კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-19(645) 

 

კარგია, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება, მაგრამ, ასეთია ცხოვრება: ცუდს ყოველთვის კარგი მოჰყვება და პირიქით... თუმცა, დაზვერვაში არსებობს მტკიცედ ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ მზვერავი ყოველთვის ცუდ გარემოში მოქმედებს და, თუკი წამით მაინც კი მოდუნდება, აუცილებლად ჩავარდება.

– კოკი, გახსოვდეს, რომ წამითაც არ უნდა მოდუნდე და სიამოვნებამ არ უნდა გაგიტაცოს. მაშინაც კი, როდესაც მიზნის მისაღწევად ქალის გაჟიმვა გიწევს, მიზანზე უნდა იფიქრო და არა სიამოვნებაზე, – მასწავლიდა ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი და ღიმილით დაამატებდა ხოლმე:  ჩვენთვის, ჩემო კარგო, ქალი ისეთივე დამხმარე საშუალებაა მიზნის მისაღწევად, როგორც სპორტული მანქანა ან მაყუჩიანი პისტოლეტი. მაგრამ, თუკი მასში სიამოვნების საშუალებას დაინახავ, არამცთუ მიზანს ვერ მიაღწევ, არამედ, თავსაც წააგებ. გასაგებია?

– დიახ, გასაგებია, – ღიმილითვე მივუგებდი ხოლმე ინსტრუქტორს და იქვე ვკითხავდი, – ქალის გაჟიმვაში თუ სიამოვნება არ უნდა მიიღო, სხვა ყველაფერში, ალბათ, ჯოჯოხეთი უნდა ეძიო, ხომ?

– ირონიის გარეშე, კოკი, ირონიის გარეშე! სიამოვნება ჩვენთვის უცხო ხილია. ჯოჯოხეთში უნდა ვიცხოვროთ, რომ პატიოსანი საბჭოთა ადამიანი ბედნიერი და გალაღებული იყოს, – მეტყოდა ხოლმე ინსტრუქტორი, რომელიც დარწმუნებული იყო საკუთარი სიტყვების სისწორეში და არც მე შემიტანია ამაში არასდროს ეჭვი.

მზვერავი, უშიშროების თანამშრომელი და, საერთოდ, ძალოვანი სტრუქტურის ნებისმიერი პატიოსანი მუშაკი შეგნებულად ებმება ჯოჯოხეთურ საქმიანობაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს ბედნიერება მოუტანოს. ჯოჯოხეთურ შრომაში, მხოლოდ უკიდურეს დაძაბულობასა და რისკს კი არ ვგულისხმობ, არამედ იმ ცოდვებსაც, რისი ჩადენაც და საკუთარ თავზე აღება უწევთ ზემოთ ხსენებული პროფესიის ადამიანებს. ხშირად ხომ კაცის მოკვლაც გვიწევს და ამაზე დიდი ცოდვა რა უნდა იყოს?.. ბევრს, ალბათ, უკიდურეს ცინიზმად მოეჩვენება, რომ მე, დაქირავებული მკვლელი, კაცისკვლის ცოდვაზე ვლაპარაკობ. მაგრამ, გარწმუნებთ, ამ ყველაფერზე არა ცინიკურად, არამედ გულწრფელად ვლაპარაკობ. ვინ, თუ არა მე, კარგად ვიცი სიცოცხლის ფასი და, თუკი ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ ობიექტი სიკვდილის ღირსია, სასხლეტს თითს არ გამოვკრავ... მავანს შეუძლია, თქვას, რომ მსგავსი არჩევნის გაკეთების უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს, რაშიც მეც დავეთანხმები, მაგრამ, რადგან ადამიანები ვართ და მიწიერი კანონებით ვცხოვრობთ, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა ჩვენ თვითონ გვიწევს ხოლმე. ღვთიური ლოგიკით, არც მოსამართლეობა შეიძლება, არც პოლიციელობა და, რა თქმა უნდა, არც ავაზაკობა. მაგრამ, რადგან ასეთი ხალხი არსებობს, საჭირო ვართ ჩვენც, ვინც მიწიერი მახვილის ფუნქციებს შეასრულებს და სწორედ ერთ-ერთი ასეთი მახვილი ვარ მეც... როდესაც ზემოხსენებულ კოჯრელ ინსტრუქტორს ერთხელ ვუთხარი, რომ მიწიერი მახვილის როლი უნდა შევასრულო-მეთქი, მან მითხრა:

– გირჩევ, შენი პროფესიის ფილოსოფიურ მხარეზე ნაკლებად იფიქრო და ძირითადად დავალების შესრულებაზე იზრუნო და კიდევ იმაზე, რომ მიწიერი მახვილის მსხვერპლი თავად არ გახდე...

