კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გაცოცხლება უნდა ბნელ და უკედლო სივრცეში მაქსიმე ჩარკვიანს

როდესაც აქვს თავისუფალი ფული და დრო, თბილისში ჩამოდის, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ ქალაქში მცხოვრები თბილისურ რიტმს დიდხანს ვერ უძლებს და რამდენიმე დღეში უკან გარბის. მაქსიმე ჩარკვიანმა დროსა და ბიუჯეტს ეს რამდენიმე დღე მოჰპარა და თბილისში ჩამოვიდა. ამ დღეებში ქეთათო დოკუმენტურ ფილმს იღებს ირაკლი ჩარკვიანზე და იმ ეპოქაზე, რომელიც მან ქართულ კულტურაში შექმნა. მაქსიმემ გადაღებებში მონაწილეობაც მიიღო და უკვე თბილისი დატოვა. 

 მაქსიმე ჩარკვიანი: ძალიან მიჭირს თავისუფალი დღეების გამონახვა, რადგან სამსახურის გარდა, საკუთარ პროექტებზე ვმუშაობ, მუსიკითაც ვარ დაკავებული. უბრალოდ, დასასვენებლად, გარემოს შესაცვლელად ჩამოვედი, საშინლად დაძაბული გრაფიკი მქონდა. თან, მოსკოვური ზამთრის შემდეგ, აუცილებელი იყო განტვირთვა. 

– ქეთათო და კიდევ რამდენიმე ადამიანი ირაკლიზე ფილმს იღებენ. შენ არ გქონია სურვილი მასთან დაკავშირებით რამე გადაგეღო, რამდენადაც მახსოვს, იდეებიც გქონდა...

– კლიპის გადაღება მინდოდა და მინდა. გამზადებული სცენარი კი არა კადრირებაც მაქვს. მაგრამ მისი გადაღება ძალიან დიდ ბიუჯეტს ითხოვს, ანუ ისე გადაღება, როგორც საჭიროა და როგორც მინდა. კლიპის გადაღება მინდა სიმღერაზე „დამდევ“ – ერთ-ერთი ყველაზე ბოლო სიმღერაა ირაკლის შემოქმედებაში. სიუჟეტი ასეთია: ადამიანი და მისი შინაგანი ბნელი მხარე, მისი დემონი. დემონის მატერიალიზება მინდა, რომელსაც მსახიობი განასახიერებს. ლარს ფონ ტრიერის „დოგვილის“ მსგავსი დეკორაციის გაკეთება მინდა – სრულიად ბნელ, უკედლო სივრცეში, სადაც მხოლოდ ჩარჩოები, კარი და ფანჯრები იქნება და მათი უსიტყვო ურთიერთობა ამ სივრცეში მოხდება. მაგრამ ეს არ არის ისეთი თემა, მომინდა და გადავიღე, საჭიროა იდეალური დეკორაცია, განათება და სხვა.

– ბევრ სფეროში მოღვაწეობ, გარკვეული თუ ხარ საერთოდ, რისი კეთება გინდა?

– ქართულ ენაში არის ძალიან კარგი სიტყვა – გაფანტული. ვერ ვარკვევ და ვერ ვწყვეტ, რისთვის ვარ დაბადებული – მუსიკისთვის, ვიდეოსთვის... კინო ისეთი სფეროა, მისი ხსენებისაც კი მეშინია; თუ უბრალოდ, უნდა ვიჯდე ოფისში და ვიყო მენეჯერი?! არ მინდა, მაგრამ შეიძლება, ამ სფეროშიც აღმოაჩინოს ადამიანმა საკუთარი თავი. პრინციპში, ახლა სამსახურში მენეჯერის პოზიციაზე ვარ, ვმართავ ადამიანებს პოსტ-პროდაქშენის დროს. 

– მაიოროვთან ისევ მუშაობ?

