კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა მძარცველთა ბანდის საქმე თბილისის ერთ-ერთ სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად

– სხვენში დამწვარი მამაკაცის გვამია, ამოდით და ქვევით ჩაიტანეთ! მარტო მე ვერ გავუმკლავდები, რადგან, ცეცხლწაკიდებული ბოძების ქვეშაა მოქცეული! – ჩამოსძახა შლანგმომარჯვებულმა მეხანძრემ კოლეგებს, რომლებიც საბურთალოზე, „ხრუშჩოვკის“ ტიპის საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ.

მეხანძრეებმა ხუთსართულიანი სახლის სხვენს მეორე კიბე მიადგეს და თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ეზოში მამაკაცის თითქმის დანახშირებული ცხედარი ჩამოიტანეს. მას ჯერ კიდევ ასდიოდა კვამლი, როდესაც მილიციისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბრიგადები მოვიდნენ.

– ასე ხომ არ წავიყვანთ, კვამლი ჩააქრეთ, – თქვა ექსპერტმა, მეხანძრეს ბრეზენტის მოზრდილი ნაჭერი გამოართვა და აბოლებულ გვამს დააფარა. როდესაც კვამლი გაქრა, მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსებინა დამწვარი გვამი სანიტრებს მანქანაში.

მილიციის მაიორი კოტე მიქაძე ერთხანს მეხანძრეების მუშაობას ადევნებდა თვალყურს, შემდეგ ეზოში გამოფენილ კორპუსის მობინადრეებს გაესაუბრა. ის ყველას ერთსა და იმავე კითხვას უსვამდა – აინტერესებდა, იცნობდნენ თუ არა სხვენში დამწვარ მამაკაცს.

– არა, უფროსო, ეგ საწყალი ვიღაც უცხოა, – უპასუხა მაიორს ერთ-ერთმა მობინადრემ, რომელიც ზოლიან ღამის პიჟამაში იყო გამოწყობილი და სიგარეტს ეწეოდა.

უცნობი მამაკაცის გვამი

„ხრუშჩოვკის“ სხვენში ნაპოვნი გვამის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, მილიციამ მხოლოდ მოკვლევა დაიწყო, რადგან, ექსპერტიზის დასკვნები ჯერ არ იყო ცნობილი და, ძნელი იყო იმის თქმა, უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი თუ მკვლელობას. მოკვლევას მაიორი კოტე მიქაძე აწარმოებდა და, როდესაც მას ამ საქმის შესახებ ეკითხებოდნენ, მრავალმნიშვნელოვნად დუმდა.

– ამხანაგო მაიორო, დარწმუნებული ვარ, რომ უბედური შემთხვევაა, მეტი არაფერი – ამბობდა მიქაძის ახალგაზრდა თანაშემწე ოთარ ზარიძე და საუბრისას ხელებს აქეთ-იქით იქნევდა, – გაძარცული არაა და არც ძალადობის რამე ნიშანი ემჩნევა სხეულზე. ეტყობა, ის უბედური სხვენზე აძვრა და სიგარეტის მოწევის დროს ჩაეძინა, მერე კი ხანძარი გაჩნდა და დაიწვა.

– ორიოდე შენნაირი გენიოსი და საბჭოთა კავშირში გაუხსნელი საქმეები აღარ იქნება, – უპასუხა თავის უმცროს კოლეგას მიქაძემ, – ჯერ ერთი, ექსპერტიზის პასუხებია მოსასვლელი და, ამიტომ, ჯერ არ ვიცით, იყო თუ არა ძალადობა. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, არსებობს მრავალი გარემოება და მკვლელობის ხელაღებით გამორიცხვა დილეტანტიზმია. მერე რა, რომ გაძარცული არ არის; რა, მხოლოდ ძარცვის მიზნით კლავენ ადამიანებს? ან კი, ნორმალურ ადამიანს ისე როგორ უნდა შეეშალოს გზა, რომ მეხუთე სართულის სხვენში აღმოჩნდეს და, თანაც, ასე ტრაგიკულად დაასრულოს სიცოცხლე?