ინსტრუქტორის შეგონება კარგად გავითავისე და, მიუხედავად იმისა, რომ „მიწიერი მახვილის“ სამიზნე არაერთხელ ვყოფილვარ, ჩემი მოხელთება ვერავინ შეძლო.

ერთხელ, ერთი შეკვეთა შევასრულე თბილისში. შეთანხმებისამებრ, ერთ-ერთი უბნის ახალაშენებული სახლის ბინაში ერთ ნაძირალას შუბლი გავუხვრიტე და ფრთხილად გამოვედი გარეთ. საკმაოდ შებინდებული იყო. ქვევით საევაკუაციო კიბით დავეშვი, ლიფტით არ მისარგებლია, თან, უკიდურესად მობილიზებული ვიყავი და ორი შეყენებული ავტომატური მაყუჩიანი პისტოლეტი ქამარში მქონდა გარჭობილი. ასეთი მზადყოფნისკენ ინტუიციამ მიბიძგა, რადგან, გულმა მიგრძნო, რომ საფრთხე მელოდა. წინათგრძნობას არასოდეს უღალატია ჩემთვის და არც ამჯერად მიმტყუნა. „კუდზე“ ქილერი მაჯდა, რომელიც ქვევით მელოდებოდა, შორიახლოს კი მისი მეწყვილე იმყოფებოდა, რომელსაც ის უნდა დაეზღვია. ამ შეკვეთაში 300 ათასი დოლარი უნდა ამეღო, რომლის მესამედიც უკვე ჩარიცხული მქონდა ანგარიშზე. მე საევაკუაციო კიბის მეორე სართულიდან ვუთვალთვალებდი ჩემს მოდარაჯე ქილერებს და ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მემოქმედა. შენობიდან გამოსვლას არ ვჩქარობდი, რათა ერთი ქილერი მაინც შემეტყუებინა შიგნით. ნახევარი საათის შემდეგ პირველმა ქილერმა მეორეს ანიშნა, შევდივარო და შენობაში შემოვიდა, რომ მოვეძებნე, მეორემ კი მისი ადგილი დაიკავა. პირველ ქილერს ლიფტთან დავხვდი და რომ გამოვიდა, პისტოლეტი მივადე, მაყუჩიანი იარაღი ავართვი, სანაგვე ბუნკერში გავიყვანე და ჩურჩულით ვკითხე:

– ჩუმადვე მიპასუხე, ვინ გამოგზავნა ჩემს მოსაკლავად?

– პეტრემ, – მაშინვე მითხრა პირველმა ქილერმა, რომელმაც ის კაცი დაასახელა, ვინც მე მომცა შეკვეთა. 

– მარტო ხარ?

– ორნი ვართ. ჩემი პაძელნიკი ქვევით გელოდება.

– რატომ დაგავალეს ჩემი მოკვლა?

– კვალის მოსპობის მიზნით.

 – რამდენს გიხდით?

– ათ-ათ ათასს.

– რატომ ასე ცოტას?

– ჩვენ პეტრეს ხალხი ვართ და არა დაქირავებულები.

– რომ გაგიშვა, რას იზამ?

– სახლში წავალ.

– ვერ წახვალ, – ვუთხარი პირველ ქილერს, მაყუჩიანი პისტოლეტიდან გულში ვესროლე და იქვე დავტოვე, მერე მობილური ტელეფონი ამოვაცალე და ქვევით დავეშვი. მეორე ქილერი ქუჩაშივე მოვკალი, ორასიოდე მეტრი ფეხით გავიარე და პეტრეს ნომერი ავკრიფე პირველი ქილერის ტელეფონიდან.