– კი და მიხარია, რომ მისი კომპანია სულ უფრო და უფრო იზრდება. მუშაობა რომ დავიწყე, დოკუმენტური ფილმების განყოფილებაში, სულ ოცდაათნი ვიყავით და ახლა ორმოცდაათი ვართ. გვაქვს კიდევ მხატვრული ფილმების განყოფილება, ახლა სერიალის მეორე სერიას იღებს, რომელიც „ესტეეს-ზე“ გავიდა და რეიტინგში პირველი იყო საღამოს პრაიმ-ტაიმში. 

– ცალკე რა კომპანიაც გაქვს, იქ რაზე მუშაობთ?

– რამდენიმე მეგობარი, მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ საკუთარი ძალებით, ცალ-ცალკე უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვის გვქონდა კლიპი გადაღებული აბსოლუტურად უფასოდ, გადავწყვიტეთ, ძალები გაგვეერთიანებინა და დამატებითი ფულიც გვეშოვა. მარტო ფულიც არ არის, ძალიან საინტერესო პროცესია. თვითონ ვწერთ სცენარს, თავად ვწყვეტთ, ვინ ითამაშებს, ვიღებთ, ვამონტაჟებთ. რამდენიმე ადამიანი  შემოვიერთეთ, რადგან მოთხოვნა გაჩნდა. კომერციულ გადაღებებს გვთავაზობენ, როგორიც ვთქვათ, ქორწილის გადაღებაა. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, უფრო ახლოს ვიყოთ თეატრთან, მაგრამ გამოდის, რომ უფრო ახლოს ბაზართან ვართ (იცინის). 

– დარწმუნებული ვარ, სიმღერის ნიჭიც გექნება, მამაზე აღარ ვლაპარაკობ, დედაც მიუზიკლების ძალიან ცნობილი მომღერალია.

– სიმღერის ნიჭი ხმამაღალი ნათქვამია (იცინის). არის რაღაცეები, რაც არ მოგეცემა ან არ გაინტერესებს. ვიმღერებდი, სტივ უანდერივით რომ ვმღეროდე (იცინის). უბრალოდ, კარაოკეს დონეზე მიკროფონი ვაწვალო, ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. ისევ და ისევ მშობლების ფონზე. მათზე უკეთესად რომ ვმღეროდე კიდევ ჰო...

– არ ცდილობდნენ შენში სიმღერის ნიჭი აღმოეჩინათ?

– არა, არც ერთ მშობელს არასდროს უთქვამს: აბა, დადექი, შვილო, ახლა კედელთან და იმღერეო.  ირაკლი შუაღამისას არ მაღვიძებდა და ძმაკაცების წინ არ მეუბნებოდა, ლექსი თქვიო  (იცინის). ასე რომ, სიმღერამ გვერდით ჩამიარა. ერთადერთი, თუ ალკოჰოლის დახმარებით ხასიათზე ვარ, რაღაც შეიძლება წავიმღერო, რადგან ვიცი, მოსმენილისგან გული არავის წაუვა. 

– თბილისში ყოფნა გიყვარს?

– კი, მაგრამ დიდხანს არა. არ მინდა, ამით ვინმეს გული დავწყვიტო, უბრალოდ, წლების განმავლობაში სხვა ქვეყანაში ცხოვრებას სხვა რიტმზე გადაჰყავხარ, ეჩვევი იქაურ მოძრაობის, ურთიერთობების, კომუნიკაციის, გადაწყვეტილების მიღების და საქმის კეთების რიტმს. პირველი რამდენიმე დღე კარგია, მაგრამ მერე უკვე თბილისის ტკბილ და კეთილ მდგომარეობას ვეღარ ვუძლებ. მოსკოვურ რიტმში ვარ არსებობას მიჩვეული. ვიცი, რომ მიუხედავად უზარმაზარ მანძილზე დაშორებისა და საცობებისა, დღეში მაინც მოვასწრებ ოცდაშვიდ ადგილას მისვლას და ძალიან ბევრი საქმის გაკეთებას. აქ კი ორ საქმეს გავაკეთებ და მორჩა. ეს არც ცუდია, არც კარგი, უბრალოდ, აქ ასეთი მოცემულობაა. ამ ყოფით დეტალებს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, აქ ყოფნა მსიამოვნებს. თბილისში მყავს ოჯახის წევრები, უამრავი მეგობარი. ალბათ, ერთ წელიწადს თუ გავატარებ აქ, მერე უკვე მეც მივეჩვევი.

