კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მტკივნეული დარტყმა

ძველი  კვარტალი თითქმის არ შეცვლილა. ჩარლი დაგერი კუბოში იწვა. სქელი მაკიაჟი და ბოლომდე შეკრული პერანგის საყელო ნაიარევს უფარავდა – გრიმიორს კარგად უმუშავია. მაგრამ ის მაინც მკვდარი იყო... მკვდარზე უფრო მკვდარი...

– კარგი ქენი, რომ მოხვედი, – უთხრა ლოსმა, – ძველი მეგობრები იყავით, რაც უნდა იყოს.

– ჰო, იციან, ვინ მოკლა? – ჰკითხა კურტმა და ფანჯარასთან დაიკავა ადგილი.

ლოსმა მხრები აიჩეჩა.

– ასე ადვილია? ეს კვარტალი ისევ ყაჩაღების სათარეშოა. ჩარლის ხომ მაღაზიები ჰქონდა. შეიძლება, ვიღაც ფულს აწერდა. მოკლედ, ზუსტად არავინ არაფერი იცის. შენ აღგიდგინეს ლიცენზია?

– არა და არც აპირებენ.

– აფსუს, კარგი დეტექტივი იყავი. მაგრამ „ის“ მოსაკლავი ნამდვილად იყო. მაინც ვისთან გიღალატა, არ იტყვი?

– არ ვიცი, – კურტ კენონი უსიამოვნოდ შეიჭმუხნა. არ სიამოვნებდა ყოფილ ცოლზე – ტინაზე ლაპარაკი. ქალმა ქორწინებიდან სამი თვის თავზე გაიჩინა საყვარელი და რქები დაადგა... მოკვლა მაინც არ უნდოდა, მაგრამ ცემისას ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, ხელიდან გაუსხლტა და მეთვრამეტე სართულის ფანჯრიდან გადახტა. კურტი არ დაუჭერიათ, მაგრამ კერძო დეტექტივის ლიცენზია ჩამოართვეს და უმუშევარი დატოვეს.

– ისიც უნდა იპოვო და მოკლა, – ფიქრიდან ლოსის ხმამ გამოარკვია, შეხედა და თავი გააქნია.

– არ ვიცი, ვინ არის და სიმართლე გითხრა, აღარც მაინტერესებს, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. თუ არ გჯერა, ჩარლის შეხედე, – კურტმა ლოსს მხარზე დაარტყა ხელი. მერე მისკენ მომავალი ჩარლის დედა დაინახა, მიუსამძიმრა და გარეთ გამოვიდა... ძველ კვარტალში მართლაც არაფერი შეცვლილიყო. ისევ ის მაღაზიები და პატარა, სავაჭრო ჯიხურები... უბრალოდ, ახლა აქ სხვა პატარა ბიჭები დარბოდნენ. კურტს უცებ ძალიან მოუნდა ფუნთუშა კრემით. თითქოს თავისმა ბავშვობამ უხმო.

– „პელი-მელი“ – წარმოთქვა მან და სანდომიან ყმაწვილს დახლზე რამდენიმე მონეტა დაუდო. მოულოდნელად ზურგს უკან ქალის ხმა მოესმა.

– კურტ!

ეს კიტი იყო – პატარა კიტი, ამ საფუნთუშის მეპატრონის ქალიშვილი. ბოლოს რომ ნახა, გაწეწილი და ფეხშიშველი დარბოდა. ძველი კიტისგან მხოლოდ თვალები და ღიმილი დარჩენილიყო. კურტმა აღფრთოვანებული მზერა ვერ მოაშორა მის აშოლტილ ტანს, თხელ სვიტერში გამოკვეთილ მკერდს და გაბუსხულ, თითქოს საკოცნელად გამობურცულ ტუჩებს...

– კიტ, კიტ დონელ... ეს ხომ შენ ხარ?

ქალიშვილმა გაუღიმა, მასთან მივიდა და მკლავზე მოკიდა ხელი.

