კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ანიჭებდნენ საქართველოს მოქალაქეებს პირადი ნომრების მიხედვით სპეციალურ კოდებს და რა ინფორმაციაა თავმოყრილი თითოეულის შესახებ სპეციალურ ფაილებში

ისედაც ვიცოდით, თუმცა ახლა უკვე ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება გადაშლილი წიგნივით იყო და ამ ცხოვრების პიკანტური დეტალების ამსახველი მასალების მთელი არქივია (ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი, ექსპერტთა ვარაუდით, მავანთა სახლებშია ან უკვე უცხოეთშია გატანილი). ცნობილი ჩანაწერის ინტერნეტით გავრცელების საპასუხოდ, იმას გარდა, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე დააკავეს,  შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერების არქივი განადგურდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ჩანაწერები ნივთმტკიცებაა, რაც მის ჩამწერთა ბრალეულობის დასადასტურებლად და დასასჯელადაა აუცილებელი, კახი კახიშვილთან ერთად შევეცდებით, გავარკვიოთ, არის თუ არა მიზანშეწონილი არქივის განადგურება.

– თუ  არქივი განადგურდება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამ ჩანაწერების დამმზადებლები არასდროს აგებენ პასუხს ამ უკანონობის გამო და ყველაფერი ხახვივით შერჩებათ?

– ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების ზეწოლის გამო. თუმცა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული მასალის განადგურება არ შეიძლება მანამ, სანამ იმ საქმეზე, რომელიც აღძრულია პოლიციის ყოფილი თანამშრომლების მიმართ უკანონო თვალთვალზე, მოსმენაზე, პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტებსა და უფლებამოსილების გადამეტებაზე, ეს ჩანაწერები წარმოადგენს ნივთმტკიცებას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს ნივთმტკიცების შენახვის წესებს. იმავდროულად, ჩვენ პირდაპირ გვიწერია კოდექსში, ნივთმტკიცება შეიძლება, განადგურდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე იქნება გამოტანილი სასამართლო განაჩენი და შევა კანონიერ ძალაში, ანუ ნივთმტკიცება ინახება საქმესთან ერთად, სანამ არის საქმის შენახვის ვადა. ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნივთმტკიცების განადგურება კანონდარღვევაა, სანამ  საქმეზე განაჩენი არ დადგება. ანუ, სანამ არ დადგება განაჩენი ყოფილი პოლიციელების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.

– გულისხმობთ იმ საქმეს, რომელიც უკვე აღძრულია და რომელიც, სავარაუდოდ, უნდა აღიძრას?

– თვითონ მინისტრმა განაცხადა პრესკონფერენციის დროს, რომ ბატონმა ხვედელიძემ ეს ფირი მოიპოვა იმ დალუქული პაკეტიდან, რომელიც ნივთმტკიცების სახით ერთვოდა სისხლის სამართლის საქმეს ყოფილი პოლიციელების წინააღმდეგ. დღეს რომ ეს ნივთმტკიცება განადგურდეს, გამოდის, რომ იმ პირების მიმართ განაჩენი არ დადგება. წარმოიდგინეთ, ვთქვათ, დააკავეს რომელიმე ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსანი ამ მასალების მომზადებისთვის. სასამართლო პროცესზე მოსამართლე ვალდებულია, გამოიკვლიოს მტკიცებულება და დაცვის მხარეც, ბუნებრივია, ჰკითხავს ბრალდებას, რით უსაბუთებენ ჩადენილ დანაშაულს მისი დაცვის ქვეშ მყოფს. ასეთი ტიპის ფირები იქნება ზუსტადაც ნივთმტკიცება, რითაც უნდა დასაბუთდეს მათი უკანონო ქმედებები. ეს ფირი რომ განადგურდეს, ნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ვეღარ მოხდება სასამართლო პროცესზე და საქმეზე არანაირი განაჩენი არ დადგება. ასე რომ, თუ ის ადამიანები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას ნივთმტკიცების განადგურების შესახებ, უკანონობას ჩაიდენენ; მეტიც, დაუკარგავენ იმ საქმეს სასამართლო პერსპექტივას. ეს ყველაფერი რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.

