თანამდებობის პირის 21 წლის ვაჟი. იმ გარეწარმა თავისი 15 წლის მოსწავლე გოგონა სკოლის ფიზკულტურის დარბაზის გასახდელში გააუპატიურა. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო სასტიკი დანაშაული, რის გამოც უბრალო ადამიანის შვილს 15 წელიწადს მიუსჯიდნენ, ეს ამბავი ჩაფარცხეს. გოგონას მშობლები დააშინეს და გააჩუმეს, ის ნაძირალა ნაბიჭვარი კი არანაკლებ ნაძირალა მამამ თბილისს გაარიდა. როგორც უკვე ვთქვი, ყველამ ყველაფერი იცოდა, ხალხი უკიდურესად იყო გამწარებული და მთავრობის ხმამაღალ გინებასაც კი არ ერიდებოდნენ, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. სწორედ ამ აღშფოთების შედეგი იყო ჩემი ნაცნობის სიტყვები, რომელიც გამომშვიდობებისას მითხრა:

– ნუ გეწყინება, ჩემო კოკი, მაგრამ, ასეთი მიმტევებლობა კარგს არაფერს მოგვიტანს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაპატიე, ამას რომ გეუბნები, მაგრამ, შენი ქალიშვილისთვის რომ ექნათ ასეთი რამ, მაშინაც აპატიებდი? მე ცოცხლად დავწვავდი იმ ნაძირალას. არაკაცი უნდა მოკლა და ამას თვით ღმერთი გეუბნება. აბა, კარგად, მე წავედი...

იმ ნაცნობისთვის არაფერი მიპასუხია, მას, უბრალოდ, გამოვემშვიდობე და ის თავის გზაზე წავიდა. მე მის წინაშე არც ის მოძალადე ნაძირალა გამიმართლებია და არც ის მითქვამს, რომ  მსგავს ადამიანებს უნდა მივუტევოთ-მეთქი. მე მისთვის არც ის მითქვამს, რომ გაუპატიურებული გოგონა ჩემი ქალიშვილის თანაკლასელი იყო და, მით უმეტეს, არც ის, რომ იმ ნაძირლის მოსპობას ვაპირებდი...

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გოგონა გულდასმით გამოვკითხე და დავრწმუნდი, რომ იმ ნაბიჭვარს თითის დაკარების ან სიტყვის თქმის მცდელობაც კი არ ჰქონია ჩემი ქალიშვილის მიმართ, დარწმუნებული ვიყავი, რომ მოძალადეს არ უნდა ეცოცხლა...

„ძიას“ დავურეკე, შეხვედრა ვთხოვე და მთაწმინდის პლატოზე რომ შევხვდით, მითხრა:

– ხომ მშვიდობაა, რა მოხდა?

– უნდა დამეხმარო, რომან. შენგან ინფორმაცია მჭირდება.

– გისმენ. რა გაინტერესებს?

– იქნებ, გამიგო, ახლა სადაა ის ნაბიჭვარი, 15 წლის გოგო რომ გააუპატიურა და არ დაუსჯიათ.

– რაში გაინტერესებს?

– ის ბავშვი ჩემი ქალიშვილის თანაკლასელია.

– შენს შვილსაც ხომ არ აკადრა რამე?

– არა.

– უნდა მოკლა?

– უნდა დავსაჯო. ასეთი ნაბიჭვრები სიცოცხლეს არ იმსახურებენ.

– გასაგებია. ხვალ აქვე მოდი ამავე დროს და ინფორმაცია გექნება.

მეორე დღეს რომ შევხვდით, „ძიამ“ მითხრა:

– იალტაშია, სასტუმრო „ინტურისტის“ ლუქსში. თან ორი კაცი ახლავს. მოჭიდავეები არიან. როგორც ეტყობა, მამამისს შურისძიების ეშინია და სპეციალურად დაიქირავა. ფრთხილად იყავი. წარმატებას გისურვებ.

