კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გონგაძე-გონგლაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელის – გონას კნინობითი ფორმა გონგა.

1731 წლის ხარჯის გამღებთა ნუსხაში, ნაბახტევში მოიხსენიება ვინმე გონგაძე.

1843 წელს სოფელ ფარცხისში მოიხსენიებიან გონგაძეები.

ამავე ძირისაა გვარი გონგლაძე.

საქართველოში 436 გონგაძე ცხოვრობს: თბილისში – 192, წყალტუბოში – 75, თეთრი წყაროში – 72. არიან სხვაგანაც.

618 – გონგლაძე.

გუგულაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გუგულა.

„სოფელ ჩხიკვთაში მცხოვრები ვასილ გუგულაშვილი ნათლავს ქალიშვილს – ნინას. მიმრქმელი არის თანასოფლელი, იოსებ დავითაშვილი“.

საქართველოში 580 გუგულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 213, კასპში – 137, გურჯაანში – 98. არიან სხვაგანაც.

გოგბერაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგიბერი.

ანალოგიურად ნაწარმოები გვარებია: გოგიბერაშვილი, გოგობერიშვილი.

მოსე გოგბერაშვილი 1843 წელს მოიხსენიება სოფელ თონეთში. 

საქართველოში 900 გოგბერაშვილი ცხოვრობს: თერჯოლაში – 329, ზესტაფონში – 236, თბილისში – 114. არიან სხვაგანაც.

რუაძე

გვარის ფუძე უნდა იყო ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა. მათი მიწათმოქმედი წინაპრები მიწების გაწყლოვანებას ხელოვნური მეთოდებით ცდილობდნენ – უნდოდათ, წყლის არხები გაეყვანათ. როგორც ჩანს, ისინი ამ საქმეში დახელოვნებულები იყვნენ.

ქართულ განმარტებით ლექსიკონში რუ ასეა ახსნილი: „სარწყავად გაყვანილი პატარა არხი, ასეთ არხში მიმდინარე წყალი“. ლოგიკურად, რუაძეების გვარი სწორედ ამ ხელობის მიხედვით მიუღიათ.

ერთ-ერთი მოსაზრებით, თითქოს რუა იყო საკუთარი სახელი და სწორედ მან დაუდო სათავე რუაძეთა გვარს.

ისტორიულ წყაროებში გვხვდება საკუთარი სახელები: რუამა, რუამ, რუმა, მაგრამ, არც ერთი მათგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ასე მარტივად გადაწყდეს გვარის ეტიმოლოგიის საკითხი.

საქართველოში 770 რუაძე ცხოვრობს: გურჯაანში – 611, თბილისში – 84, რუსთავში – 34. არიან სხვაგანაც.

ოქრიაშვილი

ისტორიული წყარო მიგვანიშნებს, რომ გვარის ფუძემდებელს სახელად ოქრია ერქვა. ოქრია მამაკაცის საკუთარი სახელია და ოდითგანვე ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში.

სახელი ოქრია და გვარი ოქრიაშვილი ერთსა და იმავე რეგიონში გვხვდება, კერძოდ, ქვემო ქართლში.

ოქრი ერტისში მცხოვრებ აზნაურად არის მოხსენიებული ფეოდალ ბარათაშვილების გაყრის საბუთში.

თაყა ბარათაშვილის მიერ თამაზა ალავერდაშვილისადმი მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება იასე ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილთა გვარში მოხსენიებული თაყაიშვილების გვარი გაჩნდა თაყა ბარათაშვილისგან, ალავერდაშვილი კი – ქვემო ქართლის მებატონის, მემამულე ალავერდა იაგულაშვილისგან.

საქართველოში 678 ოქრიაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 248, თბილისში – 234, ბოლნისში – 123. არიან სხვაგანაც.

ნეგულაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნეგულა. 

1705 წელს ნინუა და ხოსია ნეგულაშვილები მოხსენიებულნი არიან დავით და აბაშ აბაშიშვილების მსახურებად.

საქართველოში 89 ნეგულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 46, თეთრი წყაროში – 26, გარდაბანში – 17.

მონადირიშვილი-მონადირეშვილი

გვარის ფუძეა საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა მონადირე.