– რა, ქენი, შეასრულე? – მკითხა პეტრემ, მე კი მშვიდად ვუთხარი:

– კი, შევასრულე. ერთი ნაგვის ბუნკერთან გდია, მეექვსე სართულზე, მეორე კი – პირდაპირ ქუჩაში. შენ ჩემი ვალი გაქვს – ორასი ნაჭერი და არ დამიგვიანო. ხვალ შუადღისთვის ანგარიშზე თუ არ დამიჯდა, შენი ცელქობა სიცოცხლის ფასად დაგიჯდება.

– დარდი ნუ გაქვს, ყველაფერი რიგზე იქნება. ეს პატარა გაუგებრობა იყო და მეტი არაფერი. ფული კი ამაღამვე დაგიჯდება, – მითხრა პეტრემ, რომელიც ცდილობდა, მღელვარება დაეფარა, მაგრამ მე მისი ნერვიულობა არ გამომპარვია.

აქამდე ეს ჩემი „გადაგდების“ მეორე მცდელობა იყო და ორივეჯერ თბილისში, ქართველები მიპირებდნენ გაცურებას. პეტრემ დარჩენილი ორასი ათასი დოლარის ნაცვლად, ორას ორმოცდაათი ათასი დოლარი დამისვა ანგარიშზე, თუმცა, მას არც ამან უშველა: სამი კვირის შემდეგ, ბათუმში, მის ფეშენებელურ იახტაზე, შუა ზღვაში შუაღამისას, იმ დროს წამოვადექი თავზე, როცა ის ვიღაც ლამაზმანთან ერთად ნებივრობდა საწოლში. ქალი მუშტით გავთიშე, პეტრეს კი მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:

– ხელი ხომ არ შეგიშალე?

პეტრე მიხვდა, ვინც ვიყავი და მომიგო:

– რას მერჩი, ჯარიმა ხომ გადაგიხადე. თუ გინდა, ბოდიშსაც მოგიხდი.

– ბოდიში და ფული რომ მკვდარს აცოცხლებდეს, ამდენი ხალხი კი არ იწვებოდა მიწაში.

– რა გინდა, ხომ ცოცხალი ხარ?

– იმიტომ, რომ პროფესიონალი ვარ. მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, მოგეკალი?

– ნუ მომკლავ. დაივიწყე, რაც მოხდა და მილიონს გადაგიხდი.

– ხომ გითხარი, რომ ფული და ბოდიში პანაცეა არ არის-მეთქი? შენ ჩემი ტყუილუბრალოდ მოკვლა სცადე, ესე იგი, ჩემი მტერი ხარ, მტრები კი უნდა გაანადგურო. არ შემიძლია, რომ არ მოგკლა, – ვუთხარი პეტრეს. შემდეგ მარცხენა თვალში გავუტარე ტყვია და, სანამ გათიშული მეძავი გამოფხიზლდებოდა, იქაურობა სწრაფმავალი კატერით დავტოვე.

სიმართლე რომ ვთქვა, პეტრე ვერანაირ ზიანს ვერ მომაყენებდა, მაგრამ, ის მაინც მტერი იყო და მე არც ამჯერად ვუღალატე ჩემს პრინციპებს – მტერი გავანადგურე... ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ჩემი გადაგდება მესამედაც მოინდომეს და კვლავ ქართველებმა.

„არა, რა, – ვფიქრობდი გუნებაში, – რასაც ვიმსახურებთ, სწორედ ისეთ ყოფაში ვართ. სანამ წესიერებას არ ვისწავლით და პარტნიორს პატივს არ ვცემთ, ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში მოგვიწევს არსებობა. უცხოეთში თავშიც კი არავის მოუვა ქილერის გადაგდება, რომელიც ნახევარმილიონიან შეკვეთას ასრულებს. ეჰ, ქართველებო, ქართველებო, არც სხვას სცემთ პატივს და არც საკუთარი თავი გეცოდებათ...“

ჩემი ეს მონოლოგი, რბილად რომ ვთქვათ, ალბათ, ტრაგიკომიკურად ჟღერს, მაგრამ, სულაც არ მეცინებოდა, როცა ჩემი საბანკო ანგარიში შევამოწმე და აღმოვაჩინე, რომ შეპირებული ხუთასი ათასი დოლარი აკლდა. არადა, ორი ბობოლა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის მიერ შეკვეთილი ერთი რუსი კრიმინალი შუა მოსკოვში, ოცდაათი ადამიანის თვალწინ მოვკალი და იქაურობას ძლივს დავაღწიე თავი. ნახევარი მილიონი დოლარი კი, შეთანხმებისამებრ, საქმის გაკეთებისთანავე უნდა დაესვათ ჩემს ანგარიშზე. მე სამი დღე ველოდე, მეოთხე დღეს კი ერთ-ერთი შემკვეთი ქუთაისში, საკუთარი სახლიდან გავიტაცე, ახლომდებარე სახლის სარდაფში ჩავათრიე, პისტოლეტი მივადე და ვუთხარი:

– თქვენ რა, ჩემი გადაგდება მოინდომეთ?

