კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ

1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ მოვლენამ განსაზღვრა საქართველოს ისტორია მეოცე საუკუნეში. გამარჯვება ადვილად არ მოსულა. ამ თემაზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული. 

– ბატონო ვახტანგ, რატომ გამოცხადდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მაინცდამაინც 26 მაისს, ხომ შეიძლებოდა ეს მოვლენა უფრო ადრე ან გვიან გამოცხადებულიყო?

– სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება მარტო ქართველ ერზე და მის ხელმძღვანელ პოლიტიკურ ორგანოზე – საქართველოს ეროვნულ საბჭოზე არ იყო დამოკიდებული. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც, გადამწყვეტ როლს თამაშობდა გარეშე ფაქტორი. 

– რას გულისხმობთ გარეშე ფაქტორში?

– 1918 წლის 22 აპრილს ქართული, აზერბაიჯანული და სომხური პოლიტიკური ელიტა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: უნდა გაწყვეტილიყო სახელმწიფოებრივი კავშირი რუსეთთან და გამოცხადებულიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო – ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკა. ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარე გახდა აკაკი ჩხენკელი. დამოუკიდებელი ამიერკავკასიის მიმართ იმთავითვე მტრულად განეწყვნენ საბჭოთა რუსეთი და ოსმალეთი (თურქეთი). საბჭოთა რუსეთის მთავრობა წინააღმდეგი იყო ამიერკავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისა, რადგან ამ რეგიონს მიიჩნევდა რუსეთის განუყოფელ ნაწილად. საბედნიეროდ, საბჭოთა რუსეთს იმხანად ჩრდილო კავკასია დაკარგული ჰქონდა და, ამიტომ, ომს ამიერკავკასიის დასაპყრობად უახლოეს ხანებში ვერ დაიწყებდა. ოსმალეთი, შეიძლებოდა, შეჰგუებოდა ამიერკავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, იმ შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვან ტერიტორიებს შეიძენდა საქართველოსა და სომხეთის ხარჯზე. საქართველოს და სომხეთის ტერიტორიების ოკუპაცია ოსმალეთმა ჯერ კიდევ ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის შექმნამდე დაიწყო – 1918 წლის მარტ-აპრილში ოსმალებმა მთელი აჭარა დაიკავეს. ოსმალთა ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე გახდა შესაძლებელი. ოსმალებმა დაიკავეს სამცხე-საათაბაგოს უდიდესი ნაწილი და მტკვრის ხეობაში მათი შეჩერება მხოლოდ ბორჯომთან მოხერხდა. თუ ოსმალეთი საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა, ცხადია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა შეუძლებელი გახდებოდა, საფრთხე კი რეალური იყო, რადგან, ქართული ჯარი მხოლოდ ჩანასახოვან სტადიაში იმყოფებოდა და ოსმალეთის არმიას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. ასე რომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, შეიძლება, გარე ძალას შეეფერხებინა.

– როგორ გახდა ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელი?

– რადგან ამიერკავკასიის ფედერაციას ოსმალებთან ომი არ შეეძლო, გადაწყდა, მოლაპარაკების გზით მოეგვარებინათ ურთიერთობა. 1918 წლის 11 მაისს ოსმალების მიერ ოკუპირებულ ბათუმში დაიწყო ოსმალეთისა და ამიერკავკასიის დელეგაციების მოლაპარაკება, მაგრამ, მოლაპარაკება მეორე დღიდანვე შეწყდა, რადგან, ოსმალეთმა, ტერიტორიის მიტაცების გარდა, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ომის შემთხვევაში ჯარების რკინიგზით გადაყვანის უფლება მოითხოვა. ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი, აკაკი ჩხენკელი, ოსმალების მოთხოვნებს არ დაეთანხმა და მოლაპარაკებაც ჩიხში შევიდა. ვითარებას ართულებდა ისიც, რომ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები სხვადასხვა პოლიტიკურ ორიენტაციაზე იდგნენ: აზერბაიჯანელები ოსმალეთთან ურთიერთობის მოგვარების იმედად იყვნენ, სომხები – ინგლისზე ამყარებდნენ იმედს, ქართველები კი გერმანიის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ. 

– კი მაგრამ, საიდან გაჩნდა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში პროგერმანული ორიენტაცია?

