კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-17(643) 

 

ნანამ ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი და ნიკას დააკვირდა. მას თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად, უშფოთველად ეძინა. ნანამ უხმაუროდ გაიხურა კარი, რამდენიმე წუთში კი ისევ დაბრუნდა ოთახში, საწოლის გვერდით, ტუმბოზე, ფინჯანი ყავა დადგა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ყავის სურნელმა მალე შეუღიტინა ნიკას ყნოსვას, ან, ჯერ ისევ მძინარემ ნანას მზერა იგრძნო. ასე იყო თუ ისე, მან თვალები გაახილა. ჯერ ნანას გახედა და შემდეგ ორთქლადენილ ფინჯანზე გადაიტანა მზერა.

– დილა მშვიდობისა, – მიესალმა ნანა.

– დილა მშვიდობისა... როგორ მიხვდი, რომ ფინჯანი ყავით ვიწყებ დღეს? – თქვა ნიკამ.

– ეს არც ისე რთული იყო, – გაუღიმა ნანამ, – რით უნდა ისაუზმოს ადამიანმა, რომელსაც სამზარეულოში ცარიელი მაცივარი უდგას, კარადაში კი მხოლოდ ყავას ინახავს?

– გამომძიებელივით მსჯელობ. თუ ასე კარგად ერკვევი დედუქციაში, მე რისთვის გჭირდები, იქნებ, შენ თვითონ გამოგეძიებინა ეს საქმე? – ჩაიცინა ნიკამ.

– არა, – თავი გაიქნია ნანამ, –  როგორც არ უნდა იყოს, მე მაინც მოყვარულად ვრჩები, გამოძიება ნამდვილი პროფესიონალის საქმეა.

– აღიარებისთვის მადლობას გიხდი.

– ყავა დალიე, თორემ, გაცივდება, – უპასუხა ნანამ.

ნიკა წამოიწია, რომ ფინჯანს მისწვდომოდა. ამოძრავებისას წინა საღამოს მიღებულმა ტრავმამ შეახსენა თავი, მკერდში ყრუ ტკივილმა დაურბინა და მდორედ მოედო მთელ სხეულს. ნიკამ თავი მიანება ფინჯანს და ფრთხილად დაეშვა ბალიშზე.

– რა მოგივიდა? – ნანას არ გამოჰპარვია მისი შეჭმუხნული შუბლი.

– მკერდი მტკივა და სუნთქვა მეკვრის.

– რატომ?

– გუშინ ცხენიდან ჩამოვვარდი, – უპასუხა ნიკამ.

ნანა ადგა, საწოლს მიუახლოვდა და საბანი ფრთხილად გადასწია გვერდზე. ნიკას მკერდზე მოზრდილი სისხლჩაქცევის ლაქა გამოჩნდა, რომელიც გვერდამდე ჩასდევდა.

– ღმერთო... ეს რა საშინელებაა! – უნებლიეთ აღმოხდა ნანას.

– საშიში არაფერია. ექიმმა მითხრა, რომ მხოლოდ დაჟეჟილობაა, – ნიკამ მკერდზე გადაიფარა საბანი.

– გუშინ ეს იგულისხმე, მძიმე დღე მქონდაო?

– ჰო.

– და, ამიტომაც გამოიყურებოდი დაღლილი?

– რა თქმა უნდა.

– მე კი მეგონა, რომ ნასვამი იყავი, – ყრუდ ჩაილაპარაკა ნანამ, – და ამიტომაც არ მინდოდა, გამოგყოლოდი.

– მგონი, ექიმთან წასვლა მომიწევს, – მკერდზე მოისვა ხელი ნიკამ.

– ახლა არ თქვი, ექიმთან ვიყავიო? – გაუკვირდა ნანას.

– ის იპოდრომის ექიმი იყო და მხოლოდ პირველი დახმარება გამიწია. მან მირჩია, თავის დასაზღვევად რენტგენი გაიკეთეო.

– მეც გამოგყვები, – სწრაფად თქვა ნანამ.

– იქნებ, აქ... – წამოიწყო ნიკამ, მაგრამ, სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო – სწორედ ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა.

ნიკა ტელეფონს გადასწვდა. ეკრანზე დოდოს ნომერი ციმციმებდა.

– გისმენ...

– ხომ არ გაგაღვიძე? – ჰკითხა დოდომ.

