კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საქმეებს არ შეუძლია ადამიანის ცხონება და რატომ უნდა ვიცოდეთ სხვების ცხოვრების გარკვეული ნიუანსები

ერთ კვირაზე ცოტა მეტი გავიდა, რაც მართლმადიდებლურმა სამყარომ მაცხოვრის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა – დღე, რომელიც ყველა მორწმუნეს კიდევ ერთხელ უბრუნებს სიყვარულს, სიმშვიდეს, რწმენას, იმედს. ამ დღის შემდეგ კიდევ გრძელდება სადღესასწაულო დღეები, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი დედამიწაზე იმყოფებოდა, ვიდრე ზეცად ამაღლდებოდა. თუმცა, დღემდე ბევრ უჭირს იესო ქრისტეს აღდგომის დაჯერება. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იყო ასეთი – თომა მოციქული, რომელმაც მაცხოვრის აღდგომის შემდეგ განაცხადა: „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. 24. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთა? და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს” (სახარება იოანესი).  

 

მამა გიორგი (თევდორაშვილი - ნარიყალას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): დღეს ვინმემ რომ იკითხოს – ვერ გამიგია, როგორ აღდგა ქრისტეო, შეიძლება, განკითხვაში ჩავვარდეთ და მასზე შთაბეჭდილება შეგვეცვალოს. მაგრამ, ეს არ იქნება სწორი. ადამიანის გონება უნდა იყოს მეცნიერი, გამომძიებელი, უნდა იყოს საღვთო ეჭვებში. არ შეიძლება, ყველაფერი ბრმად ირწმუნო. ამიტომაც ინება ღმერთმა, რომ თომა მიეშვა საკუთარ სხეულთან.  უფალი ჩვენგან ითხოვს რწმენას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ირწმუნო მხოლოდ – არ არის საკმარისი, ამის მატერიალური დადასტურებაც უნდა შეგეძლოს.

– ანუ, თომას ეჭვები არ არის გასაკვირი?

– თომამ თამამად გამოხატა თავისი შინაგანი ბრძოლა, შინაგანი საღვთო ეჭვი. ადამიანი, რომელიც ლაზარეს აღდგომას დაესწრო, იგებს, რომ მაცხოვარი უნდა ეწამოს, აღდგეს მკვდრეთით. ძალიან საინტერესო და საცნაურია მაცხოვრის სიტყვები, როდესაც ის ეუბნება თომას: „თომა, მოვედი და იხილე, ურწმუნო კი არა, მორწმუნე იყავ“. როდესაც ადამიანი განცხადებულად შეეხები ღვთაებრივს, ადვილია, ირწმუნო, მაგრამ, როცა არ გინახავს და მაინც მტკიცედ გწამს, რომ იესო ძე ღვთისაა და ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით – აი, ასეთ რწმენას აქებს უფალი. ადამიანის ხასიათი ისეთია, უჭირს იმის რწმენა, რაც არ უხილავს. ამიტომაც საჭიროა ხორციელად, მატერიალურად შევეხოთ საღვთო საიდუმლოს. ასე ეუბნება თომას ქრისტე: „შემეხე, ნახე – სულს ხორცი და ძვალი არ აქვს“. თომას კვირა ჩვენთვის არის კიდევ ერთი განმტკიცება, დაჯერება, დარწმუნება იმაში, რომ ქრისტე მართლა აღდგა. თომას ურწმუნო კი არ უნდა ვუწოდოთ, არამედ, ის არის ჩვენი წინამძღვარი რწმენაში, რომელმაც დაიმდაბლა თავი, დაეჭვდა და სიმდაბლით იკითხა ეს. ჩვენ ადამიანების ცხოვრების გარკვეული ნიუანსები უნდა ვიცოდეთ, რათა, რამე რომ დაგვემართოს, არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, არ ვთქვათ, ეს მე რატომ დამემართაო. დედამიწაზე თუ ხორციელად განვისწავლებით, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მერე ის სულიერად განისწავლება და ეს არის მარადიული პროცესი. ოღონდ, თუ დედამიწაზე არ დაიწყე საღვთო შემეცნება და განსწავლა, ბუნებრივია, იმქვეყნად ვერაფერს მიიღებ. ასე რომ, სწავლა სიბერემდე კი არა, უფლამდე მისასვლელი გზაა. 

– წმიდა წერილიდან ცნობილია: „რწმენა არის დაჯერება უხილავისა“. ამ აზრით, რწმენა ყველა ადამიანს აქვს, რაღაცის ყველას სწამს: ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის – სიკეთე ან მეგობრობა, ბევრისთვის – ბუნების ძალები, ზოგისთვის კი – ღმერთი. უფლის რწმენა კი ადამიანს ბევრ რამეს უადვილებს, იმედს აძლევს, სწორად ცხოვრებაში ეხმარება. თუმცა, ზოგჯერ მორწმუნე ადამიანებიც მიდიან უფლის გმობამდე. რა არის ამის მიზეზი?