ივლისის დასაწყისი იყო. ყირიმის ნახევარკუნძული ტურისტებით იყო სავსე და ვერც ერთ სასტუმროში თავისუფალ ნომერს ვერ იშოვიდი. მე არც მაწყობდა სასტუმროში დაბინავება. ამიტომ, ერთი მოხუცი ბებოს ბინა ვიქირავე და ათი დღის ფული – 10 მანეთი წინასწარ გადავუხადე. ახალგაზრდებს, ალბათ, გაეცინებათ და არც კი დაიჯერებენ, რომ ბინა შეიძლება დღეში ერთი მანეთი ღირებულიყო, მაგრამ, ეს მართლაც ასე იყო და ჩემი თაობის ხალხს კარგად ემახსოვრება. დღეში მანეთი კარგი ბინა ღირდა, თორემ, დღეში ორმოცდაათ კაპიკადაც კი იშოვიდი ბინას, ოღონდ, გაურემონტებელს. ჩემ მიერ ნაქირავები ბინა კი ოროთახიანი, კარგად გაწყობილი და აბაზანა-ტუალეტიანი იყო. მოხუცს რომ ათი მანეთი წინასწარ გადავუხადე, სიხარულით ცას ეწია და მითხრა:

– შვილო, თუ მეტხანს დააპირებ დარჩენას, ქირის ფასს გაგინახევრებო.

ერთი სიტყვით, დავბინავდი თუ არა, „კურორტნიკს“ დავემსგავსე: შესაბამისად გამოვეწყვე, მზის შავი სათვალე გავიკეთე და დაზვერვაზე წავედი. ორი დღის შემდეგ კი უკვე ზუსტად ვიცოდი იმ ნაძირალას ყველა მარშრუტი და მოქმედების რამდენიმე ვარიანტი შევიმუშავე.

 იმ ვიგინდარას ბევრი ფული ჰქონდა და რესტორნებსა და ბოზებში ხარჯავდა. რომ დათვრებოდა, შარზე იყო და კონფლიქტს მისი მოჭიდავე მცველები ანეიტრალებდნენ. დილაობით კი ზღვაში ცურავდა და მცველები ნაპირზე ელოდებოდნენ. ჩემი გეგმით, ლიკვიდაცია წყალში უნდა განმეხორციელებინა, რომ დახრჩობის ელფერი მისცემოდა და გამოძიება არ დაწყებულიყო. ოპერაციის დღე  დავნიშნე, მოვემზადე და მსხვერპლს ჩავუსაფრდი... მეოთხე დღეს ის ნაძირალა წყალში შეცურდა და ტივტივასკენ აიღო გეზი, რომელიც ნაპირიდან სამოციოდე მეტრში იყო. მე წყალქვეშ ცურვის მოწყობილობა მეკეთა და იქვე  ველოდებოდი. ის ვიგინდარა რკინის ტივტივამდე რომ მოცურდა და ხელები ჩაავლო დასასვენებლად ორივე ფეხში ვწვდი და ფსკერისკენ წავიღე... სულ რაღაც ხუთიოდე წუთში იმ ნაბიჭვრის ფილტვები წყლით აივსო და „მზად იყო“ და იქაურობას მოვშორდი, უსაფრთხო ადგილზე ამოვყვინთე და ნაქირავებ ბინაში დავბრუნდი.

– ფაინა კარპოვნა, სასწრაფოდ სამსახურში გამომიძახეს და ამაღამ მივემგზავრები, – ვუთხარი ბებოს, როდესაც ბინაში შევედი.

– სამწუხაროა. ოთხ დღეში რა დასვენებას მოასწრებდი, – მითხრა ქალმა და ექვსი მანეთი გამომიწოდა, – აი, გამომართვი. ფული ხომ წინასწარ გქონდა გადახდილი.

