კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-19(645) 

მოცემულობა და მტკიცებულება

მამაკაცები ამტკიცებდნენ, რომ ქალების გაგება შეუძლებელია... სწორედ მათი – ძლიერი სქესის ფანტაზიის ნაყოფია უამრავი მითი, რომლებიც ძალიან შორს არის რეალობისგან. შეიძლება, ამ მითებიდან ზოგიერთი უწყინარი მოგეჩვენოთ, თუმცა...

„სიყვარული მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. სიყვარულისთვის ადამიანები ყველაფერზე მიდიან... თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, ცხოვრება ქოხშიც კი სამოთხედ მოგეჩვენება...“ – ესეც მითია, თანაც, ძალიან საშიში... ტყუილად გეღიმებათ და ტყუილად გგონიათ, რომ მითი სწორედ ამ რეალობის უარყოფაა. როცა სიყვარულს ასეთ ინტერპრეტაციას აძლევთ, ამით აფრთხობთ მამაკაცებს. არ იცოდით, რომ მამაკაცებს მსხვერპლთშეწირვის პანიკურად ეშინიათ?!

სიყვარული, რომლის გავლენითაც ყველაფერზე წახვალ? – გმადლობთ, ასეთი არაფერი მჭირდება... ერთმანეთის მოყვარულ წყვილში  (ოჯახურში, რა თქმა უნდა), ასეთებიც ხომ არსებობენ, ხშირად, შეიძლება, ვერ შენიშნო ურთიერთპატივისცემა. მათი ურთიერთობა თითქოს ცეცხლს ეთამაშება... იფიქრებთ, რა კოშმარიაო და მართლებიც იქნებით. ცივილიზებული ურთიერთობა წარმოუდგენელია ურთიერთპატივისცემის გარეშე – არაფერში გამოგადგება... მაგრამ, ფართოდ გაახილეთ თვალები და გარშემო მიმოიხედეთ – განა შეიძლება, სიყვარული და მასთან დაკავშირებული ვნებები ცივილიზებული იყოს?!..

***

... ქეთიმ ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და სამზარეულოში გავიდა.

– ორი წუთი დამელოდე და მეც გამოვალ, რა! – ოთახიდან გამოსძახა ნატომ.

– კარგი, მანამდე ყავასაც მოვადუღებ.

ნატო რომ სამზარეულოში შევიდა, ქეთი ისეთი გამომეტყველებით იჯდა მაგიდასთან, ფინჯანთან თავდახრილი, მოუკიდებელი სიგარეტით ხელში, რომ ნატო შეშფოთდა:

– იცი, რა სახე გაქვს? რამე მოხდა?

– არაფერი ისეთი. უბრალოდ, ცოტა დავიგრუზე, – ქეთომ სიგარეტი პირში ჩაიდო და მაშინღა მიხვდა, მოკიდებული რომ არ ჰქონდა, – აი, ხედავ?

– ვხედავ და მაგიტომაც გეუბნები. მიდი, მოყევი...

– გოგო, სალონში ვიყავი...

– შეგატყვე ვარცხნილობაზე. ეგ ხევსურული, მოკლე „ჩოლკა“ ძალიან გიხდება. ფერიც ორიგინალურია. სადმე მიდიხართ შენ და ვახო?

ქეთიმ ამოიოხრა:

– ზუსტად ეგ მკითხა იმ ვალიდამაც და სწორედ ამან დამგრუზა.

– მოიცა, ვერ გავიგე, რა გკითხა?

– ვარცხნილობის შეცვლა რატომ გადაწყვიტე, დეპრესია გაქვს თუ პირადი ცხოვრება აგერიაო?

– ვა, მართლა? – ნატომ გაოცება ვერ დამალა, – ვითომ, ეგ ყველაფერი ერთმანეთთან რა კავშირშია?

