კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ჩემს ავტომობილზე შევცვალე დისკი და მუხრუჭები ძალიან მალე გამიცვდა. არის თუ არა ეს ორი სისტემა ერთმანეთთან დაკავშირებული? იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, დისკი ისევ შევცვალო?

პასუხი: რა თქმა უნდა, საბურავები და სამუხრუჭე სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც გაცილებით დიდი ზომის დისკებს ვაყენებთ, უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სისტემაც. ასეთ შემთხვევაში, გვჭირდება გაცილებით დიდი ზომის სამუხრუჭე დისკები და ბევრად უკეთესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდები, ანუ, ყველაფერი უფრო დიდი ზომისაც უნდა იყოს და უფრო ხარისხიანიც. 

კითხვა: მაინტერესებს, აქვს თუ არა ავტომობილის ამა თუ იმ მოდელს თავისი გარკვეული ლიმიტი ან არსებობს თუ არა მართვისას, ვთქვათ, სიჩქარის ან მოხვევის ლიმიტი? 

პასუხი: ავტომობილი მათემატიკასავით ზუსტი „მეცნიერებაა,“ რომლის შესაძლებლობები და ლიმიტები პროფესიონალებმა კარგად იციან. მის ყველა კონკრეტულ ქცევას, ყველა კონკრეტულ დეტალს აქვს გარკვეული მნიშვნელობა და ჩვენი პროფესია ისაა, რომ ამ ლიმიტს ან გადავაბიჯოთ ან ზღვარზე ვიაროთ. ხშირად, ავტომობილის მართვის დროს, ჰგონიათ, რომ საკმარისია მოსახვევში საჭეს მოვერიოთ, მოვახერხოთ მისი დატრიალება, ავტომობილი კი საჭეს გამოჰყვება, მოუხვევს და შეძლებს მოსახვევის გავლას. სიჩქარის ლიმიტი იმაზე მეტია, ვიდრე ამას თქვენი სპიდომეტრი გიჩვენებთ. რაც შეეხება მოხვევის ლიმიტს, ამასთან დაკავშირებით ბევრი შედის შეცდომაში: ავტომობილი მძიმეა, კარგად ჩერდება; ავტომობილში ბევრნი ვსხედვართ და კარგად მოუხვევს; კარგად უხვევდა, მაგრამ, მაინც გავცურდი. არადა, რაც უფრო მსუბუქი იქნება ავტომობილი, მით უკეთ აჩქარდება და უკეთ მოუხვევს. შეჯიბრების დროს მუდმივად მიმდინარეობს ავტომობილის მაქსიმალური შემსუბუქება. მხოლოდ ძრავა და საჭე რომ არ დარჩეს, პროფესიულ შეჯიბრებებზე დაწესებულია წონის ქვედა ზღვარი, ანუ, წონა, რომელზე მსუბუქიც არ უნდა იყოს ავტომობილი პილოტიანად. ყველას ცოტა დრო აქვს, მაგრამ, რამდენიმე წუთს თუ გამონახავთ, მოსინჯეთ თქვენი ავტომობილი, ცარიელ გზაზე გაიგეთ, რამდენი ხანი სჭირდება მკვეთრად დასამუხრუჭებლად, რა სიჩქარით შეუძლია 90-გრადუსიანი მოსახვევის გავლა და სხვა. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ ექსტრემალურ ან ავარიულ სიტუაციაში საკუთარი სხეულივით გრძნობდეთ და ფლობდეთ თქვენს ავტომობილს  და იმ სიტუაციიდან იოლად გამოხვიდეთ. 

კითხვა: ვარ ახალბედა მძღოლი. ცოტა ხნის წინ შევიძინე ავტომობილი და ძალიან მიჭირს სხვა ავტომობილებთან როგორც წინა, ასევე გვერდითა დისტანციის დაცვა. თეორიულად ეს ყველაფერი თითქოს ვისწავლე, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ვსაზღვრავ, რამდენად ახლოს ვარ. შუქნიშანთან, იმის გამო, რომ ზოგჯერ სხვა მანქანამდე ახლოს არ მივდივარ, უკნიდან მისიგნალებენ. თუ არსებობს რამე ვარჯიში, რომ მანძილების დაცვა ინსტინქტში გადავიდეს?

