კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაწირა ტყუპისცალი ძმა და დაიკავა მისი ადგილი ამერიკის დაზვერვის აგენტმა

პუბლიკაციის ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ქურდი ქალი

1970 წლის 4 მარტს თბილისის მილიციის სამმართველოში ახალგაზრდა ქალი მივიდა და მორიგეს სთხოვა, ხელმძღვანელობასთან დაეკავშირებინა. მისი დაჟინებული მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ის პოდპოლკოვნიკ გენო კავსაძესთან შეიყვანეს, რომელიც ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო.

– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, მე ლუბა სვეტლოვა ვარ, 27 წლის. ჩემი პროფესიაა ბინის ქურდობა. მე და ჩემი 25 წლის და – ანა სვეტლოვა წყვილში ვმუშაობთ. ჩვენი მუშაობის სტილია ვინმე შეძლებული, მარტოხელა მამაკაცის გაცნობა, მასთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება და ამ გზით მის სახლში შეღწევა. შემდეგ – ბინის ყველა საკეტის ანაბეჭდს ვიღებთ და გასაღებს ვამზადებთ. ბინის პატრონი რომ სახლში არ არის, მის სახლს ვძარცვავთ. ჩვენ, წარმოშობით ვოლგოგრადიდან ვართ და მთელ საბჭოეთში ვმოგზაურობთ. თბილისში ორი კვირის წინ ჩამოვედით და სასტუმრო „კოლხეთში“ დავბინავდით. ჩამოსვლის მეორე დღესვე, დამ ვიღაც სიმპათიური, საშუალო ასაკის გემის კაპიტანი გაიცნო, მასთან ბინაში შეაღწია, მისი სახლის ყველა საკეტის ანაბეჭდები აიღო და მე გასაღებები დავამზადებინე. ამისთვის კი, ვოლგოგრადში გამგზავრება დამჭირდა, სადაც ჩვენი ზეინკალი გვყავს. ერთი სიტყვით, ბინის პატრონი, ოთხი დღის წინ შორეულ ნაოსნობაში გაემგზავრა. მეორე დღეს კი, ანა მის სახლში შევიდა. თქვა: ჯერ ყველაფერს „გავშმონავ“ და წასაღებად გავამზადებ. მერე კი გამოვალ, შეგატყობინებ და ერთად წავიღოთო. მე სასტუმროში ველოდებოდი, მაგრამ, რომ არ გამოჩნდა, იმ ბინას მივაკითხე. ზარი ვრეკე, მაგრამ არავინ გამომეპასუხა. ბინას, რკინის კარი აქვს. მე სათადარიგო გასაღებები არ მქონდა და შიგნით ვერ შევაღწიე. თქვენ კი იმიტომ მოგმართეთ, რომ გული ცუდს მიგრძნობს და კატეგორიულად მოვითხოვ, იმ ბინაში შეხვიდეთ და გაარკვიოთ, რა ხდება:

– კარგი. მითხარით მისამართი, – უთხრა ქალს კავსაძემ. ლუბამ კი მიუგო:

 – მისამართი არ ვიცი, მაგრამ შემიძლია, ბინა გაჩვენოთ.

თბილისის მილიციის ოპერჯგუფი ვაკისკენ გაემართა, სადაც ახალაშენებული ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზე მდებარეობდა ლუბა სვეტლოვას მიერ მითითებული, ოთხოთახიანი ბინა. მილიციელებმა ბინის კარი გატეხეს, სახლში შევიდნენ და საძინებელ ოთახში, ორადგილიან საწოლზე დაგდებული, ანა სვეტლოვას გვამი აღმოაჩინეს. 25 წლის გოგონას, შუბლი ტყვიებით ჰქონდა დახვრეტილი. საძინებლის აღმოსავლეთ კედელზე კი, საიდუმლო სეიფის კარი ღია იყო და სეიფში ოსტატურად ჩამონტაჟებული პისტოლეტის ლულა მოჩანდა.

– ჰმ, საქმე იმაზე სერიოზულია, ვიდრე მე მეგონა, – თქვა გენო კავსაძემ და ხელქვეითებს უბრძანა, კრიმინალისტები და პათანატომები გამოეძახათ. ლუბა სვეტლოვა კი, რომელიც ქვითინებდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

გემის კაპიტნის ბინა

ვაკის ახლად აშენებული, ოთხოთახიანი ბინა ვინმე ოთარ ხვედელიძის კუთვნილება იყო და როგორც კავსაძემ მისი მეზობლებისგან შეიტყო, ის შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახლდათ.

