კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააკავეს მოძალადე მამათმავალი და რით აშანტაჟებდა ის თავის მსხვერპლს

49 წლის ზურა ბ-შვილი სამართალდამცველებმა ჩადენილი დანაშაულიდან ორი კვირის შემდეგ დააკავეს. წარსულში მძიმე ბრალდებებით ორჯერ ნასამართლევ მამაკაცს მესამე სასჯელიც სისხლის სამართლის კოდექსის მძიმე მუხლით დაემატა – სექსუალური ძალადობისთვის 18 წლის ბიჭთან, რომელიც გონებრივად ჩამორჩენილი იყო, სასამართლომ  ზურა ბ-შვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ზურა ბ-შვილი წარსულში ყაჩაღობისა და   გაუპატიურებისთვის იყო ნასამართლევი –  30 წლის ასაკში ის გაუპატიურების  ფაქტზე დააკავეს,  მისი მსხვერპლი მისივე შორეული ნათესავი ქალი აღმოჩნდა, რომელიც მას ახლოს არ იცნობდა. გამოძიების დროს ზურა ბ-შვილმა განაცხადა, რომ ქალზე შეყვარებული იყო და, ვინაიდან ცოლად გაყოლაზე არ თანხმდებოდა, მასზე შურისძიება ამ ფორმით გადაწყვიტა. გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალი გამოძიებასთან  აცხადებდა, რომ ზურა ბ-შვილი სექსუალური მოძალადე და მანიაკალური მიდრეკილებების მამაკაცი იყო. ეს თვისებები ზურა ბ-შვილმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც ვერ მოიშორა. სოფელი, სადაც ის მარტოხელა დედასთან ერთად ცხოვრობდა,  მასთან ურთიერთობას  ერიდებოდა.  მოძალადე მამაკაცი ბოღმას სასმელში იქარვებდა, ის ხშირად თვრებოდა და თანასოფლელთაგან მათ, ვინც განსაკუთრებით ჰყავდა ამოთვალწუნებული, ცხოვრებას უწამლავდა. მოკლედ, ზურა ბ-შვილი სოფელს მოუშორებელ ჭირად ექცა, თუმცა, დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, ისე ოსტატურად შენიღბა და ისე აურ-დაურია ძიებას კვალი, რომ მისი  რეპუტაციის მიუხედავად, ის  ეჭვმიტანილთა სიაში არ მოხვედრილა  და მისი  დაკავებაც  მხოლოდ ორკვირიანი ძებნის შემდეგ შეძლეს. 

