კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში აიყოლია ოჯახის წევრები ნუკა გვალიამ და როგორ აპირებს ის მსოფლიოში ცნობილი ადამიანის სტატუსის მოპოვებას

ეკა კვალიაშვილის, 20 წლის ქალიშვილი, ნუკა გვალია რომელიც,  ასევე, მომღერალია, ორიგინალური სტილით, მრავალფეროვანი იმიჯითა და თბილი ბუნებით გამოირჩევა. ის ახლახან გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე და, თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების წყალობით, უკვე თაყვანისმცემლებიც გაიჩინა. როგორც თავად ამბობს, დედას პრინციპულობით, მიზანდასახულობითა და ნიჭით დაემსგავსა. თუმცა, დამოუკიდებელი ხასიათით არავის ჰგავს და, სხვების დახმარების გარეშე, თავად ცდილობს სახელის დამკვიდრებას შოუ-ბიზნესის სფეროში.

ნუკა გვალია: მეოთხე თაობა ვარ წინაპრების, ვინც მღერის. პირველია დიდი ბებია – მარო თარხნიშვილი, შემდეგ მარიკა კვალიაშვილი – უნიჭიერესი კომპოზიტორი, მერე დედა – ეკა კვალიაშვილი და ახლა მე გამოვჩნდი. თვითკრიტიკული ვარ და საკუთარ თავს ჯერ ვერ ვუწოდებ მომღერალს. მე ახლა ვდგამ ნაბიჯებს დიდი სცენისკენ და, მინდა, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი გავხდე. ეს არც ამბიციაა და არც პრინციპი, ეს ჩემი მიზანი და სურვილია, რომელსაც, იმედია, ავიხდენ. ვიცი, ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება მელის წინ და, ამ დაბრკოლებებს რომ გადავლახავ, მერე ვიტყვი, შემდგარი და წარმატებული მომღერალი ვარ-მეთქი. ბევრი ამბობს, შორიდან საკმაოდ ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებო, თუმცა, ეს ასე არ არის და, რომ გამიცნობენ, მერე მეუბნებიან, რა კარგი გოგო ყოფილხარ, ჩვენ როგორი ცივი გვეგონე, ასეთი ვერ წარმოგვედგინეო (იცინის).

– ესე იგი, შენი გარეგნობა ატყუებს ყველას?

– ასე გამოდის. ეტყობა, მკაცრი გამომეტყველება მაქვს და, ფიქრობენ, რომ რაღაც თავში მაქვს ავარდნილი და დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. ვინც მიცნობს, იცის, როგორი თბილი და უბრალო ადამიანი ვარ. სულ მხიარულ განწყობაზე ვარ და მიყვარს მეგობრებთან ურთიერთობა. ზოგადად, განწყობის ადამიანი ვარ. მაგალითად, ხანდახან არის პერიოდი, როცა რაღაც მაწუხებს, მაგრამ, ამას სხვას არავითარ შემთხვევაში არ ვაჩვენებ. ამ დროს საკუთარ თავში ვიკეტები და ვცდილობ, მარტომ დავძლიო ეს შემოტევა. საკუთარ თავთან „ბრძოლებს” ყოველთვის ვიგებ – ამაში ძლიერი ვარ და დეპრესიულ შემოტევებს თავს არ დავაჩაგვრინებ. თუმცა, უფრო ემოციური ადამიანი ვარ, ვიდრე დეპრესიული. თუ ემოცია შემომაწვა, მაგალითად, ვინმემ მაწყენინა, აი, მაშინ „ვიკეტები” და ეს „ჩაკეტვა” სულ რაღაც თხუთმეტი წუთი გრძელდება.

– როგორც მივხვდი, საკმაოდ მიზანდასახული და პრინციპული ყოფილხარ.

– რასაც ჩავიფიქრებ, სანამ ბილომდე არ მივიყვან, მანამდე ვიბრძვი. პრინციპული და შეუპოვარი ადამიანი ვარ, ამავდროულად – პუნქტუალური. ყოველთვის მიჭირს ადრე ადგომა, მაგრამ, თუ ვიცი, რომ საქმე მაქვს და ადრე უნდა ავდგე, ეს არ მეზარება.

– საკმაოდ განსხვავებული და არაორდინარული ტიპაჟი ხარ. ხშირად იცვლი იმიჯს?

– მიყვარს ხშირად იმიჯის ცვლა. მწყინდება გარეგნობაში ერთფეროვნება. თმა ხან მოკლედ მაქვს, ხან გრძლად, ხან გასწორებული, ხან დახვეული, ხან წითელ, ხან ყვითელ, ხან ლურჯ, ხან ბორდოსფრად და, ხანაც, შავად შეღებილი. ბოლოს ყავისფერ მოკლე ვარცნილობას ვატარებდი. ერთ დღესაც, აღმოვაჩინე, რომ მომწყინდა და სულ ახლახან გადავიღებე ბორდოსფრად. ამ ბოლო დროს დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მწვანედ არ მქონია თმა შეღებილი და, ვიფიქრე, თუ მომიხდა, რატომაც არა, ეტყობა, ამის დროც მალე მოვა-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, იმიჯის ცვლაში და თმის შეჭრა-შეღებვებშიც დედას დავემსგავსე (იცინის). 