– არ ფიქრობ, ამერიკაში წასვლას? ამ რიტმიდან გამომდინარე, ალბათ, ამერიკაში თავს კარგად იგრძნობდი.

– ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე, მოსკოვიდან სიამოვნებით წავიდოდი სადმე, მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ ცუდია, უბრალოდ, ადგილის შეცვლის, მრავალფეროვნების გამო. ნებისმიერ ადგილას წავიდოდი, თუნდაც ცოტა ხნით და არა იმიტომ, რომ პრობლემებს გავექცე. თბილისშიც ვცხოვრობდი რაღაც პერიოდი, ბაღი და პირველი კლასი აქ დავამთავრე. რაღაც უცნაური ბაღი იყო, მელიქიშვილის რომელიღაც ზედა ქუჩაზე, პირველი სამი კლასიც ბაღთან ერთად იყო. შვიდი წლის ვიყავი, მოსკოვში რომ წამიყვანეს.

– გახსოვს ის პერიოდი?

– სასტიკი რაღაცეები ხდებოდა (იცინის). ბაღთან დაკავშირებით ძალიან ცუდი მოგონებები მაქვს. მე, გიორგი შენგელაია და გიორგი ონიანი ვიყავით საშინელი ხულიგნები, სულ ვჩხუბობდით, მასწავლებლები გვცემდნენ. აუ, რაებს გვიშვრებოდნენ... დიდად ამ ბაღში არავის ვუყვარდით (იცინის).

– მოსკოვში არ გქონია პრობლემები ქართველობის გამო, მით უმეტეს, ოთხმოცდაათიან წლებში?

– როგორც კი ჩავედი, ეგრევე მივხვდი, რომ პრობლემები მექნებოდა.  პირველ სექტემბერს სკოლაში მივედი თუ არა, რუსულად წესიერად ვერც ვლაპარაკობდი. მასწავლებელი მიხაკებით და ბავშვები „ბანტებით“ დამხვდნენ. მასწავლებელმა სკოლის შესასვლელ გერბზე იკითხა, რისი გერბიაო. იქიდან გამომდინარე, რომ გერბზე წმინდა გიორგი იყო გამოსახული, საქართველოს გერბია-მეთქი, ვთქვი. არადა, მოსკოვის გერბი ყოფილა. აი, იქიდან დაიწყო ყველაფერი (იცინის). მეც, რა თქმა უნდა, არაფერს ვთმობდი, თბილისში ეს არ მოსულა-მეთქი, რაღაცეებზე ვამბობდი და სულ ვჩხუბობდი. მეხუთე კლასამდე ყველა ჩემს თანაკლასელთან, დღეს უახლოეს მეგობრებთან ჩხუბი მოვასწარი. სულ ერთმანეთს ვცემდით. სერიოზული პრობლემები უკვე მერვე კლასიდან დაიწყო, როდესაც ნეოფაშისტური ტალღა დაიძრა, გამოჩნდნენ სკინჰედები. გავიგეთ, რომ ადამიანებს კლავდნენ რასის, კანის ფერის, თვალის ჭრილის, მუსიკის სტილის გამო. მთელი ფაშისტური მოძრაობა რეპერებიდან წამოვიდა, ადამიანებისგან, რომლებიც ერთი წლის წინ როკერებს იმის გამო სცემდნენ, რომ საყურეს ატარებდნენ. მერე უცებ ფაშისტები გახდნენ და რეპერების ცემა დაიწყეს. კოშმარი იყო. სუბკულტურული საკითხები ძალიან სერიოზულ, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც ახალგაზრდულ, ბავშვურ სისასტიკეზე იყო დაყრდნობილი. ბავშვური სისასტიკე და დაუნდობლობა კი ცნობილია. სკინჰედებს 88-ს ეძახდნენ. 88-ს რომ გაჭრი, SS გამოდის, მთელი ფილოსოფია იყო.

– არ გეშინოდა?