– ამიერკავკასია-ოსმალეთის მოლაპარაკებას ბათუმში ესწრებოდა გერმანიის იმპერიის წარმომადგენელი, გენერალი ოტო ფონ ლოსოვი. აკაკი ჩხენკელს რამდენიმე კერძო შეხვედრა ჰქონდა გერმანელ დიპლომატთან. აკაკი ჩხენკელი და ოტო ფონ ლოსოვი აღიარებდნენ, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის შენარჩუნება უპერსპექტივო იყო. ასეთ ვითარებაში, გერმანელმა დიპლომატმა აკაკი ჩხენკელს ურჩია, დაეშალათ ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფო, ამის შემდეგ კი საქართველოს გამოეცხადებინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და გერმანიის იმპერიისთვის ეთხოვა დახმარება. აკაკი ჩხენკელი ოტო ფონ ლოსოვთან გამართული მოლაპარაკების შედეგებს პერიოდულად აცნობებდა თბილისში საქართველოს ეროვნულ საბჭოს. 1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გერმანული ორიენტაცია ერთადერთ გამოსავლად დასახა და აკაკი ჩხენკელს დაავალა, გაეგრძელებინა მოლაპარაკება გერმანიის წარმომადგენელთან. ამის შემდეგ აკაკი ჩხენკელმა აქტიურად დაიწყო პროგერმანული ორიენტაციის პრაქტიკულად განხორციელებისთვის ბრძოლა. ბათუმიდან გამოგზავნილ ბოლო წერილში აკაკი ჩხენკელი კატეგორიულად მოითხოვდა დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას. 

– რეალურად რა გაკეთდა დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად?

– აკაკი ჩხენკელის ბოლო წერილის მიღების შემდეგ, 1918 წლის 25 მაისს, საღამოს 11 საათზე, თბილისში, დღევანდელ სულხან-საბას ქუჩაზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში შეიკრიბა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. ამ ისტორიულ სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია (თავმჯდომარე), გიორგი ლასხიშვილი, ნოე ხომერიკი, შალვა მესხიშვილი, ნოე რამიშვილი, გიორგი ჟურული, გიორგი გვაზავა, ირაკლი წერეთელი, კარლო ჩხეიძე და სხვები. აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ნაწილმა (ექვსმა კაცმა) მოითხოვა, დაუყოვნებლივ, იმავე სხდომაზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გამოეცხადებინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ხოლო ოთხი წევრი, მათ შორის ნოე ჟორდანია – წინააღმდეგი იყო.

– რატომ იყო წინააღმდეგი ნოე ჟორდანია?

– ნოე ჟორდანია თავის პოზიციას ასე ასაბუთებდა: სანამ არსებობს ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკა, მანამ არ შეიძლება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება, რადგან ეს საერთაშორისო ასპარეზზე გაუგებრობას გამოიწვევდა. გარდა ამისა, გასარკვევი იყო, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რომელი კანონი იმოქმედებდა საქართველოში, როგორი იქნებოდა ფულად-საფინანსო სისტემა და სხვა. ნოე ჟორდანიას არგუმენტები არ გაიზიარეს და გადაწყდა დამოუკიდებლობის გამოცხადება დაუყოვნებლივ, 1918 წლის 25 მაისს, გვიან საღამოს. 

– მაშ, რატომ ვერ გამოცხადდა 25 მაისს დამოუკიდებლობა?

– 25 მაისს დამოუკიდებლობა იმიტომ ვერ გამოცხადდა, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა არ მოიწონა დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი და საჭიროდ მიიჩნია მისი გადამუშავება. აქტის ტექსტის გადამუშავებას კი დრო სჭირდებოდა და დამოუკიდებლობის გამოცხადებაც თავისთავად გადაიდო. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ნოე ჟორდანიას სცენარით წარიმართა: 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმმა (პარლამენტმა) გამოაცხადა ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის დაშლა, რის შემდეგაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. გერმანიამ პირნათლად შეასრულა დამოუკიდებლობის გარანტის ფუნქცია და შეაჩერა ოსმალეთის აგრესია. სამწუხაროდ, 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა, გერმანიის ჯარებმა საქართველო დატოვეს და ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში საქართველო მოკავშირის გარეშე დარჩა. ძლიერი და ერთგული მოკავშირის პოვნა შემდგომ წლებში შეუძლებელი გახდა. 

скачать dle 11.3