– ოთარი მთელი წლის განმავლობაში, მაქსიმუმ, ორი თვე თუ არის სახლში და ისიც წყვეტილად, – უთხრა კავსაძეს მეზობელმა, – ძალიან კარგი კაცია, განათლებული, გულისხმიერი და მისი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ მეტწილად ზღვაშია.

მილიციის სამმართველოს ოპერჯგუფმა თავდაპირველად სეიფი დაათვალიერა. მასში დიდძალი ვალუტა აღმოაჩინეს ამერიკულ დოლარებსა და გირვანქა სტერლინგებში. აგრეთვე, სხვადასხვა ძვირფასეულობა და ორმოცდარვაფურცლიანი მათემატიკის რვეული, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ რიცხვები ეწერა. სეიფში ჩამონტაჟებულ, ცხრამილიმეტრიან ლულას მაყუჩი ჰქონდა წამოცმული და სეიფის კარის გაღებისას ისროდა. ბინას სარდაფიც ჰქონდა, რომელშიც სხვადასხვა რადიოდანადგარი იყო მოთავსებული. კავსაძემ რომ ბინა დაათვალიერა, თავისი ხელქვეითები მოიხმო და უთხრა:

– უპირველესად, რაც აქ ნახეთ, არავისთან თქვათ. ამ ყველაფერს სხვა სუნი უდის და უშიშროება უნდა გამოვიძახოთ. აქ არავინ შემოუშვათ, მათ შორის მეზობლებიც და ხელი არაფერს ახლოთ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს „კაგებე“ წაიღებს...

გენო კავსაძემ ხვედელიძის ბინიდანვე დარეკა „კაგებეში“, მათ თავი წარუდგინა და აღნიშნულ მისამართზე კომპეტენტური ხალხის გაგზავნა მოითხოვა.

– ბინაში მკვლელობაა, – თქვა კავსაძემ, – მოკლულია ახალგაზრდა ქურდი ქალი, საიდუმლო სეიფში კი უამრავი უცხოური ფული აღმოვაჩინეთ.

გენო კავსაძის ზარიდან ოცი წუთის შემდეგ,  ხვედელიძის ბინაში „სუკის“ კონტრდაზვერვის ოთხი ოფიცერი მივიდა, რომლებსაც მაიორი გივი ზოიძე მეთაურობდა. მან კავსაძე გვერდით გაიხმო და სანამ ახალმოსულები შემთხვევის ადგილს გულდასმით ათვალიერებდნენ, გენოს უთხრა:

 – ოთარ ხვედელიძე, სინამდვილეში, ინჟინერია და საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიაში მუშაობს რუსეთში. გემის კაპიტნობა კი მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდაა, რომ მისი აქ არყოფნა გამართლებული ჩანდეს. ახლა კი მითხარით, თუ რატომ ჩათვალეთ საჭიროდ ჩვენი უწყების გამოძახება.

– იმიტომ, ამხანაგო მაიორო, რომ ამ საიდუმლო სეიფში უამრავი ვალუტაა, ხოლო ასეთ საქმეებს თქვენ იძიებთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ იქ რვეული დევს და რაც მასში წერია, ძალიან წააგავს საიდუმლო შიფრს.

– საიდუმლო შიფრს? – გაიმეორა გივი ზოიძემ. ამ დროს კი მას მისმა კოლეგამ სწორედ ის ციფრებიანი რვეული გადასცა და უთხრა:

– ნახე, გივი, საიდუმლო შიფრითაა ნაწერი და თუ არ ვცდები, საქმე გვაქვს მსხვილ შპიონაჟთან.

ინჟინერ ხვედელიძის სარდაფში ქართველმა კონტრმზვერავებმა ორი მძლავრი რადიოგადამცემი და ერთი მიმღები აპარატი აღმოაჩინეს. იქვე იპოვეს „ქსეროქსის“ აპარატი, რუსულ და ქართულ ენაზე დაბეჭდილი ანტისაბჭოთა ლიტერატურა და ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის საწყობი. „ჩეკისტებმა“ მილიციელებს გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს და გაუშვეს. საქმის გამოძიება კი საკუთარ თავზე აიღეს.

უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა

39 წლის ოთარ ხვედელიძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი იყო და საბჭოთა სარაკეტო წარმოებაში მუშაობდა. მისი საკონსტრუქტორო ბიურო შუა აზიაში, ყაზახეთის სტეპში მდებარეობდა. იქვე იყო საცდელი პოლიგონი, სადაც უახლეს ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებდნენ და ცდიდნენ. ხვედელიძე უცოლშვილო იყო და თბილისში წელიწადში 3-4-ჯერ, მაქსიმუმ ორი კვირით ჩამოდიოდა. ოთარ ხვედელიძე „სუკის“ განსაკუთრებულ კარტოთეკაში ირიცხებოდა, სადაც მისი ბიოგრაფიის ყველა წვრილმანი იყო აღნუსხული და ამ დოსიეს ნახვა მხოლოდ საქართველოს „სუკის თავმჯდომარის“, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსი ინაურის ნებართვით შეიძლებოდა. ხვედელიძის ბინაში აღმოჩენილი ვალუტის, რვეულისა და სხვა ნივთების ამბავი უმალვე შეატყობინეს ინაურს. მან მოსკოვში დარეკა და ყველაფერი ანდროპოვს მოახსენა, რომელმაც თავის კოლეგას ძიების გაგრძელება დაავალა და უთხრა, რომ მეორე დღეს თბილისში სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს გამოგზავნიდა „კაგებეს“ ცენტრალური აპარატიდან.

ანდროპოვთან საუბრის შემდეგ, ინაურმა მაიორ ზოიძეს სპეცდოსიეს ნახვის ნება დართო და დაავალა, რომ მეორე დღისთვის ხვედელიძის საქმე გულდასმით შეესწავლა და ისე დახვედროდა მოსკოველ კოლეგებს.

გივი ზოიძემ ოთარ ხვედელიძის საქმეში ამოიკითხა, რომ ოთარს ჰყავდა ტყუპისცალი ძმა ემზარი. ის პროფესიით მათემატიკოსი იყო, თბილისში ჰქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი და ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გახლდათ. თავად ოთარს კი, მოსკოვის, ბაუმანის სახელობის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ემზარი, ისევე, როგორც ოთარი, მარტოხელა იყო და ორი წლის წინ, 1968 წლის 27 თებერვალს ტრაგიკულად დაიღუპა ავჭალაში. მისი მსუბუქი ავტომანქანა „პობედა“ ყინულზე მოცურდა, დამცავი ჯებირი გაანგრია და მტკვარში გადავარდა. გაკვეთის შემდეგ დაასკვნეს, რომ მძღოლი მთვრალი მართავდა საჭეს და ეს ავარია უბედურ შემთხვევად მონათლეს. ემზარი რომ დაიღუპა, ოთარი ყაზახეთიდან ჩამოსული იყო და  იმ დღეს თბილისში, თავის ბინაში იმყოფებოდა. როდესაც ძმის ამბავი შეატყობინეს, გული წაუვიდა და ექიმებმა მოასულიერეს.

ოთარის დოსიეში იდო დასკვნა, რომელსაც „კაგებეს“ ექვსი გამოცდილი ოფიცერი აწერდა ხელს და აღნიშნული იყო, რომ ოთარ ხვედელიძე უმაღლესი დონის ნდობას იმსახურებდა და კეთილსაიმედო პიროვნება გახლდათ.

ზოიძემ რომ ოთარ ხვედელიძის დოსიე შეისწავლა, დარწმუნდა, რომ ინჟინერი მოღალატე არ იყო. თუმცა, ის, რაც მის საიდუმლო სეიფსა და სარდაფში ნახეს, საწინააღმდეგოზე მიუთითებდა.

– აქ რაღაც ეშმაკობას აქვს ადგილი, – ჩაილაპარაკა ზოიძემ. ოთახში გაიარ-გამოიარა, დაკეცილ საიდუმლო დოსიეს დახედა, თავში ხელი შემოირტყა და თქვა, – თავს მოვიჭრი, თუ ინჟინერი ოთარ ხვედელიძე, სინამდვილეში მათემატიკოსი ემზარ ხვედელიძე არ არის და მცხეთასთან მომხდარი შემთხვევა, კარგად შენიღბული მკვლელობა არ იყოს.

მაიორ ზოიძეს საკმაო არგუმენტირებული ვერსია გააჩნდა. სწორედ ამ ვერსიით წარუდგა ის მოსკოველ კოლეგებს, პოდპოლკოვნიკ იური მოროზოვის ხელმძღვანელობით. როცა მოროზოვმა ზოიძის ვერსია მოისმინა, თქვა:

– ჭკუასთან ახლოა. სავსებით შესაძლებელია, რომ ტყუპების შეცვლა მოხდა. ამას კი ხელის ანაბეჭდებით დავადგენთ.