პასუხი: ამ შემთხვევაში ნაკლებად არის გამოსაყენებელი კონკრეტული მანძილები. მთავარია, რა სიჩქარეზე ვგრძნობთ თავს თავისუფლად. ვთქვათ, მივდივართ X სიჩქარით, იდეალურია დისტანცია, როდესაც წინ მიმავალ ავტომობილზე არ ვართ ფოკუსირებული და არ ვართ დამოკიდებული მის მანევრზე. დისტანცია უნდა იყოს ისეთი, რომ ვაანალიზებდეთ იმ მდგომარეობას, რაც წინ მიმავალი ავტომობილის კიდევ უფრო წინ ხდება; ასევე, უნდა შეგვეძლოს გვერდითა სიტუაციების აღქმაც, დამუხრუჭებაც, მოსახვევში საჭირო სიჩქარით შესვლა და ასე შემდეგ. თუ ვერ გრძნობთ თავს თავისუფლად, ანუ, ძალიან მჭიდროდ მიჰყვებით წინ მიმავალ მანქანას და მის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ მანევრზე მყისიერი მანევრიც უკვე დაგვიანებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ დაუშვებლად მცირე მანძილით იყავით დაშორებული წინა ავტომობილისგან. თუ ერთხელ მაინც დაეჯახეთ, უკვე ძალიან გვიანაა და მერე, დამიჯერეთ, არასდროს დაგავიწყდებათ ეს დისტანცია. როდესაც ქუჩაში მანქანას უკან გაჰყვებით, წარმოიდგინეთ, როგორი იქნება თქვენი რეაქცია თუ ის მკვეთრად დაამუხრუჭებს და, ასევე, რამდენად საკმარისი იქნება თქვენი ავტომობილის შენელების უნარი სრული გაჩერებისთვის ისე, რომ შეჯახება თავიდან აიცილოთ და არც უკნიდან მოგასკდეთ ვინმე. რაც შეეხება შუქნიშანს, მასთან უნდა გაჩერდეთ ისე, რომ, თუ წინა მანქანა ჩაქრა ან დროულად ვერ დაიძრა, გვერდის ავლა მოახერხოთ, მისი ლოდინი არ მოგიწიოთ ან უკუსვლით ოდნავ გასვლა და მერე გვერდის ავლა შეძლოთ. 

კითხვა: ვიყიდე „ინჩის” ფირმის აკუმულატორი, რადგან ის ყველაზე მძიმე იყო და, როგორც ვიცი, მძიმე იმას ნიშნავს, რომ მეტი რესურსი აქვს. რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე?

პასუხი: საკმაოდ კარგი აკუმულატორი შეგირჩევიათ, მაგრამ, გააჩნია, არის თუ არა ის ქარხნული წარმოების და არა პატენტირებული. თუ ისეთ მაღაზიაში იყიდეთ, რომელსაც თვითონ შემომტანი ამარაგებს, მაშინ, კარგია. რაც შეეხება სიმძიმეს, თქვენი წარმოდგენა ამ საკითხზე სწორია. შეიძლება, ერთი და იგივე ამპერაჟი ეწეროს აკუმულატორებს, მაგრამ, მეტი მარაგი  და ენერგია ექნება და აჯობებს ის, რომელიც უფრო მძიმეა. 

კითხვა: ჩემს ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რამაც საშინლად დიდი ორმოები გააჩინა. ათხრილ ასფალტზე გადავლისას ავტომობილის „იატაკით” რამდენჯერმე მოვედე მიწას. ძალიან მეშინია „კარტერი” არ იყოს დაზიანებული. შეიძლება, ის ისე დაზიანდეს, რომ ვერ გავიგო?

პასუხი: „კარტერის“ დაზიანება არ არის კატასტროფა. თუ ის გატყდა, როდესაც ავტომობილი ზეთს დაღვრის და ძრავა საფრთხის წინაშე დადგება, ხელსაწყოების დაფაზე აინთება წითელი ნათურა, რაზეც ეხატება ფიგურა სარწყავის ფორმით, რაც ნიშნავს, რომ ძრავა უნდა ჩავაქროთ, რადგან, მისი ამუშავება ამ მდგომარეობაში აღარ შეიძლება. ამ შემთხვევაში, სხვა არაფერი დაგრჩენიათ, გარდა იმისა, რომ ავტომობილი ბუქსირით ან ევაკუატორით გადაიყვანოთ ხელოსანთან. მაგრამ, არსებობს მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მარტივი ხერხი: ყოველთვის უნდა შეეცადოთ, გზის ამოზნექილი ზედაპირი არ მოხვდეს თქვენი ავტომობილის შუაში. უმჯობესია, თუ ამის საშუალება არსებობს, ავტომობილის ერთი რომელიმე მხარე გაიმეტოთ. საბურავები და დისკები გაცილებით ადვილი შესაკეთებელია, ვიდრე „კარტერი”. იგივე პრინციპი მოქმედებს, როდესაც ორმოს ორივე საბურავი ემიზნება, ანუ, ავტომობილი ორმოში მთლიანად ვარდება, რაც მის სერიოზულ დაზიანებას იწვევს. უმჯობესია, ერთ-ერთი მხარე დაუმიზნოთ და მეორე გადაარჩინოთ. 

скачать dle 11.3