ქუთაისელმა ავტორიტეტმა გაოცებული მზერა მესროლა და მითხრა:

– რის გადაგდება, ძამიკო, პროსტო, მაყუთმა დეიგვიანა, ახლა კი ყველაფერი რიგზეა და მისაღებს მიიღებ.

ტიპი კაიფში  იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ მატყუებდა და ცდილობდა, ჩემგან თავი დაეღწია. ამიტომ, პისტოლეტი მარჯვენა თვალზე მივაჭირე და ვუთხარი:

– მე შენ საფიჩხიელი ნაბიჭვარი ხომ არ გგონივარ, რომ მაბოლებ. ჩქარა, მაყუთი მოჯვი, თორემ, აქვე გაგაგორებ!

– გამაგორებ რა, კამათელი ვარ?! მობილური მომეცი, დავრეკავ და ფულს მოიტანენ, – მითხრა ავტორიტეტმა და სახის ფხანა აუტყდა...

წყობიდან თითქმის არასდროს გამოვსულვარ, მაგრამ, ნარკოტიკებით გაბრუებული ავტორიტეტის უტიფარმა საქციელმა უკიდურესად გამაღიზიანა. მას პისტოლეტის ტარი ვთხლიშე ტუჩებში, ოთხი კბილი ჩამოვუღე და გამოვცარი:

– ჩქარა, ფული მოჯვით, თორემ, კბილებს სულსაც გააყოლებ.

ავტორიტეტი მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი და ფხანა შეწყვიტა, შემდეგ მობილურზე დარეკა და თქვა:

– მიტუშ, ბიჯო, ნახევარი ლიმონი მოიტანე, თორემ, ვეღარ მნახავ ცოცხალს. იჩქარე და მარტო მოდი. აბა, გელოდები, – ავტორიტეტმა შემომხედა და მკითხა:

– სად მოვიდეს?

მე მისამართი ვუკარნახე და გავაფრთხილე:

– იცოდე, ღმერთი არ გაგიწყრეს და ისევ გადაგდება არ მოინდომოთ, თორემ, ყველას დაგხოცავთ, პირველს კი შენ გაგისტუმრებ.

– მიტუშა, იცოდე, ჭკვიანად! სერიოზული კაცია და თვალსაც არ დაახამხამებს, – გააფრთხილა ავტორიტეტმა თავისი მეგობარი, ტელეფონი გათიშა და მითხრა:

– ტყვილა ბრაზობ, ძამია. შენი გადაგდება ნამდვილად არ გვიფიქრია. მოვა მიტუშა და ნახევარ ლიმონს ჩაგახუტებს.

მიტუშა ნახევარ საათში მოვიდა, შავი ტყავის სპორტული ჩანთით ნახევარი მილიონი დოლარი მოიტანა, წინ დამიგდო და მითხრა:

– ა, ძამიკო, მიიღე მისაღები. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.

ქუთაისელი ავტორიტეტები საკმაოდ სერიოზული ხალხი იყო და, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში გავლენით სარგებლობდნენ. თუმცა, თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდეს და დროზე რომ არ მოსულიყვნენ გონს, ტრაგედია არ ასცდებოდათ. მე ფულიანი ჩანთა ავიღე და მიტუშას ვუთხარი:

– გარეთ ყველაფერი სუფთადაა?

– კი, ძამიკო, მარტო მოვედი.

– დაჯექი მანდ და ერთი საათი არც არსად დარეკოთ, არც გარეთ გამოყოთ თავი. გასაგებია?

– კი. ძამიკო, გასაგებია, – ერთხმად მიპასუხეს ძმაკაცებმა.

მე ცალ ხელში პისტოლეტი მეკავა, მეორეში კი – ფულით სავსე ჩანთა და სანამ იქიდან გავიდოდი, ავტორიტეტებს ვუთხარი:

– ჩემდა თავად, იმისი დედაც, ვინც ამიერიდან ქართველებთან დაიჭიროს საქმე.