რაკეტა „დიოსკურია 001“

პოდპოლკოვნიკი იური მოროზოვი გამოცდილი „ჩეკისტი“ იყო და გივი ზოიძის ვერსია ამიტომ გაიზიარა. მან ყაზახეთში დაშიფრული დეპეშა გაგზავნა და ინჟინერ ოთარ ხვედელიძის თითების ანაბეჭდების აღება და სასწრაფოდ თბილისში გადმოგზავნა მოითხოვა. მაშინ ინტერნეტი და სხვა საშუალებები არ არსებობდა. ამიტომ თითის ანაბეჭდები თვითმფრინავით ჩამოიტანეს და როდესაც ის კარტოთეკაში არსებულ ანაბეჭდებს შეადარეს, ერთმანეთს არ დაემთხვა.

– გილოცავთ, მაიორო, – უთხრა მოროზოვმა ზოიძეს, – თქვენი ვერსია მართლდება და როგორც ეტყობა, აქ საქმე კაენის ცოდვასთან გვაქვს.  ძმამ ძმა გაწირა და სინამდვილეში, ინჟინერი ოთარ ხვედელიძე მათემატიკოსი ემზარ ხვედელიძეა, მისი ტყუპისცალი.

ინჟინერი ხვედელიძე ყაზახეთიდან თბილისში ჩამოაფრინეს და შევჩენკოს ქუჩაზე, „კაგებეს“ შენობაში მიიყვანეს. კაბინეტში მას პოდპოლკოვნიკი მოროზოვი, გივი ზოიძე და სხვა ჩეკისტები დახვდნენ. ის სკამზე დასვეს და მოროზოვმა უთხრა:

– აბა, ბატონო კაენ! მოყევით, როგორ გაწირეთ თქვენი ტყუპისცალი ძმა და როგორ დაიკავეთ მისი ადგილი.

ოთარ ხვედელიძის სახელს ამოფარებული ემზარ ხვედელიძე ერთბაშად მოტყდა და თქვა:

– მიუხედავად იმისა, რომ უნიჭო არც მე ვიყავი, ოთარი ასი თავით მჯობდა და მისი ყოველთვის მშურდა. მე თავს უბრალო მათემატიკოსად მივიჩნევდი, ის კი საბჭოთა მეცნიერების ელიტაში ტრიალებდა. ერთხელაც, ჩემმა ძველმა ნაცნობმა, გერმანულის მასწავლებელმა მირიან კობიძემ გადამიბირა. ის ამერიკელებისთვის მუშაობდა და მათი აგენტი იყო ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. სწორედ მან შემომთავაზა ავარიისა და შეცვლის გეგმა, რაზეც მე დიდი ყოყმანის მერე დავთანხმდი. ამერიკელების მიერ მომზადებულმა ხალხმა მოკლა ოთარი, მე კი მისი ადგილი დავიკავე.

– მირიან კობიძე სად ცხოვრობს?

– მე ის მოვკალი და ჩემი სახლის სარდაფში ჩავაბეტონე.

– ისინი, ვინც თქვენს ძმას ავარია მოუწყო?

– იმათ არ ვიცნობ. მაგრამ ვიცი, რომ სამნი იყვნენ და ერთ-ერთი მათგანი კობიძის მეზობელია.

– ქსეროქსი რად გინდათ, გასაგებია, მაგრამ ასაფეთქებელი და დიდძალი იარაღი რისთვის გჭირდებოდათ?

– სპეციალურ ჯგუფს კავკასიაში, სტრატეგიულ ობიექტებზე დივერსიები უნდა მოეწყო და ასაფეთქებელი ნივთიერებები იმისთვის უნდოდათ; ცეცხლსასროლი იარაღები კი ცალკეული პირების მოსაკლავად და თუკი მასობრივი არეულობა მოხდებოდა, ხალხში – დასარიგებლად.

ემზარ ხვედელიძემ აღიარა, რომ ამერიკულ დაზვერვას საიდუმლო საბჭოთა რაკეტების ნახაზებს აწვდიდა და სხვა სახის ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა. ეს კი მის დასახვრეტად საკმარისი იყო. თუმცა, საბჭოთა კონტრდაზვერვამ მას თანამშრომლობა შესთავაზა, რაზეც ემზარი დასთანხმდა და ორი წლის განმავლობაში ამერიკელებს არარსებული საბჭოთა ბალისტიკური რაკეტა „დიოსკურია 001“ ნახაზებს აწვდიდა და მტერი შეცდომაში შეჰყავდა.

გარდა ამისა, საქართველოს „სუკმა“ ცენტრთან ერთად, კავკასიაში მოქმედი თორმეტკაციანი დივერსიული ჯგუფი გაანეიტრალა, რომელიც ამერიკული დაზვერვის მითითებებს ასრულებდა.

ემზარ ხვედელიძე კი საიდუმლო სამუშაოებზე დააბრუნეს, თუმცა ყოველგვარი კონტაქტი მოუსპეს გარე სამყაროსთან.

скачать dle 11.3