– ეტყობა, კავშირშია. მაგან უფრო იცის... თურმე, ქალების ორი კატეგორია არსებობს: ქმრები რომ ღალატობენ, ერთი კატეგორია ვენებს იჭრის, მეორე – ვარცხნილობას იცვლის რადიკალურად.

ნატოს სიცილი აუტყდა:

– ნუ აფრენ, რა სისულელეა!

– სულელი იძახე შენ და... იცი, რაები მელაპარაკა? ცუდად ვარ, შენს თავს გეფიცები.

– კარგი, რა, მაგის ლაპარაკს როგორ უნდა აჰყვე, არ იცი, რა ტიპია? თმა კი ძალიან გიხდება.

– ეჰ, რაღაც-რაღაცეები ისე ცუდად მენიშნა... ზოგჯერ მეც ვფიქრობ, რომ ამ ჩემს ქმარს საერთოდ არ ვამოწმებ. ბრმად კი საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო, ხომ იცი?

– მერე, ეგრე თუ ეჭვიანობ, არ გირჩევნია, შეამოწმო ხოლმე, ვიდრე თავი გაიწამო? კარგი კი არ არის ამდენი ნერვიულობა, ნერვები დაგაწყდება.

– დამაწყდა და ეგ არის... მოთმინება აღარ მყოფნის, ვახოს უმნიშვნელო წვრილმანებზე ვუშარდები და მერე ვჩხუბობთ.

– ჰოდა, სანამ პრობლემები შეგქმნია, მიხედე ამ ამბავს.

– როგორ?

ნატომ თვალები მოჭუტა:

– მე დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ, ალბათ, სტანდარტული მეთოდებით.

– სტანდარტული მეთოდები როგორია?

– ნუ, მობილურის და „მეილის“ შემოწმება... თუ სოციალური ქსელი აქვს, პაროლი უნდა გაიგო და, კიდევ, სამსახურში თუ შეუვლი, ცუდი არ იქნება. თანამშრომელი ქალი ბევრი ჰყავს?

– მგონი, არა... – ქეთი დაფიქრდა, – არ ვიცი, არასდროს ვყოფილვარ მასთან სამსახურში. ადრე სხვაგან მუშაობდა. ამ ფირმაში თვითონ არის უფროსი. თანამშრომლებს არ ვიცნობ. არც რამე ისეთი შეხვედრა ყოფილა, რომ ვინმე მენახა.

– ანუ, არ იცი, ჰყავს თუ არა ფირმაში ქალები?

ქეთიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

– შენც მაგარი ტიპი ხარ. როგორ ერთხელ მაინც არ დაგაინტერესა ამ ამბავმა?

– არც მიფიქრია, რომ უნდა დავინტერესებულიყავი.

– რად უნდა მაგას ფიქრი? ქმარი არ მყავს, მაგრამ, ვიცი, რომ არც ერთი კაცის ნდობა არ შეიძლება, აბსოლუტურად არც ერთის. „დავერიაი, ნო პრავერიაიო“, – არ გაგიგია მაინც?

– ეგ როგორ დამემართა. ესე იგი, მასთან, ოფისში აუცილებლად უნდა მივიდე, ჰო? – ქეთიმ სიგარეტი ყავის ნალექში ჩასრისა და ნატოს მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო.

ნატომ ყოყმანით დააქნია თავი და ხმადაბლა დაუდასტურა:

– ალბათ, ჰო.

– მაგრამ, რომ მივალ, რა ვთქვა, რატომ მოვედი-მეთქი? ვახოს ჭიჭყინის თავი არ მაქვს.

– მოვიგონოთ რამე დამაჯერებელი მიზეზი.

– მაგალითად?

