კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

სად დახარჯა პოკერში მოგებული თანხა მილიარდერმა კარლ იკანმა და რატომ ცდილობს ის „იაჰუს” და „მოტოროლას” გაყიდვას

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მილიარდერები ნაკლებ დროს უთმობენ ინტერნეტს. ამ დასკვნამდე მივიდა ჟურნალი „ფორბსი”. 2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში მცხოვრები 1226 მილიარდერიდან, მხოლოდ 13 უთმობს თავისუფალი დროის გარკვეულ ნაწილს საკუთარ ვებ-დღიურს, ბლოგს. იმ ცამეტთაგან ყველაზე ასაკოვანი ბლოგერი 77 წლის კარლ იკანია – ამერიკელი ფინანსისტი და როგორც მას ბიზნესსამყაროში უწოდებენ, ინვესტორ-აქტივისტი. „ფორბსის” 2013 წლის მილიარდერთა რეიტინგში ის 20 მილიარდი ამერიკული დოლარით 26-ე პოზიციაზე იმყოფება. მისი ვებ-დღიური ყველაზე საინტერესოდ მიიჩნევა იმავე „ფორბსის” გამოკითხვით.

კარლ სელიან იკანი 1936 წელს დაიბადა ბრუკლინში, ებრაელების ოჯახში. ის იყო ერთადერთი შვილი მაიკლ და ბელა იკანების ოჯახში. მამამისი, მაიკლი ლონგ-აილენდზე მდებარე სინაგოგაში კანტორად მუშაობდა და ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა. კარლი იხსენებდა, რომ მამა ათეისტი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ ოჯახს რჩენა სჭირდებოდა, მზად იყო, ნებისმიერ ადგილას ემუშავა. სიცოცხლის ბოლო წლებში, მაიკლი სკოლაში, უშტატო მასწავლებლის თანამდებობაზე მუშაობდა. რაც შეეხება ბელა იკანს, ისიც სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. თავის მშობლებს კარლი უცნაურ ადამიანებად მიიჩნევდა, ნათესავებიდან კი მის აღფრთოვანებას ბიძა, ელიოტ შნოლი იწვევდა. დედის ძმა – იელის უნივერსიტეტის მაგისტრანტი სამეწარმეო საქმიანობით იყო დაკავებული. 45 წლის ასაკში ელიოტი სოლიდურ ქონებას ფლობდა და პალმ-ბიჩში, ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა.

სკოლაში სწავლის პერიოდში კარლი კრივით იყო გატაცებული და ფეთქებადი ხასიათით გამოირჩეოდა. მისი მეორე გატაცება ბანქო, პოკერის თამაში იყო. ფარ-როკავეის სკოლის დამთავრების შემდეგ, კარლი ლიდო-ბიჩის პლაჟზე მსახურობდა მაშველად, სადაც შეამჩნია, თუ როგორ თამაშობდნენ დამსვენებლები პოკერს ფულზე. კარლი მიხვდა, რომ მას გაცილებით მეტი ესმოდა პოკერში, ვიდრე სხვებს და ფულზე თამაში დაიწყო. იმ ზაფხულს კარლმა ორ ათასამდე დოლარი მოიგო და მოგებული თანხით პრინსტონის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის ნახევარი დაფარა. 1957 წელს, პრინსტონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების  შემდეგ, კარლმა დედის მოთხოვნით ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში ჩააბარა. მაგრამ ორი წლის შემდეგ, სწავლაზე გული აუცრუვდა და ექვსი თვით ამერიკულ ჯარში წავიდა. ჯარში მსახურებისას კარლი ხშირად ატარებდა პოკერის ტურნირებს და 1961 წელს, სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, პოკერში მოგებული 4 ათასი დოლარით მან უოლ-სტრიტს მიაკითხა, სადაც ბიძის დახმარებით ფირმა „დრეიფუს ენდ კომპანიში” ბროკერად დაიწყო მუშაობა.

1968 წელს იკანმა საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა და ბიძისგან ნასესხები 400 ათასი დოლარით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო ადგილი შეიძინა და საკუთარი კომპანია „იკან ენდ კომპანი” დააფუძნა. ათი წლის შემდეგ, 1978 წელს იკანმა პირველი მსხვილი ოპერაცია ჩაატარა და თავისი ქონება მილიონი დოლარის ნიშნულს გაუტოლა. ჯერ კიდევ 1977 წელს, კარლმა კერძო კომპანია „ტეპენის” აქციები შეიძინა ნახევარ ფასად. გაკოტრების პირას მყოფი „ტეპენი” სამზარეულო ინვენტარის მწარმოებელი საოჯახო ფირმა იყო. იკანმა შეიძინა აქციების საკვანძო პაკეტი და პოტენციური მყიდველის ძებნას შეუდგა. საბოლოოდ, „ტეპენი” შვედური საყოფაცხოვრებო ტექნიკის კონცერნმა „ელექტროლუქსმა” შეიძინა სამმაგ ფასად და ამით ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი პროდუქციის რეალიზების საშუალება მიეცა. იკანმა კი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ჩაიდო ჯიბეში. აღსანიშნავია, რომ „ტეპენის” ფაქტობრივმა მფლობელმა, დიკ ტეპენმა მადლობა გადაუხადა იკანს, იმის გამო, რომ მან გაითვალისწინა აქციონერების ინტერესი და არ შეცვალა კომპანიის პროფილი.

