კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდება ლევან ყოჩიაშვილის რეალურ ცხოვრებაში და რა ურთიერთობა აქვს მას 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლესთან

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” პოპულარობის პიკშია. ბოლო დროს იქ განვითარებულმა მოვლენებმა მაყურებლის ინტერესი დაძაბა და ყოველ შაბათ-კვირას სულმოუთქმელად ელის ახალ სერიებს. ჩვენი რესპონდენტი ლევან ყოჩიაშვილია, რომელმაც ბოლო სეზონში მაყურებელი განსაკუთრებულად დაძაბა და პირად ცხოვრებაში ახალი მანდილოსნის გამოჩენის გამო, გაანერვიულა. ზოგი სერიალის გმირებს და მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებს რეალურად აღიქვამს და ამიტომაც, ლევან ყოჩიაშვილი მათგან ბევრ რჩევა-დარიგებას ისმენს. 

– ბოლო დროს მაყურებელი ძალიან აანერვიულეთ.

– კი, ასეა, რადგან მაყურებლის ნაწილი რატომღაც ამ ყველაფერს რეალურად აღიქვამს. ამ სეზონის პირველი სერია რომ წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ ასეთი ამბავი მოჰყვებოდა. მათ თვალში გოცირიძეების ოჯახი, ხომ იდეალური და სამაგალითო იყო. ამასთან დაკავშირებით, ბევრი კურიოზული სიტუაცია შეიქმნა. ათას რამეს მეუბნებიან: ნუ დაანგრევ ოჯახს; არც ერთი ქალი არ ღირს შენი შვილების ცრემლების ფასად და ასე შემდეგ. რატომღაც ძალიან განიცდიან და დათოს ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს. სტომატოლოგიურ კლინიკაში ერთ-ერთი სცენის გადასაღებად რომ მივედით, წარწერები დაგვხვდა: „ნუ გაცვლი, დათო, ოჯახს ნათიას მკერდზე;” „დაანებე დათოს თავი” და მსგავსი რაღაცეები. ერთმა კაცმა ისიც მკითხა, სულ მაინტერესებდა, სადაური გოცირიძეები ხართო.

– მაყურებელი რეალურად რომ აღიქვამს დათოს ოჯახში განვითარებულ მოვლენებს, ისიც მოწმობს, რომ ცოლები ქმრებს სტომატოლოგთან მარტოს აღარ უშვებენ.

– „ჩემი ცოლის დაქალები” მაყურებლების ოჯახებში იმდენად ღრმად შეიჭრა, რომ ცოლები ქმრებს აღარც სტომატოლოგთან უშვებენ მარტო და როგორც კი აბაზანაში გავა მობილური ტელეფონით, მაშინვე ეჭვიანობას იწყებენ. ქეთი დევდარიანს, ალბათ, იმდენად ზუსტად აქვს გადმოცემული ღამე ჩუმად ადგომისა და აბაზანაში გასვლის მომენტები, რომ ყველა ჩააფიქრა. ალბათ, მართლა ასე ხდება ხოლმე, არ ვიცი, მე პირადად, საბედნიეროდ, არ გამომიცდია. 

– წარმომიდგენია, ნინო მუმლაძე, ნათიას როლის შემსრულებელი, რა დღეში ჰყავს მაყურებელს.

– ნინოზე უფრო მეტი ზეწოლაა მაყურებლის მხრიდან, ვიდრე ჩემზე. საყვედურობენ, რატომ მინგრევს ოჯახს.

– სერიალის რეიტინგი ზენიტშია, რაც ქეთი დევდარიანის, გიორგი ლიფონავასა და ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, მსახიობებთან ერთად, ვინც „ჩემი ცოლის დაქალებზე” მუშაობს.

– ძალიან შრომატევადი გახდა სერიალზე მუშაობა, რადგან ფილმიდან („ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი”) ბიჭები გადმოვიდნენ, რომლებმაც ძალიან კარგი ელფერი შესძინეს სერიალს. სცენარიც, შესაბამისად, გართულდა, უფრო მეტი გადაღებაა წინა სეზონებისგან განსხვავებით, რასაც გუნდი კარგად ართმევს თავს. განათებაც და გამოსახულების ხარისხიც ბევრად გაუმჯობესდა. 

– თქვენს რეალურ ოჯახში რა ხდება, იქაც ხომ არ ფიქსირდება ეჭვიანობის ფაქტები?

– დათო რომ აცუნდრუკდა, ჩემმა უფროსმა შვილმა, კესუნამ მითხრა, მაგას გადაეცი, ცოტა ჭკვიანად იყოსო. 

– სერიალის გარდა, გახმოვანებითაც ხართ დაკავებული, რასაც ასევე დიდი დრო სჭირდება. როგორ ახერხებთ, ყველაფერი ხარისხიანად და დროულად აკეთოთ?

– რეკლამის გახმოვანებას დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ ფილმების გახმოვანებისთვის ვეღარ ვიცლი. ამიტომ, უკვე დიდი ხანია, ფილმი არ გამიხმოვანებია. 

– თუ საიდუმლო არ არის, რა ხდება მომდევნო სერიებში? 