– ასე მალე რა მოვიფიქრო, ცოტა დრო მომეცი. ლელასაც შევეკითხები, – ნატომ გამამხნევებლად გაუღიმა, – ნუ გეშინია, რაღაცას აუცილებლად მივაგნებთ ჭკვიანურს. მთავარია, ქმართან ურთიერთობა ემოციების თვალსაზრისით არ დაგეძაბოს. მოეშვი და დატკბით ერთად გატარებული წუთებით. სულ მარტო ყოფნას ყველაფერი ჯობია. ეჰ! – ნატომ ხელი ჩაიქნია. ქეთიმ ნატოს შეხედა და გაიფიქრა, მგონი, სულელი ვარ, ამ უსარგებლო ეჭვებით თავს როგორ ვიღლი და ნერვებსაც როგორ ვიფუჭებო.

– პაციენტი მოვიდა? წავალ, მივხედავ... ვიცი, სისულელეს გთხოვ, მაგრამ, იქნებ მართლა რამე მოიფიქრო? – სანამ გავიდოდა, სთხოვა ნატოს ქეთიმ და იმანაც შეთქმულივით დაუქნია თავი.

***

ვახომ მადლობა გადაუხადა თიკოს ყავისთვის და ჰკითხა:

– ბიჭები ოთახში არიან? რაღაც, ხმა არ მესმის.

– ზუკას კლიენტი ჰყავს – ის კაცი მოვიდა. გიგი და ლაშაც მასთან იყვნენ. დავუძახო?

– არა. ზუკას სად ჰყავს სტუმარი?

– საპრეზენტაციოში. ჩვენი ძველი შეკვეთების სლაიდებს აჩვენებს.

– კარგია. ყავას დავლევ და მეც შევალ. ძალიან სერიოზული კლიენტია. სხვაგან არ უნდა წავიდეს.

თიკომ მექანიკურად დაუქნია თავი...

***

... მამაკაციც ჩვეულებრივი ადამიანია – ისიც ხორცისგან და სისხლისგან არის შექმნილი, ნერვული სისტემაც აქვს და შესაბამისად, ტკივილსაც გრძნობს... ანუ, რა გამოდის? – ყველა ორგანო აქვს იმისთვის, რომ ემოციები ჰქონდეს: განიცადოს, იგრძნოს, ინერვიულოს, შეიბრალოს, აპატიოს და ყველაფერი გააკეთოს, გული რომ არ მოუკლას, მაგრამ, რეალურად ასე არ ხდება... იყო დრო, როცა მამაკაცებიც წერდნენ სასიყვარულო წერილებს; ხედავდნენ, როდის გრძნობდა ქალი თავს ცუდად მათ გვერდით; ცდილობდნენ, ჰყვარებოდათ უანგაროდ და მთელი გულით და ეს სიყვარული ყველაფრით დაემტკიცებინათ – საქმით, გამოხედვით... ცხადსა თუ სიზმარში... მოკლედ, იყვნენ მამაკაცები – ამ სიტყვის მთელი სისრულით.. ქორწინებას სერიოზულად აღიქვამდნენ, მამაკაცურ პასუხისმგებლობას სრულად აცნობიერებდნენ, ოჯახს უფრთხილდებოდნენ, ანუ, ჰქონდათ ღირსება – ის, რაც კაცს კაცად აქცევს...

***

ზუკამ კლიენტი გააცილა და ოფისში შემობრუნდა.

– ვახოსთან შედი, – თიკომ კაბინეტის კარზე მიუთითა, – შემოვიდესო...

– გიგი წავიდა? – პასუხად იკითხა ზუკამ.

– არ ვიცი, არ დამინახავს.

– აქვე არ ზიხარ? შენ ცხვირწინ უნდა გაევლო.

– არ დამინახავს-მეთქი, – უხეშად მიუგო გოგომ და თავი მიაბრუნა.

ბიჭს გაუკვირდა.

– რა გჭირს? რა ხასიათზე ხარ, ვინ გაგაბრაზა?

– არავისაც არ გავუბრაზებივარ, თავი დამანებე!

– არა, აშკარად გაბრაზებული ხარ. მე ხომ არაფერი დამიშავებია? – ზუკამ მხრები აიჩეჩა.