– საქმე მაქვს შენთან. აქვე, ახლოს, პატარა ბარია. იქ დავსხდეთ.

– შესანიშნავია. სწორედ ის არის, რაც მჭირდებოდა.

ბარში ნახევრად ბნელოდა... კურტმა ორი არაყი აიღო ლიმონით, კიტისთვის კი – წვენიც.

– არაჩვეულებრივად გამოიყურები, – უთხრა ქალიშვილს, როცა მაგიდას მიუჯდა.

– შენც. თუმცა, ახლა სერიოზული პრობლემები მაქვს. იცი, ჩარლი ვინ მოკლა?

კურტი დაიძაბა.

– შენ იცი?

– ეჭვი მაქვს, სერიოზული ეჭვი და ძალიან ვდარდობ.

– ჩარლიზე დარდობ, კიტი? – კურტმა აღფრთოვანებული მზერით „დაასაჩუქრა“ ქალიშვილი.

– არა. ჩარლის არაფერი ეშველება. ვშიშობ, ამჯერად მამაჩემის ჯერიც დადგება. ო, კურტ, დამეხმარე. ამას ვერ გადავიტან. მამაჩემი რომ მოკლან, სულ მარტო დავრჩები.

– კიტი, მითხარი, რა უნდა გავაკეთო. მე ლიცენზია აღარ მაქვს. მუშაობა ამიკრძალეს. ძალიანაც მინდა, მაგრამ ჩარლის ამბავსაც კი ვერ გამოვიძიებ.

– კურტ, გემუდარები. ყველაფერზე თანახმა ვარ. რასაც მთხოვ, მოგცემ, ოღონდ მამა გადამირჩინე. ექვსი თვის წინ ჩვენს კვარტალში ვიღაც ტიპი გამოჩნდა და ადგილობრივი მოვაჭრეების, მედუქნეების „რეკეტი“ დაიწყო. ოთხი-ხუთი თანამზრახველი ჰყავს და დათარეშობენ. ჩარლიმ უარი თქვა, მათთვის ფულის გადახდაზე და ვეჭვობ, ყელი ამიტომაც გამოჭრეს. ახლა მამაჩემსაც მოადგნენ. მამაჩემი გახსოვს? ისეთი ტიპია, არ გადაიხდის და მომიკლავენ. კურტ, შენს იქით გზა არ მაქვს... – უცებ ქალიშვილი გაფითრდა და კაცს მკლავში ფრჩხილები ჩაასო.

– ღმერთო, ეს ის არის...

კურტმა ბარისკენ გაიხედა და აქლემის ბეწვის პალტოში გამოწყობილი ტიპი დაინახა. სახეზე თავხედური ღიმილი დასთამაშებდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს იქაურობის პატრონი იყო. ბარმენმა ვისკი დაუსხა. მან მოზრდილი ყლუპი მოსვა და ბარი მოათვალიერა. კიტიზე შეაჩერა მზერა... ისე ათვალიერებდა, თითქოს აშიშვლებდა მზერით, თან პირს აწკლაპუნებდა. კურტი დაიძაბა. ადგა და იმ უტიფარი მამაკაცისკენ გაემართა. კიტიმ სახელოში მოქაჩა.

– არ გინდა, კურტ, ძალიან გთხოვ. ის საშიშია, ძალიან საშიში, – მაგრამ კურტმა ფრთხილად გააშვებინა ხელი და დახლთან მივიდა.

– შენ, ეი, რატომ უყურებ ჩემს გოგოს? – დაუყვირა მრისხანედ. ტიპმა ირონიულად შეხედა, როგორც ჭიანჭველას.

– ვინ გეკითხება, მათხოვარო? ვისაც მინდა იმას შევხედავ. ენა ჩაიგდე და ბოდიში მოიხადე უხეშობისთვის.