მოდი, ისიც ვთქვათ, ვისაც უნდოდა ამ ფირების შინაარსის გაგება და კოპირება, მან ყველაფერი უკვე გააკეთა. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავანადგუროთ მტკიცებულება, რომ ვინმემ უფლებამოსილება ბოროტად არ გამოიყენოს და არ ისარგებლოს ასეთი ტიპის მასალებით ადამიანების მანიპულირების მიზნით, არამედ, უნდა ვიფიქროთ ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომ ეს შეუძლებელი გახდეს ნებისმიერი რანგის თანამდებობის პირისთვის, სურვილიც რომ გაუჩნდეს, შექმნას ასეთი მასალები. ვფიქრობ, ბატონმა ხვედელიძემ ეს იმიტომაც ჩაიდინა, რომ მას არ ჰქონდა მაგალითი იმისა, რომ მისი წინამორბედები დაისაჯნენ ანალოგიური ტიპის მასალების, ჯერ ერთი, მომზადებისთვის და, მეორეც, მანიპულირებისთვის.

– ისე, ერთი გელა ხვედელიძე ამდენს მოახერხებდა დამოუკიდებლად?

– ბატონი გელა ხვედელიძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ფაქტობრივად, უშიშროების მინისტრი. ასე რომ, ამხელა ძალაუფლების მქონე ადამიანს არ მგონია, „ფლეშკით“ ერბინა, საიტები გაეხსნა და მასალები აეტვირთა. ვფიქრობ, კონკრეტული ჯგუფისთვის გაიცა დავალება. ამდენად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველა ის პირი, რომლებსაც პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდათ ამ მასალების განთავსებასთან. ამას გარდა, მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეს ფირები მოამზადეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ გამოქვეყნებული ფირი ზღვაში წვეთია იმ მასალასთან შედარებით, რაც 9 წლის განმავლობაში ინახებოდა „კუდში“. „კუდი“ სპეციალურად ასეთი ტიპის მასალების შესაგროვებლად იყო შექმნილი, რომ შემდეგ მათი საშუალებით მოეხდინათ ადამიანების მანიპულაცია, შანტაჟი, ბიზნესების წართმევა და ასე შემდეგ. უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც 9 წლის განმავლობაში პოლიციის ამდენ თანამშრომელს ჰქონდა ამ ბინძურ საქმიანობაში მონაწილეობა მიღებული და არავინ დასჯილა ადეკვატურად.

– ძალიან საინტერესოა ამ ჩანაწერების ავტორების, ანუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ლოგიკა: ჩვენ დროს არც ერთი ჩანაწერი არ გამოქვეყნებულაო. გამოქვეყნება რაში სჭირდებოდათ, დაიბარებდნენ ადამიანს, ერთი-ერთზე აჩვენებდნენ ასეთ ჩანაწერს და აკეთებინებდნენ, რაც მოესურვებოდათ.

– რა თქმა უნდა, რა საჭირო იყო ამ მასალის გამოქვეყნება, ეს, სულაც, არ იყო მათთვის ხელსაყრელი, რადგან გამოიწვევდა პოლიტიკურ სკანდალს, ამიტომ ისინი ამ ფირებს ინახავდნენ, იბარებდნენ ადამიანებს და ამ ფირების განთავსების მუქარით, მათზე ახდენდნენ ზეგავლენას. დარწმუნებული ვარ, უფრო მნიშვნელოვანი მასალა გატანილია მოდულის შენობიდან და არც ის არის გამორიცხული, რომ დღეს ვიღაც იჯდეს თავის ოფისში ან უცხოეთში და კონკრეტულად, რომელიმე ადრინდელ ოპოზიციონერსა და დღეს თანამდებობის პირს აშანტაჟებდეს და სთხოვდეს ლობირებას ამ ფირების გამოქვეყნების მუქარით. ასე რომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუცილებლად უნდა მიიღოს იმ თანამდებობის პირების დასჯის გადაწყვეტილება, რომლებიც ასეთ სიბინძურეში იყვნენ ჩაბმულნი და ამაში ფლანგავდნენ საბიუჯეტო თანხას. რადგან ასეთი ტიპის ჩანაწერების გაკეთება არა მხოლოდ აკრძალულია, არამედ, ძალიან დიდი ფუფუნებაა. ამდენად, არა მხოლოდ იმ პირების დასჯაა აუცილებელი, არამედ ოპერატიულადაა დასადგენი გატანილი მასალების ადგილმდებარეობა, ამოღება და შემდგომში უკვე კარგად შენახვა.