– რას ამბობთ, ბებო, ეს ფული თქვენია, – მივუგე მოხუცს, ოცი მანეთი მაგიდაზე დავუდე და დავამატე – აი, კიდევ წინასწარ გიხდი, ამ თვეში კიდევ ორიოდე დღით ჩამოვალ დასასვენებლად, ხოლო თუ ვერ მოვახერხე, ბინა გააქირავე და არ დამელოდო. შემდეგ თვეებში ნამდვილად არ მცალია.

მოხუცის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და ერთი კი დააპირა, ჩემთვის 26 მანეთი დაებრუნებინა, მაგრამ კატეგორიული უარი რომ მიიღო, გავიდა. უკან ვაშლებით სავსე კალათით დაბრუნდა და მითხრა:

– აი, შვილო, ამაზე  მაინც ნუ მეტყვი უარს. ეს ყირიმული ვაშლებია, თაფლივით ტკბილი და სასარგებლო.

თბილისში თვითმფრინავით დავბრუნდი. ბებოს ვაშლები კი შინ მივიტანე და მერიკოს ვუთხარი:

– თაფლივით ტკბილია და ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო.

– ბაზარში იყავი?

– არა, გორკის პარკთან ვიღაც მოხუცი ბებო ყიდდა და კალათიანად ხუთ მანეთად მომცა.

ყირიმიდან ჩემი დაბრუნების შემდეგ ხუთი დღე იყო გასული, როდესაც თბილისში ხმა გავრცელდა, ის მოძალადე ნაბიჭვარი ზღვაში დაიხრჩოო. ამ ამბით ადამიანები ისე იყვნენ გახარებულები და ისე აღტაცებით აღნიშნავდნენ იმ არაკაცის დაღუპვას, იფიქრებდით, საქმე დიდ ბედნიერებას ეხებაო და ეს მართლაც ასე იყო... ადამიანები მართლაც ბედნიერები იყვნენ იმით, რომ ბოროტება დაისაჯა და ამიტომაც არ მალავდნენ თავიანთ კმაყოფილებას.

იმ დღეებში ქუჩაში სწორედ ის ნაცნობი შემხვდა, რომელიც ჩემს მიამიტობასა და სირბილეს უსვამდა ხაზს და მიაჩნდა, რომ მცნება – „არა კაც ჰკლა“, არაკაცის მოკვლას ნიშნავდა... ის აღტაცებული მომვარდა, გადამეხვია და მითხრა:

– მოკვდა, ჩაძაღლდა ის ნაბიჭვარი, აღსრულდა სამართალი, გილოცავ, კარგი ამბავია.

– რას მილოცავ? – ვკითხე ნაცნობს, მან კი გაოცებით შემომხედა და მკითხა:

– როგორ, არაფერი გაგიგია?

– არა!

– შე კაცო, მართლა ჭურში ხომ არ ზიხარ, ნუთუ არაფერი გაინტერესებს? ის ნაბიჭვარი დაიხრჩო, თხუთმეტი წლის გოგო რომ გააუპატიურა. არ გახსოვს, ამ ორი კვირის წინ რომ გიყვებოდი?

– კი, გამახსენდა. სად დაიხრჩო?

– ზღვაზე.

– თბილისის ზღვაზე?

– არა, შავ ზღვაზე, ყირიმში. წყალში ცურავდა და გული გაუსკდა. მოკლედ, ჩაძაღლდა. ხვალ გასვენებაა და უნდა დავესწრო.

– გასვენებაში რა გინდა?

– რას ჰქვია, რა მინდა? – გაიკვირვა ჩემმა ნაცნობმა, – მაგის დედ-მამას მინდა შევხედო და ვნახო, როგორ იტანჯებიან. აბა, კარგი იყო, რომ მათმა ნაძირალა შვილმა სხვისი მშობლები დატანჯა?!