– რატომ, ძამიკო, რას ერჩი ქართველებს? – მითხრა მიტუშამ. მე კი მივუგე:

– არაფერს რომ არ ვერჩი, სწორედ იმიტომ არ დავიჭერ საქმეს. მადლობა თქვით, რომ ცოცხლები დაგტოვეთ, სხვა ჩემს ადგილას დაგხოცავდათ. აბა, მშვიდობით.

– „ს ბოგომ“, – მითხრა მიტუშამ, მერე კი დაამატა, – ღმერთი შენკენ, ძამია, კარგად იყავი.

გარეთ მართლაც არავინ დამხვედრია და ქუთაისიდან თბილისში უპრობლემოდ ჩამოვედი. თუმცა, მთელი გზა ვფიქრობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ხშირ შემთხვევაში ქართველები არაადეკვატურად ვაფასებთ სიტუაციას და ამის გამო ვისჯებით და საკმაოდ მძიმედაც...

ქუთაისური თავგადასავლის შემდეგ, ყოველთვის ვერიდები ქართველებთან საქმის დაჭერას და, სანამ კარგად არ დავრწმუნდები ჩემი თანამემამულე შემკვეთის საიმედოობაში, მას ახლოც არ ვიკარებ. თუმცა, ასპროცენტიანი გარანტია ჩემს საქმეში არ არსებობს და მეტ-ნაკლები რისკი, ყოველთვის არის – შეიძლება, არაქართველმა შემკვეთმაც მოინდომოს შენი გადაგდება და ზედმეტი სატკივარი გაგიჩინოს. ამიტომ, ზემოხსენებული ისტორიის მერე, ფულს ყოველთვის წინასწარ და მთლიანად ვიღებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვკიდებ საქმეს ხელს.

ერთხელ ერთ შემკვეთს შევხვდი პრაღაში. ჩვენ პატარა სკვერში ვისხედით, სადაც არც ისე ბევრი ხალხი იყო თავმოყრილი და ვსაუბრობდით. გარეგნობით ის ჩრდილოევროპელს ჩამოჰგავდა, თუმცა, რუსული აქცენტით მელაპარაკებოდა ინგლისურ ენაზე, რადგან, რატომღაც, ამერიკელი ვეგონე და არც მიცდია მისი გადარწმუნება.

 – იცით, მისტერ, როდესაც თქვენი კანტორა მომასწავლეს, მითხრეს, საუკეთესო შემსრულებლები ჰყავთო. მაგრამ, ისიც მითხრეს, საუკეთესო მოითხოვეთო და მასზე ისეთი საოცრებები მომიყვნენ, მონუსხულივით ვუსმენდი. იმედია, ის საუკეთესო სწორედ თქვენ ხართ, – მითხრა ენაწყლიანმა შემკვეთმა და დაამატა: – მე სწორედ რომ მასეთი მჭირდება.

– საქმესთან ახლოს, მისტერ, – ვუთხარი შემკვეთს, – დრო ფულია, როგორც ამერიკელები იტყვიან.

– აი, ხომ ვთქვი, – თითი დამიქნია გაღიმებულმა შემკვეთმა, – ამერიკელი ხართ. დიახ, დიახ, სწორედ ამერიკაში არიან საუკეთესო შემსრულებლები.

– გისმენთ, – ვუთხარი მოლაყბე შემკვეთს, რომელსაც მოულოდნელად ყვავმა ცხვირზე დაასკინტლა და მან, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ქართულად თქვა:

– შენი დედაც...

მე ვითომ ვერ გავიგე, რომ მან არაინგლისური ფრაზა წარმოთქვა, მშვიდად ავიხედე ზევით, გუნებაში კი გავიფიქრე: „ისეთი ჰაბიტუსი აქვს, ვერ წარმოვიდგენდი, ქართველი თუ იყო, შევცდი, არც ისეთი მოლაყბე უნდა იყოს, როგორადაც თავი მომაჩვენა. საინტერესოა, რა უნდა. აბა, მოვუსმინოთ“, – გავიფიქრე შემკვეთს კი გავუმეორე:

– გისმენთ, მისტერ.