– შესაბამისად, ამჟამად ნებისმიერ დროს თითქმის ნებისმიერ ადამიანზეა შესაძლებელი აიტვირთოს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა? თუნდაც, ეს იყოს მხოლოდ შიშველი ფოტო, საკმაოდ დამამცირებელია...

– ჩვენ ვნახეთ, რომ მინისტრის პირველ მოადგილეს ნერვებმა უმტყუნა, ვერ აიტანა კრიტიკა და ასეთი ფორმით მოახდინა რეაგირება. შესაბამისად, არაფრისგან არ არის დაზღვეული. გათვლა გაკეთდა ასეთ ფირზე, რადგან ვიღაც ფიქრობდა, რომ ასეთი ფირის განთავსების შემდეგ საზოგადოება უფრო მასალის შინაარსზე იმსჯელებდა, ვიდრე იმ ადამიანის სიბინძურეზე, ვინც განათავსა ეს მასალა.

– ძალიან ბეცი გათვლაა დე-ფაქტო უშიშროების მინისტრისგან, თუ ასეთი გათვლა იყო. 

– რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ამ მასალის განთავსებას რომ რეაგირება არ მოჰყოლოდა, ძალიან ბევრი სხვა მასალა დაიდებოდა სხვადასხვა დროს, იმიტომ რომ პირადი ცხოვრება ხომ მხოლოდ სექსი არ არის?! ყველას თავისი სუსტი წერტილი აქვს, უბრალოდ იმდენად მკაცრად უნდა იყოს დაცული პირადი ცხოვრება და საიდუმლოება, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი, შესაძლებლობის შემთხვევაში, ეს პირადი ან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ამას გარდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც სჯის ამგვარი მოქმედებისთვის, საკმაოდ ლმობიერია. ამ მუხლის მესამე ნაწილი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ანუ ეს მუხლი მიეკუთვნება სასჯელის ნაკლებად მძიმე კატეგორიას და ასეთი მუხლით დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დანაშაულის ჩამდენს პატიმრობა შეეფარდოს. ესე იგი, არც ამ დანაშაულის ჩადენის გამო დასჯის პრეცედენტი არსებობს და სასჯელიც ლმობიერია. ამდენად, აუცილებელია, დაიწყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება, რომ, ერთი მხრით, ძალიან სერიოზულად იყოს დაცული ადამიანის პირადი ცხოვრება და, ამავდროულად, სანქციები უნდა გამკაცრდეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურვილი გაუჩნდებათ პირადი ცხოვრების მასალების გავრცელებით მიაღწიონ პირად მიზნებს.

– შესაძლებელია ასეთი ტიპის მასალის კანონიერად მოპოვება?

–  ასეთი ტიპის მასალის მოპოვება კანონითაა აკრძალული, იმიტომ რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კანონი ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ ფარულ თვალთვალსა და მოსმენას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაღებული ან მოსმენილი მასალა ასახავს სისხლის სამართლის დანაშაულის მომზადებას ან ჩადენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც განზრახ აყენებ სათვალთვალო აპარატურას მხოლოდ იმიტომ, რომ გაინტერესებს ადამიანის პირადი ცხოვრება, ეს უკვე აკრძალულია კანონით. ასე რომ, ამგვარი მასალა კანონის დაცვით ვერ იქნება მოპოვებული. თუ გამოქვეყნებულ ფირს დააკვირდებით, ნახავთ, რომ სამი მოქმედი პირიდან, ორი კამერაზე თამაშობს. ისინი კამერის წინ მოქმედებენ.