– ყველანი აშავებთ, მეტ-ნაკლებად, – ჩაილაპარაკა თიკომ გულდაწყვეტით.

ბიჭს აღარ უცდია, გაერკვია, რას გულისხმობდა გოგო, თავი გადააქნია და ვახოსთან შევიდა. ვახო კომპიუტერთან იჯდა, კარის ხმაზე შემობრუნდა და ზუკას ანიშნა, მოდიო.

– აბა, რა ქენი, ჩვენთან აკეთებს შეკვეთებს თუ გამექცა კლიენტი?

– რა თქმა უნდა, ჩვენთან აკეთებს. სად უნდა გამქცეოდა. იცი, როგორი ტიპია? ჩვენ რომ გვიყვარს, – ბოლომდე გენდობითო, როგორც გინდათ და რასაც შემომთავაზებთო. ფული პრობლემა არ არისო. 

ვახომ კმაყოფილებით გაიცინა.

– გადასარევი ამბავი მითხარი, ახლა სწორედ ეგ მჭირდებოდა.

– ჰო? რა ხდება?

– მინდა, ქეთის სიურპრიზი გავუკეთო – სადმე უნდა წავიყვანო, დასასვენებლად. რაც ბავშვი გაგვიჩნდა, არსად ვყოფილვართ და ცოდოა. ამიტომაც, სულ წუწუნებს. ვარჩევ, რომელ ქვეყანაში აჯობებს გამგზავრება.

– რომ გეკითხა, რომელი ურჩევნია? – შესთავაზა ზუკამ.

– არა. ჯერ ერთი, სიურპრიზი აღარ გამოვა და, თანაც, მაგის ამბავი რომ ვიცი, ისეთ ქვეყანას დაადებს ხელს, ჩემი ჯიბე ვერ გასწვდება. მოკლედ, „კარგი მინდოდა და ცუდი გამომივიდა“ დამემართება.

– მაშინ, თურქეთი, – ახლოსაც არის და არც ძვირია. თან, იქ უკვე იწყება ზღვის სეზონი. 

ვახომ თავი გააქნია:

– არა, თურქეთი ძალიან ბანალურია. თურქეთს ვერ ვაკადრებ... თუმცა, რამდენიმე ძალიან მაგარი სასტუმრო გავჩითე.

– ჰო, თურქეთი სერიოზულია... ჩემი ძმაკაცი იყო და გაგიჟებული ჩამოვიდა. ისეთი კომფორტია, თავი ზღაპარში მეგონაო. ჩვენი კურორტებით კიდევ დიდხანს ვერ მივალთ მაგათ დონემდე.

– ეგვიპტეზე ხომ არ შევაჩერო არჩევანი? – ვახომ საიტი გახსნა და სურათების თვალიერებას შეუდგა, – არც ძვირია... ბოლოს და ბოლოს, მარჯნის რიფების ნახვაც ერთ რამედ ღირს, ხომ მართალი ვარ?

– მგონი, კი... თანაც, ქალს ის უფრო უხარია, როცა მის მიმართ ყურადღებას იჩენ, მასშტაბებს მნიშვნელობა არა აქვს. მოკლედ, ეგვიპტე იყოს... შენ მაგ კლიენტთან ხელშეკრულებას როდის აფორმებ?

– გავაფორმე უკვე. ორ დღეში საწყის თანხას გადმორიცხავს.

– ძალიან კარგია. მაშინ, ბარემ დავჯავშნი... – ვახო გახალისდა, – იცი, რა... ერთ ათ წუთში გავიდეთ და სადმე გემრიელად ვისადილოთ... რას იტყვი?

ზუკა უხერხულად შეიშმუშნა:

– მე ვერ წამოვალ.

– რატომ?

– შეხვედრა მაქვს... ვერ გადავდებ, დავპირდი უკვე.

– კლიენტთან?