 – ოთხასი ათას დოლარს გადაგიხდით, თუკი აი, ამ კაცს მოიტაცებთ და მოგვიყვანთ, – მითხრა შემკვეთმა და ფერადი ფოტო დამიდო მუხლებზე.

სურათზე აღბეჭდილი სახე მეცნო, თუმცა, ვერ გავიხსენე, საიდან და შემკვეთს ვკითხე:

– მოქმედების დრო და ადგილი?

– რაც შეიძლება მალე, მაქსიმუმ – სამი კვირა; ადგილი კი – თბილისი.

– რა ბრძანეთ, ტბილისი? – „ძლივს“ წარმოვთქვი ჩემი მშობლიური ქალაქის სახელი. შემკვეთს გულიანად გაეცინა და მითხრა:

– დიახ, ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქია. საქართველო არ გაგიგიათ?

– დიახ, დიახ, საქართველო... კავკასიაშია, ხომ?

– კავკასიაშია.

– მე თანახმა ვარ, მაგრამ, თანხა წინასწარ და სრულად უნდა გადამიხადოთ.

– თანახმა ვარ. ფული ხვალ დილით დაჯდება თქვენს ანგარიშზე, ვიცით, რომ სერიოზული ადამიანი ბრძანდებით და გენდობით.

– ძალიან კარგი, რომ მენდობით. მოტაცებული სად უნდა მოვიყვანო?

– დანარჩენს თბილისში რომ შევხვდებით, მაშინ გეტყვით. კონსპირაციულ ბინას პირადად გიჩვენებთ და ობიექტის მისამართსაც გეტყვით. თქვენ მხოლოდ ის მითხარით, როდის შეძლებთ თბილისში ჩასვლას, რომ ქალაქი გაგაცნოთ, დაგაბინავოთ და დამატებითი ინფორმაცია გაგაცნოთ.

– დაბინავება და სხვა დანარჩენი ჩემი საქმეა. თქვენ მხოლოდ ინფორმაცია მითხარით და კონსპირაციული ბინა მაჩვენეთ. თბილისში სამ დღეში ვიქნები. დრო და შეხვედრის ადგილი?  – ვკითხე შემკვეთს.

– სამი დღის შემდეგ, ალექსანდრეს ზედა ბაღში, შადრევანთან, დღის პირველ საათზე მოვალ, შადრევანთან ვიდგები და ხელში რომელიმე ადგილობრივი ჟურნალი მეკავება.

– კარგი, შევთანხმდით. ნახვამდის, – შეხვედრამდე გამოვემშვიდობე შემკვეთს და ჯერ კონსპირაციულ ბინაში წავედი და გრიმი მოვიშორე, შემდეგ კი აეროპორტისკენ გავემართე და პრაღა-თბილისის თვითმფრინავში ჩავჯექი.

ბედის ირონიით, შემკვეთი ჩემ გვერდით  იჯდა. მან, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო, გამიღიმა და მკითხა:

– ქართველი ბრძანდებით?

– დიახ, – თავაზიანად მივუგე ჩემს მეზობელს. 

– ბოდიშს გიხდით, მაგრამ, ქართველი ნამდვილად არ მეგონეთ.

– ყველას ასე ეშლება. ზოგს ნორვეგიელი ვგონივარ, ზოგს  – შვედი, მე კი სულით ხორცამდე ქართველი ვარ. თქვენ პრაღაში ხომ არ მოღვაწეობთ?

– რას გულისხმობთ?

– ბიზნესმენი ხომ არ ბრძანდებით?

– არა.

– ბოდიშს გიხდით. ჩეხეთში ბევრი ქართველი ბიზნესმენობს და იმიტომ გკითხეთ.

– არა, არა. პრაღაში ჩემი ძმისშვილი ცხოვრობს – ჩეხი მეუღლე ჰყავს და მასთან ვიყავი სტუმრად.

– გასაგებია.

– თქვენ?

– მე აქ პატარა ბიზნესის დასაწყებად ვიყავი ჩამოსული და ნიადაგი მოვსინჯე.

– მერე? გამოდის რამე?

– მე მგონი, კი.

– ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

მე და ჩემი მეზობელი თბილისამდე თითქმის არც გამოვლაპარაკებივართ ერთმანეთს. თვითმფრინავი აეროპორტში რომ დაეშვა და საბაჟო კონტროლის გასავლელად გავემართეთ, მან მითხრა:

– თუ გნებავთ, სახლში მიგიყვანთ, მეგობრები უნდა დამხვდნენ და მანქანით იქნებიან.