– არანაკლებ საინტერესოა, რომ ის ორი ადამიანი არაფერს აპროტესტებს, არადა, მათი უფლებებიც ხომ შეილახა?

– დასადგენია, ის ორი ადამიანი ვინ არის. ისიც გასარკვევია, ის ორი ადამიანი რატომ იღებდა მონაწილეობას ამ სცენაში, ისინიც ხომ არ აიძულა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვა დროს გადაღებული მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნების მუქარით, იმ სცენაშიც მიეღოთ მონაწილეობა?! ან იქნებ სხვა მიზეზი იყო?! ეს ყველაფერი დასადგენია. ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ ფულს ხარჯავდა აგენტების წასახალისებლად. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მოვლენათა ანალიზიც გვაძლევს საშუალებას, დავადგინოთ, რომ იქიდანაც ბევრი ფული იხსნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან –  როდესაც ვიღაც აგენტზე, წახალისების მიზნით, გააფორმებდნენ 2 000 ლარს, იქიდან აგენტს მისცემდნენ 200 ლარს, დანარჩენ თანხას თვითონ იდებდნენ ჯიბეში. პირობითად ვამბობ ამ ციფრებს, მაგრამ ეს ნაწილიც შესასწავლია, რადგან საბიუჯეტო სახსრების ძალიან დიდი ნაწილი ასეთი ფორმითაც იყო მითვისებული.

– ეს ხომ ძალიან დიდი ინფორმაციაა, მას სჭირდება დახარისხება, გაანალიზება. ჰქონდათ ამდენი რესურსი?

– ამაზე მუშაობდა „კუდის“ სპეციალური სამსახური, რომელსაც კურირებდა „კუდის“ უფროსის მოადგილე, ვისაც პირდაპირ ევალებოდა ასეთი ტიპის მასალების მოპოვება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, იქამდეც კი მივიდნენ, რომ თითოეულ ადამიანზე, რომელსაც ამა თუ იმ დოზით შეიძლება, ჰქონოდა შეხება პოლიტიკასთან, ფაილები იყო გახსნილი, სადაც იყრებოდა ამ ადამიანების მაკომპრომეტებელი მასალები არა მარტო მათი, ოჯახის წევრების შესახებაც. სწავლობდნენ ყველა ადამიანის სუსტ წერტილებს და შემდგომში ამ სუსტი წერტილების გამოყენებით ზემოქმედებდნენ.  ეს იყო სახელმწიფოს დავალება და დაკვეთა და ამაში ძალიან დიდი თანხა იხარჯებოდა. როგორც ვიცი, ბოლოს იქამდეც კი მივიდნენ, რომ პირადი ნომრის შეყვანის შემთხვევაში, ადამიანზე შეეძლოთ გაეგოთ აბსოლუტურად ყველაფერი. ეს ინფორმაცია თავს იყრიდა ერთიან ბაზაში და ხელმისაწვდომი იყო ყველა მსურველისთვის, ვისაც, თანამდებობიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა ამ ტიპის ინფორმაციაზე.

– არ შეიძლება, რომ ეს ფაილები, როდესაც სასამართლო პროცესები დასრულდება,  გადასცენ ადრესატებს?

– როგორც ჩემთვის ცნობილია, არა მხოლოდ პირადი ინფორმაციის შემცველი ფაილები იყო შექმნილი, არამედ ადამიანებისთვის კოდები ჰქონდათ მინიჭებული. მაგალითად, როდესაც ინდმეწარმე გადმოჰკვეთავდა საზღვარს, მისი პასპორტის ნომრის შეყვანისთანავე, საბაჟოზე პირდაპირ იწერებოდა, რომ ეს ინდმეწარმეა და საბაჟოს უნდა გაეჩხრიკა. ცალკე კოდები ჰქონდათ მინიჭებული ოქროს შემომტანებს, მათ, ვინც ერთხელ მაინც იყო შემჩნეული ნარკოტიკებზე და ასე მთელი საზოგადოება ვიყავით დახარისხებულები კოდებით და საზღვრის გადაკვეთისას პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მთელი ინფორმაცია იხსნებოდა.

скачать dle 11.3