– რამდენიმე სერიაში ცოტა დალაგდება სიტუაცია, რადგან უკვე მომხდარის გააზრება მიდის, მე-20 სერიის შემდეგ კი, ისევ გამძაფრდება ყველაფერი. მერე ნათიას მამაც გამოჩნდება, იმედი მაქვს, ყოფილი ქმრის მსგავსად, არ აცემინებს ჩემს თავს. კიდევ კარგი, ძმა არ ჰყავს, თორემ დათოს ნამდვილად მოკლავდა. მერე, ალბათ, ნათიასაც გაუჩნდება თავის მოთხოვნები და პრეტენზიები. ვნახოთ.

– მაყურებლის რეაქცია როგორია თქვენ დანახვაზე?

– მაყურებელმა ძალიან შეიყვარა სერიალი პირველი სერიიდანვე, რასაც ყოველთვის ვგრძნობდით. ახლაც არ კარგავენ იმედს, ჩემს გმირთან დაკავშირებით. სჯერათ და მეუბნებიან, რომ ყველაფერი გადაივლის და ოჯახს დავუბრუნდები. გოცირიძეების ოჯახს ძალიან გულშემატკივრობენ და მოწიწებით, ღიმილით მაძლევენ შენიშვნას, ასე ნუ იქცევიო. სხვა მხრივ, არაფერი, ისევ ისე უყვართ დათო გოცირიძე, როგორც ადრე. ერთმა მითხრა, სკამზე ნაცემი რომ იჯექი, როგორ მინდოდა, სიგარეტი მე მომეცა თქვენთვისო.

– რომელიმე გამწარებულ დიასახლისს ხომ არ შემოლანძღვიხართ, თქვენი გმირის საქციელის გამო?

– გალანძღვით არა, მაგრამ, ძირითადად, უფროსი თაობის ქალბატონები განიცდიან და მსაყვედურობენ, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ასეთი რაღაცეები არ გეკადრებაო. 

– ხალხი იმაზეც ალაპარაკდა, რომ ცოლს მართლა გაშორდით. ეს თუ შეეფერება სიმართლეს?

– პრინციპში, ეს მთლად ჭორიც არ არის. 15 წელია, ცოლ-ქმარი ვართ, ცხოვრებაა და ამ დროის განმავლობაში ყველას შეიძლება, რაღაც გაუგებრობა ჰქონდეს ოჯახში. პატარა გაუგებრობა არის, მაგრამ ცოლ-ქმარი ვართ და ერთმანეთს არ დავშორებივართ.

– არ შემიძლია, არ აღვნიშნო სერიალში თქვენი შვილები, რომლებიც ძალიან ნიჭიერი, პატარა მსახიობები არიან.

– როგორც დიდი მსახიობები, ისე იქცევიან. გაიზარდნენ და ძალიან კომფორტულები გახდნენ. საკმაოდ შრომატევადი და დამღლელია გადაღების პროცესი, რომელიც დღეში 8-10 საათი გრძელდება. ისინი კი, როგორც დიდი მსახიობები, ისე იქცევიან. არაჩვეულებრივი ბავშვები არიან.

– უკვე იმდენ დროს ატარებთ ერთად, მართლა ერთი ოჯახივით ხართ. ანი ტყებუჩავაზე რას გვეტყვით, როგორი პარტნიორია?

– ანი ტყებუჩავაში მართლა ძალიან გამიმართლა. ჭკვიანი მსახიობი და კარგი საურთიერთობო ადამიანია. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. როცა ასეთ ხანგრძლივ და უშუალო პარტნიორობას გიწევს მსახიობი სერიალში, აუცილებელია, ერთ ენაზე ლაპარაკობდეთ. ჯვარი გვწერია, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. მიხარია, რომ ქალ პარტნიორებში დღემდე მიმართლებს. 

– რეალურ ცხოვრებაში როგორი ცოლის დაქალები გყავთ?

– ჩემს ცოლს, ორი გაუთხოვარი მეცნიერმუშაკი დაქალი ჰყავს. რადგან თავად არ აქვთ ოჯახი, ამიტომ კონტროლი ჩემზე მაქსიმალურად გადმოდის.

– როგორი მეუღლე ხართ?

– მე და დათო ერთმანეთს ვგავართ. მზრუნველი კაცი ვარ და ისინი, ვინც მე მაბარია და ვისზეც პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, ვცდილობ მოვახერხო, რომ კარგად იყვნენ. დათოს იმითაც ვგავარ, რომ მეც ორი შვილი მყავს – 14 წლის კესუნა და 5 წლის ვასიკო.

– რეალურ ცხოვრებაშიც გიყვართ დათოს მსგავსად დალევა და მეგობრებთად ერთად დროსტარება?

– კი, კი. აი, ამაშიც ვგავართ მე და დათო ერთმანეთს. ერთადერთი, რაც საერთო არ გვაქვს, ეს ოჯახის ღალატი, ტყუილი და მსგავსი რაღაცეებია. სულ ვფიქრობ, ალბათ, როგორ წვალობენ ისინი, ვინც ორ ფრონტზე იბრძვის – ცოლიც უყვარს და საყვარელიც. სულ უნდა მოიტყუო, გამოძვრე რაღაც სიტუაციებიდან. ასეთი მძაფრი შეგრძნებები ნამდვილად არ მიყვარს. ასე რომ, ამით ერთმანეთს არ ვგავართ.

скачать dle 11.3