კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ იწვევს გაღიზიანებას თიკო სადუნიშვილში და რა შემთხვევაში შერცხვებოდა მას საკუთარი თავის წინაშე

მოდის კვირეული მისთვის განსხვავებულად მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ კი, ის გვახსოვს – მიკროფონით ხელში, სხვადასხვა დიზაინერის სამოსში, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო თიკო სადუნიშვილი სწორედ მისი ნამუშევრით გამოჩენილიყო სამიზნე პუბლიკასთან. ამჯერად, თიკო საღამოს კაბის გარეშე, ჯინსის პერანგითა და შარვლით მშვიდად იდგა მეგობრების წრეში „ქარვასლის“ ფოიეში და მოწყენა სულ არ ეტყობოდა. როგორც თავად გვითხრა, ახლა ის დაკვირვების რეჟიმშია, რათა გაარკვიოს, რა აკლია ქართულ სატელევიზიო სივრცეს და რა სიახლე შეიძლება, შესთავაზოს მას.

– ადრე ნებისმიერ ღონისძიებაზე, მით უმეტეს, მოდის კვირეულზე, მოსაწვევები თავზე საყრელად იგზავნებოდა შენთან. ახლა კი მხოლოდ ერთ ჩვენებაზე გამოჩნდი. რა განცდაა ეს?

– მართალი ხარ. წინა მოდის კვირეულიც იყო „თბილისი ლაივის“ გარეშე, სადაც მიკროფონით არ ვიყავი, მაგრამ ყველა ჩვენებაზე მოსაწვევი მქონდა. ახლა კი მხოლოდ იმ დიზაინერებმა დამპატიჟეს, ვისთანაც ვმეგობრობ და მათ ჩამოთვლას ერთი ხელის თითებიც ეყოფა. დანარჩენებმა არ მომიწვიეს. ადრე სხვანაირად იყო და ეს არც მიკვირს, ლოგიკურია. მათ უნდოდათ გაშუქება, ვრცელი და საინტერესო სიუჟეტები...

– თუმცა, გაშუქების გარეშეც, შენი მისვლა მათთვის გარკვეული სტატუსის მიმნიჭებელი იყო.

– შეიძლება, ახლა კი ასე აღარ არის (იცინის) ეს არც მწყინს. იმდენად კარგად ვიცნობ, ზოგადად, ადამიანს, მით უმეტეს ქართველებს, რომლებსაც განსაკუთრებით ახასიათებთ სნობიზმი, ეს, რაც ახლა ხდება, არანაირ განსაკუთრებულ ემოციებს ჩემში არ იწვევს. გადაღეჭილი მაქვს, პრინციპში. რომ მეწყინოს, უკვე სირცხვილიც იქნება, საკუთარი თავის შემრცხვება, უპირველესად (იცინის).

– თან, ბევრისთვის შენც გიწყენინებია.

– კი, და ეს ჩემი საქმის ნაწილიც იყო. შესაბამისად, ორმხრივ ამბებში ვართ (იცინის). 

– ახლა რით ხარ დაკავებული?

– ძირითადად, სახლში ვარ. „თბილისი ლაივის“ დროს საოცარ რეჟიმში ვცხოვრობდი. მერე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავები“ – „იმედის“ პროექტი, უამრავი კორპორატიული საღამო. მოკლედ, დუღდა ცხოვრება და იმისთვის, რომ მეგობრებისთვის ყურადღება მიმექცია, არასდროს მეცალა. სულ ვნატრობდი, არ შეიძლება, ორი დღე მაინც მქონდეს თავისუფალი, რომ მეგობრებთან ერთად სადმე გავემგზავრო; მომენატრა, შაბათ-კვირის სახლში გატარება-მეთქი... სულ ასეთ რაღაცეებზე ვწუწუნებდი და ვოცნებობდი...

– ამიტომ, ფრთხილად უნდა იყო შენს სურვილებსა და ოცნებებში, შემთხვევით არ აგისრულდეს. 

– ნამდვილად, ოცნებებიც უნდა აკონტროლო (იცინის). არადა, სულ მქონდა სურვილი, რომ სადმე გავსულიყავი, წიგნისთვის დრო მქონოდა. ყოველდღიურ ჩანაწერებს ვაკეთებ სისტემატურად და სულ მინდოდა, ამისთვის მეტი დრო დამეთმო. წავიკითხე ერთი წიგნი, ორი, სამი... და ისევ ის ქაოსი და რეჟიმი მომენატრა, ვაღიარებ. მაგრამ, ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერია. ეს არ არის კარიერიაში ჩემი პირველი პაუზა, უკვე მეორედ თუ მესამედ ვჩერდები. ამიტომ, ამ ამპლუას მოვირგებ, კიდევ უფრო გავიზრდები, უფრო მეტად დავხვეწ ჩემს პროფესიონალიზმს. ცოტა ხანს ქართულ არხებს მაყურებლის თვალით შევხედავ და მივხვდები, რა სჭირდება მას, სად არის ჩემი ადგილი.