 – არა, ნუ შეწუხდებით, ტაქსით წავალ, – ვუთხარი შემკვეთს, თუმცა, მაინტერესებდა, ვინ დახვდებოდა.

– რა შეწუხებაა, წამობრძანდით.

– კეთილი, თავს აღარ გამოვიდებ.

შემკვეთს 30-35 წლის სამი მამაკაცი დახვდა, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ „შავები“ იყვნენ და, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. მათ მე პლეხანოვზე, ჩემს ძველ სახლში მიმიყვანეს და წავიდნენ. სამი დღის შემდეგ კი გრიმი გავიკეთე და ალექსანდრეს ზემო ბაღისკენ გავემართე შეხვედრაზე. შემკვეთი შადრევანთან იდგა და ხელში ჟურნალი „თბილისელები“ ეჭირა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ერთ-ერთ სკამზე  მისი სამი „შავი“ მეგობარი შევნიშნე, რომლებიც მალულად გვითვალთვალებდნენ.

– გამარჯობა, – მივესალმე შემკვეთს, მან კი მომიგო:

– გაგიმარჯოთ, მისტერ. მოგწონთ აქაურობა?

– პროვინციაა, საინტერესო არაფერი უნდა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რომ აქ ჩამოსვლით ჩემი ბიუჯეტი გაიზარდა.

– ხომ დაგიჯდათ ფული ანგარიშზე?

– დიახ. ახლა კი გისმენთ.

შემკვეთმა ქაღალდის ფურცელი მომცა და მითხრა:

– აქ ობიექტის მისამართებია. ყველაზე ხშირად ის ამ ორ სახლში ათენებს ღამეს და ეს თქვენს ამოცანას გააადვილებს. ახლა კი კონსპირაციულ ბინაში წაგიყვანთ – იქ, სადაც ობიექტი უნდა მოიყვანოთ.

შემკვეთმა ნაძალადევის ერთ-ერთ კერძო სახლთან მიმიყვანა და მითხრა:

– აი, აქ უნდა მოიყვანოთ. გზის დამახსოვრება, ხომ არ გაგიჭირდებათ?

– არა, მოვაგნებ.

შემკვეთმა მობილური ტელეფონი მომცა და მითხრა:

– როცა საქმეს გააკეთებთ, ამ ტელეფონს ჩართავთ, აქ ჩაწერილ ერთადერთ ნომერზე დარეკავთ, მეტყვით, რომ სტუმრად მოსვლა გინდათ და დაასახელებთ დროს, შემდეგ კი ტელეფონს გათიშავთ და გადააგდებთ.

– კეთილი. შევთანხმდით.

– ახლა სად მიგიყვანოთ?

– არ არის საჭირო. მე თვითონ გავიგნებ გზას. წავედი, – ვუთხარი შემკვეთს და მისი მანქანიდან გადმოვედი. შემდეგ დაველოდე მის წასვლას. ბოლოს, ტაქსი გავაჩერე, ჩავჯექი და ვაგზლის მოედნამდე ვიმგზავრე. იქ კიდევ ერთი ტაქსი გამოვიცვალე და მხოლოდ მას მერე დავბრუნდი სახლში, როცა დავრწმუნდი, რომ არავინ მეჯდა კუდზე. შევედი თუ არა ბინაში, შემკვეთის მიერ მოცემულ ფურცელს ჩავხედე და გავოგნდი – იმ ორი მისამართიდან, სადაც ობიექტი ღამეს ათევდა, ერთ-ერთი ჩემი საცხოვრებელი კორპუსი იყო, თანაც, ჩემ ზემოთ.

„ეჰ, კოკი, კოკი, შტერდები და ეგაა, – გავიფიქრე გუნებაში, – აი, რატომ გეცნო პრაღაში ობიექტის ფიზიონომია. ის ხომ შენს სადარბაზოში გყავს ერთხელ ნანახი“.

ობიექტი, როგორც უკვე ვთქვი, ჩემ ზემოთ ცხოვრობდა. მე ის ერთადერთხელ ვნახე, როდესაც სახლში დავბრუნდი, მისმა მრავალრიცხოვანმა დაცვამ კი შესასვლელის ბლოკირება გააკეთა და სადარბაზოში არ შემიშვა.