– არა... არ მეძინა, – უპასუხა ნიკამ.

– ღამით ძლივს შევიკავე თავი. გამიჭირდა, მაგრამ, მაინც არ დაგირეკე, მინდოდა, დაგესვენა. გუშინდელისთვის ბოდიში უნდა მოგიხადო, – განაგრძო დოდომ.

– ბოდიში? – გაუკვირდა ნიკას, – რისთვის?

– ავღელდი და, ალბათ, გაწყენინე. მაგრამ, შენც უნდა გამიგო – მართლა ძალიან მინდოდა, რომ ჩემთან დარჩენილიყავი, – თქვა დოდომ.

– მოდი, დავივიწყოთ ის დღე. ჩავთვალოთ, რომ არაფერი მომხდარა.

– დავივიწყოთ... – დაეთანხმა დოდო, – ახლა როგორ ხარ, გიშველა თბილმა აბაზანამ?

– ვერა... მკერდი ისევ მტკივა და სუნთქვაც მიჭირს. ექიმთან ვაპირებ წასვლას.

– დამელოდე, ნახევარ საათში შენთან ვიქნები და ექიმთან გამოგყვები, – სწრაფად თქვა დოდომ.

– არ გინდა.

– არა, არა, აუცილებლად მოვალ, – გაიმეორა დოდომ.

– დოდო, მე მარტო არ ვარ.

– ვინ არის შენთან?

– ნანა...

– ის ქალი, ვის გამოც მიმატოვე გუშინ? – ხმა გაებზარა დოდოს.

– ჰო, – უპასუხა ნიკამ.

– ის ღამით შენთან იყო?

– ასე იყო საჭირო.

– იცი, რას გეტყვი? იქნებ, კარგად დაფიქრდე და გადაწყვიტო, ვისთან გსურს ყოფნა? გთხოვ, ნუ დაამსგავსებ ჩვენს ურთიერთობას მექსიკურ სერიალს! – უკმაყოფილოდ თქვა დოდომ.

– ეგ რა შუაშია? – იწყინა ნიკამ. 

– რა შუაშია?! – გაიკვირვა დოდომ, – შენ თვითონ მითხარი: რა უნდა ვიფიქრო მამაკაცზე, რომელმაც გუშინ მარტო დამტოვა, რომ სხვა ქალთან გაეტარებინა ღამე?! ოღონდ, ჰოლივუდური ფრაზით ნუ მიპასუხებ: „ეს ის არ არის, რაზეც შენ ფიქრობ, ძვირფასო!“

– სწორედ მაგის თქმას ვაპირებდი.

– ასეთ განმარტებას ვერ მივიღებ, რამე უკეთესის მოფიქრება მოგიწევს... მაპატიე, ალბათ, არ ხარ ასეთი საუბრის ხასიათზე, – სწრაფად თქვა დოდომ და ტელეფონი გათიშა.

ნიკამ უკმაყოფილოდ მიაგდო ტუმბოზე მობილური და საფეთქლები მოისრისა.

ნანა, რომელსაც დოდოს ყოველი სიტყვა ესმოდა, მცირე ხანი თავდახრილი იჯდა, შემდეგ ადგა და კარისკენ წავიდა.

– ნანა!.. – სწრაფად დაადევნა ნიკამ.

ქალი შემობრუნდა.

– სად მიდიხარ?

– აქ მოსვლით დიდი შეცდომა დავუშვი, – ყრუდ ჩაილაპარაკა ნანამ, – საქმე საქმეა, მაგრამ შენ შენი ცხოვრება გაქვს, მე – ჩემი. არ მინდა, ჩემ გამო რამე უხერხულობა შეგექმნას.

– შენ სწორად ვერ გაიგე, – აჩქარდა ნიკა.

– რა ვერ გავიგე სწორად?

– შენი აქ ყოფნა არანაირ უხერხულობას არ მიქმნის.

– მაშ ეს რა იყო? – მობილურზე მიანიშნა ნანამ.

– დოდო... მოკლედ, გუშინ შენთან რომ მოვსულიყავი, მისი მარტო დატოვება მომიხდა, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ნიკამ.

– ეს აღარ განმეორდება. მე უკვე ველაპარაკე ჩემს ერთ-ერთ მეგობარს, დღესვე მასთან გადავალ საცხოვრებლად.