დანაშაული,  რომელიც ზურა ბ-შვილმა საკუთარ  სოფელში  ჩაიდინა, ადგილობრივ მცხოვრებთა შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ბიძინა ჭ-ძის მრავალშვილიანი ოჯახი ზურა ბ-შვილის სახლიდან მოშორებით, სოფლის განაპირას ცხოვრობდა. ბიძინა და ზურა ერთმანეთს  ახლოს არ იცნობდნენ, შესაბამისად, ზურა  ბ-შვილი, რომელიც ციხიდან რამდენიმე თვის გამოსული იყო, არ იცნობდა ამ ოჯახის არც ერთ ბავშვს, რომელთაგან უფროსი, 18 წლის კახა ჭ-ძე, გონებრივად ჩამორჩენილი ახალგაზრდა იყო.  ზურა ბ-შვილმა ის რამდენჯერმე ნახა სოფლის ბირჟაზე, ფიზიკურად მოხდენილი ბიჭი მოეწონა და მისი ვინაობით დაინტერესდა. ამის შემდეგ მათი პირველი შეხვედრა  სოფლის დანგრეულ ავტოსადგომზე შედგა: ზურა ბ-შვილი ბიჭს გამოეცნაურა და შესთავაზა, ვიმეგობროთო. კახა ჭ-ძე მამაკაცის დაინტერესების მიზეზს ვერ მიხვდა, ზურა ბ-შვილმა კი უთხრა – ვიცი, რომ სოფლის ტექნიკა გაინტერესებს,  ჩემს ნაკვეთში წაგიყვან და  ტრაქტორებს გაჩვენებო. ასე დაუმეგობრდა სოფელში ცნობილი მოძალადე კახა ჭ-ძეს, თუმცა  მას ისე მალულად ხვდებოდა, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამ ამბავს კახა ჭ-ძეც  მალავდა ოჯახის წევრებთან. მართალია, ოჯახი ხვდებოდა, რომ ის  უცნაურად იყო შეცვლილი, თუმცა, ამ ცვლილების მიზეზს სახლში  მანამდე ვერავინ მიხვდა, სანამ ოჯახის წევრებმა მას თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე არ წაასწრეს. მოგვიანებით კახა ჭ-ძის  დედამ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა: „ჩემი შვილი კახა, ბავშვობიდან გონებაჩამორჩენილია, თუმცა, სამედიცინო დიაგნოზით,  დაავადება მკვეთრად გამოხატული არ აქვს და  არც ქმედუუნარო ყოფილა როდისმე. პირიქით, ფიზიკურად ისეთი ძლიერი ბიჭია, მთელი ოჯახის  ფიზიკური საქმე  მის ზურგზე გადადის და მამამისსაც ეხმარება. ბოლო პერიოდში კახა ძალიან შეიცვალა – ის საათობით იკარგებოდა სახლიდან და, როცა ვეკითხებოდი, სად იყო, გაურკვეველ პასუხს მცემდა. იმ დღეს, როდესაც თვითმკვლელობა სცადა, სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. სახლის უკან ფარდული გვაქვს, საიდანაც უცნაური  ხმა  შემომესმა.  გავედი და დავინახე, რომ კახას ფარდულის ბოძზე თოკი ჰქონდა ჩამოკიდებული და თავს იხრჩობდა. საკუთარი ხელით ჩამოვხსენი შვილი თოკიდან, სულ აკანკალებული იყო. მალე ჩემი მეუღლეც მოვიდა სახლში და ეს ამბავი რომ გაიგო,  გადაირია. ვკითხეთ ბავშვს, რა იყო თვითმკვლელობის მიზეზი. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვტეხეთ, რომ მასთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცს, რომელსაც არ იცნობდა.  როგორც თვითონ მოგვიყვა, პირველად მასთან  კავშირი ძალადობით დაამყარა, მერე კი აშანტაჟებდა. ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემმა მეუღლემ,  შეგვეტყობინებინა თუ არა ეს ამბავი პოლიციისთვის,  ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ხელის დაფარება კარგს არაფერს მოგვიტანდა და  დამნაშავე  აუცილებლად უნდა დასჯილიყო.”

პოლიციამ  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის  სამართლის საქმე აღძრა და დაიწყო გამოძიება. დაიკითხა დაზარალებული კახა ჭ-ძე, რომელმაც გამოძიებასთანაც დაადასტურა სექსუალური ძალადობის ფაქტი. მისი მონათხრობის მიხედვით, მამაკაცი მასთან სქესობრივ კავშირს ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეგულარულად ამყარებდა. ისინი შეხვედრის ადგილს წინასწარ გეგმავდნენ, სადაც ის მოძალადის შიშისა და შანტაჟის გამო მიდიოდა. 

 ამონაწერი კახა ჭ-ძის ჩვენებიდან: „პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, მთვრალი იყო, ნაკვეთში წამიყვანა და ჩემთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი. იმ დღესვე დამემუქრა: თუ ამის შესახებ ვინმეს ეტყვი, ცოცხალს არ დაგტოვებო. ძალიან შემეშინდა მისი, ამიტომაც, მის ყოველ  დაძახილზე მასთან შესახვედრად გავრბოდი.  ძირითადად სოფლის ნაკვეთებში   ვხვდებოდით ერთმანეთს, ორჯერ რაიონულ ცენტრშიც წამიყვანა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ შეხვედრაზე უარი მეთქვა და ასეც მოვიქეცი, ის კი  ფიზიკურად გამისწორდა – მცემა და დამემუქრა: თუ არ შემხვდები,  ყელს გამოგჭრიო.”                  