– რა თქმა უნდა მეშინოდა. ყოფილა შემთხვევები, გავქცეულვარ და უკან სკინჰედების ბრბო მომდევდა. თან, ყველაფერთან ერთად, სნოუბორდისტიც ვიყავი. მათ კი, სნოუბორდისტები ყველაზე მეტად ეზიზღებოდათ. სნოუბორდისტებს ჩაჩაჩული შარვლები, მკვეთრი ფერის სამოსი აცვიათ და ეს განსაკუთრებულ აგრესიას იწვევდა. სნოუბორდი მაშინ მქონდა, როცა ის მფრინავი თეფში ეგონათ (იცინის). ჩვენს სკოლაში სნოუბორდის ჩემპიონი, ძალიან ცნობილი ბიჭი სწავლობდა. მისი დახმარებით, ამერიკიდან ვიყიდეთ ეს სნოუბორდები. ძალიან სასაცილო იყო, იმდენ ხანს ვაგროვებდით ფულს, საჭმელს აღარ ვჭამდით. მოკლედ, ამ სნოუბორდებით სკინჰედებს ვუცემივართ, ჩვენც გვიცემია... მილიონნაირი რაღაც მომხდარა.

– საშინელებაა.

– არა, ეს მაინც ყმაწვილური რომანტიზმია – ეტაპი, რომელიც ყველა პატარა ბიჭმა უნდა გაიაროს.

– ეს იმიტომ, რომ ტრაგედია არ მომხდარა, თორემ რომანტიზმიც ერთ წამში მოკვდებოდა. 

– გეთანხმები. სკინჰედებმა ახლა ფორმა იცვალეს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დაჯგუფებებად, პარტიებად გადაიქცნენ. მკვლელობები აღარ ხდება, მაგრამ ეს ნაციონალისტური ტალღა არ ჩამცხრალა. 

– რაც შეეხება გართობას, მოსკოვი ეს არის ქალაქი, რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე ერთობა.

– ეგრეა. ამ მიმართულებით კი თბილისი ცოტა მოისუსტებს. რუსები საერთოდ გიჟდებიან დასვენებაზე, გართობაზე და ამას ყველა აღნიშნავს. სულ მესმოდა, ლონდონში საოცარი კლუბებია, მსოფლიოში ყველაზე მაგარიო... მოვხვდი ლონდონში და რა?! კი არის კლუბები, ნორმალური, მაგრამ მოსკოვს ვერ შევადარებ. ინსტიტუტის პერიოდში ნონ-სტოპ რეჟიმში დავდიოდით კლუბებში და ერთადერთი „დასვენების“ დღე, ორშაბათი გვქონდა. დღეს ასეთი ინტენსიური გართობისთვის დროს ვერ ვპოულობ, მაგრამ ხალხი ასე ცხოვრობს. რამდენიმე ადამიანთან, რომელიც კლუბში გავიცანი, უკვე 10-12 წელია, ვმეგობრობ. კლუბები ეს მთელი სუბკულტურაა, წრე სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. კლუბები კატეგორიების მიხედვით იყოფა, იქნება ეს მუსიკალური თუ კლასობრივი დაყოფა. მაგალითად, არის მეგა, ძვირად ღირებული კლუბები, სადაც ნამყოფი ვარ, მაგრამ მივხვდი, რომ იქ არაფერი მესაქმება. მეგობრები ვხუმრობთ ხოლმე, რომ იქ ქალიშვილები მამიკოებთან ერთად დადიანო. ალბათ, ხვდებით, რა მამიკოებზეცაა ლაპარაკი (იცინის). ნებისმიერი ტიპის კლუბს იპოვი, გინდა კატები? იქნებიან კატები... მოსკოვს არასდროს სძინავს და ასეთი არცთუ ისე ბევრი ქალაქია. ნიუ-იორკზეც იგივეს ამბობენ, მაგრამ არ არის ეს სიმართლე. ჩემი გოგო ცოტა ხნის წინ ჩასული იყო იქ და აღმოაჩინა, რომ რვა-ცხრა საათზე თითქმის ყველაფერი იკეტება. სახალისო იყო მისი ეს ვოიაჟი, „ადიდასის“ ახალი კოლექციის ჩვენებაზე მიიწვიეს. ტაქსის მძღოლი ეუბნება, ფრთხილად იყავი, ეს ისეთი სწრაფი, გიჟური, კრიმინალური ქალაქიაო... არადა, მეგონა, ზღაპარში ვიყავი, ყველა ისეთი თავაზიანი, კეთილი და წყნარიაო. მოსკოვს ალბათ ბანგკოკის ტემპი უფრო აქვს. მოსკოვში ყველაფერი ოცდაოთხი საათი მუშაობს. სამსახურის მერე მომინდება ჭამა, ღამის 2-3 საათზე მივდივარ და ვჭამ. მერე ოთხ საათზე შემიძლია, კინოში წავიდე. დილის ექვს საათზე კინოდან გამოვალ, წავალ, სადღაც ვისაუზმებ, დავიძინებ და დღისით ისევ სამსახურში წავალ.