– ჩემი თან წაყვანა მოგიწევს. მაგრამ, მოდი, ამაზე ექიმისგან რომ დავბრუნდებით, მერე ვილაპარაკოთ.

– დავბრუნდებით? – გამომცდელად შეხედა ნანამ, – წეღან მომეჩვენა, რომ სახლში დატოვებას მიპირებდი.

– წეღან მართლაც ასე ვფიქრობდი, მაგრამ, ახლა აღარ დაგტოვებ, – უპასუხა ნიკამ.

– რატომ?.. რა შეიცვალა ამ რამდენიმე წუთში?

– მეშინია, რომ უკან დაბრუნებულს აქ აღარ დამხვდები.

ნანა შეკრთა. ნიკამ სწორედ ის უთხრა, რაზეც იმ წუთებში ფიქრობდა.

– მართალი ვარ თუ არა?

– მართალი ხარ, აქ აღარ დაგხვდებოდი, – გულწრფელად უპასუხა ნანამ.

– ასეთი გულგრილი არ მეგონე, – ჩაილაპარაკა ნიკამ.

– გულგრილი? – გაუკვირდა ნანას, – რატომ?

– გულგრილობად არ გეჩვენება ჩემი ასეთ მდგომარეობაში მიტოვება?

– კარგი, გამოგყვები ექიმთან, – ღიმილით თქვა ნანამ და ოთახიდან გავიდა, რათა ნიკასთვის ჩაცმის საშუალება მიეცა.

* * *

ზურაბისთვის დღე უსიამოვნო საუბრით დაიწყო. ის უკვე თათბირისთვის ემზადებოდა, როდესაც სამმართველოს უფროსმა თავისთან გამოიძახა და შეწყვეტილ გამოძიებაზე ჩამოუგდო სიტყვა.

– სირაძისა და ნინუას საქმეებს გულისხმობ? – ჰკითხა ზურაბმა.

– რა, ამ ბოლო ხანებში სხვა საქმის ძიებაც შევწყვიტეთ?! – გაღიზიანდა სამმართველოს უფროსი.

– მაინც, რა გაინტერესებს? 

– არაფერი, ჩემთვის ყველა საკითხი გარკვეულია, მაგრამ, როგორც ვხედავ, შენ გაინტერესებს რაღაც, – უკმაყოფილოდ განაგრძო სამმართველოს უფროსმა. 

– ვერაფერს ვხვდები, – გაოცებით თქვა ზურაბმა.

– ჩემთვის ცნობილია, რომ ნანა სირაძე უკმაყოფილო დარჩა გამოძიების შედეგებით და კერძო დეტექტივი დაიქირავა. რა თქმა უნდა, ეს კანონმდებლობით არ არის აკრძალული. ქალბატონ სირაძეს სრული უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ მოაგვაროს მისთვის საჭირბოროტო საკითხები, მაგრამ, მე არ დავუშვებ ამ საქმეში ჩემი თანამშრომლების უშუალო მონაწილეობას! – მკაცრად თქვა სამმართველოს უფროსმა.

– ისევ ვერაფერს ვხვდები. ვინ მონაწილეობს ჩვენი თანამშრომლებიდან ამ საქმის გამოძიებაში?

– შენ!

– მე?!

– თუ ძმა ხარ, ზურაბ. არ დამიწყო ლაი- ლაი. მე ზუსტად ვიცი, რომ სირაძის კერძო დეტექტივს, ნიკა გურულს, შენ ეხმარები გამოძიებაში. უფრო სწორად, კი არ ეხმარები, ის უშუალოდ შენს მითითებებსა და რეკომენდაციებს ასრულებს. ამ საქმეში ჩართულია კრიმინალისტების ხელმძღვანელი გურამ ბრეგვაძეც. არ დაგიმალავ, მართლაც გაოცებული ვარ შენი და გურამის უპასუხისმგებლობით. რა გაქვთ საერთო გურულთან – პიროვნებასთან, რომელიც თანამდებობასთან შეუთავსებლობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან? ის ხომ წმინდა წყლის ავანტიურისტია!

– ნიკა მართლაც იყო ჩემთან მოსული. მას, როგორც დეტექტივს, საქმის გარკვეული დეტალები აინტერესებდა, – უპასუხა ზურაბმა, – გარდა ამისა, ის ჩემი აღზრდილია, ჩემი რჩევით დაიწყო მუშაობა საგამოძიებო სამსახურში და მე ნებისმიერ შემთხვევაში დავეხმარები.

– სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ არ დავუშვებ ჩემი თანამშრომლების ამ საქმეში მონაწილეობას-მეთქი! – ხმას აუწია სამმართველოს უფროსმა. მე გავეცანი საქმის მასალებს. არ ვიცი, რა მოტივებით ხელმძღვანელობს ქალბატონი სირაძე, მაგრამ, პირადად ჩემთვის, საქმესთან მიმართებაში ყველა საკითხი გარკვეულია. მე მთლიანად ვეთანხმები პროკურატურის პოზიციას და მიმაჩნია, რომ ძიების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს. რაც შეგეხება შენ, იმისთვის არ დაგნიშნეს თანამდებობაზე, რომ ეჭვებით შეპყრობილი ქალის ხუშტურები დააკმაყოფილო. მას შეუძლია, თუნდაც საქართველოს ყველა კერძო დეტექტივი დაიქირავოს – ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ, შენ ამ საქმეში არანაირი ფორმით აღარ მიიღებ მონაწილეობას. პირდაპირ გეტყვი, ზურაბ – ეს ბოლო გაფრთხილებაა. გურულთან ურთიერთობის გაგრძელებას თუ აპირებ, გირჩევნია, შენით დაწერო განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე... გასაგებად გითხარი ყველაფერი?

– არ მეგონა, რუხაძეს ასეთი გავლენა თუ ჰქონდა, – მშვიდად ჩაილაპარაკა ზურაბმა.

– რა შუაშია რუხაძე? –  მოიღრუბლა სამმართველოს უფროსი.

– შენ რა, იმის თქმა გინდა, რომ თავად გეწვია ასეთი ორიგინალური იდეა? – დამცინავად ჰკითხა ზურაბმა.

– მე მგონი, დაგავიწყდა ვის კაბინეტში იმყოფები!

– მაშინ, ერთ კითხვაზე მიპასუხე: როგორ მოიქცევი იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გურული ისეთ მონაცემებს წარმოადგენს, რომლებიც პირდაპირ დააყენებს ძიების განახლების საკითხს? – ჰკითხა ზურაბმა.

– რა მონაცემებზეა საუბარი? – სწრაფად ჰკითხა სამმართველოს უფროსმა.

– არ ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა აქ ხელცარიელი არ მოვა.

– რა ქარაგმებით მელაპარაკები, – გაღიზიანდა სამმართველოს უფროსი, – შენ კარგად იცი, რომ საქმის ძიების განახლების საკითხი პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს.

– ვიცი, მაგრამ, პროკურატურა გადაწყვეტილებას შენი აზრის გათვალისწინებით მიიღებს!

– მოდი, ნუ გადავასწრებთ მოვლენებს. თუ გურული მართლაც საინტერესო მონაცემებს მოიპოვებს, მე თავად მივმართავ პროკურატურას ძიების განახლების მოთხოვნით. მაგრამ, მეეჭვება, რომ ეს მოხდეს. რუხაძემ შესანიშნავი შეფასება მისცა შენი და გურულის მოსაზრებებს იდუმალი სუპერმკვლელის არსებობის შესახებ: ეს მკვდარი ვერსიაა, ზურაბ. თავიდან ამოიგდე ამაზე ფიქრი და საქმეს მიხედე. შევთანხმდით?

ზურაბი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ ცივად მოუჭრა:

– ვერა!..  ვისარგებლებ შენი განმარტებით და იმავე სახით გიპასუხებ: მე რუხაძის ხუშტურების აღსასრულებლად არ დავუნიშნივარ თანამდებობაზე. ჩემი საქმე მკვლელის საბრალდებო სკამზე დასმაა. აქედან გამომდინარე, არც ამ საქმეს შევეშვები, არც გურულთან ურთიერთობას შევწყვეტ და, იმის იმედიც ნუ გექნება, რომ მე თვითონ დავწერ განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ. შეგიძლია, შენი ბრძანებით დამითხოვო, მაგრამ, მანამდე კარგად დაფიქრდი, რას მიუთითებ მიზეზად!