სამართალდამცველებმა  სექსუალური მოძალადის იმ ფიზიკური მონაცემების მიხედვით  დაიწყეს ძებნა, როგორც მათ დაზარალებულმა ახალგაზრდამ აღწერა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კახა ჭ-ძეს  მოძალადის ვინაობა სცოდნია და ეს განგებ დამალა, რადგან მისგან ძალიან იყო დაშინებული. სამართალდამცველებისა და ჭ-ძეების ოჯახის  მრავალი მცდელობის მიუხედავად, კახა ჭ-ძე მოძალადის  ვინაობას არ ამხელდა. ის თავის თავში ჩაიკეტა, გარეთ საერთოდ აღარ გადიოდა.  ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ კი, კახა ჭ-ძე სახლიდან  გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები მას  კვალში  ჩაუდგნენ. დაზარალებულმა, ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა, თავისი ფეხით მიიყვანა სამართალდამცველები  ზურა ბ-შვილთან, რომელიც მას დათქმულ ადგილას ელოდა. დამნაშავე მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და შეხვედრის ადგილიდან გაუჩინარდა, რამდენიმე დღით მან სოფელიც კი დატოვა კვალის არევის მიზნით,  თუმცა გამოძიებას  უკვე ბევრი მტკიცებულება ჰქონდა მის წინააღმდეგ. მოგვიანებით მის წინააღმდეგ ჩვენება  დაზარალებულმა კახა ჭ-ძემაც მისცა. სამართალდამცველებმა ზურა ბ-შვილი ნათესავის ბინაში დააკავეს, რომელიც თავიდან კატეგორიულად უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს და ამბობდა, რომ კახა ჭ-ძე თვალით არ ჰყავდა ნანახი, თუმცა, ბოლოს იძულებული გახდა, ჩადენილი მძიმე დანაშაული  ეღიარებინა, რაც  ციხის პერიოდში მასზე დატოვებული ძალადობის კვალითა და სექსუალური პრობლემებით ახსნა. თუმცა, ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ის არათუ სექსუალური გადახრების მქონე პაციენტი, არამედ ჩვეულებრივი სექსუალური მოძალადე იყო.  

ამონაწერი დაკავებულის ჩვენებიდან: „მას შემდეგ, რაც მეორე სასჯელი მოვიხადე, სოფელში არავინ აღარ მეკარებოდა. ვიცოდი, ათას მეტსახელს მეძახდნენ და ყველა ზიზღით მიყურებდა. ერთხანს სოფლიდან სადმე გადახვეწასაც  ვაპირებდი, მაგრამ, წასასვლელი არსად მქონდა. როცა კახა პირველად დავინახე, მომეწონა. გავიგე, რომ   ავადმყოფი იყო, ვიფიქრე, თუ მასთან კავშირს დავამყარებდი, მუდმივად მეყოლებოდა პარტნიორი.  ერთ დღეს ნათესავის გასვენებაში ვიყავი და ძალიან ბევრი დავლიე. სოფლის ბირჟაზე კიდევ დავამატე სასმელი. მანქანით სახლისკენ მივდიოდი, როცა დანგრეულ ავტოსადგომთან კახა დავინახე, – მანქანა გავუჩერე და გამოველაპარაკე. მერე ვუთხარი, დაჯექი მანქანაში, ჩემს ტრაქტორებს გაჩვენებ-მეთქი. კახა მანქანაში ჩამიჯდა, სოფლის ბოლოში ჩავიყვანე და გავაუპატიურე. ამის შემდეგ რეგულარულად ვაიძულებდი შეხვედრას და თან ვემუქრებოდი, არავისთვის არაფერი ეთქვა.  ისიც იძულებული  იყო, შემხვედროდა და მეც, ხან ძალადობით, ხან კი შანტაჟით მასთან კავშირს  ვამყარებდი”.  

სასამართლოზე  ზურა ბ-შვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და გამოტანილ სასჯელსაც მშვიდად შეხვდა. მოძალადე მამათმავალს პირველი განაჩენი სოფელმა გამოუტანა, თუმცა, ამ მძიმე ვერდიქტს  გადაურჩა – ლინჩის წესით ჩაქოლვისგან  ის პოლიციამ   იხსნა. 

скачать dle 11.3