– შეგამჩნიე, სხეულზე რამდენიმე ადგილას სვირინგი გაქვს. ესეც შენი იმიჯის ნაწილია?

– კი, ტატუ ძალიან მომწონს და ხელებზე და წელზე გავიკეთე. ახლა მინდა, ზურგი მოვიხატო. პირსინგიც მაქვს ჭიპზე და ესეც ძალიან მომწონს. 

– ოჯახის წევრები არ გიშლიან ტატუს და პირსინგის გაკეთებას?

– საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ტატუში და პირსინგში ცუდი რა არის? მომწონდა და გავიკეთე. ოჯახი არაფერში მზღუდავს. ოჯახის წევრებს საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. სხვათა შორის, ესენიც ავიყოლიე (იცინის). ერთ დღეს ეკამ დამირეკა და მითხრა, ისე მომეწონა შენი ტატუ, მეც მინდა გავიკეთოო. თან გავოცდი და თან გამიხარდა. ვუთხარი, ახლავე წავიდეთ-მეთქი, მაგრამ, რა ვიცი, ჯერ თავს იკავებს. ჩემმა ქმარმაც დაიხატა მკლავზე ტატუ. რაც შეეხება ჭიპის გახვრეტას, უკვე ერთი წელია, გავიკეთე პირსინგი და ძალიან მომწონს. დედა არასდროს არაფერს მიკრძალავდა, არც ქმარი შემხვდა ისეთი, რომ რამეში შემზღუდოს. ახლა კი მინდა, ზურგზე ეგრეთ წოდებული, ინდიელების დადებითი ნიშანი გავიკეთო და ბუმბულები ამოვისვირინგო. მეხუმრებიან, ფრთებიღა გაკლიაო (იცინის). 

– ძალიან საინტერესო ტატუ გაქვს ხელზე. რა გაწერია?

– ეს ნიშნავს: „ყოველი დღე ჩემი ცხოვრებისა, არის ჩემი ისტორია”. ასეც არის, ჩემი ყოველი დღე, წუთი და წამი, არის ჩემი ცხოვრების ისტორია. 

– რამდენი წელია, რაც გათხოვილი ხარ და სად გაიცანი შენი მომავალი მეუღლე?

– მე და ჩემმა მეუღლემ, ნიკუშა კობახიძემ,  ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით რვა წლის წინ. ჯერ ვმეგობრობდით, მერე, ეს მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა და, ერთი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ის 21 წლისაა, მე კი – 20-ის. ყველაფერში მყვება და მოსწონს ჩემი მრავალფეროვნება. ურთიერთობებში სიახლე აუცილებელია, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ მოჰბეზრდეთ. ჩემი ქმარი ძალიან მანებივრებს და ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. მან მიბიძგა იმისკენ, რომ სასიმღერო კარიერისთვის მებრძოლა. ის, რომ ოჯახი და კარიერა ერთმანეთს უშლის ხელს, აბსურდია. თუ მოინდომე და საყვარელმა ადამიანებმაც შეგიწყვეს ხელი, ყველაფერს შეძლებ და დაძლევ – ამაში ეჭვი არ მეპარება.

– ნუკა, სასიმღერო კარიერას ახლა იწყებ. ეკა კვალიაშვილის შვილობა ამაში ხელს არ შეგიშლის თუ – პირიქით?

– ყველაფერს ჩემი სურვილით ვაკეთებ ცხოვრებაში და სიმღერაშიც ჩემით ვიკვალავ გზას, სხვების, თუნდაც დედის დახმარების გარეშე. ვფიქრობ, ნიჭი არ იკარგება და, ის, რომ მე ცნობილი მომღერლის შვილი ვარ, ეს ჩემთვის დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს. მინდა, ჩემით მივაღწიო ყველაფერს და გავხდე წარმატებული. სხვათა შორის, დედას ძალიან მამსგავსებენ. ვფიქრობ, განსაკუთრებით პირდაპირობაში ვგავარ.

– ამის გამო პრობლემები არ გექმნება?

– არასოდეს! ჩხუბით არ ვწყვეტ საკითხს, შემიძლია, რბილი საუბრით პირდაპირ ვუთხრა ადამიანს ის, რასაც მასზე ვფიქრობ, რაც მაქვს მისთვის სათქმელი და ამით დაძაბულობა და კონფლიქტი ავიცილო თავიდან. თან, სიტყვის ადამიანი ვარ და, თუ ვინმეს რამეს შევპირდები, აუცილებლად შევასრულებ. სხვათა შორის, კარგად ვხატავ, მაგრამ, სიმღერაა ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი. მინდა, ცნობილი მომღერალი გავხდე და მსოფლიომ გაიგოს ჩემი ხმა. ცოტა ზარმაცი კი ვარ და ძილზე ვგიჟდები, მაგრამ, ამასაც დავძლევ, სხვა რა გზა მაქვს (იცინის). 

скачать dle 11.3