* * *

თავის კაბინეტში დაბრუნებისთანავე ზურაბი სავარძელში მოეწყო და ფიქრს მიეცა:

„რუხაძე არ ისვენებს. ჩანს, არ მოსწონს ნიკას ამ საქმეში ჩართვა. კარგად იცნობს მის ჯიუტ ხასიათს და ეშინია, რომ საქმეში რაიმე ისეთი არ ამოაგდოს, რაც აშკარას გახდის მის სიბრიყვეს. ყველა შესაძლებლიდან ყველაზე უარესი გზა აირჩია. მისი უაზრო სიჯიუტე ყველას დააზარალებს, პირველ ყოვლისა კი ნიკას შეუშლის ხელს მუშაობაში. აქედან გამომდინარე, გაჭიანურდება ბანკთან დაკავშირებული ბუნდოვანი ვითარების გარკვევა. ნანა სირაძე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. იურიდიულად ის ვალდებულია, ყოველთვიურად იხადოს საბანკო გადასახადი. სუფთად ვერც რუხაძე და ფიფია ვერ გამოვლენ. დროთა განმავლობაში რუხაძე უფრო გაზრდის ზეწოლას და უფრო მეტ შეცდომასაც დაუშვებს. ნიკა მაინც არ შეჩერდება და ადრე თუ გვიან, რუხაძე ფაქტის წინაშე აღმოჩნდება. რა პოზიციას დაიკავებს ამ შემთხვევაში პროკურატურა? ძნელი გასათვლელი არ არის, რომ სამსახური თავის წარმომადგენელს დაუჭერს მხარს და ნიკას ჩაძირვას შეეცდება. უნდა გავაფრთხილო, რომ რუხაძისგან სიურპრიზებია მოსალოდნელი“... – ზურაბმა ფიქრი შეწყვიტა და მობილური ტელეფონი მოიმარჯვა.

ნიკას ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა. ზურაბმა კიდევ რამდენჯერმე სცადა მასთან დარეკვა, მაგრამ, ყოველ ჯერზე ყურმილიდან ერთსა და იმავე ფრაზას ისმენდა: „მობილური ტელეფონი გამორთულია, ან გასულია მომსახურების ზონიდან”. ზურაბმა სახლის ტელეფონითაც სცადა ნიკასთან დაკავშირება, მაგრამ, უშედეგოდ – ბინაში არავის აუღია ყურმილი. ამან  ზურაბი ააღელვა. ნიკას არასოდეს სჩვეოდა ასეთი რამ. სამუშაოდან გამომდინარე, ის არასდროს თიშავდა ტელეფონს. ხანმოკლე ფიქრის შემდეგ ზურაბმა მობილური ჯიბეში ჩააბრუნა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.

ნიკას მანქანა ეზოში არ იდგა, ესე იგი, სახლშიც არ უნდა ყოფილიყო. ზურაბი მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოს სიახლოვეს მდგარ ახალგაზრდებს მიუახლოვდა.

– გამარჯობა ბიჭებო!

– გამარჯობა, – უპასუხეს ახალგაზრდებმა.

– ნიკას იცნობთ? – ჰკითხა ზურაბმა.

– გურულს?

– ჰო.

– ვიცნობთ.

– დღეს ხომ არ გინახავთ? – განაგრძო ზურაბმა.

– ასე, საათ-ნახევრის წინ წავიდა, ვიღაც ქალთან ერთად იყო.

– ხომ არ გამოლაპარაკებიხართ. იქნებ რომელიმემ იცით, სად წავიდა?

– არა, – უპასუხეს ახალგაზრდებმა, – მხოლოდ მოგვესალმა, მერე იმ ქალთან ერთად  მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

 ზურაბმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და უკან გაბრუნდა. სწორედ ამ დროს ეზოში ნიკას მანქანა გამოჩნდა. მის დანახვაზე ზურაბი გაოცებული შედგა: მანქანაში ნიკას გვერდით ნანა სირაძე იჯდა.

ამასობაში ნიკამ მანქანა ზურაბის სიახლოვეს შეაჩერა, გადმოვიდა და ჰკითხა:

– გაუმარჯოს... რამე ხომ არ მოხდა?

– მობილური რატომ გაქვს გამორთული? – ჰკითხა ზურაბმა?

– აუ, სულ გადამავიწყდა, – ნიკამ მობილური ჯიბიდან ამოიღო და ჩართო, – ექიმთან ვიყავი მიღებაზე და მისი თხოვნით გამოვრთე, რომ აპარატურის მუშაობისთვის არ შეეშალა ხელი, მერე კი ჩართვა დამავიწყდა.