ჩემი ნაცნობისთვის ისევ არაფერი მითქვამს, საქმეები მოვიმიზეზე, გამოვემშვიდობე და წამოვედი. მივდიოდი და ჩემი ნაცნობის საქციელზე ვფიქრობდი, რომელსაც მოძალადის მშობლების ტანჯვა-წამების ყურება სიამოვნებას ანიჭებდა და ამ შოუს სანახავად დასაფლავებაზე უნდოდა დასწრება. მისი ამ საქციელის შეფასებით მისი პიროვნების შეფასებას ვცდილობდი და, მინდოდა, გამერკვია, დადებითი ადამიანი იყო თუ უარყოფითი. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ, ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ვერ მივედი. მიუხედავად ამისა, შინაგანად აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ადამიანის ნდობა არ შეიძლებოდა, ისევე, როგორც თითქმის მთელი საზოგადოების, რადგან, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასეთი ადამიანებისგან შედგება და, მოჩვენებითი სამართლიანობის მიღმა, მათ მძაფრი, სასტიკი და ულმობელი შოუს ნახვის ჟინი ამოძრავებთ.

– კაცი კაცისთვის მგელიაო, რომ თქვეს ლათინებმა, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ადამიანის არსი ამაზე უფრო ზუსტად ჯერ არავის განუსაზღვრავს, – მითხრა ერთხელ შეხვედრაზე მოსულმა „ძიამ“, – ცხოვრება ჯუნგლია, სადაც ყველა ყველას ჭამს და იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე ბასრი და მაგარი კბილები აქვს. თუმცა, ხდება ისეც, რომ ამ მაგარკბილება მჭამელებს ისეთი მაგარი ძვალი ხვდებათ, რომ კბილები ემსხვრევათ, კბილებჩამსხვრეული მჭამელი კი, თვითონ ხდება სხვისი ლუკმა. სწორედ რომ, შენ და შენისთანები ხართ ის მაგარძვლიანები, რომლებზეც იმათ კბილები ემსხვრევათ. თუმცა, შენ ერთადერთი ხარ, სხვები ვერ შეგედრებიან.

– „ძია“, ნუთუ იმისთვის მომიწვიე აქ, რომ ფილოსოფიური შესავლის შემდეგ გეთქვა, რომ საუკეთესო ვარ? – ვუთხარი რომანს.

 – საუკეთესო ხარ, მართლაც საუკეთესო და  მხოლოდ შენ იმიტომ გაძლევ ყველაზე რთულ შეკვეთებს, – მითხრა „ძიამ“ და სურათი გამომიწოდა, – აი, ამაში სუფთა ერთ მილიონ დოლარს გიხდიან. რას იტყვი, ხელს მოჰკიდებ ამ საქმეს?

– მოვკიდებ, მხოლოდ ის მითხარი, ლიკვიდაციის რომელი ფორმა უნდა გამოვიყენო. შემკვეთს რამე სპეციფიკური საშუალება ხომ არ უნდა?

 – არა. ჩვეულებრივი, როგორიც შენ მოგიხერხდება, – მითხრა „ძიამ“ და მკითხა, – მილიონს რომ იხდიან, სპეციფიკურ საშუალებაზე იმიტომ მეკითხები?

– ჰო.

– არავითარი სპეციფიკური საშუალებები. ეს კაცი იმდენად საძაგელი არსებაა, რომ მისი სიკვდილი, უბრალოდ, სიამოვნებას ანიჭებს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს. ამ ხალხს ძალიან ბევრი ფული აქვს და მილიონ დოლარს სიამოვნებაში იხდიან.

– გასაგებია. დოსიე და კოორდინატები მინდა, თუ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუ არა და, იმდენ ფულს იხდიან, რომ ყველაფერს მე თვითონ დავადგენ.

– აი, გაეცანი, – „ძიამ“ მოზრდილი კონვერტი დამიდო მუხლებზე და სანამ, ტრადიციულად, პირველი წავიდოდა, მითხრა, – ნახევარი მილიონი დოლარი ხვალ დილითვე შენს ანგარიშზე დაჯდება.