– იქნებ, მაწანწალა იყო და ღამეს სხვენში ათევდა?

– მაწანწალა, რომელსაც თითქმის ნახევარკილოგრამიანი ოქროს ჯაჭვი ჰკიდია კისერზე, ხომ? არ გამოვრიცხავ, რომ მას მართლაც არ ჰქონდა ღამის გასათევი, მაგრამ, არა მაწანწალობის გამო.

– აბა, რის გამო?

მიქაძემ კითხვას თავი აარიდა და ზარიძეს უთხრა:

– ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ციხიდან გაუჩინარებული ბოროტმოქმედების სია მჭირდება მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით და ეს საქმე შენ უნდა  შეასრულო. მოსკოვში მოთხოვნა გაგზავნე და სრული ანგარიში მოითხოვე; ამასთან, ძარცვის სტატისტიკაც მჭირდება ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

– არის, ამხანაგო მაიორო!

ამასობაში ერთი კვირა გავიდა და მოსკოვიდან მიღებულ ცნობებთან ერთად ექსპერტიზის დასკვნებიც მომზადდა. როგორც გაირკვა, სხვენზე ნაპოვნი მამაკაცი 35-40 წლის იყო. მას ორგანიზმში ძლიერმოქმედი დასაძინებელი საშუალება აღმოაჩნდა, კისრის ორი მალა კი გაბზარული ჰქონდა, რაც ძალადობაზე მიუთითებდა. გარდა ამისა, მას ბუასილის დაავადების მძიმე ფორმაც დაუდგინეს.

კოტე მიქაძემ გულდასმით დაათვალიერა მოსკოვიდან გამოგზავნილი სტატისტიკა და ზარიძეს უთხრა:

– მე იური ბერეჟნოისა და ხარკოვის საიუველირო მაღაზიათა გაძარცვის ამბავი მაინტერესებს. ინტუიცია მკარნახობს, რომ სხვენში აღმოჩენილ ცხედარს ამ ამბავთან აქვს კავშირი.

– რატომ ფიქრობთ ასე?

– ინტუიცია მკარნახობს, შვილო, და იმიტომ. 20 წელი რომ იმუშავებ აქ, შენც ასე იქნები და სხვებს გააკვირვებ, – მიუგო მიქაძემ ზარიძეს.

– მაინც, რატომ ფიქრობთ ასე? – არ ცხრებოდა ზარიძე.

– ხუთი წლის წინ მე თითქმის ანალოგიურ საქმეს ვიძიებდი მოსკოვში. დანაშაულის მოტივი და თითქმის ყველა დეტალი დავადგინეთ, მაგრამ, მთავარი დამნაშავე ხელიდან გაგვისხლტა და მაშინაც მხოლოდ გვამი შეგვრჩა ხელში. მართალია, ის გვამი დამწვარი არ იყო, მაგრამ, გამოცდილება მკარნახობს, ეს ორი მკვლელობა ერთი და იმავე ადამიანის ჩადენილია. ერთი სიტყვით, შენ ჯერ პერმში უნდა გაფრინდე, საიდანაც ბერეჟნოი გაიქცა და მის შესახებ დაწვრილებითი ცნობები შეკრიბო, შემდეგ კი ხარკოვში გაემგზავრები და საიუველირო მაღაზიის ძარცვის დეტალებს გამოარკვევ. ერთკვირიანი მივლინება უკვე გაფორმებულია და, აბა, შენ იცი!

თავხედური ძარცვა

მივლინებიდან დაბრუნებული ზარიძე მაიორს ეახლა და მოახსენა:

– ამხანაგო მაიორო, თქვენ მიერ გამოთქმული ვარაუდები მთლიანად გამართლდა და, სულ მალე, ალბათ, მკვლელობასაც გავხსნით.

– მკვლელობის გახსნამდე ჯერ ადრეა. აბა, გისმენთ.