ზუკა შეყოყმანდა და გაწითლდა:

– ნუ, ჰო, შეიძლება, ასეც ითქვას. ჯერ კონკრეტული არაფერი, მაგრამ, შეიძლება რამე გამოვიდეს.

***

ნინიმ შუბლზე ჩამოშლილი თმა კეფისკენ გადაივარცხნა, მერე ისევ შუბლზე ჩამოიშალა, ისევ გადაიწია... მის ცქერაში გართულმა მიხომ ამოიოხრა და გულდაწყვეტილს აღმოხდა:

– იცი, რა ლამაზი ხარ?

ნინი აიმრიზა:

– კარგი რა, რამდენჯერ უნდა გთხოვო... საერთოდ არ მცემ პატივს.

– სიყვარული პატივისცემას არ განიხილავს...

– იმას ხომ განიხილავს, ვისაც არ უყვარხარ და სხვა უყვარს, თავი რომ უნდა დაანებო?

– არც მაგას. ახლა გიყურებდი და ვფიქრობდი, ამ გოგოს გულის დასაპყრობად მთის წვერზე ავიდოდი და იქიდან გადმოვეშვებოდი-მეთქი...

ნინიმ მხრები აიჩეჩა:

– მერე, ხელს რა გიშლის, მთების მეტი რა არის საქართველოში? თუ, ელოდები, სიყვარული ფრთებს როდის შეგასხამს?..

– დამცინე, შენ ყველაფრის უფლება გაქვს. მაგრამ, ზოგჯერ სიყვარული სწორედ ასეთია: რთული, ტკივილიანი, ცინიკური, აბსოლუტურად გაუგებარი და არანორმალურად გასაგები – უბრალოდ, შენ ამ ადამიანის გვერდით ყოფნა სიგიჟემდე გინდა და მორჩა!

ლიზამ გადაიკისკისა. ბორბლებიანი სკამ-სავარძელი უკან გააგორა, გრძელი, სოლარიუმში გარუჯული ფეხები მაგიდაზე უცერემონიოდ შემოაწყო და მიხოს გასაგონად თქვა:

– ვგიჟდები რომანტიკოს კაცებზე... ისეთებზე, ზღაპრების რომ სჯერათ და დარწმუნებულები არიან, თუ ბაყაყს გრძნობით აკოცებ, ის აუცილებლად პრინცესად გადაიქცევა. სინამდვილეში კი ბაყაყი ყოველთვის ბაყაყად დარჩება.

მიხო სიბრაზისგან გაწითლდა.

– შენ რომ არ შეგხვდა შესაფერისი პრინცი და ისე ვერ გაკოცა, როგორც საჭირო იყო, ეგ ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, – გამოეპასუხა გესლიანად.

– ჰა, ჰა, კიდევ ერთი, ჭეშმარიტი ქართველი მამრი... –  ტუჩები გამომწვევად გაბუსხა ლიზამ, – ამ ქვეყანაში მამაკაცობის ნამდვილი დეფიციტია... თავი კი მოაქვთ კაცებად, მაგრამ, ნახევრამდეც ვერ ქაჩავენ და მერე იბოღმებიან... ტრადიციულები მარტო ღვინის სმისას არიან, ხელგაშლილები კი მხოლოდ მაშინ, როცა სანაცვლოდ რაღაცის მიღების იმედი აქვთ. ძალიან უნდათ, სამყარომ მათ გარშემო იბრუნოს, მაგრამ, დედამიწას თავისი ღერძი აქვს და ამ კანონზომიერებას ვერ შეცვლიან. ქართველი კაცი ის ფენომენია, რომელსაც ვერაფერს გაუგებ და არც უნდა შეეცადო – რა საჭიროა?! საკუთარ თავზე უნდა იზრუნო და იმაზე, როგორ მიიღო ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება. ეს გახლავთ მოცემულობა და ყველაფერ ამის დასამტკიცებლად ახლა სასადილოდ წავალ... ნინისაც ვურჩევ, მომბაძოს...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3