ამ დროს მანქანიდან ნანაც გადმოვიდა და ზურაბს მიესალმა.

– გამარჯობა...

– გამარჯობა, – უპასუხა ზურაბმა და ნიკას მრავალმნიშვნელოვნად შეხედა. ის უმალ მიხვდა, რის განმარტებასაც ელოდა ზურაბი და ნანას გასაღები გაუწოდა – ბინაში ადი, მე ზურაბს დაველაპარაკები და მალე ამოვალო. ნანამ უსიტყვოდ ჩამოართვა გასაღები და სადარბაზოში მიიმალა.

– მანქანაში ჩავსხდეთ. მიჭირს დიდხანს ფეხზე დგომა, – თქვა ნიკამ ქალის წასვლის შემდეგ და კარი გააღო.

– რა ხდება? – მანქანაში ჩაჯდომისთანავე  განაგრძო ზურაბმა.

– ბოლო დღე-ღამემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

– საიდან მოხვდა შენთან ნანა სირაძე? შენმა მეზობლებმა მითხრეს, რომ დილით ერთად გამოხვედით სახლიდან.

– ჰო... ღამე ჩემს ბინაში გაატარა, – უპასუხა ნიკამ.

– შენ ხომ არ შეიშალე?! – აღელდა ზურაბი, – მძაფრმა შეგრძნებებმა გაგიტაცა?!

– კარგი, რა, ზურაბ. არ მიცნობდე მაინც, – ნანას ემუქრებიან. ვიღაც ნაბიჭვარი ტელეფონით უკავშირდება და მოკვლით ემუქრება. მარტოს ვერ დავტოვებდი.

– ვინ ემუქრება?

– აზრზე არ ვარ. მისი საუბრის ჩანაწერს და მობილურის ნომერს მოგვიანებით მოგაწვდი, იქნებ გურამმა გაარკვიოს რამე. იმ დამპალს ძალიან სპეციფიკური ხმა აქვს. ერთხელ თუ მოისმინე, არასოდეს დაგავიწყდება.

– და, ნანა ასე იოლად გამოგყვა სახლში?

– ძალიან შეშინებული იყო, – უპასუხა ნიკამ.

– როდემდე იცხოვრებს შენთან? იქნებ, სხვა გამოსავალი მოვძებნოთ. სწორად გამიგე. ძალიან უცნაურად გამოიყურება შენს ბინაში მისი ცხოვრება, ბევრი ვერ გაიგებს ამას.

– არავის აზრი არ მაინტერესებს. ახლა ჩემთვის მთავარი მისი უსაფრთხოებაა. მე კი ამ მხრივ მშვიდად უნდა ვგრძნობდე თავს, რომ საქმეზე მუშაობა შევძლო.

– მესმის, მაგრამ, როდემდე? ხომ ხვდები, რომ საქმე ერთ და ორ კვირაში ვერ გაიხსნება?

– მანამდე, რამდენი ხანიც იქნება საჭირო. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ!

– რატომ იყავი ექიმთან, რა შეგემთხვა? – განაგრძო ზურაბმა.

– ცხენიდან გადმოვვარდი.

– როდის აქეთ გაგიტაცა ცხენოსნობამ? – გაუკვირდა ზურაბს.

– გრძელი ისტორიაა. დოდომ დამპატიჟა იპოდრომზე.

– ეს ის ქალია, „ინტელგრუპჯორჯიაში” რომ მუშაობს?

– ჰო, – დაუდასტურა ნიკამ, – ღობის გასწვრივ მივდიოდი, როცა მანქანის სიგნალით დამფრთხალი ცხენი ყალყზე შედგა. თავი ვერ შევიკავე, გადმოვვარდი და ცხენი ზემოდან დამეცა.

– ეგ რა ადგილას მოხდა? – ჰკითხა ზურაბმა.

– ადმინისტრაციული შენობის საპირისპირო მხარეს.

– მოიცა... მოიცა... მე კარგად ვიცნობ მაგ ტერიტორიას, იქ სამანქანე გზა არ გადის, – თქვა ზურაბმა.