– პერმიდან იური ბერეჟნოი ისე გაპარულა, რომ მისი გაუჩინარება მხოლოდ მეორე დილით გაუგიათ. როგორც ვარაუდობენ, ის ზონიდან გასულ მატარებელს გაჰყოლია. კოლონიის უფროსმა ანოხინმა მითხრა, რომ ზონიდან გამავალ მატარებელზე მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია. მატარებელს გაძლიერებულად იცავენ და ბერეჟნოი პირველი პატიმარია, ვინც მსგავსი ხერხით გაიპარა. თუმცა, კოლონიის ადმინისტრაცია ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ ბერეჟნოი მართლა მატარებლით გაიქცა.

– ამ საქმეში უეჭველად შინაურის ხელი ურევია.

– ანოხინიც ასე ფიქრობს და მან უკვე დაავალა თემურ ჩიტაძეს ფარული გამოძიების ჩატარება კოლონიის თანამშრომელთა შორის.

– ვის დაავალა?

– თემურ ჩიტაძეს. ის კოლონიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსია. მასთან გასაუბრებაც მინდოდა, მაგრამ, სამი დღით პირად საქმეებზე იყო წასული. ხარკოველმა კოლეგებმა კი დაადგინეს, რომ საიუველირო მაღაზია ორმა ადამიანმა გაძარცვა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ბერეჟნოია – იქ მისი თითის ანაბეჭდები დარჩა. ძარცვა დღისით-მზისით მოხდა და ბოროტმოქმედები ნიღბებით იყვნენ. მძარცველები ავტომატებით შეიჭრნენ მაღაზიაში და თვალის დახამხამებაში გაასუფთავეს ორი სეიფი და დახლები. იქიდან მათ 510 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. ბერეჟნოის საქმეში წერია, რომ მას ექვსი ასეთი საქმე აქვს გაკეთებული.

– ესეც ხარკოვში შეიტყვე?

– არა, პერმში. ჩიტაძის არყოფნაში, ანოხინმა წამაკითხა ბერეჟნოის საქმე, რომელიც  განსაკუთრებულ განყოფილებაში ინახება.

– მაშ, ჩიტაძე, არა?! ძალიან  კარგი, – გაეღიმა მიქაძეს, –  შენ ახლა ბერეჟნოის სურათი ექსპერტთან წაიღე და ჩემი სახელით სთხოვე, რომ ის სხვენში ნაპოვნ გვამს შეადაროს.

– თქვენ ფიქრობთ, რომ სხვენში ბერეჟნოი დაწვეს?

 ...ზარიძე რომ წავიდა, მიქაძემ მოსკოვში დარეკა:

– სერიოგა, კოტე მიქაძე ვარ. სასწრაფოდ მჭირდება თემურ ჩიტაძის დოსიე და სხვა დამატებითი ინფორმაციები. მე მგონი, ხუთი წლის წინანდელი საქმის მთავარ მოქმედ პირს მივაგენი. ხომ გახსოვს, ტვერსკოიზე რომ თავგაჩეხილი რევსკი ვიპოვეთ? ერთი სიტყვით, ჩუმად და ენერგიულად იმოქმედე!

„რუხი კარდინალი“

სერგეი პავლოვსკი, რომელსაც მიქაძე ელაპარაკა ტელეფონით, „მურის“ დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო და მრავალ საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.

პავლოვსკიმ კოტეს აცნობა, რომ თემურ ჩიტაძეს დადებითად ახასიათებდნენ როგორც სამსახურში, ასევე საახლობლოშიც. თუმცა, პავლოვსკის ხელქვეითებმა აღმოაჩინეს, რომ მისი ნახევარძმა (ისინი დედით ერთნი იყვნენ), 28 წლის ჯემალ კანკავა, ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი და ამჟამად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

– თავისი ძმის შესახებ მას არსად არაფერი აქვს ნახსენები, რაც ჩვენი შინაგანაწესით ძალიან მძიმე დარღვევაა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ  არ ნიშნავს იმას, რომ ჩიტაძე დამნაშავეა, – უთხრა კოტეს თბილისში ორი დღით ჩამოფრენილმა პავლოვსკიმ.