– უკაცრავად, ბატონო, – მითხრა ერთ-ერთმა გოლიათმა მცველმა, რომელიც ორ მეტრზე მაღალი იყო, – ჯერ ვერ შეგიშვებთ, ჯერ ბატონმა მერაბმა უნდა გაიაროს.

ობიექტს მერაბი ერქვა. ის იმ დროს გამოჩნდა სადარბაზოში, როდესაც მისი მცველი გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდა და მას უბრძანა:

– ყარამან, გამოატარე, – შემდეგ გამიღიმა და მითხრა: – ბოდიშს გიხდით ჩემი ბიჭების მაგივრად. მობრძანდით ლიფტში.

მე და მერაბმა ერთად ვიმგზავრეთ ლიფტით და მაშინ გავიგე, რომ ჩემ ზემოთ ცხოვრობდა. მას მერე, მერაბს კიდევ ორჯერ მოვკარი  თვალი და ორჯერვე ჩემი სახლის ფანჯრიდან: ერთხელ – საღამოთი, ერთხელაც – დილით. ობიექტის საქმიანობით მაშინ არც დავინტერესებულვარ და ამის გაკეთება არც შეკვეთის მიღების მერე იყო სავალდებულო. თუმცა, ცნობისმოყვარეობამ დამძლია და გავარკვიე, რომ ობიექტი ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო კომპანიის მფლობელი იყო და დიდძალი ქონება ჰქონდა. გადავწყვიტე, უფრო ღრმად გავრკვეულიყავი სიტუაციაში. ამიტომ, ახალი გრიმი გავიკეთე, სადად ჩავიცვი და კომპანიაში მივედი მერაბის გარემოცვის დასაზვერად, რადგან, ერთმა ეჭვმა გამკრა და გადამოწმებას შევუდექი.

– ვინ გნებავთ, ბატონო? – მკითხა სრულიად ნორჩმა მდივანმა გოგონამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ სამოდელო სააგენტოს აღზრდილი იყო.

– ბატონი მერაბი, – მივუგე მდივანს.

– შეხვედრა გაქვთ?

– დიახ. უფრო სწორად, შეხვედრა მინდა, საქმე მაქვს მასთან.

– თუ წინასწარ შეთანხმებული არ ხართ, არ მიგიღებთ.

– შვილო, სერიოზული ეროვნული მნიშვნელობის პროექტი მაქვს და ინვესტიცია მჭირდება. ბატონი მერაბი პირადად უნდა ვნახო.

– მესმის, ბატონო, მაგრამ, ვერაფრით დაგეხმარებით, – ხელები გაასავსავა მდივანმა, მე კი „მეორე სიჩქარე“ ჩავრთე, რომ ხალხი შემეყარა და კოპებშეკრულმა ხმას ავუწიე:

– შენ რა გესმის ეროვნული საქმის, შე ცხვირმოუხოცავო. უზრდელო გოგო! როგორ ბედავ ასეთ საქციელს!

თავისი კოლეგა მდივნებისგან განსხვავებით, მერაბის მდივანი საკმაოდ მოკრძალებული გოგონა აღმოჩნდა და, იმის ნაცვლად, რომ უზრდელობის კორიანტელი გადმოეფრქვია ჩემზე, თავის სავარძელში ჩაჯდა და აქვითინდა. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ, შუა გზაზე ხომ არ შევჩერდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მდივანი გოგონა შემეცოდა, გიჟის როლის თამაში განვაგრძე და კიდევ უფრო ავღრიალდი:

– საინვესტიციო კომპანია ხართ თუ აფერისტების ტრესტი? მე დიადი ეროვნული პროექტით მოვედი, თქვენ კი პანღურებს მირტყამთ და შეურაცხყოფას მაყენებთ!

ცოტა ხანში კომპანიის პრეზიდენტის მისაღებში შვიდიოდე თანამშრომელი შეიკრიბა, რომლებიც ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ. მათ შორის მდივანიც, რომელიც უკვე აღარ ქვითინებდა, რადგან, გიჟად ჩამთვალა, შევეცოდე და მითხრა:

– დამშვიდდით, ბატონო. ბატონი მერაბი ქალაქგარეთაა გასული და მის თანაშემწეს შეგახვედრებთ.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3