– კინო არა, მაგრამ ჭამით აქაც ნებისმიერ დროს შეჭამ.

– ეგ მეც შევამჩნიე.

– შენი მეგობარი ახსენე, უკვე ბევრი წელია, ერთად ხართ?

– უკვე ექვსი წელია. ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით, საკმაოდ უცნაურად. ჯერ გავიცანი ერთი გოგო, მოსკოველი ქართველი, დიდხანს ვკონტაქტობდით, რის შემდეგაც გავარკვიეთ, რომ მეზობლები ვყოფილვართ. შემდეგ ასევე ინტერნეტით გავიცანი მისი მეგობარი, რომელიც ასევე ჩემი მეზობელი აღმოჩნდა და ერთხელაც არ შევხვედრივარ. მერე დიდხანს ვმეგობრობდით და შემდეგ უკვე ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ამბებში გადაიზარდა. მას აქვს ბლოგი, „life style blog“, სადაც თავის ცხოვრებაზე, მოდაზე, სტილზე წერს. 

– არ აპირებთ დაქორწინებას?

– ხუმრობით ამ თემაზე ხშირად გვილაპარაკია და ვაპირებთ კიდეც, მაგრამ არ მინდა, ვიჩქაროთ. ადამიანურად მინდა, ყველაფრის გაკეთება...

– და ადამიანურად როგორ არის?

– არ მინდა, წავიდეთ ხელი მოვაწეროთ, მერე სადღაც შევვარდეთ, არაყი დავლიოთ და დავიშალოთ. თუმცა, არც მტრედები და შვლების სირბილი მინდა. რა „უჟასებს“ ვლაპარაკობ (იცინის). ნორმალური სახე მინდა, ამ ამბავს ჰქონდეს. კარგია, რომ ქართულად ვერ კითხულობს და ამას ვერ წაიკითხავს (იცინის). სიურპრიზის გაკეთება მინდა, რადგან მისთვის ხელი არ მითხოვია და ამასთან დაკავშირებით, დიდი გეგმები მაქვს.

– არადა, კაცები ამბობენ, რომ ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ.

– ეს აბსოლუტური ტყუილია და რატომღაც მამაკაცური ღირსების შელახვად მიიჩნევა, თუკი აღიარებ, რომ ამაზე ფიქრობ. ყველა ფიქრობს ქორწილზე და წარმოუდგენია ისიც კი, ჰალსტუხი ეკეთება თუ პეპელა (იცინის). უბრალოდ, ეს რომანტიკული თემაა და მათდა საუბედუროდ, ბევრ კაცს ჰგონია, რომ რომანტიკა არამამაკაცური გაგებაა და მას გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. რა თქმა უნდა, თუ ჩემი გოგო მეტყვის, რომ სურვილი აქვს ქორწილში მტრედები გაუშვას, ამის შემრცხვება და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდგები. ეს უკვე ურთიერთობების პრობლემა იქნება. ისე, ამ დღეზე ვფიქრობ და მინდა, ის, რაც შეიძლება, მაგარი იყოს.

скачать dle 11.3