– არ ვიცი, გადის თუ არა. შეიძლება, ცხენი სხვა რამემ დააფრთხო. უბრალოდ, სიგნალი გაისმა თუ არა, ცხენი ყალყზე შედგა, – უპასუხა ნიკამ.

– გასაგებია, – ზურაბი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ დაამატა, – თუ ძმა ხარ, მობილურს ყურადღება მიაქციე, აქეთ-იქით სიარულში დროს ნუ დამაკარგვინებ. რა უნდა მეფიქრა, როცა არც მობილურზე მპასუხობდი და არც – ბინის ტელეფონზე?

– მესმის, – თავი დაუქნია ნიკამ.

– ახლა როგორ გრძნობ თავს, შეძლებ მუშაობას?

– საშინელი არაფერი მჭირს. დაჟეჟილობა მაქვს. ორი ნეკნი გაბზარულია. ექიმის დანიშნულებით, რამდენიმე დღე საწოლში უნდა გავატარო, მაგრამ, ვიცი, რომ ლოგინში ვერ გავჩერდები, – უპასუხა ნიკამ.

– დაისვენე რამდენიმე დღე და, კიდევ, იცი, რა გააკეთე? პროკურატურაში გყავს ჭორიკანა ნაცნობები?

– მყავს.

– დაურეკე და წაიწუწუნე: შევცდი, სირაძის საქმეს რომ მოვკიდე ხელი. ამდენი ხანი ვიმუშავე და ხელჩასაჭიდს ვერაფერს მივაკვლიე-თქო.

– რისთვის? – გაუკვირდა ნიკას.

– იქნებ, ასე მაინც მოვადუნოთ რუხაძე. ის უკვე ღიად გვიტევს. დღეს სამმართველოს უფროსმა შენთან ურთიერთობა ამიკრძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით დამემუქრა... – ცივად ჩაიცინა ზურაბმა, – გესმის? პარტიული ჩინოვნიკი, რომლის მთელი მოღვაწეობა აქციებზე ღრიალითა და დროშის ქნევით განისაზღვრება, ჩემ მაგივრად წყვეტს, ვისთან მქონდეს ურთიერთობა და ვისთან – არა!

– გასაგებია... დავრეკავ.

– ბანკში რა ხდება?

– ბანკში ფარული კამერით ვიყავი. ფილიალის ხელმძღვანელისა და კრედიტოფიცრის საუბარი ჩაწერილი მაქვს. საქმეში ოფიციალურ მასალად არ გამოდგება, მაგრამ, აზრის გამოსატანად მაინც ივარგებს. იმ ჩანაწერებსაც გამოგიგზავნი, გადახედე.

– კეთილი... შევთანხმდით. აღარ დაგაყოვნებ. თავს მიხედე. რამე თუ დაგჭირდეს, დამიკავშირდი, – ზურაბმა ხელი ჩამოართვა ნიკას და მანქანიდან გადავიდა.

* * *

ზურაბმა იპოდრომის საპირისპირო მხარეს დატოვა მანქანა და ღობეს ფეხით გაუყვა. დაახლოებით ორმოცდაათმეტრიან ზოლს ღობესა და მის მიღმა მდებარე მაღალ ბორცვებს შორის მეჩხერი ბუჩქნარი იკავებდა, მხოლოდ ორ ადგილას იყო შედარებით ხშირი ბუჩქნარი. ერთ ადგილას კი ის თითქმის გაუვალი იყო. ზურაბი არ მოერიდა ხშირ ტოტებს და ბუჩქნარში შევიდა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შედარებით ღია ადგილას აღმოჩნდა – ეს თავისებური კუნძული იყო გაუვალი ბუჩქნარის შუაგულში. პირველი, რაც თვალში მოხვდა, აეროზოლის წითელი ბალონი იყო, რომელსაც ზემოდან მცირე ზომის საყვირი ეკეთა – ასეთ ბალონებს გულშემატკივრები სტადიონებზე იყენებდნენ. ბალონის სიახლოვეს ხუთი თუ ექვსი სიგარეტის ნამწვავი ეყარა, მიწაზე კი ფეხსაცმლის ანაბეჭდები მოჩანდა. აშკარა იყო, რომ ვიღაც აქ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აფარებდა თავს.