ობიექტი, რომელშიც ერთ მილიონ დოლარს იხდიდნენ, ერთ-ერთი პატარა ქვეყნის ყოფილი მეთაური გახლდათ. არც ცუდი იყო, არც კარგი, მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანას დიდი მიღწევებიც არ ჰქონია, მაგრამ, თავისი ქვეყანა მაინც პროგრესისკენ წაიყვანა. მმართველობის პერიოდი რომ დაუმთავრდა, ცოტა ხანში ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა და ერთ-ერთი ეგზოტიკური ქვეყნის სანაპიროზე დასახლდა. იქ ის მარტო ცხოვრობდა, რადგან ცოლი გარდაცვლილი  ჰყავდა, მისი შვილები კი თავიანთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ერთი სიტყვით, ის კაცი არც დიქტატორი იყო და არც დემოკრატი, მისი მოკვლის შეკვეთა კი შურისძიება იყო იმ ადამიანების, მისი ყოფილი მომხრეების მხრიდან, ვინც მას ხელისუფლებაში დარჩენას სთხოვა, მაგრამ, უარი მიიღეს. მართალია, ამ ხალხს დიდი ფული და, შესაბამისად დიდი გავლენა და ძალაუფლება ჰქონდა, მაგრამ, მათ აბსოლუტური ძალაუფლება სწყუროდათ. ამის მიღწევას კი ქვეყნის პირველი პირის მეშვეობით ლამობდნენ და, რომ არაფერი გამოუვიდათ, მისი მოკვლა შეუკვეთეს, რომ ერთი მხრივ, შური ეძიათ მასზე, მეორე მხრივ კი გართობილიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ იმ შოუში, რასაც სახელმწიფო მოღვაწის დაკრძალვა ჰქვია...

შოუ შედგა: ობიექტს სნაიპერული შაშხანით გავუხვრიტე შუბლი, მისი დაკრძალვა კი ეროვნულ სანახაობად გადაიქცა. ამ ტაკიმასხრობაში შემკვეთებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრათ და კარგადაც იხალისეს... მოკლული ეროვნულ გმირად, ლამის წამებულად გამოაცხადეს, მისი სახელობის უზარმაზარი ქუჩა გახსნეს და ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ბრინჯაოს ძეგლიც დაუდგეს. დღესდღეობით, იმ ქვეყნის სათავეში სწორედ ის ფინანსური ჯგუფია, რომელმაც ამ კაცის ლიკვიდაცია შეუკვეთა, ქვეყნის სათავეში კი ლიკვიდირებულის სახელით სპეკულირების შედეგად მოვიდნენ. ერთი სიტყვით, საწადელს მაინც მიაღწიეს, უზარმაზარი შოუ დადგეს, სულ რაღაც, ერთ მილიონ დოლარად და ამ შოუში მეც მიმაღებინეს მონაწილეობა. ეს ისტორია კარგა ხნის წინ მოხდა. ამას წინათ კი მე და რომანი რაღაც საქმეზე შევხვდით ერთმანეთს და „ძიას“ ძველი ამბავი გავახსენე:

– გახსოვს ის კაცი,  თავიდან რომ მომაშორებინეს? სულ რაღაც ერთ მილიონად ისეთი შოუ დადგეს, რომ ყველამ ირწმუნა მათი. დაუჯერეს, ქვეყნის სათავეში მოიყვანეს, ახლა კი იმ ქვეყანას უმოწყალოდ ძარცვავენ, ხალხი გაუბედურებულ-დაბეჩავებული ჰყავთ და ამ უბედურებაში ლომის წილი მე მიმიძღვის.