– კი მაგრამ, რევსკიც სვერდლოვსკის კოლონიიდან იყო გაქცეული და ისიც საკმაოდ უცნაურად გაუჩინარდა ზონიდან. თუ გახსოვს, მაშინაც ყველას ეგონა, რომ რევსკი სანაგვე მანქანით გაიქცა, თუმცა, მოგვიანებით ეს ვარაუდი არ გამართლდა და ვერც რევსკის გაქცევის საიდუმლოს ავხადეთ ფარდა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მაშინ სვერდლოვსკის ზონის საგანგებო განყოფილების უფროსი თემურ ჩიტაძე იყო. გარდა ამისა, რევსკიმაც საიუველირო მაღაზია გაძარცვა გაქცევის შემდეგ და ისიც მოკლეს. ჩემი აზრით, ეს უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს, აქ საკმაოდ კარგად მოფიქრებული გეგმაა ამოქმედებული.

– შენი აზრით, ამ ყველაფრის უკან ჩიტაძე დგას?

– სერიოგა, ჩიტაძე ტვინია, მისი ძმა კი – შემსრულებელი. მეტსაც გეტყვი: შესაძლოა, ჩიტაძემ თავისი ძმაც კი არ დაინდოს და, თუ დროზე არ ვიმოქმედებთ, ისინი, შეიძლება, კვლავ გაგვისხლტნენ ხელიდან.

იმავე საღამოს მაიორი მიქაძე და სერგეი პავლოვსკი ჯერ მოსკოვში გაფრინდნენ, შემდეგ კი, „მურის“ ოპერჯგუფთან ერთად, პერმისკენ აიღეს გეზი. მათ თემურ ჩიტაძეზე თვალთვალი დააწესეს და სამი დღის შემდეგ ის ვლადივოსტოკის პორტში მაშინ დააპატიმრეს, როდესაც სხვისი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა იაპონურ გემზე ასვლასა და გაქცევას. ჩიტაძეს ჩხრეკა ჩაუტარეს და მისი ორძირიანი ჩემოდნიდან 671 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა ამოიღეს, რომელიც მოსკოვსა და ხარკოვში იყო მოპარული.

– ჯემალ კანკავას რა ბედი ეწია? – ჰკითხა ჩიტაძეს მიქაძემ.

– ჩემი ძმა მტკვარში ჩავაგდე, მეტეხის ხიდთან, სწორედ მაშინ, როდესაც თქვენი გამომძიებელი იყო ჩამოსული პერმში და ბერეჟნოის გაქცევის დეტალებს სწავლობდა. ჯემალს მე ბერეჟნოის უხმაუროდ გაქრობა დავავალე, მან კი ხანძარი მოაწყო და მილიცია ჩემს კვალზე დააყენა. ის სულელი რომ არა, მე უკვე უცხოეთში ვიქნებოდი, – სინანულით თქვა  ჩიტაძემ.

თემურ ჩიტაძემ გამომძიებელს უამბო, რომ მან თავისი ძმა სიჭაბუკიდანვე დააყენა მრუდე გზაზე და ქურდობას და ყაჩაღობას მიაჩვია. როგორც გაირკვა, თურმე რევსკი და ბერეჟნოი მან თავისი მანქანით გაიყვანა კოლონიებიდან და მატარებლით გაქცევის იმიტაცია შექმნა.

– სანამ გაქცეულ პატიმრებს გამალებით ეძებდნენ, ისინი ჩემს სახლში იმალებოდნენ. ხოლო, როცა ვნებები ცხრებოდა, მათ მე საქმეზე ვგზავნიდი და დიდ კუშს ვაძლევდი. ასეთ თავზეხელაღებულ პატიმრებს შეგნებულად ვარჩევდი და ამაში მათი საქმეები მეხმარებოდა, რომლებიც ჩემს განყოფილებაში ინახებოდა.

ჩიტაძემ ყველა დანაშაული აღიარა, მაგრამ, სასამართლომ მისი აღიარება არ გაითვალისწინა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. ჩიტაძემ გაქცევა სცადა, მაგრამ, მოსკოვის ბუტირკის ციხის ბადრაგმა ის იმ დროს ჩაცხრილა ავტომატით, როდესაც მავთულხლართზე ცდილობდა გადაძრომას...

скачать dle 11.3