– წმიდა ბასილი დიდი ამ შეკითხვაზე პასუხობს: „უკეთურება არის მიზეზიც და შედეგიც ღმრთის განდგომილებისა“. დავით მეფსალმუნე ამ აზრს ასე გადმოსცემდა: „არავინ არს, რომელმანცა ქმნა კეთილი“. ამ ადამიანთა ნუსხას იოანე ოქროპირი ასე წარმოგვიდგენს: „ჰეროდე მეფემ ბეთლემში ჩვილი ბავშვები რომ ამოხოცა, იუდეველები, ეშმაკთა განმსმენელს ბელზებელად ხადოდნენ, სჯულისმეცნიერნი ადამიანებს რომ აცდუნებდნენ – ამაყი მღვდელმთავარი თუ ღმერთი – უარმყოფელი მწიგნობარი, ქედმაღალი განმკითხველი და ფარისეველი თუ მოკამათე სადუკეველი, გამყიდველი იუდა და მღვდელმთავრის ყურმოკვეთილი მსახური, გამსამართლებელი პილატე, ჰურიათა ბრბო, რომელიც ღაღადებდა: „აღიღე და ჯვარს აცუ ეგე!“ ეგვიპტის ფარაონს ეშმაკმა ათქმევინა: „მე არ ვიცი უფალი იგი“ და ამის შემდეგ ის თავის მხედრებთან ერთად მეწამულ ზღვაში დაიღუპა. ასევე, ათქმევინა მან სენაქირიმ ასურელს, რომ მის ხელთაგან წინასწარმეტყველ ეზეკიელს ღმერთი ვერასდროს დაიხსნიდა და მისი შთამომავლობა დასწყევლა. ეშმაკისგან წაქეზებულმა ნაბუქოდონოსორმა სამ ყრმას უთხრა: „ვინ არის ღმერთი, რომელმან განგარინნეთ თქვენ ჩემთა?“ – და ადამიანთა შორის ხარივით ბალახის ძოვა დააწყებინა. მან უბრალო მონასავით გააყიდვინა ღმერთი იუდა ისკარიოტელს და შემდეგ საკუთარი თავი საბელით მოაშთობინა. 

– მამაო, როგორ განისაზღვრება ჭეშმარიტი რწმენა? 

– როგორც მოციქულები გვასწავლიან, რწმენა საქმეების გარეშე – მკვდარია. ღმერთშემოსილი მამები ჩვენგან ითხოვენ რწმენის საქმეს და, ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე – კეთილ საქმეს. ის ითხოვს ცოცხალ რწმენას, რომელიც განმტკიცდება ახალი ადამიანის საქმით და არა დაცემული ბუნების კეთილ საქმეს, რომელიც სარწმუნოებას ეწინააღმდეგება. თუ დავაკვირდებით საღმრთო წერილს – როგორც ძველს, ასევე, ახალ აღთქმას, გამოჩნდება, რომ ის ითხოვს ღმერთის მცნებების შესრულებას. ამას ეწოდება საქმე, რომლის დასრულებითაც რწმენა ხდება ცხოველი, ქმედითი. იმ კეთილ საქმეს კი, რომელიც ჩვენი დაცემული ბუნებიდან მომდინარეობს, რომელიც სათავეს იღებს ჩვენს გრძნობებში და მხოლოდ სისხლის აჩქროლებისა და გულის ნაზი ფეთქვის ნაყოფია, სარწმუნოება გვიკრძალავს, უარყოფს და, ცხადია, მას ადამიანის ცხონება არ შეუძლია. თანამედროვე ადამიანებს გვიწევს თვითდაჯერებული, თვითკმაყოფილი სიამაყის სულით შეპყრობილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ამასთანავე, ჩვენ ირგვლივ ძნელად თუ შეხვდები ადამიანს, რომელიც დაბეჯითებით უარყოფს ღმერთის არსებობას. ადამიანების ნაწილი ბოლომდე არც ღმერთის არსებობაშია დარწმუნებული. საზოგადოების დიდი ნაწილი კი, თავს ქრისტიანს უწოდებს. ასე რომ, დღეს ადამიანების უმეტესობა გარკვეული სარწმუნოებითაც არის შემოსილი და ამ სარწმუნოების შესაბამის საქმეებს აკეთებს. მაგრამ, საკმარისია, ღვთის წინაშე ადამიანის გამართლებისთვის, მისი ცხონებისთვის ასეთი სარწმუნოება? წმიდა მამათა სწავლებით, მარტო სარწმუნოებით ადამიანი ვერ გამართლდება. მისი სულის ცხონებაში ღვთაებრივი ნებაც მონაწილეობს და ადამიანურიც. ადამიანს უფლის წინაშე გამართლებისთვის სჭირდება მართალი რწმენა და კეთილი საქმე. ამას ერთხმად გვასწავლის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა მასწავლებელი: „სარწმუნოება, ჩვენი საქმით შემოსილი და საქმენი ყოველნი... სარწმუნოებით იმყოფებოდნენ...“ მოყვასის მსახურება მაშინაა კეთილი საქმე, თუ ის ღვთისმსახურების გაგრძელებაა. ადამიანებმა დაკარგეს ცათა სასუფევლის იდეა. მათ სარწმუნოდ ისიც არ იციან, რა არის ეკლესია. „მორწმუნეთა გულგრილობა ბევრად საშინელია, ვიდრე ის ფაქტი, რომ საერთოდ ურწმუნონი არსებობენ“, – ბრძანებს ერთი წმიდა მამა. „მორწმუნე ის კი არ არის, ვისაც ყოველივე სჯერა, არამედ ის, ვისაც სწამს ჭეშმარიტი ღმერთი. რწმენა განანათლებს, რწმენა აკურთხებს, რწმენა სულიწმიდის ღირსად ხდის ადამიანს. სადაც რწმენაა, იქ ძალაა; სადაც ურწმუნოებაა, იქ უძლურებაა. რწმენა სიკეთის სათავეა, რწმენა სიკეთის წყაროა.

 

скачать dle 11.3