– ასეე... – ჩაილაპარაკა ზურაბმა. შემდეგ ჯიბიდან პოლიეთილენის პაკეტი ამოიღო, აეროზოლიანი ბალონი და სიგარეტის ნამწვავები პაკეტში ჩააწყო. მიწაზე აღბეჭდილ ნაკვალევს მობილურის ფოტოაპარატით რამდენიმე სურათი გადაუღო და უკან გამობრუნდა.

იპოდრომის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში შესვლისას ზურაბი დაცვის სამსახურის თანამშრომელმა შეაჩერა.

– ვისთან მიბრძანდებით?

– თქვენს ექიმთან მსურს გასაუბრება, – უპასუხა ზურაბმა და თავისი პირადობის მოწმობა უჩვენა.

დაცვის სამსახურის თანამშრომელი ტელეფონით დაუკავშირდა ექიმს  და ზურაბს რამდენიმე წუთით მოცდა სთხოვა.

– კეთილი, – უპასუხა მან და ჯიხურს მოშორდა.

ცოტა ხანში ფოიეში თეთრ ხალათში გამოწყობილმა მამაკაცმა შემოაბიჯა. მან ზურაბს მიაშურა და ჰკითხა:

– თქვენ გინდოდათ ჩემთან შეხვედრა?

– დიახ, – ზურაბმა ხელი ჩამოართვა და ლაპარაკი განაგრძო, – გუშინ იპოდრომზე მცირე ინციდენტი მოხდა – ერთი ახალგაზრდა ცხენიდან ჩამოვარდა.

– აა... იმ დამწყებ მხედარს გულისხმობთ?.. მგონი, ნიკა ერქვა, – თქვა ექიმმა.

– სწორედ მას ვგულისხმობ, – დაუდასტურა ზურაბმა.

– რატომ ინტერესდება კრიმინალური პოლიცია ამ შემთხვევით? ასეთი რამ ხშირად ხდება იპოდრომზე, – გაუკვირდა ექიმს.

– ეს კრიმინალურ პოლიციას არ უკავშირდება, ნიკა ჩემი მეგობარია. უბრალოდ, მაინტერესებს, რა მოხდა აქ?

– მაგაზე ვერაფერს გეტყვით. მე მისი ცხენიდან ჩამოვარდნის შემდეგ მაცნობეს მომხდარის შესახებ. საბედნიეროდ, მძიმედ არ დაშავდა.

– ორი ნეკნი აქვს გაბზარული, – ჩაურთო ზურაბმა.

– კიდევ კარგად გადარჩა.

– მძიმე შედეგიც იყო მოსალოდნელი?

– დიახ... ცხენი ზემოდან დაეცა. ზურგით რომ დასცემოდა, უნაგირი ნეკნებს დაუმტვრევდა და, დიდი ალბათობით, შინაგან ორგანოებსაც დაუზიანებდა. ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილა დაბადებული, ყველაფერი სანტიმეტრებმა გადაწყვიტა.

– ესე იგი, შეიძლებოდა, დაღუპულიყო? – ჰკითხა ზურაბმა.

– სავსებით შესაძლებელია. მე ასეთ შემთხვევებსაც შევსწრებივარ, – უპასუხა ექიმმა.

– სად ვნახო თქვენი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ამ შემთხვევას?

– ბიჭები იპოდრომზე არიან. წამოდით, მიგაცილებთ, – თქვა ექიმმა და იპოდრომზე გასასვლელისკენ დაიძრა.

ექიმმა ზურაბი ერთ-ერთ საჩეხამდე მიაცილა,  კარი გამოაღო და შიგნით მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთს დაუძახა;

– დიმა, მოდი აქ, შენთან საუბარი სურთ!

მამაკაცი კარისკენ შემობრუნდა და დაბნეული სახით გაქვავდა ადგილზე. ზურაბმა უმალ იცნო ის: მის წინ იდგა დიმიტრი გაბისონია, რომელიც ხუთი წლის წინ ყაჩაღობის საქმეზე პირადად აიყვანა. მაშინ დიმიტრის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობის ვადის გასვლამდე ოთხ წელზე მეტი ჰქონდა დარჩენილი და ამ დროის ამოწურვამდე ზურაბი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მასთან შეხვედრა მოუწევდა.

ამასობაში დიმამ სახეზე მშვიდი ღიმილი მოიგდო, საჩეხი გადმოკვეთა, ძველი ნაცნობივით გაუწოდა მარჯვენა და მიესალმა:

– გამარჯობა, ბატონო ზურაბ...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3