მონადირეები მონადირეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ. მათ ევალებოდათ სამონადირეო ძაღლების გამოკვება და, შესაბამისად, გაწვრთნაც.

ამავე ძირისაა გვარი მონადირეშვილი.

საქართველოში 23 მონადირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, რუსთავში – 3, თეთრი წყაროში – 2. 

63 – მონადირეშვილი.

კოლაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოლა. ის ნიკოლოზის კნინობითი ფორმაა.

1885 წელს გოლთეთელმა ალექსი კოლაშვილმა დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი – გიორგი.

საქართველოში 69 კოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 38, გარდაბანში – 13, თელავში – 7. არიან სხვაგანაც.

პატარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პატარა.

ეს სახელი 1202 წელს თამარ მეფის სიგელშია მოხსენიებული.

ამავე ძირისაა გვარები: პატარავა, პატარაია, პატარაძე, პატარიძე.

1873 წლის აღწერაში, სოფელ ენაგეთში მოიხსენიება პაშა პატარაშვილი.

საქართველოში 263 პატარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 74, თბილისში – 68, თელავში – 37. არიან სხვაგანაც. 

თათრიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თათრა, თათარა.

თათარა მომდინარეობს სხვა ტომის, თათრის სახელწოდებიდან.

ამგვარად ნაწარმოები გვარებია: არაბიძე, ოსაძე, ჩერქეზია.

გადმოცემის მიხედვით, თათარაშვილების ადრინდელი გვარი ქავთარაძე იყო. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაცებიათ. დიდი ხნის შემდეგ მას ტყვეობიდან დაუღწევია თავი და მცხეთაში დასახლებულა. ამის გამო მის შთამომავლებს გვარად თათრიშვილი, მოგვიანებით კი თათარაშვილი მიუღიათ. ისინი სოფელ დიდ დაღეთში ცხოვრობდნენ.

კუმისიდან დიდ ენაგეთში საცხოვრებლად გადასულა მიხეილ ჯაშიაშვილის სიძე, პაშა თათარაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: თათარაძე, თათარაიძე.

საქართველოში 858 თათრიშვილი ცხოვრობს.

1 537 – თათარაშვილი. 

200 – თათარიშვილი.

მორთულაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მორთულა.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით, დასავლეთ საქართველოდან გადმოსული მორთულაძეები გვარად მორთულაძეშვილები გახდნენ.

1823 წელს ვაშლოვანში მოიხსენიება აზნაური მორთულაძეშვილი ოჯახითურთ.

საქართველოში 395 მორთულაძე ცხოვრობს: ბათუმში – 71, ქედაში – 52, ქობულეთში – 13. არიან სხვაგანაც.

ტუხაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტუხა, ტუხია.

1636 წელს მოიხსენიება პაპუნა ტუხაშვილი.

1676 წლის ყმის ნასყიდობის წიგნში, რომელიც დურმიშხან ფილავან-ხოსროშვილს პაპუნა გოსტაშაბიშვილისთვის მიუცია, მოხსენიებულია სიყმია ტუხაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ტუხაშვილი, ტუხიშვილი, ტუხიაშვილი.

საქართველოში 1 095 ტუხაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 405, თბილისში – 260, დედოფლისწყაროში – 116. არიან სხვაგანაც. 

123 – ტუხიაშვილი. 

44 – ტუხიშვილი.

ქავთარაშვილი-ქავთარიშვილი-ქავთარაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქავთარა. ქავთარ სპარსული სიტყვაა და მტრედს ნიშნავს.

ამავე ძირისაა გვარი ქავთარაძე.

ქავთარაშვილების ერთი შტო ბარათაშვილებიდან მომდინარეობს.

1721 წლის აღწერით, მარიამ ქავთარაშვილს ნაქურდევში ჰყოლია ყმა.

საქართველოში 600 ქავთარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 478, ყაზბეგში – 50, თბილისში – 32. არიან სხვაგანაც. 

60 – ქავთარიშვილი.

ჯანიკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანიკა. 

ჯანიკაშვილები, როგორც გოსტაშაბიშვილების ყმები, 1661 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში არიან მოხსენიებულნი.

საქართველოში 396 ჯანიკაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 162, თბილისში – 117, რუსთავში – 48. არიან სხვაგანაც.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3