კურტმა ხმამაღლა გაიცინა. ვისკიან ჭიქას ხელი სტაცა და შიგ ჩარჩენილი სითხე სახეში შეასხა. კიტმა იკივლა. ტიპმა მარჯვენა ხელი ჯიბეში ჩაიყო. კურტი მაშინვე მიხვდა, რისთვისაც. გამობერილი პალტოს ჯიბე ადრევე შენიშნა... არც შემცდარა. ინტუიცია არასოდეს ღალატობდა... წამში „38 კალიბრიანის“ ბუთხუზა ლულა სახესთან ჰქონდა... კიტიმ ისევ იკივლა... კურტმა ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს გაქცევას აპირებდა და ამით ოდნავ მოადუნა რევოლვერიანის ყურადღება, თვალის დახამხამებაში მაჯაში სწვდა და გადაუგრიხა. ძვლებმა ყრუდ დაიღრჭიალა. ტიპმა ტკივილისგან დაიღმუვლა და დაბუჟებული თითები გახსნა. რევოლვერი იატაკზე გასრიალდა. კურტმა იარაღს ფეხი ჰკრა და ბარის შორეულ კუთხეში მიაგდო. თან, ხელს სულ უფრო მაგრად უჭერდა, სანამ ძვლების გადატეხის ხმა არ გაისმა. მერე მკლავი საპირისპირო მიმართულებით გადაუტრიალა. ტიპმა არაადამიანურად იბღავლა, იატაკზე ჩაიჩოქა და სახე გაუნაცრისფერდა. კურტმა ხელი გაუშვა... მოტეხილი მკლავი ჩვარივით ჩამოუვარდა. კურტი ქეჩოში სწვდა უღონო მსხვერპლს და ბარიდან გარეთ გამოათრია. მიიხედ-მოიხედა, კუთხეში პოლიციელი შენიშნა და გეზი იქით აიღო... პოლიციელი გაოგნებული მიაშტერდა უცნაურ წყვილს.

– ჩაიბარეთ. ხელი მე მოვტეხე. ქალის გამო ვიჩხუბეთ. ადგილობრივი ბანდის მეთაურია... მე კურტ კენონი ვარ, ყოფილი კერძო დეტექტივი.  მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ამ ტიპმა ჩარლი დაგერი მოკლა. ყელი გამოსჭრა. მკვლელობის იარაღი ჯიბეში უდევს... წაიყვანეთ განყოფილებაში და თუ ჩემთან დამატებით რამე კითხვა გაგიჩნდებათ, მზად ვარ. ჩემი პოვნა არ გაგიჭირდებათ...

– კურტ, საყვარელო, როგორი მადლობელი ვარ შენი... – კიტი კისერზე ჩამოეკიდა გადამრჩენს. კურტმა მკერდზე ქალის თბილი სხეულის შეხება იგრძნო და ერთიანად აცახცახდა. არა, ამ ახალი ურთიერთობისთვის მზად არ იყო. ქალიშვილის მკლავები ფრთხილად მოიშორა და ყრუდ ჩაილაპარაკა:

– ნახვამდის, კიტი, როგორმე შემოგივლი. მადლობას კი, ნუ მიხდი. მე ჩემი მეგობრული ვალი მოვიხადე.

ერთი საათის შემდეგ კურტი უკაცრიელ პარკში იჯდა და ბოთლიდან ჯინს წრუპავდა. ყველაფერი შესანიშნავად აეწყო. კარგი ქნა, რომ ჩარლის სამძიმარზე წავიდა. ეს ერთგვარი ალიბიც კი იყო. თან, როგორ გაუმართლა, კიტი რომ შეხვდა, თავისი პრობლემებით?! ახლა იმ ტიპს ჩარლის მკვლელობისთვის გაასამართლებენ... მისთვის ჯიბეში დანის ჩადება შეუმჩნევლად მოახერხა, როცა მაჯას უმსხვრევდა... ეჰ, ჩარლი, ჩარლი, რატომ არ იფიქრე, რომ კერძო დეტექტივის ცოლთან საქმე არ უნდა დაგეჭირა... მით უფრო, როცა ის დეტექტივი შენი ბავშვობის მეგობარი იყო...

скачать dle 11.3