– ნუ იბრალებ, – ხელი ჩაიქნია „ძიამ“ – ის განწირული იყო და, შენ თუ არა, სხვა შეასრულებდა ამ შეკვეთას. ამიტომ, ამით არაფერი შეიცვლებოდა, იგივე განმეორდებოდა, შენ აქ არაფერ შუაში ხარ.

პრინციპში, „ძია“ მართალი იყო. მაგრამ, კამათის ხასიათზე ვიყავი და ვუთხარი:

– ესე იგი, პიროვნების როლს გამორიცხავ ისტორიის მსვლელობაში?

– არავითარ შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოლეონი და სტალინი რომ არ დაბადებულიყვნენ, მათ ადგილს სხვები ვერ დაიკავებდნენ და საფრანგეთისა და რუსეთის ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა.

– ეს სადავო საკითხია, მაგრამ, ასეთ ფიგურებზე არ მაქვს ლაპარაკი.

– აბა, რას გულისხმობ?

– რას და, ლი ჰარვეი ოსვალდს რომ კენედი არ მოეკლა, შეიძლება, მსოფლიოს ისტორია სხვაგვარად განვითარებულიყო.

– ესე იგი, შენს თავს ოსვალდს ადარებ?

– დაახლოებით.

– არ გეთანხმები და იმავეს გიმეორებ: თუ არა ოსვალდი, იქნებოდა სხვა და კენედი აუცილებლად მოკვდებოდა. იგივეა შენს შემთხვევაშიც – შენ რომ უარი გეთქვა, იმ კაცს სხვა გააგორებდა. შენ მაინც არ უნდა გესწავლებოდეს ეს. იმ ხალხს განაჩენი ჰქონდა გამოტანილი და შემსრულებელს ყოველთვის მოძებნიდნენ.

„ძიას“ სიტყვების წინააღმდეგ არგუმენტები არ მქონდა. თუმცა, კამათში დამარცხებაც არ მინდოდა და მივახალე:

– ჩვენი პრემიერ-მინისტრიც განწირული იყო?

„ძიას“ ეგრეთ წოდებულ რეფორმატორთა მთავრობა გულზე არ ეხატებოდა და ამბობდა, რომ ისინი მათივე ვარდების ეკლებით დაიჩხვლიტებოდნენ. მიუხედავად ამისა, მითხრა:

– თუკი მოკლეს, ესე იგი, განწირული იყო.

– და, შენ გჯერა, რომ ის მართლაც გაზით გაიგუდა?

„ძიას“ ჩაეცინა, რადგან ძველი, გამოცდილი „კაგებეშნიკი“ იყო და მითხრა:

– თემა იმიტომ შეცვალე, რომ საწინააღმდეგო არგუმენტები არ გქონდა და მსგავსი იმიტომ შემომიგდე, რომ იცი, ეს მთავრობა არ მომწონს. მაგრამ, როდესაც ზუსტი ფაქტები არ იცი და საქმის დეტალებზე გაზეთებიდან იგებ, თანაც, არ იცი, სწორია თუ არა, ზუსტ კი არა, მიახლოებით ანალიზსაც კი ვერ გააკეთებ. ასე რომ, პასუხისგან თავს შევიკავებ.

– შენ ჩემზე კარგად იცი, რომ პრემიერ-მინისტრები უბედური შემთხვევებით არ იღუპებიან და, თუკი იღუპებიან, ესე იგი, ეს უბედური შემთხვევები მოწყობილია. მოწყობილი შემთხვევა კი მკვლელობაა, ანუ, პრემიერ-მინისტრი მოკლეს.

– ცალსახად და მტკიცედ – გაეცინა რომანს, – ახლა შემკვეთები და შემსრულებლებიც დაასახელე და ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი საქმეც გახსნილი იქნება.

– ეს საქმე გაიხსნება, დარწმუნებული ვარ. აი, ნახავ, თუმცა, ჩვენს დროს მაღალჩინოსნებს უფრო სუფთად იშორებდნენ თავიდან.

 

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3