 ამ გარიგების შემდეგ, ექსპერტებმა კარლ იკანი, წარმატებულ კორპორატიულ რეიდერად აღიარეს. „ტეპენის” გაყიდვის შემდეგ მას ჰქონდა ნავთობკომპანიების – „ტექსაკოს”, „ფილიპს პეტროლეუმის”; ავიაკომპანია „ტრანს უორლდ ეირლაინსის”; მედიაკომპანია „ვიაკომის”; ფინანსური კომპანია „ვესტერნ იუნიონისა” და ბიოფარმაცევტული კომპანია „აიმკლონის” აქციების შეძენის მცდელობა, რაც მხოლოდ გამოცდილ ბროკერებსა და რეიდერებს შეუძლიათ.

კარლ იკანის ბოლო წლების გარიგებებიდან აღსანიშნავია „იაჰუს” აქციების შეძენა. 2008 წლის ზაფხულში მან თავისი აქციების რაოდენობა ხუთ პროცენტამდე გაზარდა, თან ცდილობდა, სხვა აქციონერებთან ერთად კომპანიის მენეჯმენტი გაეთავისუფლებინა და თავისი ხალხი მოეყვანა „იაჰუს” სათავეში, მაგრამ არ გამოუვიდა.  გარდა ამისა, იკანი ცდილობდა „იაჰუს” მენეჯმენტი დაერწმუნებინა, რომ კომპანია „მაიკროსოფტისთვის” მიეყიდათ. თუმცა, ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა. დღევანდელი მონაცემებით, იკანი „იაჰუს” აქციათა საერთო რაოდენობის 3 პროცენტს ფლობს, თანხობრივად კი აქციების ფასი 1,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. იკანი ასევე ფლობს ტელეფონების მწარმოებელი კომპანია „მოტოროლას” აქციების ხუთ პროცენტს და უნდა ითქვას, რომ  ის ერთადერთი აქციონერია, რომელიც ცდილობს მთლიანი კომპანია მობილურების მწარმოებელ სხვა რომელიმე კომპანიას მიჰყიდოს. ასევე, ცნობილია, რომ კარლ იკანი „ჰერბალაიფის” აქციათა გარკვეულ პროცენტსაც ფლობს და კომპანია „დელის” აქციონერიც გახლავთ. იკანი „დელის” მენეჯმენტთანაც დაპირისპირებულია – მიაჩნია, რომ კომპანიის პრივატიზაცია კარგს არაფერს მოიტანს და იმ შემთხვევაში, თუ „დელი” საფონდო ბირჟიდან მოიხსნება და საჯარო კომპანიის სახელს დაკარგავს, ეს მხოლოდ უარყოფით გავლენას იქონიებს კომპანიის მომავალზე.

რაც შეეხება კარლ იკანის პირად ცხოვრებას. მისი პირველი მეუღლე იყო ჩეხი ბალერინა ლიბა ტრეიბალი, რომელთანაც მას ორი შვილი, ქალ-ვაჟი – მიშელი და ბრეტი ჰყავს. ტრეიბალს იკანი 1993 წელს გაცილდა, მაგრამ განქორწინების პროცესი მხოლოდ 1999 წელს დასრულდა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ყოფილი მეუღლეები არ იყვნენ შეთანხმებულები, განქორწინების შემთხვევაში, რამდენ მილიონ დოლარს დაუთმობდა კარლი ცოლს. საბოლოოდ, ყოფილ ბალერინას 5 მილიონი დოლარი ერგო წილად. ამჟამად იკანი თავის ყოფილ ასისტენტზე, გეილ გოლდენზეა დაქორწინებული. თავისუფალ დროს კი მას შვილთან, ბრეტთან უყვარს ჭადრაკის თამაში. თუმცა, თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ბრეტი წინასწარ დათანხმდება წაგებაზე – ყველაზე მეტად კარლ იკანს წაგება არ უყვარს.

p.s. კომპანიის კონტროლისთვის მენეჯმენტთან ბრძოლას იკანი პოკერს ადარებს, რადგან ორივე აზარტულია. ექსპერტების ვერსიით, იკანს მხოლოდ ორი რამ უყვარს – „ფულის კეთება და იმავდროულად, მენეჯმენტის დამცირება”.

скачать dle 11.3