– შენი ყოველი მომდევნო გამოჩენა აფეთქებას ჰგავდა...

– ამიტომაც ვამბობ, რომ სულ ამ რეჟიმში ვერ იქნები და სულ სიმაღლეზე ვერ ივლი. ახლა ვაკვირდები გადაცემებს – მივხვდები, რა დასჭირდება ქართულ სატელევიზიო სივრცეს ჩემი სახით. ჩვიდმეტი წლიდან ამას ვაკეთებ, სხვა  არაფერი ვიცი და ახლა სამედიცინო ინსტიტუტში, ან იურიდიულ ფაკულტეტზე ვერ ჩავაბარებ, გვიანია (იცინის). 

– სწავლის გაგრძელებას ფიქრობდი – თუ არ ვცდები, ბარსელონაში გინდოდა წასვლა.

– კი მაქვს პროფესიული დახვეწის სურვილი, ზაფხულის კურსებზე მინდოდა ბარსელონაში წასვლა. დაზუსტებით ამაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ, გეგმაში ჯერჯერობით ისევ არის, მაგრამ წავალ თუ არა, არ ვიცი. მინდა, ეს პაუზა პროფესიულ ზრდას მოვახმარო. მართალია, სწავლა სიბერემდეო, ამბობენ, მაგრამ ისე მივეჩვიე ჩემს პროფესიას ბოლო თორმეტი წელია, რომ სხვას ვერაფერს გავაკეთებ.

– ჭორები გავრცელდა შენი და ერთი კალათბურთელის რომანის შესახებ.

– რომანი არის, მაგრამ კალათბურთელი – არა. სპორტსმენები არასდროს მიზიდავდა და თუ ჩემს წარსულს გადახედავ, მიხვდები, რომ არც ერთი სპორტსმენი არ ფიგურირებს. 

– ბიზნესმენია? პროფესია გვითხარი...

– რა მნიშვნელობა აქვს პროფესიას, თავისი საქმე აქვს, მაგრამ არ იცნობთ. სახელი და გვარიც რომ გითხრათ, ეს არაფერს გეტყვით. ოლიგარქი არ არის, სპორტსმენი არ არის...

– წვრილი ბიზნესმენია?

– ფერმა აქვს „ფეისბუქში“, რანჩო (იცინის).

– მოსწონს შენი ასეთი რეჟიმი – ბევრი თავისუფალი დრო რომ გაქვს, ოჯახური რომ ხარ?

– გაგიჟებული და აღფრთოვანებულია-მეთქი ამით, ვერ ვიტყვი. მეოცე საუკუნიდან გადმომხტარი ბიჭი ნამდვილად არ არის, რომლისთვისაც ქალი მხოლოდ სამზარეულოში არსებობს. ძალიან მოსწონს, რომ ვმუშაობ, აქტიურად ვცხოვრობ. მაგრამ ის, რომ ერთმანეთისთვის, ურთიერთობისთვის, ერთად ყოფნისთვის მეტი დრო გვაქვს, ეს ორივეს გვსიამოვნებს. 

– ეს რომანი იმ დროს დაიწყო, როცა ზედაკავებული იყავი?

– კი, მაშინ დაიწყო და ამიტომ, მიეჩვია ჩემს გიჟურ რეჟიმს. ჯერჯერობით, ასე ყოფნა ძალიან მოგვწონს და მერე, ვნახოთ. 

– კარგად ხარ? რაც გჭირდებოდა ის არის?

– კი ძალიან კომფორტულად და კარგად ვარ. იცი, რა? – ახლა ზუსტად მივხვდი, რა მჭირდებოდა და შესაბამისად, ვიპოვე ის, რაც მჭირდებოდა. ამდენი წლის გამოცდილების შემდეგ, რომელიც ცხოვრებაში მივიღე, მივხვდი როგორი ვარ, როგორი ადამიანი მჭირდება გვერდით და ზუსტად ასეთი შემხვდა. მასთან, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, უბრალოდ ვმეგობრობდი და მერე გავაცნობიერეთ, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა. ახლა ძალიან კარგად, კომფორტულად ვარ – კარგი მეგობრები ვართ, უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი და ბედნიერებისთვის მეტი რა არის საჭირო? – ბევრი ფული და ბევრ ფულსაც ერთად ვიშოვით. 

– როცა ხვდები, ზუსტად რა გინდა, მერე მართლა პოულობ იმას, ვინც გჭირდება...

– არა, როცა სამსახურს კარგავ, ეგრევე სიყვარული მოდის. ყველაფერი ერთად არ არის – ზედმეტი რომ არ მოგივიდეს და გული არ გაგისკდეს (იცინის). დაკარგე სამსახური? – სიყვარულია ჯერჯერობით. ასე ვარ და მალე, ალბათ სექტემბრისთვის, ღმერთი ახალ სცენარს დაწერს ჩემთვის და რამე ახალს ვიზამ. 

скачать dle 11.3